გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/893 24 იანვარი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე, მ. ცისკაძე
დავის საგანი: ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობის დადგენა და თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 12 აპრილს ბ. ტ-ძემ სარჩელი შეიტანა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის რაიონული განყოფილების მიმართ და მოითხოვა მის სასარგებლოდ 616 ლარის, აგრეთვე, 1987 წლიდან 1993 წლამდე ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობის დადგენის შემდეგ, აღნიშნული თანხის მოპასუხისათვის დაკისრება.
სარჩელში აღნიშნულია, რომ ბ. ტ-ძე 1986 წელს მუშაობდა ბულდოზერის მემანქანედ. იმავე წელს მიიღო საწარმოო ტრავმა, რის გამოც შრომის უნარი დაკარგა 60%-ით. შრომითმა საექსპერტო კომისიამ მას დაუდგინა ინვალიდობის მე-2 ჯგუფი. მოსარჩელის განმარტებით, სოცუზრუნველყოფის განყოფილებაში ინვალიდობის მე-2 ჯგუფი თვითნებურად გადაუსწორეს მე-3 ჯგუფად.
1993 წელს იგი კვლავ გატარდა შრომით საექსპერტო კომისიაზე და დაუდგინდა ინვალიდობის მე-2 ჯგუფი. სათანადო საბუთები მან წარადგინა ზესტაფონის სოცუზრუნველყოფის განყოფილებაში და მოითხოვა მე-2 ჯგუფის ინვალიდობის პენსიის დანიშვნა 1987 წლიდან, მაგრამ მას განუმარტეს, რომ განცხადებით მიემართა ზესტაფონის სოცუზრუნველყოფის განყოფილებისათვის და მხოლოდ მიმართვის დღიდან დაუნიშნავდნენ პენსიას, რასაც მოსარჩელე არ დაეთანხმა და მიმართა სასამართლოს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ბ. ტ-ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა ბ. ტ-ძის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება.
ბ. ტ-ძე საკასაციო საჩივარში ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების საფუძველზე.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა ბ. ტ-ძის განმარტება და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა უსაფუძვლოდ ბ. ტ-ძის მოთხოვნა 1987 წლიდან, ე.ი. ინვალიდობის მე-3 ჯგუფის დადგენიდან 1993 წლამდე ხელფასს და პენსიას შორის სხვაობის თანხის გადახდა დაკისრებოდა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის რაიონულ განყოფილებას, რადგანაც საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბ. ტ-ძეს 1987 წლიდან 1993 წლამდე არ მიუმართავს სოცუზრუნველყოფის სამსახურისათვის, რათა დანიშვნოდა ინვალიდობის მე-3 ჯგუფის პენსია. არც 1993 წლის 20 სექტემბრის შემდეგ, როცა მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დაუდგინდა ინვალიდობის მე-2 ჯგუფი, ბ. ტ-ძეს სოცუზრუნველყოფის სამსახურისათვის პენსიის დანიშვნა არ მოუთხოვია. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად კი პენსიის დანიშვნა ხდება შესაბამის ორგანოში პენსიის დასანიშნად პირის მიერ მიმართვის დღიდან.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
არ დაკმაყოფილდეს ბ. ტ-ძის საკასაციო საჩივარი.
უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.