Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ/887 9 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ვ. ხრუსტალი

მოსამართლეები: მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი:

სპს “კ-ის” ლომბარდის დირექტორმა ე. ჯ-ძემ სარჩელით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მისი ინიციატივით სპს “კ-ის” მიერ გახსნილ იქნა ლომბარდი, რომლის დირექტორად დაინიშნა ის და აწარმოებდა სესხის გაცემას გარკვეული საპროცენტო დანარიცხებით. 1997-1998 წლებში 17 ხელშეკრულებით გაცემული სესხი თავისი საპროცენტო დანარიცხებით ნ. კ-ძის მიერ არ იქნა დაბრუნებული. “ა-ს” დასკვნით მის მიერ გაცემული თანხა სარჩელის აძღვრის დროისათვის შეადგენს 130001 აშშ დოლარს, ხოლო საპროცენტო დანარიცხები შეადგენს 201512 აშშ დოლარს. საბოლოოდ მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 395510 აშშ დოლარის გადახდევინება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი ე. ჯ-ძის ნათესავია, მას ლომბარდიდან მართლაც ჰქონდა აღებული სესხი 1997-1998 წლებში, მაგრამ თანხები დაბრუნებული აქვს მათი საპროცენტო დანარიცხებით და არანაირი დავალიანება არ გააჩნია, თუმცა მას რაიმე დოკუმენტი თანხის დაბრუნების თაობაზე არ აქვს, მოპასუხის განმარტებით, სადავო 17 ხელშეკრულებიდან 7 ხელშეკრულება მის მიერ არის ხელმოწერილი და მათში აღნიშნული თანხები დაბრუნებული აქვს, ხოლო სხვა ხელშეკრულებებზე მისი ხელმოწერები არ არის და მათში აღნიშნული თანხები არ გაუტანია. სასამართლო კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ სადავო ხელშეკრულებაზე არის მისი ხელმოწერები, თუმცა მოპასუხე ექსპერტიზის დასკვნას არ იზიარებს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის მასალების შესწავლით, მოწმეების ჩვენებებისა და ექსპერტთა დასკვნების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლომბარდი, რომლის დირექტორი ე. ჯ-ძეა, 1997-1998 წლებში აწარმოებდა თანხების მიღებას სათანადო პროცენტების გაცემით და ასევე, მიღებული თანხების გაცემას სესხის სახით. ფორმდებოდა წერილობითი ხელშეკრულებები, სადაც მითითებული იყო სესხის ოდენობა, ყოველთვიური საპროცენტო დანარიცხი და ვადა. რიგ შემთხვევებში სესხი გაიცემოდა განუსაზღვრელი ვადით. ლომბარდი ჟურნალებში აღრიცხავდა სესხის ზეპირ თუ წერილობით ხელშეკრულებებს და ეს ინფორმაცია შეჰქონდა კომპიუტერში. სასამართლომ დაადგინა, რომ ნ. კ-ძემ ზემოთ დასახელებული ხელშეკრულებებით გაიტანა 118300 აშშ დოლარი, რაზეც საპროცენტო დანარიცხი შეადგენს 258342 აშშ დოლარს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულს ადასტურებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები, რომლებზედაც მოპასუხე თავის ხელმოწერას არ უარყოფს, სასამართლო კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც სადავო ხელშეკრულებებზე ხელმოწერები შესრულებულია მოპასუხის მიერ, ლომბარდის ჟურნალები, მოპასუხის მიერ 1999 წლის 14 მაისს მოწმეთა თანდასწრებით შესრულებული ხელწერილი, სადაც იგი აღიარებს ვალის არსებობას; 2000 წლის 6 იანვარს აჭარის შს სამინისტროში ჩამორთმეული ახსნა-განმარტება. სასამართლომ სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო ვერ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება იმის შესახებ, თითქოს მას ვალი დაფარული ჰქონდა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ 17 სადავო ხელშეკრულებიდან სამი ხელშეკრულებით გატანილი თანხის დაბრუნებაზე მოსარჩლეს უარი უნდა ეთქვას, რადგან წარმოდგენილ ხელშეკრულებებზე მოპასუხის მიერ ხელმოწერა საერთოდ არ არის შესრულებული.

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან. ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორისო საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილი ზღვრული ოდენობა 1997-99 წლებში იყო 2,5%-დან _ 5%-მდე. ამასთან, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის გარემოება, რომ ე. ჯორთმენაძე მოქალაქეებიდან 5%-დან 10%-ში იღებდა თანხებს და შემდეგ თვითონ გასცემდა სესხად. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე გადააცილებს ფულადი თანხის გადახდის ვადას, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს უფრო მაღალი პროცენტი, ვიდრე 625-ე მუხლითაა გათვალისწინებული. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ძირითად თანხასთან ერთად, ყოველთვიურად 8%-ის გადახდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შპს “კ-ის” ლომბარდის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 295772 აშშ დოლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება როგორც მოპასუხის, ისე მოსარჩელის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებულ იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ნ. კ-ძე მიუთითებს, რომ სასამართლოს აღნიშული გადაწყვეტილება არის უკანონო და იგი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: მოსარჩელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სალაროს წიგნები, გადანომრილი და ზონარგაყრილი შესაბამისი შემოსავალ-გასავლის ორდერებით, რითაც დადასტურებული იქნებოდა სასარჩელო მოთხოვნა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;

სასამართლოს მიერ კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარება დაევალა არა იმ ექსპერტს, რომლის კანდიდატურაც მან შესთავაზა სასამართლოს;

მის მიერ ლომბარდიდან გატანილ თანხაზე გათვალისწინებული იყო 10%, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ზღვრული ნორმა შეადგენს 2-4%-ს, სასამართლომ კი მას გადასახდელად დააკისრა 8%.

