3კ/913-01 21 დეკემბერი 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,თ. კობახიძე
დავის საგანი: განქორწინება და მშობლის უფლების ჩამორთმევა.
აღწერილობითი ნაწილი:
მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1994 წლიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში, 1995 წლის 28 ოქტომბერს, შეეძინათ შვილი ს. დ-ძე. კ. დ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ვ. დ-ძესთან განქორწინება და მისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევა შემდეგი საფუძვლით: ვ. დ-ძესთან აქვს კონფლიქტური ურთიერთობა, მან მიატოვა იგი, წაიყვანა ბავშვი და საცხოვრებლად გადავიდა თავის მშობლებთან. ვ. დ-ძე სისტემატურად თავს არიდებს ბავშვის აღზრდის მოვალეობას, მთელი დღე გასულია სახლიდან, ბავშვი დატოვებული ჰყავს მშობლების ანაბარა. ბავშვმა ინფექციური დაავადება “წითელა” ფეხზე გადაიტანა.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ვ. დ-ძემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა კ. დ-ძისათვის ბავშვის სარჩო ალიმენტის გადახდა, პირადი ნივთების დაბრუნება, მიცემული სესხის, 900 ამერიკული დოლარის, დაბრუნდა და მორალური ზიანის ანაზღაურება.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით კ. დ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შეწყდა კ. დ-ძესა და ვ. დ-ძეს შორის 1994 წლის 12 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება. სარჩელის მოთხოვნას, მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ, ეთქვა უარი. ასევე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ვ. დ-ძის შეგებებული სარჩელი: კ. დ-ძეს დაეკისრა მცირეწლოვანი შვილის, ს. დ-ძის, სარჩენი ალიმენტი ყოველთვიურად 100 ლარი. ვ. დ-ძეს დაუბრუნდა პირადი ნივთები, რომელიც დარჩა კ. დ-ძესთან. უსაფუძვლობის გამო ვ. დ-ძეს უარი ეთქვა მორალური ზიანის ანაზღაურებაზე და კ. დ-ძისათვის სესხად მიცემული 900 აშშ დოლარის დაბრუნებაზე. ვ. დ-ძეს დაეკისრა სახ. ბაჟი 70 ლარის ოდენობით. სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა კ. დ-ძემ, რომლითაც ითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება მშობლის უფლების ჩამორთმევაზე უარის თქმის ნაწილში.
შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა ვ. დ-ძემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ პუნქტის გაუქმება, რომლითაც მას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი 70 ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლობის გამო განუხილველი დატოვა ვ. დ-ძის შეგებებული სააპელაციო საჩივარი. 2001 წლის 6 აგვისტოს განჩინებით კ. დ-ძეს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისი ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. ამავე განჩინებით კ. დ-ძეს დაეკისრა ვ. დ-ძის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის, 100 ლარის, გადახდა. სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: მიიჩნია, რომ კ. დ-ძემ ვერ შეძლო დაედასტურებინა ვ. დ-ძის მიერ ბავშვის უყურადღებოდ მიტოვებისა და შვილის აღზრდაზე თავის არიდების ფაქტები. ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ ვ. დ-ძე არსად არ მუშაობს და მისი სახლში არ ყოფნა გამოწვეულია ბავშვის ბედ-იღბლისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით, რადგან აპელანტმა ვერანაირი მტკიცებულება აღნიშნულზე ვერ წარადგინა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა კ. დ-ძემ რომლითაც მოითხოვა განჩინების გაუქმება შემდეგი გარემოებების გამო: როგორც პირველი ინსტანციის, ასევე საპელაციო სასამართლოში განმარტა და დაადასტურა ის ფაქტები, რომ ვ. დ-ძე სისტემატურად არიდებს თავს შვილის აღზრდის მოვალეობას დილიდან გვიან ღამემდე არის გასული სახლიდან და ეწევა არაპატიოსან ცხოვრებას. ხშირად ურეკავს და იგი სახლში არ იმყოფება. ბავშვს აკლია დედის ყურადღება. ბავშვმა ინფექციური დაავადება “წითელა” ფეხზე გადაიტანა. ბავშვს ეპყრობა სასტიკად. ბავშვი მიგდებული ჰყავს მშობლების ანაბარა, რომლებიც თვითონ მოსავლელები და ავადმყოფები არიან. სასამართლოზე ვ. დ-ძემ ვერ წარმოადგინა ცნობა, რომ მუშაობს და აღნიშნულ საათებში დაკავებულია სამსახურეობრივი მოვალეობით. ფაქტობრივი გარემოებები განაპირობებდა სასამართლოს მიერ 1205-ე მუხლების გამოყენებას, რაც სასამართლომ არ გამოიყენა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები და თვლის რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის II ნაწილის თანახმად სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ წარმოდგენილი პრეტენზია ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შესახებ არც დამატებითია და არც დასაბუთებული. სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სწორად დაადგინა, რომ კასატორმა ვერ დაადასტურა ვ. დ-ძის მიერ მშობლის მოვალეობისაგან თავის არიდება. კასატორი თავის მოსაზრებას მხოლოდ სიტყვიერ განცხადებებს ამყარებს. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცება იმისა, რომ მოწინააღმდეგე მხარე, ვ. დ-ძე, სასტიკად ეპყრობა შვილს ან სისტემატიურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობის შესრულებას. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ბავშვმა ინფექციური დაავადება “წითელა” ფეხზე გადაიტანა, არ შეიძლება გახდეს მშობლის უფლების ჩამორთმევის საფუძველი. საკასაციო საჩივარში კასატორი განმარტავს, რომ ვ. დ-ძე ეწევა არაპატიოსან ცხოვრებას, თუმცა სააპელაციო პალატაში მოსამართლის შეკითხვაზე უპასუხა: “იმის ფაქტები, რომ ვ. დ-ძე ამორალურ ცხოვრებას ეწევა ან ცუდ ზეგავლენას ახდენს ბავშვზე არა აქვს”. საკასაციო პალატა თვლის, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის II ნაწილი და არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი. აღნიშნული ნორმის თანახმად მშობლის უფლების ჩამორთმევა, როგორც უკიდურესი ღონისძიება, შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ თუ გამოირკვა, რომ მშობელი სისტემატურად არიდებს თავს შვილის აღზრდის მოვალეობას, ან ბოროტად იყენებს მშობლის უფლებას. სასტიკად ეპყრობა შვილს, მავნე გავლენას ახდენს შვილზე თავისი ამორალური ყოფაქცევით, აგრეთვე, იმ შემთხვევაშიც, თუ მშობელი ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ვ. დ-ძის მიმართ მსგავსი ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების კანონიერი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კ. დ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 6 აგვისტოს განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.