Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/895 9 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია, ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: მემკვიდრეობის მიღების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

დ. მ-ავამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მისი ბიძის (მამის ძმის) ა. მ-ავას ქონების, რომელიც მდებარეობს ვანის რ-ნის სოფ. ..., მემკვიდრედ ცნობა შემდეგი საფუძვლით: ბიძამისი ა. მ-ავა გარდაიცვალა 1953 წელს. კომლში დარჩა მისი ბიცოლა ე. გ-ია, რადგან მათ შვილი არ ყავდათ, ბიცოლამ კომლში მომვლელად ჩაიწერა თავის ძმის შვილიშვილი მოპასუხე გ. შ-ია, რომელმაც ბიცოლის გარდაცვალების შემდეგ გაყიდა სახლი და მას არაფერი მისცა. მოსარჩელეს აზრით, ვინაიდან ბიძამის შვილები არ ყოლია, მისი მემკვიდრეები იყვნენ ძმისშვილები, მათ შორის თვითონაც და ეკუთვნის ბიძამისის ქონებიდან წილი. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მ. შ-იამ სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლით: კომლის უფროსმა ე. გ-იამ 1986 წელს იგი ჩაიწერა კომლის წევრად აქედან მოყოლებული იგი და თავისი ცოლ-შვილი ცხოვრობდა ე. გ-იას კომლში და ეწეოდნენ ერთიან მეურნეობას. 1989 წელს გარდაიცვალა ე. გ-ია. მათ როგორც კომლის წევრებმა გააგრძელეს სადავო სახლში ცხოვრება. დაახლოებით ხუთი წლის წინ ყოველგვარი წესების დაცვით გაყიდა სახლი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით დ. მ-ავას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ გადაწყვეტილბა გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. მ-ავას გარდაცვალების შემდეგ კომლის წევრი დარჩა მისი მეუღლე ე., რომელმაც 1986 წელს კომლში ჩაიწერა მოპასუხე გ. შ-ია. სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 569-ე, მუხლის თანახმად კომლის ქონებაზე მემკვიდრეობა იხსნება მხოლოდ კომლის უკანასკნელი წევრის გარდაცვალების შემდეგ. სასამართლომ მიიჩნია, რომ არც ა. მ-ავას და არც ე. გ-იას გარდაცვალების შემდეგ კომლში მემკვიდრეობა არ გახსნილა, რადგან ისინი არ ყოფილან კომლის უკანასკნელი წევრები. რაც შეეხება ა. მ-ავას პირად ქონებას რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო სამკვიდრო მასა, მისი გარდაცვალების შემდეგ ა. მ-ავას დარჩა პირველი რიგის მემკვიდრე – ძმა ე. მ-ავა, რომელსაც თავის სიცოცხლეში პირად ქონებაზე მემკვიდრეობა არც მოუთხოვია და არც მიუღია.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა დ. მ-ავამ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით დ. მ-ავას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა დ. მ-ავამ, რომლითაც ითხოვს განჩინების გაუქმების შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლოში პროცესი ჩატარა სამოქალაქო საპროცესო ნორმების დარღვევით. მოსამართლემ მოისმინა მისი წერილობით ჩვენება, სადაც სარჩელის არსს განმარტავდა და არავითარი კომენტარები არ მოუხდენია. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მოწმე ჯ-ძის წერილობითი ჩვენება, როგორც ნოტარიულად დაუმოწმებული იმ დროს როცა მოპასუხის ყველა დოკუმენტი ასლებია და დაუმოწმებელი. სასამართლომ გაითვალისწინა სოფ. ... ს/საბჭოს 1986 წლის 23/XII ¹ 104 გადაწყვეტილება შ-იას კომლში ჩაწერის თაობაზე, სადაც დაშვებულია შეცდომა, რადგან გ. შ-ია იყო ე. გ-იას ძმის შვილიშვილი და არა მკვიდრი, კომლში ჩაწერაზე არ არის მემკვიდრეების თანხმობა.

პალატამ შეისწალვა საქმის მასალები საკასაციო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ დ. მ-ავას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 5 ოქტომბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოტივაციო ნაწილი:

საქმის მასალებით დაგენილია, რომ მოსარჩელის ბიძა ა. მ-ავა, რომელიც ცხოვრობდა ვანის რ-ნის სოფ. ... გარდაიცვალა 1953 წელს. მისი გარდაცვალების შემდეგ მას დარჩა I რიგის მემკვიდრე ე. გ-ია, რომელმაც მიიღო მემკვიდრეობა 1922 წლის სამოქალაქო კოდექსის 918-ე მუხლის შესაბამისად. ე. გ-ია-მ-ავამ თავის სიცოცხლეში 1986 წელს კომლის წევრად ჩაიწერა მოპასუხე გ. შ-ია, რომელიც ცხოვრობდა ე. გ-ია-მ-ავასთან ერთ ოჯახად და 1989 წელს ე. გ-ია-მ-ავას გარდაცვალების შემდეგ, როგორც კომლის წევრმა გააგრძელა სადავო სახლში ცხოვრება. ამდენად, ე. გ-ია–მი-ავას გარდაცვალების დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 569-ე მუხლის თანახმად, რადგან ე. გ-ია-მ-ავა არ იყო კომლის უკანასკნელი წევრი და მემკვიდრეობა არ გახსნილა. ამდენად, მოსარჩელეს, სააპელაციო სასამართლომ სწორად უთხრა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ე. მ-ავას კომლში ძმის შვილიშვილის ჩაწერისათვის ესაჭიროებოდა მემკვიდრეობის თანხმობა, რადგან ასეთს კანონი არ ითვალისწინებდა.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ქონია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. მ-ავას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 5 ოქტომბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.