3კ/905-01 12 დეკემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა შემადგენლობა:
ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,თ. კობახიძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ფ-ძე 1990 წელს დაქორწინდა გ. მ-ძეზე. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ქალიშვილი ნ. მ-ძე. 1991 წელს ახალგაზრდა ოჯახი გამოეყო ძირითად კომლს. კომლის ქონება გაიყო ორად. მ. ფ-ძეს და მის მეუღლეს კომლის სხვა ქონებასთან ერთად მიეკუთვნათ ბაღდათის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან ორი ოთახი. გაყოფის შემდეგ თითოეული ოჯახში საკომლო წიგნში აღირიცხა ცალ-ცალკე. გ. მ-ძე გარდაიცვალა 1992 წელს. გ. მ-ძის დედამ ნ. კ-ძე-მ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე მ. ფ-ძის მიმართ და მოითხოვა მისი გამოსახლება სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ორი ოთახიდან იმ საფუძვლით, რომ კომლის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში გამოყოფილი 2 ოთახის სანაცვლოდ მან რძალს შეუძინა ოროთახიანი ბინა ბაღდათში.
მ. ფ-ძემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოპასუხე ნ. კ-ძე-მ-ძის მიმართ და მოითხოვა სადავო საცხოვრებელ სახლში შესახლება.
მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოების მიერ. ბოლოს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა ნ. კ-ძე-მ-ძის სააპელაციო საჩივარი.
ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. ფ-ძის სააპელაციო საჩივარი.
გაუქმდა მოცემულ საქმეზე ვანის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება და გამოტანილ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
ნ. კ-ძე-მ-ძის სარჩელი მ. ფ-ძის და მისი შვილის ბინიდან გამოსახლების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ნ. კ-ძე-მ-ძესა და მ. ფ-ძეს შორის სოფ. ... მ. ფ-ძის საკუთრებაში არსებული ორი საცხოვრებელი ოთახის ნ. კ-ძე-მ-ძისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ 1995 წელს დადებული ზეპირი გარიგება (ხელშეკრულება). მხარეებს დაევალათ, ერთმანეთისათვის ყველაფრის დაბრუნება, რაც ამ გარიგებით მიიღეს.
მ. ფ-ძე მცირეწლოვან შვილთან ერთად შესახლებულ იქნა ბაღდათის რაიონის სოფ. ..., მის კუთვნილ ორ საცხოვრებელ ოთახში. მ. ფ-ძეს დაეკისრა მ. კ-ძე-მ-ძის სასარგებლოდ 1400 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულების დროისათვის არსებული კურსის შესაბამისად.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო პალატაში მოცემული საქმის განხილვისას დადასტურდა, რომ მხარეები 1995 წლის 22 დეკემბერს შეთანხმდნენ იმაზე, რომ მ. ფ-ძე მეუღლის სახლში, სოფ. ..., მის საკუთრებაში არსებულ ორ საცხოვრებელ ოთახს საკუთრებაში გადასცემდა დედამთილს იმ შემთხვევაში, თუ ნ. კ-ძე-მ-ძე მას ბაღდათის ცენტრში ოროთახიან საცხოვრებელ ბინას უყიდდა. ამდენად, მხარეებმა დადეს ზეპირი გარიგება ისე, რომ იგი არ დაამოწმეს სანოტარო წესით. მ. ფ-ძემ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება ისე გადასცა ნ. კ-ძე-მ-ძეს, რომ არ დაიცვა სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 323-ე მუხლის მოთხოვნები. სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რამდენადაც ხსენებულ შეთანხმებას ადასტურებენ მხარეები, ისინი სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად საეჭვოობისას ვალდებულნი არიან, ერთმანეთს გადასცენ ყველაფერი, რაც კი მათ შეხვდებოდათ, გარიგება რომ თავიდანვე ნამდვილი ყოფილიყო. ამ ნორმის თანახმად სასამართლომ მ. ფ-ძეს დააკისრა ნ. კ-ძე-მ-ძის სასარგებლოდ 1400 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მ. ფ-ძე შეასახლა სოფ. ..., მის სახელზე არსებულ ორ საცხოვრებელ ოთახში.
