Facebook Twitter

¹3კ/883 26 ოქტომბერი 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,ქ. გაბელაია

დავის საგანი: სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობა და განაცდური დროის შრომის სტაჟში ჩათვლა.

აღწერილობითი ნაწილი:

ზ. ნ-ძე 1993 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში დაზვერვის სამმართველოს ოპერატიული ცენტრის პირველი განყოფილების .......-ად და მინიჭებული ჰქონდა ლეიტენანტის წოდება.

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის 1996 წლის 3 ივლისის ბრძანებით ზ. ნ-ძე განთავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან იმ საფუძვლით, რომ ჩაიდინა ოფიცრის ღირსების შემლახავი საქციელი.

ზ. ნ-ძემ 1999 წლის 2 ნოემბერში სარჩელი შეიტანა სასამართლოში სამუშაოზე აღდგენის შესახებ.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. ნ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ გაშვებული იყო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ზ. ნ-ძემ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი. გაუქმდა უშიშროების მინისტრის ბრძანება ზ. ნ-ძის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ, მოსარჩელეს განაცდური დრო ჩაეთვალა შრომით სტაჟში და აღდგენილ იქნა ტოლფას თანამდებობაზე. პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან ზ. ნ-ძეს ბრძანება, სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ, არ ჩაჰბარებია, მას არა აქვს გაშვებული სარჩელით სასამართლოსათვის მიმართვის კანონით დადგენილი ვადა, უშიშროების სამინისტროს მიერ ვერ იქნა დასაბუთებული, თუ რაში გამოიხატა ზ. ნ-ძის მიერ ოფიცრის ღირსების შელახვა.

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ გასულია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა; ზ. ნ-ძის სამსახურიდან დათხოვნა გამოწვეული იყო მის მიერ ოფიცრის ღირსების შემლახავი საქციელით; მოსარჩელის აღდგენა არ არის შესაძლებელი; ზ. ნ-ძე მუშაობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ოფიცრად. კანონით დაუშვებელია, რომ მან შეთავსებით განახორციელოს სამსახურებრივი საქმიანობა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სისტემაში.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ნ-ძის სამუშაოზე აღდგენის ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელზე უარი ეთქვას, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

ზ. ნ-ძე სამსახურიდან გათავისუფლებლ იქნა 1996 წლის 3 ივლისს. მას არ ჩაჰბარდა დათხოვნის ბრძანება. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილის მიერ 2000 წლის 7 ოქტომბერს ზ. ნ-ძის განცხადების პასუხად გაგზავნილ წერილში მითითებულია, რომ საქართველოს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურში ჩარიცხვისა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროდან დათხოვნის ბრძანებები ატარებენ გრიფს “საიდუმლო”, რის გამო, მათი ქსეროასლების ან ამონაწერების გაკეთება აკრძალულია. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის თანახმად მუშებსა და მოსამსახურეებს სამუშაოდან დათხოვნის საქმეთა გამო შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს დათხოვნის ბრძანების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში. სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად არ შეიძლებოდა გამოყენებულიყო კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”, რადგან ზ. ნ-ძე სამსახურიდან გათავისუფლებულია ამ კანონის მოქმედებამდე.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ზ. ნ-ძეს არ აქვს გაშვებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ სასამართლოს ვერ წარუდგინა მოსარჩელის მიერ ოფიცრის ღირსების შელახვის დამადასტურებელი მტკიცებულებები. სამსახურიდან განთავისუფლებამდე ზ. ნ-ძის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინური ზემოქმედების ზომები.

2000 წლის 11 აპრილიდან ზ. ნ-ძე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ხოლო ამჟამად მსახურობს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 30 მაისის სხდომაზე და საკასაციო პალატაში საქმის განხილვისას კასატორმა განმარტა, რომ ითხოვს სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმებას და განაცდური პერიოდის სტაჟში ჩათვლას. სამსახურში აღდგენის შემთხვევაშიც კი უარს განაცხადებს სამსახურში რეალურად დაბრუნებაზე და ფულად კომპენსაციაზე. მისი მიზანია ხარვეზიანი წარსულის გამოსწორება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით, 248-ე მუხლის თანახმად სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

სააპელაციო პალატა ზ. ნ-ძის სამსახურში აღდგენის ნაწილში გადაწყვეტილების მიღებით გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება ზ. ნ-ძის სამსახურში აღდგენის ნაწილში.

დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.