¹ 3კ/907-01 14 დეკემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე, ქ. გაბელაია
დავის საგანი: სამკიდრო ქონების მიკუთვნება.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. გ-ვამ 1975 წელს იქორწინა ნ. გ-ვასთან. მ., ი. და გ. გ-ვები არიან ნ. გ-ვას შვილები პირველი ქორწინებიდან.
გ. გ-ვა 1992 წელს დაქორწინდა ვ. კ.-აზე. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი ნ. გ-ვა. 1992 წლის დეკემბერში აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებისას დაიღუპა გ. გ-ვა. გ. გ-ვა იყო დაბა ... მდებარე სახლის მესაკუთრე. მოსაზღვრე მიწის ნაკვეთზე, ... მდებარე სახლი 1988 წლიდან ირიცხებოდა ნ. გ-ვას სახელზე.
ბორჯომის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 28 აგვისტოს განჩინებით დამტკიცდა მორიგება ერთი მხრივ ვ. კ.-ას, მეორე მხრივ _ ნ. და ლ. გ-ვებს შორის, რომლის თანახმად ნ. გ-ვამ აჩუქა შვილიშვილს, ნ. გ-ვას, აწ გარდაცვლილი გ. გ-ვას სახლიდან კუთვნილი 1/3 სამემკვიდრეო წილი. ვ. კ.-ამ უარი თქვა მოთხოვნაზე ნ. გ-ვას სახლიდან სარგებლობის უფლებით ფართის გამოყოფის შესახებ და განაცხადა, რომ აღარ ექნებოდა არავითარი პრეტენზია სამემკვიდრეო ქონებაზე.
2000 წლის 19 თებერვალს გარდაიცვალა ნ. გ-ვა.
ლ. გ-ვამ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სარჩელი შეიტანა სასამართლოში სახლის ნახევრის მესაკუთრედ ცნობის, ხოლო-მემკვიდრეობის უფლებით დანარჩენი ნაწილიდან 1/3 წილის მიკუთვნების შესახებ.
ვ. კ.-ამ შეგებებული სარჩელით მოითხოვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა იმის შესახებ, რომ ნ. გ-ვასთან ერთად სადავო სახლის თანაამშენებელი იყო გ. გ-ვა, ამიტომ მის შვილს, ნ. გ-ვას, ეკუთვნოდა წილი საკუთრების უფლებით.
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ნ. გ-ვას მემკვიდრეებს: ლ. გ-ვას, ი. გ-ვას და მ. ფ-ძეს, თითოეულს მიეკუთვნა ცალ-ცალკე სახლის 1/3 წილი. ლ. გ-ვა ცნობილ იქნა, აგრეთვე, უნებართვოდ მიშენებული ფართის თანაამშენებლად და თანამესაკუთრედ. ბორჯომის რაიონის ტექინვენტარიზაციის ბიუროს დაევალა უნებართვოდ მიშენებული ფართის რეგისტრაციაში გატარება. არ დაკმაყოფილდა ვ. კ.-ას შეგებებული სარჩელი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა, რომ ბორჯომის რაიონის სასამართლოს 1997 წელის 28 აგვისტოს განჩინებით დამტკიცებული მორიგების საფუძველზე ვ. კ.-ას არ გააჩნდა ნ. გ-ვას სამკვიდრო ქონებიდან წილის მოთხოვნის უფლება. გ. გ-ვა არ წარმოადგენდა სადავო სახლის თანაამშენებელს, რადგან ნ. და გ. გ-ვებს შორის საერთო საკუთრების სახლის აშენების თაობაზე არ არსებობდა წერილობითი შეთანხმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. კ.-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ძირითადი და შეგებებული სარჩელები არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სადავო სახლი, როგორც უკანონო ნაგებობა, არ წარმოადგენდა სამკვიდრო ქონებას. სახლი დააკანონა სასამართლომ, რითაც გასცდა თავისი კომპეტენციის ფარგლებს.
ვ. კ.-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-313-ე მუხლები და სამოქალაქო კოდექსის 1371-1374-ე მუხლები.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საფუძველს მოკლებულია სასამართლოს მტკიცება სამკვიდრო ქონების არარსებობის შესახებ. ნ. გ-ვაზე რიცხული სახლის ძირითადი ნაწილი აშენებულია 1957-1960 წლებში სათანადო ნებართვით და დამტკიცებული პროექტის შესაბამისად. სახლის ეს ნაწილი ნ. გ-ვას გარდაცვალების შემდეგ წარმოადგენდა სამკვიდრო ქონებას.
სახლზე უნაბართვოდ მიშენებული წილი დაკანონდა არა სასამართლოს, არამედ ბორჯომის რაიონის გამგეობასთან არსებული სამშენებლო-არქიტექტურული საბჭოს 2001 წლის 27 ივნისის ¹3 გადაწყვეტილების საფუძველზე. ქ. ბორჯომის ტექაღიცხვის ბიუროს დაევალა აწ გარდაცვლილი ნ. გ-ვას სახელზე სახლის სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარება.
არც ერთ მხარეს არ დაუყენებია სახლის სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საკითხი.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სადავო სახლი მთლიანად წარმოადგენდა საკმვიდრო ქონებას და უნდა გაყოფილიყო ნ. გ-ვას მემკვიდრეებს შორის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის შესაბამისად, აწ გარდაცვლილი ნ. გ-ვას მემკვიდრეა შვილიშვილი ნ. გ-ვა. რადგან სამკვიდროს გახსნის დროს ცოცხალი აღარ იყო გ. გ-ვა, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო. კანონშეუსაბამოა მემკვიდრისათვის კუთვნილი წილის გამოყოფაზე უარის თქმა ბორჯომის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 29 აგვისტოს განჩინებით დამტკიცებული მხარეთა მორიგების საფუძველზე. ამ დროისათვის სამკვიდრო ქონებას შეადგენდა გ. გ-ვას სახელზე რიცხული სახლი. ვ. კ.-ას მიერ უარის განცხადება სხვა სამკვიდრო ქონებიდან წილის მიღებაზე არ შეიძლებოდა შეხებოდა ნ. გ-ვას კუთვნილ სახლს, რომელიც სამკვიდრო ქონებად გადაიქცა 2000 წლის 19 თებერვალს, მესაკუთრის გარდაცვალების შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 91-ე მუხლის შესაბამისად ბათილია პირობა, რომელიც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს ან ზნეობის ნორმებს, ანდა შეუძლებელია მისი შესრულება. გარიგება, რომელიც რომელიმე ასეთ პირობაზეა დამოკიდებული, მთლიანად ბათილია.
გ. გ-ვას არ მიუმართავს სარჩელით სასამართლოსათვის ნ. გ-ვას სახელზე რიცხული სახლის თანაამშენებლად ცნობის შესახებ. საჭიროა საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ გამოარკვიოს, არის თუ არა კანონის შესაბამისი კასატორის მოთხოვნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის წესით აწ გარდაცვლილი გ. გ-ვას აწ გარდაცვლილ ნ. გ-ვასთან ერთად სადავო სახლის თანაამშენებლად ცნობის და ამ წილის მემკვიდრეობის უფლებით ნ. გ-ვასთვის მიკუთვნების შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. კ.-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.