Facebook Twitter
ბს-354-284-კ-05 6 ივლისი, 2005 წ.,
ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე)
ბ. კობერიძე (მომხსენებელი),
ნ. ქადაგიძე

სარჩელის საგანი: საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 17 ივლისს ზ. ჩ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიმართ, ხოლო მესამე პირებად მიუთითა თ. და ც. ჩ-ებზე.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სარჩელში მითითებულ მისამართზე ცხოვრობს ცოლ-შვილთან, დისშვილებთან _ ზ. ბ-თან (დაბადებიდან I ჯგუფის ინვალიდთან) და 10 წლის გ. ჯ-თან, აგრეთვე, ძმისშვილ ლ. ჩ-ასთან ერთად. ხსენებულ მისამართზე არსებული სახლთმფლობელობა, რომელიც უკანონო და უნებართვო იყო, 1977 წელს აღირიცხა მოსარჩელის გარდაცვლილ მამაზე. მოსარჩელის მამა გარდაიცვალა 1998 წელს, როდესაც მოსარჩელის მთელი ოჯახი ცხოვრობდა უნებართვოდ აშენებულ სახლში, რომელიც საინვენტარიზაციო გეგმაზე აღნიშნულია, როგორც “ლიტ.ა”. ამავე გეგმაზე აღნიშნული სახლი _ “ლიტ.3” _ იყო დანგრეული და იქ 16 წლის განმავლობაში არავის უცხოვრია. მოსარჩელემ საკუთარი სახსრებით შეაკეთა და გაარემონტა “ლიტ.3” სახლი, სადაც ცხოვრობს ზემოაღნიშნულ პირებთან ერთად. 2003წ. გაზაფხულზე მოსარჩელემ სასამართლოდან მიიღო უწყება, საიდანაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ დედამისს მისგან ფარულად დაუკანონებია მოსარჩელის მამის სახელზე რიცხული სახლთმფლობელობა, ასევე, მოსარჩელისგან ფარულად მიუღია მემკვიდრეობა და შემდეგ მთელი სამკვიდრო უჩუქებია მოსარჩელის დისთვის _ ც. ჩ-ასათვის, რითაც დანარჩენ მემკვიდრეებს (სამ ფიზიკურ პირს) დააკარგვინა მემკვიდრეობით მისაღები სადავო სახლთმფლობელობა. აღნიშნული უნებართვო სახლთმფლობელობა კანონის უგულებელყოფითა და დარღვევით დააკანონა ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტმა საჯარო რეესტრის 2002წ. 5 აპრილის ¹9374/2002 სარეგისტრაციო ნომრით, რის საფუძველზეც გაკეთდა შემდგომი ჩანაწერებიც 2002წ. ივნისსა და ივლისში. აღნიშნულის შემდეგ სახლთ-მფლობელობა ირიცხება ც. ჩ-ას საკუთრებად, საიდანაც იგი მოითხოვს მოსარჩელისა და მასთან მცხოვრები ყველა პირის გამოსახლებას.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტს არ ჰქონდა უფლება, დაეკანონებინა უკანონო ნაგებობა, რადგან აღნიშნული წარმოადგენდა მმართველობის ადგილობრივი ორგანოების პრეროგატივას, რის გამოც მის მიერ განხორციელებული რეესტრის ჩანაწერები ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო: ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტმა დაარღვია საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1983წ. 23 დეკემბრის ¹806 დადგენილება და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 16 მარტის ¹156 დადგენილება. ამ ადმინისტრაციული აქტების თანახმად, მხოლოდ სახალხო დეპუტატთა საბჭოების აღმასკომებს (ამჟამად _ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს) მიეცათ უფლება, როგორც გამონაკლისი, მოეხდინათ თვითნებურად აშენებული საცხოვრებელი სახლების (მათი ნაწილების) სამართლებრივი რეგისტრაცია, თუ მიზანშეუწონელი იყო დადგენილი წესით მათი უსასყიდლოდ ჩამორთმევა და ფონდში ჩარიცხვა ან დანგრევა. არ არსებობდა რაიონული გამგეობის არანაირი გადაწყვეტილება მ. ჩ-ის სახელზე უნებართვო სახლთმფლობელობის დაკანონებაზე, მით უმეტეს, ტექინვენტარიზაციის სამსახური ადასტურებდა, რომ ... მდებარე სახლთმფლობელობა უნებართვო და უკანონო იყო, აგრეთვე, დარღვეული იყო “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის მე-8 მუხლის “ე” ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივ, დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის საკითხებს წყვეტდა რაიონული გამგეობა, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია ამ საკითხზე.
