გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ/906 10 იანვარი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
თავმჯდომარე ბ. ხიმშიაშვილი
მოსამართლეები მ. ცისკაძე, თ. კობახიძე
დავის საგანი - სამუშაოზე აღდგენა
აღწერილობითი ნაწილი :
რ. კ-შვილმა სარჩელი შეიტანა სასამართლოში ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს მიმართ სამუშაოზე აღდგენის შესახებ.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად რ. კ-შვილმა მიუთითა, რომ ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს უფროსის 1999 წლის 16 დეკემბრის ¹275 ბრძანებით ყოველგვარი დასაბუთების გარეშე განთავისუფლებული იქნა საბურთალოს რაიონის ...... განყოფილების უფროსის თანამდებობიდან.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა რ. კ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა თბილისის შს მთავარი სამმართველოს მიმართ სამუშაოზე აღდგენის შესახებ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.
ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი ნ. ბ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ რ. კ-შვილმა სასამართლოს მიმართა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის დარღვევით, “საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების მე-12 პუნქტის შესაბამისად კადრების განკარგულებაში აყვანილ რ. კ-შვილს შეეძლო სარჩელი შეეტანა სასამართლოში, თუ ბრძანების გამოცემიდან ოთხი თვის განმავლობაში არ იქნებოდა დაკმაყოფილებული სხვა სამსახურით. სარჩელი აღიძრა 2000 წლის 30 მარტს _ ოთხთვიანი ვადის გასვლამდე; სასამართლომ მოსარჩელე აღადგინა თანამდებობაზე, რომელიც გაუქმდა საქართველოს შს მინისტრის 2000 წლის 29 აგვისტოს საორგანიზაციო-საშტატო ბრძანების საფუძველზე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
1999 წლის 9 დეკემბრიდან 2000 წლის 5 თებერვლამდე რ. კ-შვილი იყო დროებით შრომისუუნარო. “პოლიციის შესახებ” კანონის 26-ე მუხლის თანახმად შრომისუუნარობის ფურცელზე ყოფნის პერიოდში მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება დაუშვებელი იყო.
რ. კ-შვილს “საქართველოში შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 45-ე მუხლის შესაბამისად არ გამოეცხადა ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ბრძანების თანახმად მოსარჩელეს ეცნობა თბილისის შს მთავარი სამმართველოს 2000 წლის 9 მარტის წერილით, ხოლო სარჩელი სამუშაოზე აღდგენის შესახებ შეტანილი იქნა 30 მარტს _ ერთთვიან ვადაში.
სასამართლოს განჩინებაში და საქმის მასალებში არ არის ასახული საქართველოს შს მინისტრის 2000 წლის 29 აგვისტოს საორგანიზაციო-საშტატო ბრძანებასთან დაკავშირებით მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის I-ლი ნაწილის შესაბამისად საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტების მიმართ, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში.
სარეზოლუციო ნაწილი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს წარმომადგენლის ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 13 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.