Facebook Twitter

3კ/888 5 იანვარი 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ

თავმჯდომარე ბ. ხიმშიაშვილი

მოსამართლეები: მ. ახალაძე მომხსენებელი ,ბ. კობერიძე

დავის საგანი: ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

კ. კ-მა სარჩელით მიმართა გლდანი-ნაძალადევის რაიონის სასამართლოს და მოითხოვა ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე მოპასუხე შპს “კ-ისაგან” იმ საფუძვლით, რომ თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1979 წლის გადაწყვეტილებით საქართველოს კომუნალური მეურნეობის სამინისტროს ტრესტ “კ-ის” ხევძმარის უბანს დაეკისრა ჯანმრთელობის დაზიანების გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება 51 მანეთის ოდენობით, რასაც მოპასუხე მხარე უხდიდა 1993 წლამდე; ვინაიდან შპს “კ-ი” წარმოადგენს ტრესტ “კ-ის” სამართალმემკვიდრეს;

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით კ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სახაზინო საწარმო “კ-ის” ¹2 წარმომადგენლობას კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ერთდროულად 56 (ორმოცდათექვსმეტი) ლარის და 2000 წლის 1 იანვრიდან ყოველთვიურად 14 (თოთხმეტი) ლარის გადახდა;

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად;

კასატორი კ. კ-ი საკასაციო საჩივრით მოითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 4 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრებული ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულს, კერძოდ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზიანის ანაზღაურების თანხა გამოანგარიშებულია შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის - 20 ლარის 70%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 14 ლარს, მაშინ, როცა სასამართლოს სადავო თანხა უნდა გამოენგარიშებინა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის ათმაგი ოდენობიდან, რაც შეადგენს 140 ლარს; სააპელაციო სასამართლომ მოპასუხე მხარეს თანხა დააკისრა სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან - შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესების 51-ე მუხლზე მითითებით, რაც არასწორია. გამოიანგარიშება თანხის გადახდის შეწყვეტის მომენტიდან უნდა მომხდარიყო.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორ კ. კ-ის მოტივაციას და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიანგარიშა დასაკისრებელი თანხა. კ. კ-ის მიერ სასამართლოში მოცემული სარჩელის შეტანის მომენტიდან შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის 51-ე მუხლის გამოყენება მოცემული შემთხვევის რეგულირებისათვის არასწორია, ვინაიდან კ. კ-ი სარჩელით ითხოვდა არა ზიანის ანაზღაურების დაკისრებას თავდაპირველად არამედ უკვე დაკისრებული თანხის გადაანგარიშებას და მიუღებელი თანხის დაკისრებას მოპასუხე მხარისათვის; საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის მე-11 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, ზიანი ანაზღაურდება იმავე ან იმავე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო სამ თვეში სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან იმ ოდენობით, რამდენი პროცენტითაც დაკარგული აქვს შრომის უნარის ხარისხი:

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა აღნიშნული მუხლის მეორე პუნქტით და არა მესამე პუნქტით, როგორც ამას კასატორი კ-ი აცხადებს; ვინაიდან შპს “კ-ის” დირექტორის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით საწარმოში მეექვსე თანრიგის (ზეინკლის) თვიური ხელფასი შეადგენდა 7 ლარსა და 50 თეთრს; სამი თვის ფაქტობრივად მიღებული ხელფასის ოდენობა კი შეადგენს 29 ლარს და 50 თეთრს, რომლის 70% 15,75 ლარია; სწორედ აღნიშნული თანხიდან უნდა მოხდეს მისაღები თანხის ოდენობის დაანგარიშება 1995 წლიდან 1998 წლის ივლისამდე, ე. ი. 53 თვის მანძილზე იმ პერიოდისათვის როცა ქვეყანაში შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა 1,5 ლარს შეადგენდა, რაც მთლიანად (15,75 X 53) 834,75 ლარს შეადგენს;

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 ივნისის ¹351 ბრძანებულებით შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა განისაზღვრა 20 ლარით. აღნიშნულიდან გამომდინარე 1998 წლის 1 ივლისიდან წარმოებაში მინიმალური ხელფასი არ შეიძლებოდა დადგენილ მინიმუმზე ნაკლები ყოფილიყო: 20 ლარი, საშემოსავლოს გათვალისწინებით, შეადგენს 18,60 ლარს, ბოლო სამი თვის ფაქტიურად მიღებული ხელფასის ოდენობა კი (18,60 X 3) 55,80 ლარია, რომლის 70% 39,06 ლარს შეადგენს; 1999 წლის 1 ივნისიდან 2000 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს (39,06 X 19) 742,14 ლარს; საბოლოოდ კასატორისათვის ასანაზღაურებელი თანხა კი (712,14+834,75) _ 1576,83 ლარს;

პალატა ვერ გაიზიარებს შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის შპს “კ-ის” პოზიციას, თითქოს კასატორ კ-ის მიერ გაშვებულია სასამართლოსათვის მიმართვის ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობით აღნიშნული საკითხზე ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რაც სსსკ-ის 393-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია, ამასთან, დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიკაციის შედეგად, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია ახალი გადაწყვეტილების მიღება.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

კ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 4 ოქტომბრის განჩინება და გამოტანილ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

კ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

მოპასუხე მხარეს _ შპს “კ-ს” კ. კ-ის სასარგებლოდ 1995 წლის 1 იანვრიდან დაეკისროს 2000 წლის 31 დეკემბრამდე ერთდროულად 1576 (ათას ხუთას სამოცდათეექვსმეტი) ლარისა და 80 თეთრის, ხოლო 2001 წლის პირველი იანვრიდან ყოველთვიურად 39 (ოცდაცხრამეტი) ლარის გადახდა.

მოპასუხე ორგანიზაციას შპს “კ-ს” გადახდეს სახელმწიფო ბაჟი _ 60 (სამოცი) ლარი სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.