Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ-877 31 იანვარი 2001 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

თავმჯდომარე მ. წიქვაძე

მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საკასაციო საჩივრის შემომტანი პირი: სს “კ-ის” აქციონერთა წარმომადგენელი ნ. ჯ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება (განჩინება) _ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 4 სექტემბრის განჩინება.

აღწერილობითი ნაწილი:

სს “კ-ის” აქციონერთა წარმომადგენელმა ნ. ჯ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სს “კ-ის” აქციონერთა 1998 წლის 5 მაისის კრების ოქმი; ამ საფუძვლით განმცხადებელმა მოითხოვა 1998 წლის 8 მაისამდე განხორციელებული სამეწარმეო რეესტრის მონაცემების აღდგენა. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 23 აგვისტოს დადგენილებით განმცხადებლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ გარემოების გამო, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით 1998 წლის 5 მაისის საერთო კრების ოქმის ბათილად ცნობის შემდეგ, აქციონერთა მოთხოვნის საფუძველზე გურჯაანის რაიონული სასამართლოს დადგენილებით დაინიშნა აქციონერთა საერთო კრება, სადაც არჩეული იქნა სამეთვალყურეო საბჭოს ახალი შემადგელობა და ახალი დირექტორი. აღნიშნულის შესაბამისად მოხდა სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანა. ნ. ჯ-ი წარმოადგენს იმ აქციონერებს, რომელთა მოთხოვნის საფუძველზეც განხორციელდა სამეწარმეო რეესტრში ზემოთაღნიშნული ცვლილებები და მისი მოთხოვნა ეწინააღმდეგება იმავე აქციონერების ადრინდელი განცხადების შინაარსს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 23 აგვისტოს დადგენილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლომ სს “კ-ის” აქციონერთა წარმომადგენლის ნ. ჯ-ის განცხადება განიხილა უდავო წარმოების წესით და არ განუმარტა განმცხადებელს, რომ სადავო საკითხის განხილვა ეხებოდა სხვა პირთა უფლებებს და მას სარჩელი უნდა წარედგინა საერთო საფუძვლით, რითაც დაარღვია სსსკ 311-ე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნა.

საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს აღნიშნული განჩინების გაუქმებას საქმის განსახილველად დაბრუნების ნაწილში იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა რა მისი სააპელაციო საჩივარი, საქმეზე არ მიიღო ახალი გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დააბრუნა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სსსკ 311-ე მუხლი, რადგან სამეწარმეო რეესტრში ცვლილების შეტანა არ შეეხება სხვათა უფლებებს, სწორედ ამიტომაა საწარმოს რეგისტრაცია უდავო წარმოება.

კასატორი მოითხოვს საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარის ახსნა-განმარტება და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა შემდეგი გარემოების გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი. პალატა თვლის, რომ მოცემული საქმის გადაწყვეტისას სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენიბინა. კერძოდ, სააპელაციო საჩივრის ავტორი მოთხოვდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე ბათილად ცნობილი 1998 წლის 5 მაისის აქციონერთა საერთო კრების შემდეგ განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმებას და 1998 წლის 5 მაისამდე არსებული მდგომარეობის აღდგენას. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 311-ე მუხლის მე-2 ნაწილით თუ უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას აღიძვრის დავა ისეთი უფლებების შესახებ, რომლებიც სასამართლოს უწყებრივად ექვემდებარება, სასამართლო განცხადებას განუხილველად დატოვებს და დაინტერესებულ პირებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ წარმოადგინონ საჩრელი საერთო საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მოცემულ საქმეზე ვერ მიიღებდა ახალ გადაწყვეტილებას, რის გამოც სსსკ 311(2)-ე მუხლზე მითითებით დააბრუნა საქმე პირველ ინსტანციაში. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა კანონი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს “კ-ის” აქციონერთა წარმომადგენლის ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 4 სექტემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.