Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/880 6 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

მ. გოგიშვილი,

რ. ნადირიანი

დავის საგანი _ სასაზღვრე მიჯნის აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

კ. ს-უამ 1998 წლის 8 მარტს სარჩელით მიმართა ქ. ქუთაისის სასამართლოს. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ცხოვრობს ქუთაისში ... ქუჩაზე. საკუთრებაში აქვს ერთსართულიანი სახლი, რომელიც გაშენებულია 470 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. მის მეზობლად ცხოვრობს თ. კ-ძე, რომელსაც თავის მხრივ სართულნახევრიანი სახლი და შესაბამისი მიწის ნაკვეთი აქვს საკუთრებაში. მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხე კ-ძესა და მის ეზოს შორის კაპიტალური ღობე არასოდეს ყოფილა გაკეთებული. გაკეთებული იყო მხოლოდ დროებითი ხის ღობე მისი სახლიდან ერთი მეტრის დაშორებით, რომელიც დროთა განმავლობაში მოიშალა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისი სახლის აღმოსავლეთ კედელსა და მეზობლის საზიარო ღობეს შორის არსებულ მიწის ზოლს, სამშენებლო ნორმების მიხედვით სახლის მოვლის დანიშნულება აქვს. ეს ზოლი სახლის გეგმისა და მიწის ანაზომში შედიოდა, მაგრამ ბოლო ხანებში კ-ძემ ტალავერი ისე ახლოს გააკეთა, რომ მას ხელი ეშლება სახლის მოვლაში.

მოსარჩლის განმარტებით, სადავო მიწის ნაკვეთი, ანუ ის მონაკვეთი, სადაც მიჯნა უნდა აღდგეს, მათი სახლის გეგმასა და მიწის ანაზომში შედიოდა, მისი ოჯახი მიწის ამ მონაკვეთით ოდითგანვე სარგებლობდა. საცხოვრებელი სახლის აშენების დღიდან (1909 წლიდან), მთელი საზღვრის გასწვრივ მოდავე მეზობლის მხარეს მოვლა-პატრონობისათვის დატოვებული ჰქონდა ერთ მეტრამდე განის შემოსასვლელი მიწის ზოლი, მაგრამ 1939-40 წლების ინვენტარიზაციის დროს კ-ძეებმა მისი წინაპრებისაგან ფარულად და სრულიად უსაფუძვლოდ მიისაკუთრეს მიწის აღნიშნული მონაკვეთი. კ. ს-უა მიუთითებს, რომ სადავო მიწის ზოლი მისი წინაპრების საკუთრება იყო და ამას ადასტურებს 1879 წლის მისი ეზოს ნასყიდობის დოკუმენტი და 1912 წლის მისი ეზოს (სახლის) მშენებლობის პროექტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა აღმოსავლეთ საზღვრის გასწორება _ თ. კ-ძის მხარეზე 1912 წლის მშენებლობის პროექტში მიღებული ზომის მიხედვით ღობის გაწევა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 13 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით კ. ს-უას უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ხოლო საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 1 ნოემბრის განჩინებით ასევე არ დაკმაყოფილდა კ. ს-უას საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით.

აღნიშნულ განჩინებაზე კ. ს-უამ სააპელაციო საჩივრით მიმართა ქუთაისის საოქლო სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 13 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწვეტილებისა და 1999 წლის 1 ნოემბრის განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 3 თებერვლის განჩინებით კ. ს-უას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

კ. ს-უამ საოლქო სასამართლოს 2000 წლის 3 თებერვლის განჩინება გაასაჩივრა საკასაციო წესით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 26 აპრილის განჩინებით კ. ს-უას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 3 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატის სხვა შემადგენლობას.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 20 სექტემბრის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 13 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება 1 ნოემბრის განჩინება და საქმის წარმოება განახლდა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კ. ს-უას სარჩელს სასაზღვრე მიჯნის აღდგენასთან დაკავშირებით უარი ეთქვა; სასაზღვრე მიჯნა მოსარჩელე კ. ს-უასა და თ. კ-ძეს შორის განისაზღვრა მხარეთა ფაქტობრივი მფლობელობით.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ შესაძლოა საზღვარს აპელანტსა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის ნამდვილად არ წარმოადგენდა კ. ს-უას სახლის კედელი და იგი რაღაც მანძილით უთუოდ იყო დაცილებული კ. ს-უას სახლის კედლიდან, მაგრამ ის, თუ ზუსტად სად უნდა მოხდეს დღეს სასაზღვრო მიჯვნის აღმართვა, პალატის აზრით, ამის დადგენა მის ხელთ არსებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე ყოვლად დაუშვებელია. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რომც მიიჩნიოს სარწმუნოდ 50 წლის წინ მხარეთა შორის სასაზღვრე მიჯნის ღობის ნამდვილად არსებობა, ის თუ სად იყო იგი აღმართული, სად გადიოდა და რა მანძილით იყო კ. ს-უას სახლის კედელს დაცილებული, ამის აბსოლუტური სიზუსტით დადგენა დღევანდელი მდგომარეობით შეუძლებელი ხდება, ამასთან, ვერც ერთი მოწმის ჩვენება ამ შემთხვევაში სარწმუნო მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება, რადგან ისინი ურთიერთგამომრიცხავია, რაც პალატის აზრით, ფაქტის ხანდაზმულობით არის გამოწვეული.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ აპელანტის მიერ გაშვებულია უფლების დაცვის ყოველგვარი ხანდაზმულობის ვადა. საქმე იმდენად ხანდაზმულია, რომ შეუძლებელი ხდება სადავო გარემოებების უტყუარად აღდგენა. კ. ს-უამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 3 აგვისტოს და იგი, ფაქტობრივად, 1911 და 1912 წლების დოკუმენტებზე დაყრდნობით ითხოვდა იმ უფლების აღდგენას, რომელიც მას და მის წინაპრებს უკვე ათეული წლებია დარღვეული აქვთ.