მოსარჩელის განცხადებით, “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მასში მოხსენიებული კატეგორიის მიწებზე კერძო საკუთრების უფლება ენიჭებოდათ საქართველოს მოქალაქეებს (ფიზიკური პირები), რომლებსაც ამ კანონის ამოქმედებამდე მიწა სარგებლობის დამადასტურებელი საბუთით ჰქონდათ გამოყოფილი. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა არც რაიაღმასკომის და არც რაიონული გამგეობის არანაირი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ჩ-ს მიენიჭებოდა მიწით სარგებლობის უფლება. ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტს უფლება არ ჰქონდა დაეკანონებინა და გაეკეთებინა პირველადი რეგისტრაცია გარდაცვლილის სახელზე, მაშინ, როდესაც არ არსებობდა შესაბამისი სამსახურის _ გამგეობის მიერ გაცემული მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ 2002წ. 5 აპრილს საჯარო რეესტრში შესრულებული ¹9374/2002 სარეგისტრაციო ჩანაწერის, აგრეთვე, აღნიშნული ჩანაწერის საფუძველზე შემდგომში განხორციელებული ჩანაწერების, კერძოდ, 2002წ. 12 ივნისისა და 5 ივლისის ¹14647/2002 და ¹19749/2002 სარეგისტრაციო ჩანაწერების, ასევე, 2002წ. 18 ივნისს თ. და ც. ჩ-ებს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის საჯარო რეესტრის 2002წ. 5 აპრილის ¹9374/2002 სარეგისტრაციო ჩანაწერი ქ. თბილისში, ... მდებარე სახლთმფლობელობისა და მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით აღრიცხვის შესახებ და მის საფუძველზე მიღებული ყველა სამართლებრივი აქტი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. და ც. ჩ-ებმა, რომელთაც ითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 27 ოქტომბრის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა ზ. ჩ-ის წარმომადგენელ თ. გ-ის შუამდგომლობა და მიწის მართვის სამმართველოს უფლებამონაცვლედ მოცემულ საქმეში ჩაება იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. და ც. ჩ-ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ჩ-მა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1983წ. 23 დეკემბრის ¹806 და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 16 მარტის ¹156 დადგენილებები, აგრეთვე, “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი, რამაც გამოიწვია საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული გარემოება კი, სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები, რადგანაც კასატორს არ წარმოუდგენია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, კერძოდ, ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ 2002წ. 5 თებერვალს გაცემული საინვენტარიზაციო გეგმის თანახმად, ქ. თბილისში, ... მდებარე სახლთმფლობელობა 1977 წელს აღირიცხა მ. ჩ-ის სახელზე, როგორც უკანონო. “საქართველოს სსრ რესპუბლიკაში ინდივიდუალური საბინაო მშენებლობის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1983წ. 23 დეკემბრის ¹806 დადგენილებითა და მასში საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 16 მარტის ¹156 დადგენილებით შეტანილი ცვლილებებით დაშვებულ იქნა თვითნებურად აშენებული სახლების (მათი ნაწილების) სამართლებრივი რეგისტრაცია და სათანადო წესით მიწის ნაკვეთის გამოყოფის გაფორმება თვითნებური ამშენებლებისთვის, ხოლო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1983წ. 23 დეკემბრის ¹806 დადგენილების რეალიზაციის უზრუნველსაყოფად გამოცემული თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1985წ. 16 მაისის ¹10.23.288 გადაწყვეტილების მე-7 პუნქტი უშვებდა ნაკვეთის სამართლებრივ რეგისტრაციას გარდაცვლილ მენაშენეზე.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1983წ. 23 დეკემბრის ¹806 და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 16 მარტის ¹156 დადგენილებები. რაც შეეხება კასატორის მითითებას “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული კანონი სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ გამოუყენებია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ საჯარო რეესტრის სამსახურის მიერ ქ. თბილისში, ... მდებარე 285 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და საერთო 39,2 კვ.მ-ის შენობა-ნაგებობების გარდაცვლილ მ. ჩ-ის საკუთრებად აღრიცხვა განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით და არ არსებობს შესაბამისი ჩანაწერის ბათილად ცნობის საფუძველი, რადგანაც 1997წ. 1 ივნისიდან ამოქმედებული “მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის 3.6 მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთისა და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების რეგისტრაცია ხდება ზონის რეგისტრაციის სახელმწიფო სამსახურში.
საკასაციო სასამართლო, ასევე, იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნა თ. და ც. ჩ-ებს შორის 2002წ. 18 ივნისს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ მიუთითა გარემოებებზე, რომლებზეც ამყარებდა აღნიშნულ მოთხოვნას და ვერ წა-რადგინა აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და მიიღო იურიდიულად სწორი გადაწყვეტილება, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.