Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ-907 23 მარტი 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე, ქ. გაბელაია

სარჩელის საგანი: ბინის ქირის დაკისრება; ბინიდან გამოსახლება

აღწერილობითი ნაწილი:

1994 წლის 16 თებერვალს ცოლ-ქმარმა ბ. მ-ძემ და შ. ს-ძემ მეზობლისაგან _ თ. ხ-შვილისაგან ორი დღით ისესხეს 1000 აშშ დოლარი. მათ გააფორმეს ხელწერილი. ვალის ორ დღეში დაუბრუნებლობის შემთხვევაში, მხარეებმა გაითვალისწინეს პროცენტი, კერძოდ, მსესხებლები გამსესხებელს გადაუხდიდნენ თვეში 30 პროცენტს. ხელწერილში აღნიშნული იყო, აგრეთვე, რომ ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებლები პასუხს აგებდნენ თავიანთი საკუთარი ბინით, მდებარე, ქ. რუსთავში, ..... კორპუსში.

თ. ხ-შვილმა, რომელსაც ბ. ს-ძემ 1994 წლის 14 ივნისს გაფორმებული მინდობილობით მისცა უფლებამოსილება გაესხვისებინა მისი კუთვნილი ქონება, 1997 წლის 9 მაისის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებით, თავის მეუღლე დ. ს-ძეს მიჰყიდა ქ. რუსთავში, ..... მდებარე ბ. ს-ძის სახელზე რიცხული ბინა.

1999 წლის 1 თებერვალს დ. ს-ძემ და მეორე მხრიდან ბ. და შ. ს-ძეებმა, როგორც გამქირავებელმა და დამქირავებლებმა, დადეს სადავო ბინის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამქირავებელი ვალდებულებას იღებდა 1999 წლის 1 ივნისიდან 8 თვის ვადით მიექირავებინა დამქირავებლებისათვის ზემოთ აღნიშნული ბინა და სარდაფი, ხოლო დამქირავებლებს ევალებოდათ 1999 წლის 1 სექტემბრამდე გაეთავისუფლებინათ გამქირავებლის კუთვნილი ბინა და ჩაებარებინათ მისთვის თავისუფალ მდგომარეობაში. სახელშეკრულებო ვადის ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, დამქირავებლები იღებდნენ ვალდებულებას, გამქირავებლისათვის გადაეხადათ ბინის ქირა თვეში 100 აშშ დოლარის ოდენობით, დამქირავებლების მიერ აღნიშნული ბინით სარგებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში _ 1997 წლის 6 მაისიდან 1999 წლის 1 სექტემბრამდე.

1999 წლის 1 თებერვალს შ. ს-ძემ დაწერა ხელწერილი, რომელშიც გათვალისწინებულ იქნა იგივე პირობები, რაც _ ზემოთ აღნიშნულ ქირავნობის ხელშეკრულებაში.

1999 წლის 27 სექტემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა დ. ს-ძემ ბ. ს-ძის მიმართ იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ბინის ქირავნობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება 1999 წლის 1 სექტემბრამდე ბინის გათავისუფლების შესახებ და არც აღნიშნული ხელშეკრულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ბინის ქირის _ 2800 აშშ დოლარის გადახდას აპირებდა.

მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა ქ. რუსთავში ..... კორპუსში მდებარე მისი კუთვნილი ბინიდან მოპასუხის გამოსახლება და მისთვის 2800 დოლარის დაკისრება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოში შეგებებული სარჩელი შეიტანა ბ. ს-ძემ და ითხოვა თ. ხ-შვილსა და დ. ს-ძეს შორის 1997 წლის 6 მაისს დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ მხარეებს შორის არ შესრულებულა ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის აუცილებელი პირობები. ბ. ს-ძემ, აგრეთვე, ითხოვა ბინის ქირავნობის ხელწერილის ბათილად ცნობაც. გარდა ამისა, გ. ს-ძემ აღნიშნა, რომ 1994 წლის 16 თებერვალს მოსარჩელისაგან აღებული ვალიდან გადახდილი აქვს 1000 აშშ დოლარი.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეები: ბ. და შ. ს-ძეები მათთან მცხოვრებ პირებთან ერთად, გამოსახლდნენ ქ. რუსთავში, ..... მდებარე ბინიდან და ბინა თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა მოსარჩელე დ. ს-ძეს; სარჩელს, ბინის ქირის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში, ეთქვა უარი; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი დ. ს-ძესა და ს-ძეებს შორის 1999 წლის 1 თებერვალს დადებული ბინის ქირავნობის ხელშეკრულება; ბინის ნასყიდობის 1997 წლის 6 მაისის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ ბ. ს-ძემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ბ. ს-ძის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება.