ე. ჯ-ძე საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება 3 ხელშეკრულებით გატანილი თანხების დაბრუნებზე უარის თქმისა და საპროცენტო დანარიცხის განაკვეთის შემცირების ნაწილში არ არის კანონიერი და იგი უნდა შეიცვალოს. სადავო ხელშეკრულებებიდან 2 ხელშეკრულება იმიტომ გამოირიცხა, რომ ხელმოწერების იდენტიფიკაცია საეჭვო გახადა ექსპერტმა, ერთი მათგანი კი ხელმოუწერილია, თუმცა ექსპერტმა დოკუმენტების შემოწმებისას დაადასტურა, რომ სამივე ხელშეკრულებაში აღნიშნული თანხების ძირიცა და საპროცენტო დანარიცხებიც თვეების განმავლობაში პერიოდულად ბრუნდებოდა. იგი მოითხოვს, რომ სადავო ხელშეკრულებებში აღნიშნული 36605 აშშ დოლარი დაეკისროს მოპასუხეს. საპროცენტო დანარიცხების 10%-ის 8%-ზე დაყვანა ჩაითვალოს არასწორად და შესაბამისად, ასევე, 52233 აშშ დოლარი დაეკისროს მოპასუხეს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა საქმის მასალების შესწავლითა და მხარეთა განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ ე. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ნ. კ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფლდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დამტკიცებულად არის ცნობილი ნ. კ-ძის მიერ ლომბარდიდან სესხის მიღების ფაქტი. მართალია, ნ. კ-ძე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით, მაგრამ იგი ვერ მიუთითებს კანონს, რომლის თანახმად, ლომბარდიდან აღებული სესხის ნამდვილობა შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ ლომბარდის სალაროს წიგნაკებითა და სხვა სალომბარდო ჟურნალებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

აღშნიშნული ნორმის მიხედვით სესხის ხელშეკრულება შეიძლება იყოს ზეპირიც და წერილობითიც. ე.ი. მოცემულ შემთხვევაში, თუ დადასტურდა ამგვარი ხელშეკრულების არსებობა, სალაროს წიგნაკები და სხვა სალომბარდო დოკუმენტაცია არ შეიძლება ჩაითვალოს ასეთი ხელშეკრულების არსებობის დამადასტურებელ აუცილებელ მტკიცებულებად.

კოლეგიის მიერ მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი ხელშეკრულებებით, ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე დადგენილია სესხის არსებობა და დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია წამოყენებული არ არის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 163-ე მუხლის თანახმად საბოლოოდ, საკითხს იმის შესახებ, თუ ვის უნდა მიენდოს ექსპერტიზის ჩატარება, წყვეტს სასამართლო. მხარეებს უფლება აქვთ აცილება მისცენ ექსპერტს. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სასამართლოს მიერ გრაფიკული ექსპერტიზა დანიშნულია აღნიშნული ნორმის დაცვით, რის გამოც ვერ იქნება გაზიარებული ნ. კ-ძის პრეტენზია ექსპერტიზის დანიშვნის დროს არსებული დარღვევის შესახებ.

საქმის მასალებით, ასევე, ირკვევა და დამტკიცებულად არის ცნობილი, რომ ნ. კ-ძე არის სპს “კ-ის” ლომბარდის დირექტორი, რომელიც ასევე წარმოადგენს შპს “ჩ-ს” ლომბარდის უფლებამონაცვლეს. მოცემულ შემთხვევაში მოსაზრება საქმეზე არასათანადო მოსარჩელის არსებობის შესახებ დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

პალატა ვერ გაიზიარებს კოლეგიის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის განმარტებას: “თუ მოვალე გადააცილებს ფულადი თანხის გადახდის ვადას, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს უფრო მაღალი პროცენტი, ვიდრე 625-ე მუხლითაა გათვალისწინებული”. სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული ნორმის თანახმად “მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს კანონით განსაზღვრული პროცენტი, თუკი კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია”. მოცემულ შემთხვევაში კოლეგიის მიერ არ არის დასაბუთებული, თუ რატომ უნდა იქნეს მოთხოვნილი უფრო მაღალი პროცენტი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად “სესხისათვის მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან. ამ წესის დარღვევით პროცენტის შესახებ დადებული შეთანხმება ბათილია”.

აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გარიგების ის ნაწილი, რომელიც სესხისათვის 10%-ს ითვალისწინებს და პროცენტი გამოთვლილ უნდა იქნეს ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მონაცემების მიხედვით, რაც სესხის ხელშეკრულების დადების პერიოდში წარმოადგენდა 3%-ს.

თუ ე. ჯ-ძის მიერ უფრო მაღალი პროცენტით იქნა აღებული ფულადი თანხები სხვა პირებისაგან, ამგვარი გარიგებები ბათილია და ის ვერ გახდება ნ. კ-ძისათვის უფრო მაღალი პროცენტის მოთხოვნის საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ე. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ნ. კ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 2000 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. ე. ჯ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ნ. კ-ძეს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება “კ-ის” ლომბარდის სასარგებლოდ დაეკისროს 184852 (ას ოთხმოცდა ოთხი ათას რვაას ორმოცდათორმეტი) აშშ დოლარის გადახდა;

3. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება “კ-ის” ლომბარდს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 5000 დოლარის ოდენობით, საიდანაც 3500 ლარი გადაირიცხოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 000141107 ანგარიშზე, ხოლო 1500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე.

4. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.