¹ 3კ/870-01 19 დეკემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,ლ. გოჩელაშვილი
სარჩელის საგანი: დავალიანების გადასახდელად დაკისრება და დაგირავებული და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 22 თებერვალს სს “ს.-მა” მოპასუხე ო. ს-ძის წინააღმდეგ და მესამე პირების _ ს. კ-იას და ვ. გ-იანის მიმართ სარჩელით მიმართა სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2000 წლის 31 მარტს სს “ს.-სა” და ო. ს-ძეს შორის დაიდო ხელშეკრულება სესხის შესახებ. ამ ხელშეკრულებით ო. ს-ძემ ბანკიდან 18 თვის ვადით 2%-იანი სარგებლით ისესხა 5300 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ო. ს-ძის, ს. კ-იას და ვ. გ-იანის ბინები; ამასთან დაგირავდა ო. ს-ძის კუთვნილი ქონებაც.
4 თვის განმავლობაში ო. ს-ძე კეთილსინდისიერად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, მაგრამ აღნიშნულის შემდეგ არც ძირითადი ვალი და არც მისი პროცენტი არ გადაუხდია. 2000 წლის 21 სექტემბრის მდგომარეობით მთლიანმა დავალიანებამ შეადგინა 4838,18 აშშ დოლარი. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის გადასახდელად 4838,18 აშშ დოლარის დაკისრება დაგირავებული და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის გზით.
მოპასუხემ სარჩელი ცნო და განმარტა, რომ ვალის დასაფარად ამჟამად არ გააჩნია სათანადო ქონება.
ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს “ს.-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა. ო. ს-ძეს გადასახდელად დაეკისრა 4838,18 აშშ დოლარი იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციით მიღებული თანხებიდან.
2001 წლის 15 იანვარს ს. კ-იამ და ვ. გ-იანმა, ხოლო 2001 წლის 7 მარტს ო. ს-ძემ სააპელაციო საჩივრით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს. ს. კ-იამ მიუთითა, რომ იგი პროცესის დღეს ავად იმყოფებოდა, სასამართლო ჩატარდა მისი მონაწილეობის გარეშე და დადგენილი იქნა იპოთეკით დატვირთული მისი ქონების რეალიზაცია მაშინ, როცა მას გააჩნდა თანხა, რაც საკმარისია ვალის დასაფარად იპოთეკეთ დატვირთული ქონების რეალიზაციის გარეშე. სამივე აპელანტმა მიუთითა, რომ ვინაიდან საკრედიტო ხელშეკრულების ვადა გასული არ იყო. სასამართლო უფლებამოსილი არ იყო ვადაზე ადრე მოეხდინა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია. სააპლაციო სასამართლომ ს. კ-ია და ვ. გ-იანი საქმეში ჩააბა მოპასუხედ და 2001 წლის 8 ივნისის განჩინებით მათი სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.
სააპელაიცო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ ბანკსა და ო. ს-ძეს შორის 2000 წლის 31 მარტს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება 5300 აშშ დოლარის 18 თვის ვადით 2%-ის სარგებლის დარიცხვით გაცემის შესახებ. სესხის უზრუნველყოფის მიზნით გირაოთი დაიტვირთა ო.ს-ძის ქონება, ხოლო იპოთეკით ო. ს-ძის, ს. კ-იას და ვ. გ-იანის საცხოვრებელი სახლები.
საკრედიტო ხელშეკრულების მე-8, 8.1 და 8.11 პუნქტები განსაზღვრავს კრედიტის ვადამდე მოთხოვნის საფუძვლებს. ასეთ საფუძვლად მითითებული იყო კრედიტის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული ვადის დარღვევა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო. ს-ძე მხოლოდ 4 თვის განმავლობაში ასრულებდა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას. 2000 წლის 11 სექტემბერს, მას შემდეგ რაც მან მეორედ გადააცილა კრედიტის დაფარვის შესახებ ბანკის მიერ მიცემულ ვადას და კვლავ დაარღვია ხელშეკრულება, ბანკი სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად უფლებამოსილი იყო, შეეწყვიტა საკრედიტო ურთიერთობა და მოეთხოვა კრედიტის დაფარვა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის გზით.
ამავე საფუძვლით სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტთა მოსაზრება საკრედიტო ვალდებულების 2001 წლის სექტემბრამდე შესრულების შესაძლებლობის და ამ ვადის გასვლამდე იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონის გზით რეალიზაციის დაუშვებლობის თაობაზე და მიუთითა, რომ ბანკი საკრედიტო ხელშეკრულებიდან და სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლიდან გამომდინარე უფლებამოსილი იყო, ვადაზე ადრე შეეწყვიტა საკრედიტო ხელშეკრულება და მოეთხოვა ვალის ანაზღაურება იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონზე რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით.
2001 წლის 25 ივლისს ო. ს-ძემ, ს. კ-იამ და ვ. გ-იანმა საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორებმა მოითხოვეს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება, ანდა მითითებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონის გზით რეალიზაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძთლით:
კასატორებს მიაჩნიათ, რომ მათ მიერ კრედიტის დაფარვის ვადების დარღვევა რადგან საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული (არ გააჩნდათ სათანადო ფინანსური საშუალება), არ უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების ვადის გასვლამდე, ვინაიდან ვალის დაფარვა შესაძლებელი იყო 2001 წლის სექტემბრამდე და სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის თანახმად ვალის დაფარვის მიზნით ვადაზე ადრე დაუშვებელია იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
მათ მიაჩნიათ, რომ სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 288-ე მუხლის მოთხოვნა, ვინაიდან მოთხოვნა უზრუნველყოფილი იყო რამდენიმე ნივთზე არსებული იპოთეკით, სასამართლომ კი არ განსაზღვრა იპოთეკით დატვირთული რომელი ქონებიდან უნდა მომხდარიყო მოთხოვნის დაკმაყოფილება. კასატორებმა ასევე მიუთითეს, რომ დარღვეული იყო სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის მოთხოვნა, რადგან იპოთეკა არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში ანუ არ არსებობდა იპოთეკა და ამიტომ დაუშვებელი იყო ამ ქონების რეალიზაცია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
არასწორია კასატორთა მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს კრედიტის დროულად დაუფარაობა გამოწვეულია საპატიო მიზეზით და ამიტომ არ არსებობდა ხელშეკრულების ვადის გასვლამდე კრედიტის დაბრუნების მოთხოვნის საფუძველი.
