ბს-356-286-კ-05 15 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: სამსახურიდან დათხოვნისას კუთვნილი თანხის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა გ. ტ-ემ მოპასუხე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 26.12.96 წ. ¹687 და 10.03.2000 წ. ¹86 ბრძანებულების მოთხოვნათა შესაბამისად ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 22.03.2000 წ. ¹46/ო და 12.05.2000 წ. ¹83/ო ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის რეორგანიზაცია, რომელთანაც დაკავშირებით გაუქმდა ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის ცენტრალური აპარატი და რაიონული განყოფილებები. საქართველოს ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარის 29.05.2000 წ. ¹8 ბრძანების თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 97-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, 2000 წ. 1 იანვრიდან შეწყვეტილ იქნა მოსარჩელის, როგორც ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული განყოფილების ხელმძღვანელის, შრომითი ხელშეკრულება და იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებისას არ მომხდარა საბოლოო ანგარიშსწორება, დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული განყოფილების მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, 1998 წლიდან 2000წ. ჩათვლის დავალიანებამ შეადგინა:
1998წ. ხელფასი _ 331, 26 ლარი, მივლინება 101 ლარი, პენსია _ 21 ლარი; 1999წ. ხელფასი – 285,60 ლარი, მივლინება 109 ლარი, პენსია – 18 ლარი; 2000წ. ხელფასი _ 261,75 ლარი, მივლინება – 100 ლარი, პენსია _ 21 ლარი.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 109-ე მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე მოსარჩელემ მოითხოვა განთავისუფლებისას მისთვის კუთვნილი სამი თვის თანამდებობრივი სარგოს გადახდა 230,29 ლარის ოდენობით.
შკკ-ის 423 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე ერთი თვის საშუალო ხელფასის ოდენობით გასასვლელი დახმარების და შრომით მოწყობამდე გათვალისწინებული ორი თვის ხელფასის გაცემა. მთლიანობაში მოსარჩელის მიერ მოთხოვილი თანხის ოდენობამ 1708, 90 ლარი შეადგინა.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 19.05.03 წ. განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა მოსარჩელის 23.03.03 წ. გარდაცვალების გამო მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, ხოლო იმავე სასამართლოს 06.05.04 წ. განჩინებით საქმის წარმოება განახლდა და საქმეში მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ჩაბმულ იქნა ე. ტ-ე, ფინანსთა სამინისტრო და ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი ბრძანებით შექმნილი ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის სარეორგანიზაციო კომისია ჩაბმულ იქნა მესამე პირად.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელე ე. ტ-ის წარმომადგენელმა შეამცირა მოთხოვნა და მოითხოვა 1998წ. ხელფასის – 331, 26 ლარის, მივლინების _ 101 ლარის, პენსიის _ 21 ლარის; 1999წ. ხელფასის _ 285, 60 ლარის, მივლინების _ 109 ლარის, პენსიის _ 18 ლარის; 2000წ. ხელფასის _ 261, 75 ლარის, მივლინების _ 100 ლარის, პენსიის – 21 ლარის, აგრეთვე ორი თვის თანამდებობრივი სარგოს _ 152, 29 ლარის, სულ _ 1400, 90 ლარის ანაზღაურება.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 29.01.04 წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შრომის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელე გ. ტ-ის უფლებამონაცვლე ე. ტ-ის სასარგებლოდ გ. ტ-ის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. სასამართლომ აღნიშნა, რომ შკკ-ის 96-ე მუხლის თანახმად მოხელეს მისი დათხოვნისას კუთვნილი თანხა ეძლევა დათხოვნის დღეს, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა, რის გამოც სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება სარჩელზე მთლიანად უარის თქმის შესახებ. რაც შეეხება კონკრეტული დავალიანების _ 1400, 90 ლარის დაკისრებას, სასამართლომ მიუთითა, რომ იგი ვერ იქნება დაკმაყოფილებული, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები მხარეთა მიერ არ იქნა წარმოდგენილი და არც სასამართლოსათვის მოუთხოვიათ მათ საიდანმე გამოთხოვა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 21.01.05 წ. განჩინებით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 29.07.04 წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ტ-ე მუშაობდა ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული განყოფილების გამგედ, საიდანაც იგი განთავისუფლდა 01.06.2000 წ., დეპარტამენტის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიმართ დაირღვა შკკ-ის 96-ე მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან მოსარჩელეს საბოლოო ანგარიშსწორება არ მიუღია. პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული მუხლის მოთხოვნის დარღვევის საფუძველს არ ქმნიდა ის გარემოება, რომ დეპარტამენტის უფლებამონაცვლეობის შესახებ დასკვნა არ გაუკეთებია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივ კომისიას, მით უფრო, რომ 20.06.03წ. და 08.08.03წ. ბრძანებების თანახმად, აღნიშნულ კომისიას ერთი თვის ვადაში უნდა დაესრულებინა მუშაობა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ფაქტობრივად განხორციელდა სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს რეორგანიზაცია, რომლის დროსაც მის სტრუქტურაში შემავალი ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის საქალაქო და რაიონული განყოფილებების ფუნქციები და კომპეტენცია გადაეცა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რის თაობაზე პირდაპირაა მითითებული ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარის 22.05.2000 წ. ¹7 ბრძანებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორი ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს და კანონშესაბამისი გადაწყვეტილება გამოიტანა.
