Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ\897 24 იანვარი, 2001 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

თავმჯდომარე ბ. ხიმშიაშვილი

მოსამართლეები: მ. ახალაძე, ბ. კობერიძე (მომხსენებელი)

დავის საგანი: ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 20 აპრილს ე. ქ-ემ სარჩელი შეიტანა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ა. დ-ის მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1976 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, ...... ქუჩაზე, რომელიც 1992 წლიდან პრივატიზებულია მის სახელზე. მას ჰყავდა ძმისშვილი ზ. გ-ა, რომელსაც 1993 წელს დაუდო ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულება მოსარჩელეს გარდაცვალებამდე რჩენის ხელშეკრულებად მიაჩნდა, სინამდვილეში კი აღმოჩნდა ბინის ნაჩუქრობის ხელშეკრულება.

ზ. გ-ა გარდაიცვალა 1995 წელს. მისმა მეუღლე ა. დ-მა კი მოსარჩელეს არ მოუარა და არ მიაქცია სათანადო ყურადღება.

მოსარჩელის განმარტებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ 1995 წელს ქ. თბილისში, ...... ქუჩაზე მდებარე ბინა, რომელიც ირიცხებოდა ზ. გ-ას სახელზე, ა. დ-ს ისე გადაუფორმებია თავის სახელზე, რომ მოსარჩელისათვის არაფერი უკითხავს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ე. ქ-ემ მოითხოვა მას და ზ. გ-ას შორის 1993 წელს დადებული ბინის ნაჩუქრობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა სამოქალაქო კოდექსის 58-ე, 72-ე, 73-ე, 526-ე, 529-ე და 530-ე მუხლების თანახმად.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ზ. გ-ასა და ე. ქ-ეს შორის 1993 წლის 22 მაისს დადებული ჩუქების ხელშეკრულება და ქ. თბილისში, ..... ქუჩაზე მდებარე ბინა აღირიცხა ე. ქ-ის სახელზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. დ-ის წარმომადგენელ ნ. ხ-ას სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება და ე. ქ-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო საჩივრით ე. ქ-ე მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2000 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას თბილისის საოლქო სასამართლოს შესაბამის პალატაში.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია კანონი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილი და უძრავი ნივთების ჩუქების შესახებ ახალ წესები ჩათვალა ზოგადად. აგრეთვე, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (1997 წ.) 526-ე და 529-ე მუხლები.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

პროცესის დროს კასატორის წარმომადგენელმა დააკონკრეტა, რომ აწ გარდაცვლილ ზ. გ-ასა და ე. ქ-ეს შორის დადებული იყო ჩუქების ხელშეკრულება და არა გარდაცვალებამდე რჩენის ხელშეკრულება, რის შემდეგაც მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება სამოქალაქო კოდექსის (1997 წ.) 526-ე და 529-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლებით.

ამრიგად დადგენილია, რომ კასატორ ე. ქ-ემ 1993 წლის 22 მაისის სანოტარო წესით დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულებით მისი კუთვნილი აღნიშნული ერთოთახიანი ბინა აჩუქა აწ გარდაცვლილ ზ. გ-ას და საჯარო რეესტრში ამ უკანასკნელის სახელზე აღირიცხა საკუთრების უფლებით. 1995 წლის 7 იანვარს გარდაიცვალა დასაჩუქრებული ზ. გ-ა. იმავე წლის 16 აგვისტოს კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე სადავო ბინა საკუთრების უფლებით აღირიცხა მოპასუხე ა. დ-ის სახელზე.

კასატორს დასაჩუქრებულ ზ. გ-ას სიცოცხლეში ჩუქების ხელშეკრულება სადავოდ არ გაუხდია. მხოლოდ 2000 წლის აპრილში აღძრა სარჩელი ა. დ-ის მიმართ და მოითხოვა აწ გარდაცვლილ ზ. გ-ასთან მის მიერ 1993 წელში დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ დასაჩუქრებულ ზ. გ-ას მემკვიდრე მას არანაირ ყურადღებას არ აქცევს. კასატორის ეს მოსაზრება სამართლებრივ საფუძველს არ ემყარება, რომლითაც დასაშვები იქნებოდა ჩუქების ხელშეკრულების და შემდგომ ანდერძისმიერ მემკვიდრეობის მოწმობის გაუქმება. პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (1997 წ.).

პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (1997 წ.) 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილი არ შეიძლება მივუსადაგოთ კონკრეტულ შემთხვევას, რადგანაც, აღნიშნული ნორმის თანახმად, ახალი სამოქალაქო კოდექსი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ იგი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (1997 წ.) კი ახალ წესებს ითვალისწინებს არა მხოლოდ უძრავი ნივთების ჩუქების შესახებ, არამედ მოძრავი ნივთების ჩუქებაც ახალი წესებით რეგულირდება.

ამრიგად, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) ნორმები ჩუქების შესახებ. ახალი სამოქალაქო კოდექსიც რომ გამოეყენებინა სააპელაციო სასამართლოს, კასატორის სარჩელის მოთხოვნა მაინც ვერ დაკმაყოფილდებოდა იმის გამო, რომ მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 529-ე, 530-ე მუხლები ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას და გაჩუქებული ქონების უკან გამოთხოვას ითვალისწინებს დასაჩუქრებულისაგან. მოცემულ შემთხვევაში კი დასაჩუქრებული ზ. გ-ა გარდაიცვალა ჯერ კიდევ 1995 წელში და ამ უკანასკნელის სიცოცხლეში ჩუქება სადავოდ არ გამხდარა. მოპასუხე ა. დ-ი არის აწ გარდაცვლილ ზ. გ-ას მემკვიდრე, რომელიც არის სადავო ბინის კეთილსინდისიერი შემძენი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

არ დაკმაყოფილდეს ე. ქ-ის საკასაციო საჩივარი.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.