სააპელაციო პალატამ, ასევე, განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის ახალი რედაქციის (1997) ამოქმედებამდე აღნიშნული კატეგორიის დავები არ იყო სასამართლო უწყების ქვემდებარე ან კ. ს-უას დარღვეული უფლების აღდგენის განხორციელება არასასარჩელო გზით უნდა ეცადა, მაგრამ ვინაიდან არსებობდა და დღესაც არსებობს დავები, რომელთაც გამოც პირმა შეიძლება ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებში სხვა ორგანოსაც მიმართოს, ანუ არსებობს დარღვეული უფლების აღდგენის განხორციელების არასასარჩელო გზაც, ამიტომ ხანდაზმულობის ცნება მხოლოდ სასარჩელო ხანდაზმულობას კი არ მოიცავს, არამედ ასევე ვადებს, რომლის განმავლობაში უნდა მოხდეს უფლების არასასარჩელო დაცვაც.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება კ. ს-უამ გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო პალატამ განიხილა რა მხარეთა შორის მიჯნის, საზღვრის დადგენის შესაძლებლობის საკითხი, დაეყრდნო მოწმეთა ჩვენებებს, რაც მისი აზრით, არასწორია; ვინაიდან მოწმეებისათვის არ შეიძლება ყოფილიყო ცნობილი თუ რა მანძილით იყო დაშორებული ღობე მისი სახლიდან. კასატორის აზრით, ასეთი მონაცემები დაცულია ისტორიულ დოკუმენტებში, კერძოდ, ეზოს ნასყიდობის საბუთში, სახლის გეგმასა და მიწის ანაზომში, კასატორმა განმარტა რომ 1991 წლის თებერვალში პირველად შეიტანა საჩივარი არქიტექტურის სამსახურში, რომელმაც დავის გადასაწყვეტად სათანადო მასალების შეგროვება დაიწყო და ტექაღრიცხვის დოკუმენტის საფუძველზე პირველად გაირკვა, რომ კ-ძესათვის 1938 წლის ინვენტარიზაციის დროს მიუკუთვნებიათ სადავო მიწის ზოლი, მაგრამ თუ რა საფუძვლით ეს არსად არ არის დაფიქსირებული და რაც მთავარია, ეს ოპერაცია ჩაუტარებიათ მისი წინაპრებისაგან ფარულად. ამდენად, კასატორი გამორიცხავს იმ მოსაზრებას, რომ მათ ათეული წლების განმავლობაში 1938 წლის ინვენტარიზაციის შემდეგ იცოდა მიწის ზოლის მეზობლებისათვის მიკუთვნების ფაქტი.

რაც შეეხება ტალავერს, კასატორმა განმარტა, რომ მისი ძირითადი ნაწილი მართლაც რამდენიმე ათეული წლის წინათაა აშენებული და იგი იმდენად შორსაა სახლისაგან, რომ მასზე რაიმე პრეტენზია დღესაც არ გააჩნია, მაგრამ ამ ძირითადი ტალავერის გაგრძელება ისე ახლოს იქნა სახლთან გაკეთებული, რომ შეუძლებელი ხდება მის მიერ სახლის მოვლა.

ამასთან, კასატორმა მიუთითა, რომ მიწის ზოლის მითვისების ფაქტი პირველად შეიტყო 1989 წლის მაისში, სახლის სახურავის შეღებვის დროს, ხოლო საჩივარი მის გასწორებაზე აღძრა 1991 წლის თებერვალში, რაც მისი აზრით, გამორიცხავს ყოველგვარ ხანდაზმულობას. ამასთან, კასატორმა განმარტა, რომ უბედური შემთხვევის გამორიცხვის მიზნით აუცილებელია საზღვრის აღდგენა-გასწორება, რადგანაც იგი მისი სახლის მოვლა-პატრონობისათვის აუცილებელი ტექნიკური მიწის ნაკვეთია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და მისი პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კ. ს-უას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილით თუ შეუძლებელია ზუსტი საზღვრის დადგენა, მაშინ გასამიჯნავად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მეზობლების ფაქტობრივ მფლობელობას.

მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 1938 წლიდან მოყოლებული კ-ძეები ფლობდნენ და სარგებლობენ 470 კვ.მ ნაკვეთს, რომელიც მოიცავდა სადავო მიწის ზოლსაც, ანუ ადგილს, სადაც ოდესღაც კ. ს-უას განმარტებით, მიჯნა იყო აღმართული და მხარეთაYუსიტყვო შეთანხმებითა და შეგუებით საზღვრის ფუნქციას კ. ს-უას სახლის კედელი ასრულებდა. ამასთან, 1938 წლიდან მოყოლებული დღემდე კ-ძეები იხდიდნენ მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის გადასახადებს. სამოქალაქო კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია ზუსტი საზღვრის დადგენა. მოცემულ შემთხვევაში ზუსტი საზღვარი დადგენილია. იგი 1938 წლიდან აღრიცხულია მმართველობის ადგილობრივ ორგანოებში. საზღვრის დადგენა შეუძლებელიც რომ იყოს 181-ე მუხლის თანახმად გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭებოდა ფაქტობრივ მფლობელობას.

სადავო მიწის ზოლი, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა და სააპელაციო სასამართლოს მიერ არის დადგენილი მოპასუხის ფაქტობრივ მფლობელობაში იმყოფება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კ. ს-უას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.