Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ\884 23 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი, გ. გოგიშვილი

დავის საგანი: ხულოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. შ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ს. ბ-ძის მიმართ და მოითხოვა მისი გამოსახლება ¹..... მაღაზიიდან.

1999 წლის 11 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ მხარეები. სასამართლომ მოსარჩელის შუამდგომლობის გარეშე გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დააკმაყოფილა ნ. შ-ძის სარჩელი და მოპასუხე ს. ბ-ძე გამოსახლებულ იქნა დაბა ხულოში მდებარე ¹..... სავაჭრო მაღაზიის შენობიდან. ს. ბ-ძემ, ეს გადაწყვეტილება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილ ვადაში გაასაჩივრა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში. გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ს. ბ-ძე მიუთითებდა, რომ იგი მოწვეული არ იყო საქმის განხილვაში.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 25 იანვრის განჩინებით ს. ბ-ძის საჩივარი დარჩა განუხილველი. სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 236-ე მუხლი და მიუთითა, რომ ს. ბ-ძეს საჩივრით უნდა მიემართა გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოსათვის.

ს. ბ-ძემ 2000 წლის 9 თებერვალს საჩივრით მიმართა ხულოს რაიონულ სასამართლოს. ეს საჩივარი სასამართლომ არ განიხილა.

2000 წლის 18 მაისს ს. ბ-ძემ ისევ მიმართა ხულოს რაიონულ სასამართლოს საჩივრით და მოითხოვა მის მიერ 9 თებერვალს შეტანილი საჩივრის განხილვა.

ხულოს რაიონულმა სასამართლომ, 2000 წლის 2 ივნისის განჩინებით ს. ბ-ძეს უარი უთხრა საჩივრის მიღებაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ ს. ბ-ძის მიერ 9 თებერვალს შეტანილი საჩივარი უმოქმედოდ არის დატოვებული. ს. ბ-ძეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2000 წლის 25 იანვრის განჩინება უნდა გაესაჩივრებინა უზენაეს სასამართლოში და რადგან ს. ბ-ძემ არ მიმართა უზენაეს სასამართლოს და კვლავ მიმართა ხულოს რაიონულ სასამართლოს, მისი საჩივარი არ არის დასაშვები.

ამდენად, აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ ს. ბ-ძეს მიუთითა, რომ მას საჩივრით უნდა მიემართა გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოსათვის, გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ კი აღნიშნა, რომ მისი საჩივარი არ არის დასაშვები, რადგან მას უნდა მიემართა უზენაესი სასამართლოსათვის.

ს. ბ-ძემ 2000 წლის 5 ივნისს ხულოს რაიონულ სასამართლოს მიმართა განცხადებით და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. სასამართლომ 2000 წლის 7 ივნისის განჩინებით ს. ბ-ძის საჩივარი მიიღო წარმოებაში და დანიშნა საქმის ზეპირი განხილვა. ამავე განჩინებით შეჩერებულ იქნა გადაწყვეტილების აღსრულება საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე.

ხულოს რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 27 ივლისის განჩინებით უარი უთხრა ს. ბ-ძეს განცხადების დაკმაყოფილებაზე.

ეს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ბ-ძემ. საჩივარში სხვა საფუძვლებთან ერთად მიუთითებდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველზე, კერძოდ მიუთითებდა, რომ იგი არ იყო მიწვეული საქმის განხილვაში.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ს. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423–ე მუხლი და მიუთითა, რომ ს. ბ-ძის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილს.

ს. ბ-ძე საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოების შესახებ, რომ იგი არ იყო მიწვეული საქმის განხილვაში. აღნიშნული საფუძვლით მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2000 წლის 16 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ ს. ბ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის I ნაწილის თანახმად თუ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დასაშვებია, მაშინ სასამართლომ უნდა განსაზღვროს დრო საქმის ზეპირი განხილვისათვის.

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საქმის ზეპირი განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე, რაც შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სასამართლოში.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ განცხადება მიიჩნია დასაშვებად, განსაზღვრა დრო საქმის ზეპირი განხილვისათვის და 2000 წლის 27 ივლისის განჩინებით ს. ბ-ძეს უარი უთხრა განცხადების დაკმაყოფილებაზე. პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოს 2000 წლის 27 ივლისის განჩინების გამოტანა შეეძლო მხოლოდ ზეპირი განხილვის შედეგად. საქმეში კი არ არის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 ივლისის სხდომის ოქმი.

სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია საქმის ზეპირ განხილვაში იყვნენ თუ არა მხარეები მოწვეული, შედგა თუ არა საქმის ზეპირი განხილვა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის I ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით აგთვალისწინებულ შემთხვევებს.

ს. ბ-ძე საჩივარში ახლად აღმოჩენილ გარემოებებთან ერთად აღნიშნავს, რომ არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში, ე.ი. მიუთითებს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველზე. სასამართლომ განიხილა და იმსჯელა მხოლოდ ახლად აღმოჩენილ გარემოებებზე, ხოლო საჩივარში მითითებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველზე არ უმსჯელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421–ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს ს. ბ-ძის საჩივარი არ უნდა განიხილოს მხოლოდ ფორმალური ნიშნით, მთავარია საჩივრის შინაარსი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412–ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ს. ბ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 16 ოქტომბრის განჩინება ამ საქმეზე გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.