სააპელაციო პალატის 21.01.05 წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, რომლითაც კასატორმა მოითხოვა განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად ცნო ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის სამართალმემკვიდრედ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სამართალმემკვიდრეობის საკითხი სადღეისოდ გარკვეული არ არის. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ფინანსთა მინისტრის 2001წ. 1 და 2 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანებით დეპარტამენტის საფინანსო ვალდებულებების გარკვევის მიზნით შეიქმნა ინვალიდების საქმეთა ყოფილი დეპარტამენტის სარეორგანიზაციო კომისიის მიერ შემუშავებული ფინანსური და საბუღალტრო დოკუმენტების მიმღები და განმხილველი ერთობლივი კომისია. ორი სამინისტროს თანამდებობის პირების მიერ დაკომპლექტებულ ერთობლივ კომისიას მუშაობა არ დაუსრულებია და არ გაუკეთებია დასკვნა სამართალმემკვიდრეობის საკითხზე. სწორედ აღნიშნული საკითხების გარკვევის მიზნით მინისტრების 20.06.03წ. და 08.08.03 წ. ერთობლივი ბრძანებებით შეიქმნა კომისია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ მოითხოვა 1998წ. ხელფასის _ 331, 2 ლარის, მივლინების _ 101 ლარის, პენსიის _ 21 ლარის, 1999წ. ხელფასის _ 285, 60 ლარის, მივლინების _ 109 ლარის, პენსიის 18 ლარის, 2000წ. ხელფასის _ 261, 75 ლარის, მივლინების _ 100 ლარის, პენსიის _ 21 ლარის, ასევე ორი თვის თანამდებობრივი სარგოს _ 152, 29 ლარის, სულ 1400, 90 ლარის ანაზღაურება. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელად დარჩა სააპელაციო პალატის საკასაციო წესით გასაჩივრებული განჩინებით, არ იქნა გაზიარებული მოპასუხის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სარჩელის დაკმაყოფილებას მთლიანად უნდა ეთქვას უარი, რაიონული სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული მოსარჩელის მოსაზრებაც იმის შესახებ, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს 1400, 90 ლარის დავალიანება, ვინაიდან დავალიანებების დამადასტურებელი მტკიცებულებები მხარეთა მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. მხარეებს არც სასამართლოსათვის მოუთხოვიათ მათი საიდანმე გამოთხოვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ შრომის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელე გ. ტ-ის უფლებამონაცვლის ე. ტ-ის სასარგებლოდ გ. ტ-ის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებით გაურკვეველი დარჩა მოსარჩელის მიერ მოთხოვილი 1400, 90 ლარიდან კონკრეტულად რა თანხა უნდა აუნაზღაურდეს მოსარჩელე გ. ტ-ის უფლებამონაცვლე ე. ტ-ეს, სასარჩელო მოთხოვნის რა ნაწილი იქნა დაკმაყოფილებული, სასარჩელო მოთხოვნის რომელ ნაწილში ეთქვა უარი მოსარჩელეს, მოიცავს თუ არა გადაწყვეტილებით სახელფასო დავალიანების ანაზღაურება გაუცემელი ხელფასის თანხებთან ერთად სამივლინებო და საპენსიო თანხების დავალიანების ანაზღაურებას, რომლებსაც ითხოვდა მოსარჩელე. ვინაიდან პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების და სააპელაციო სასამართლოს განჩინების არც სამოტივაციო და არც სარეზოლუციო ნაწილიდან არ ირკვევა სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილების შედეგად მოპასუხეზე დაკისრებული თანხის ოდენობა, კასატორი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ გადაწყვეტილებით მას დაეკისრა 1400, 90 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს 06.05.04 წ. განჩინებით საქმეში მესამე პირებად იქნენ ჩაბმული ფინანსთა სამინისტრო და ფინანსთა სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი ბრძანებით შექმნილი საქართველოს ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის სარეორგანიზაციო კომისია. მიუხედავად აღნიშნულისა, საქმეში ჩაბმულ მესამე პირებს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გაგზავნიათ სააპელაციო წესით გასაჩივრებული პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივარი, სსრკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით სასამართლო უწყება სასამართლოს სხდომის ჩატარების შესახებ, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მესამე პირად შეცდომით უთითებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროზე, რომელიც საქმეში ჩართული იყო არა მესამე პირად, არამედ _ მოპასუხედ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არის წინააღმდეგობრივი, საკასაციო პალატა საჭიროდ თვლის საქმის გარემოებათა დამატებით გამოკვლევას, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სრულყოფილ შემოწმებას, საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად პროცესის ყველა მონაწილის ჩართვას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართოლს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 21.01.05 წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.