ბ. ს-ძემ საკასაციო საჩივარში ითხოვა სააპელაციო სასამართლოს ზემოთ აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო დ. ს-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივი თვალსაზრისით კი, იურიდიულად დაუსაბუთებელი განჩინება გამოიტანა. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე, 85-ე, 86-ე, 87-ე მუხლები, რამაც გამოიწვია უკანონო განჩინების მიღება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა, აგრეთვე, დ. ს-ძემაც, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ დ. ს-ძის და ბ. ს-ძის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სადავო ურთიერთობა წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) მოქმედების პერიოდში და გაგრძელდა ახალი სამოქალაქო კოდექსის (1997 წ.) ამოქმედების შემდეგ. მართალია, მხარეები არ შეთანხმებულან, თუ რომელი კოდექსით უნდა დარეგულირებულიყო მათ შორის დავა, მაგრამ ორივე მხარემ სარჩელებშიც, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებშიც მიუთითეს ახალი სამოქალაქო კოდექსის ნორმები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოებმა სწორად გამოიყენეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (1997 წ.).

პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები და თვლის, რომ კასატორ დ. ს-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგანაც მას სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 3 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც მის სასარჩელო მოთხოვნას, სადავო ბინის ქირისა და პირგასამტეხლოს ბ. ს-ძისათვის დაკისრების ნაწილში, უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე. ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. ამდენად, დ. ს-ძეს სასარჩელო მოთხოვნა სააპელაციო ინსტანციაში არ ჰქონია და მისი ხელახლა დაყენება საკასაციო სასამართლოში, ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 406-ე მუხლს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ვერ იმსჯელებს დ. ს-ძის საკასაციო საჩივარში დაყენებულ სასარჩელო მოთხოვნებზე, ბინის ქირისა და პირგასამტეხლოს ბ. ს-ძისათვის დაკისრების შესახებ.

საკასაციო სასამართლო, აგრეთვე, ვერ გაიზიარებს მეორე კასატორის _ ბ. ს-ძის განმარტებას, რომ სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე, 85-ე, 86-ე და 87-ე მუხლების საფუძველზე.

აღნიშნული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება დ. ს-ძესა და თ. ხ-შვილს შორის დაიდო, ამ უკანასკნელისათვის ბ. ს-ძის მიერ 1994 წლის 14 ივნისს გაცემული მინდობილობის საფუძველზე, რომლითაც რწმუნებულ შ. ხ-შვილს თავისი მარწმუნებლის _ ბ. ს-ძის მთელი ქონების გასხვისების უფლებამოსილება მიეცა.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ გარიგების უშუალო მონაწილე ბ. ს-ძე არ ყოფილა. ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო მისი რწმუნებულის _ შ. ხ-შვილის მიერ და კასატორმა ვერ წარმოადგინა ვერანაირი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ აღნიშნული გარიგება გაფორმდა მხოლოდ იმის წყალობით, რომ ხელშეკრულების მეორე მხარემ ისარგებლა სადავო ბინის გამყიდველის _ შ. ხ-შვილის მარწმუნებლის _ ბ. ს-ძის მძიმე მდგომარეობით ან გამოუცდელობით. გარდა ამისა, არ დასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა შ. ხ-შვილისა და დ. ს-ძის მიერ ბ. ს-ძეზე გავლენის ბოროტად გამოყენებას.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ მის მიმართ იყო იძულება, როდესაც დაიდო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება. საქმის მასალებიდან არ ჩანს, რომ აღნიშნული გარიგების მხარეები აშკარად ჩაერივნენ კასატორ ბ. ს-ძის ნების გამოვლენის პროცესში და იძულების ზეგავლენით მოხდა გარიგების დადება.

პალატა თვლის, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, აგრეთვე, არ დასტურდება, სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს, შ. ხ-შვილისა და დ. ს-ძის მხრიდან, ბ. ს-ძის ოჯახის წევრების მიმართ იძულება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 55-ე, 85-ე, 87-ე მუხლები და ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება ეცნო ბათილად.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ და შემდეგ სააპელაციო სასამართლომაც დადგენილად ჩათვალეს, რომ ახალ მესაკუთრეზე _ დ. ს-ძეზე სადავო ბინის აღრიცხვის ფაქტი დადასტურებულია სანოტარო საქმეში არსებული, აღნიშნული ბინის გასხვისების შესახებ, ბ. ს-ძის ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ გაცემული თანხმობებით.

კასატორმა ბ. ს-ძემ საკასაციო საჩივარში სადავოდ არ გახადა აღნიშნული გარემოება, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

აქედან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ბ. ს-ძის რწმუნებულ შ. ხ-შვილსა და მის მეუღლე დ. ს-ძეს შორის დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და მისი ბათილობის საფუძველი არ არსებობს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ. ს-ძეს რჩება უფლება ცალკე სასარჩელო მოთხოვნა დააყენოს სასამართლოში მისი ყოფილი რწმუნებულის _ შ. ხ-შვილის მიმართ და მოსთხოვოს მას გაყიდული ბინის საფასური.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. ს-ძის და ბ. ს-ძის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.