Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/903 2 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი:

კს “.. ..-ს” დირექტორმა 2000 წლის 31 იანვარს სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე გ. ღ-ძის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის შესახებ. სასარჩელო მოთხოვნას ე. ბ-იანი ასაბუთებდა იმით, რომ 1998 წლის 14 იანვარს სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ პირდაპირი მიყიდვის წესით კს “.. ..-ს” გადასცა ქ. რუსთავში ... ქუჩაზე საკოლმეურნეო ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე ¹ 130 მაღაზია, რაზედაც გაფორმდა ¹ 105 ხელშეკრულება და გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. შესყიდული მაღაზიის ნაწილი დაკავებული აქვს მოპასუხეს და მიუხედავად მესაკუთრის მოთხოვნისა, არ ათავისუფლებს უკანონოდ დაკავებულ ფართს, რის გამოც ილახება მისი როგორც მესაკუთრის უფლებები.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარმოადგინა ქირავნობის ხელშეკრულებები, რომლის თანახმადაც დადგინდა, რომ შპს “შ-მ” სადავო ფართი 1999 წლის 1 იანვრიდან 1999 წლის 1 დეკემბრამდე ქირით გადასცა გ. ღ-ძეს, ხოლო 2000 წლის 1 იანვრიდან 2001 წლის 1 იანვრამდე ნ. ლ-ოვას. აღნიშნულიდან გამომდინარე გ. ღ-ძემ მოითხოვა მისი შეცვლა სათანადო მოპასუხით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით კს “.. ..-ს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სადავო ფართს ფლობს ნ. ლ-ოვა და გ. ღ-ძე არ იყო სათანადო მოპასუხე.

ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კს “.. ..-მ”. სააპელაციო სასამართლომ საქმეში თანამოპასუხედ ჩართო ნ. ლ-ოვა, ხოლო მესამე პირად შპს “შ.”. თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2000 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა რუსთავის სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით კს “.. ..-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა. გ. ღ-ძე და ნ. ლ-ოვა გამოსახლებულ იქნენ ქ. რუსთავში, ... მდებარე 4 კვ.მ. ფართობიდან.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ სადავო ფართის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში აღრიცხულია კს “.. ..”. სადავო ფართი არაუფლებამოსილ პირთან _ შპს “შ-სთან” ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ამჟამად დაკავებული აქვს გ. ღ-ძეს და ნ. ლ-ოვას. სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 312-ე, 170-ე და 172-ე მუხლები.

ეს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ღ-ძემ და ნ. ლ-ოვამ. კასატორები მიუთითებენ, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, ასევე, მიუთითებენ საპროცესო ნორმების დარღვევაზე, კერძოდ, მათი მოსაზრებით სასამართლოს შპს “შ.” უნდა ჩაერთო მოპასუხედ და არა მესამე პირად. აღნიშნულის გამო მოითხოვენ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი თვლის, რომ გ. ღ-ძის და ნ. ლ-ოვას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად არის ცნობილი, რომ ქ. რუსთავში, ..., საკოლმეურნეო ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე 60 კვ.მ. ფართობის მესაკუთრე არის კომანდიტური საზოგადოება “. ..”. ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული ფართობის ნაწილი, კერძოდ, 4 კვ.მ. დაკავებული აქვს გ. ღ-ძეს და ნ. ლ-ოვას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

მოცემულ შემთხვევაში გ. ღ-ძეს და ნ. ლ-ოვას სადავო ფართის ფლობის უფლება არ ჰქონდათ, მათ ქირავნობის ხელშეკრულება დადებული ჰქონდათ იმ პირთან, რომელიც არ არის სადავო ფართის მესაკუთრე.

რაც შეეხება კასატორის მიერ მითითებულ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე გამოტანილია სწორი გადაწყვეტილება და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ღ-ძის და ნ. ლ-ოვას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება ამ საქმეზე დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.