მ. ფ-ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც ნ. კ-ძე-მ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1400 აშშ ამერიკული დოლარის გადახდა. მისი საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლი. ბინის თაობაზე მხარეებს შორის ასეთი გარიგება არ შემდგარა; ნ. კ-ძე-მ-ძემ შვილიშვილს თუ აჩუქა 1400 ამერიკული დოლარი იმისათვის, რომ ბინა ეყიდა ბაღდათში, ეს სულ სხვა გარიგებას წარმოადგენს; გარდა ამისა, ნ. კ-ძე-მ-ძეს არ მოუთხოვია 1400 აშშ დოლარის უკან დაბრუნება ან რაიმე გარიგების ბათილად ცნობა. ამით სააპელაციო სასამართლო გასცდა აპელანტის მოთხოვნას, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა. დაუსაბუთებელია სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 59-ე და 61-ე მუხლების გამოყენება, რადგან გარიგების ბათილობა არცერთ მხარეს არ მოუთხოვია.
ნ. კ-ძე-მ-ძეს გარიგების ბათილად ცნობის და თანხის დაბრუნების მოთხოვნა არ წარუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად. იმავე კოდექსის 380-381-ე მუხლებით მკაცრად არის განსაზღვრული სააპელაციო სასამართლოში ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენისა და განხილვის წესი, ასევე - დავის საგნის შეცვლისა და გადიდების წესი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ მ. ფ-ძე და აწ გარდაცვლილი გ. მ-ძე დაქორწინდნენ 1990 წელს. შეეძინათ ერთი შვილი. ცოლ-ქმარი ცხოვრობდა ბაღდათის რაიონის სოფ. ..., გ. მ-ძის მშობლების სახლში. 1991 წლის მარტში აწ გარდაცვლილი გ. მ-ძე თავისი მეუღლით გამოეყო ძირითად კომლს და გამოყოფის შემდეგ დიმის სასოფლო საბჭოს კომისიამ მას მიაკუთვნა საცხოვრებელი სახლის 2 ოთახი. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ამ გამოყოფილ ორ ოთახში დარჩა მ. ფ-ძე შვილთან ერთად. მ. ფ-ძის დედამთილმა ნ. კ-ძე-მ-ძემ გამოყოფილი ორი ოთახიდან რძლის და შვილიშვილის გამოსახლება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ სანაცვლოდ მათ უყიდა ბაღდათში ოროთახიანი ბინა. საქმეში წარმოდგენილია 1995 წლის 22 დეკემბერს მ. ფ-ძესა და ა. რ-ძეს შორის გაფორმებული ქ. ბაღდათში, ... მდებარე ოროთახიანი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ნ. კ-ძე-მ-ძე სასარჩელო განცხადებით მოითხოვდა კასატორ მ. ფ-ძის სადავო ოთახებიდან გამოსახლებას, მას არ მოუთხოვია არც მხარეთა შორის არსებული გარიგების ბათილად ცნობა და არც მ. ფ-ძისათვის 1400 ამერიკული დოლარის დაკისრება. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლო მოცემულ შემთხვევაში გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. მოცემული საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას ნ. კ-ძე-მ-ძეს ასევე არ მოუთხოვია დავის საგნის შეცვლა და გადიდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის შესაბამისად; ამ მუხლის პირველი წინადადების თანახმად დავის საგნის შეცვლა ან გადიდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე თანახმა იქნება ან სააპელაციო სასამართლო ამას მიზანშეწონილად ცნობს.
ამიტომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეტანა გადაწყვეტილება მ. ფ-ძისათვის ნ. კ-ძე-მ-ძის სასარგებლოდ 1400 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის დაკისრების თაობაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
მ. ფ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება გაუქმდეს ნ. კ-ძე-მ-ძისა და მ. ფ-ძეს შორის ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში მ. ფ-ძის საკუთრებაში არსებული ორი საცხოვრებელი ოთახის ნ. კ-ძე-მ-ძისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ 1995 წელს დადებული ზეპირი გარიგების (ხელშეკრულების) ბათილად ცნობის ნაწილში, ასევე იმ ნაწილში, რომლითაც მხარეებს დაევალათ ერთმანეთისათვის ყველაფრის დაბრუნება, რაც ამ გარიგებით მიიღეს; გადაწყვეტილება გაუქმდეს ასევე მ. ფ-ძისათვის ნ. კ-ძე-მ-ძის სასარგებლოდ 1400 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდევინების ნაწილში.
დანარჩენ ნაწილში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.