გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/885 26 იანვარი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე, ქ. გაბელაია
დავის საგანი: საცხოვრებელი ფართის გამოთავისუფლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. ლ-ელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. და ო. კ-ევების მიმართ საცხოვრებელი ფართის გამოთავისუფლების შესახებ, შემდეგი საფუძვლით: ლ. ლ-ელი არის თბილისში, ... მდებარე სახლთფლობელობის მესაკუთრე. ი. და ო. კ-ევებს, როგორც მოსარგებლეებს დაკავებული აქვთ აღნიშნული სახლის 2 ოთახი. მოსარჩელე; “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ითხოვს მოპასუხეების ბინიდან გამოსახლებას, სათანადო ფულადი კომპენსაციის გადახდით.
ი. და ო. კ-ევებმა მოითხოვეს სადავო ბინაში საცხოვრებლად დარჩენა იმ საფუძვლით, რომ ბინა 1921 წლიდან არის მათი ოჯახის კანონიერ მფლობელობაში.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ლ-ელს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. ლ-ელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ი. და ო. კ-ევები გამოსახლდნენ სადავო ბინიდან, სათანადო კომპენსაციის _ 3791 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის შემდეგ.
საკასაციო საჩივრით ი. და ო. კ-ევები მოითხოვენ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ ისინი კანონიერად ცხოვრობენ აღნიშნულ ბინაში; მოსარჩელე ფართის ნაკლებობას არ განიცდის; სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული თანხა არ წარმოადგენს სადავო ფართის საბაზრო ღირებულებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
“საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მიხედვით სადგომის განთავისუფლებაზე მოთხოვნა დაკმაყოფილდება, თუკი მესაკუთრე საკუთრებაში გადასცემს მოსარგებლეს იმავე დასახლებულ პუნქტში ერთ სულზე არანაკლებ 9 კვ.მ. სხვა საცხოვრებელ სადგომს, ან მისცემს შესაბამის კომპენსაციას. კანონის მიხედვით ლ. ლ-ელი მოვალეა, გადაუხადოს ი. და ო. კ-ევებს 18 კვ.მ. ფართის ბინის შესაძენად საჭირო თანხა. მოსარჩელე თანახმაა მისცეს მოპასუხეებს საკომპენსაციოდ მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული ფართის _ 37,2 კვ.მ. ღირებულება, რაც საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეადგენს 3791 დოლარის ექვივალენტს ლარებში. ამ თანხით მოპასუხეებს შესაძლებლობა ექნებათ ქ. თბილისის ფარგლებში შეიძინონ არანაკლებ 18 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი ბინა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ აუცილებლობით არაა გამოწვეული სადავო ბინიდან, მათი გამოსახლება. კანონი არ ავალდებულებს მესაკუთრეს, ამტკიცოს ფართის საჭიროება. მესაკუთრე უფლებამოსილია მოითხოვოს ფართის გამოთავისუფლება კანონის მოთხოვნათა დაცვით, მოსარგებლისათვის შესაბამისი ფართის სამაგიერო ბინის საკუთრებაში გადაცემით ან ფულადი კომპენსაციით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. და ო. კ-ევების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.