კასატორთა მოსაზრება, რომ სათანადო ფინანსური საშუალებების არარსებობა წარმოადგენს კრედიტის დაფარვის ვალდებულების დარღვევის საპატიო მიზეზს, მცდარია. სათანადო ფინანსური საშუალებების არარსებობა იწვევს სწორედ ვალდებულების დარღვევას, ვალდებულების დარღვევა კი ხელშეკრულების შესაბამისად ვადამდე მოთხოვნის საფუძველია.
საკრედიტო ხელშეკრულების მე-8 მუხლში მითითებულია, თუ რა პირობებში შეიძლება კრედიტის ვადამდე მოთხოვნა. 8.11 მუხლის შესაბამისად კრედიტის ვადამდე მოთხოვნა დასაშვებია, თუ მოვალე დაარღვევს კრედიტის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრულ ვადებს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოვალემ არაერთხელ დაარღვია კრედიტის დაფარვის ვადები, რის შესახებაც არაერთგზის ეცნობა მოვალეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მის მიერ მაინც არ დაიფარა კრედიტი.
ასევე არასწორია კასატორთა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვინაიდან საკრედიტო ხელშეკრულება ვადიანი იყო, სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის შესაბამისად თითქოს სასამართლოს უფლება არ ჰქონდა დაედგინა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია 2001 წლის სექტემბრამდე.
მართალია, სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მოვალე გააჭიანურებს იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც იპოთეკაა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, მაგრამ ეს როდი ნიშნავს იმას, რომ იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის მოთხოვნა დაუშვებელია მანამ, ვიდრე სესხის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული მოთხოვნის ვადა ამოიწურება.
სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იპოთეკა უძრავი ნივთის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იმდაგვარი დატვირთვაა, რომ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორთან შედარებით თავისი მოთხოვნა პირველ რიგში დაიკმაყოფილოს ამ ნივთით.
სამოქალაქო კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად უძრავი ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია, დააკმაყოფილოს კრედიტორი, როცა მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დადგა, ან პირადი მოვალე უფლებამოსილია, შეასრულოს შესაბამისი მოქმედება.
მოცემულ შემთხვევაში, საკრედიტო ხელშეკრულების 8.1 მუხლის შესაბამისად ბანკს უფლება ჰქონდა, მოეთხოვა კრედიტის ვადამდე დაფარვა, ხოლო მსესხებელი ვალდებული იყო დაეფარა კრედიტის დარჩენილი თანხა, თუ მოვალე დაარღვევდა ვალის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრულ ვადებს. ხელშეკრულების მითითებული მუხლით გათვალისწინებული პირობა უკვე დამდგარი იყო. მოვალე არღვევდა ვალის დაფარვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გრაფიკს და კრედიტორს გააჩნდა კრედიტის ვადამდე მოთხოვნის უფლება. აქედან გამომდინარე, უძრავი ნივთის მესაკუთრეს, ერთ შემთხვევაში თვით მევალეს, მეორე შემთხვევაში ს. კ-იას და ვ. გ-იანს წარმოეშვათ უფლებამოსილება კრედიტორის დაკმაყოფილებისა – კრედიტის ვადამდე დაფარვისა, მაშინ, როცა მოვალემ დაარღვია ვალის დაფარვის გრაფიკი და მიუხედავად ბანკის არაერთგზის მოთხოვნისა, არ დაფარა ვალი. ცხადია, ვადამდე მოთხოვნის წარმოშობის დღიდან წარმოეშვა უფლება კრედიტორს იპოტეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზეც, რადგან მოვალე აჭიანურებდა ხელშეკრულებით ნაკისრ მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით იყო დატვირთული ქონება.
ასევე არასწორია კასატორთა მოსაზრება სააპელაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 288-ე მუხლის დარღვევის შესახებ.
სამოქალაქო კოდექსის 288-ე მუხლი მიუთითებს იმაზე, რომ თუ მოთხოვნა, რომლის უზრუნველსაყოფადაც არსებობს იპოთეკა, არ წარმოშობილა, იგი ქარწყლდება ან გადადის უძრავი ნივთის მესაკუთრეზე, მაშინ იპოთეკაც გადადის ამ უკანასკნელზე.
მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნა, რომლის უზრუნველსაყოფადაც არსებობდა იპოთეკა, წარმოიშვა მაშინ, როცა მოვალემ არ გადაიხადა ვალი საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით. აქედან გამომდინარე, ცხადია, სამოქალაქო კოდექსის 288-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებას – იპოთეკის მესაკუთრეზე გადასვლას – ადგილი არ ჰქონია.
ასევე არასწორია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის მოთხოვნა იმ თვალსაზრისით, რომ იპოთეკის ხელშეკრულება რეგისტრირებული არ იყო საჯარო რეესტრში.
მართალია, სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იპოთეკა წარმოიშობა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შედეგად, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული ორივე იპოთეკის ხელშეკრულება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების დღესვე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
ო. ს-ძის, ს. კ-იას და ვ. გ-იანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 8 ივნისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.