Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ/923 9 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა:

თავმჯდომარე: ბ. ხიმშიაშვილი

მოსამართლეები: ქ. გაბელაია, თ. კობახიძე

დავის საგანი _ ბინიდან გამოსახლება

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა სარჩელი შეიტანა სასამართლოში რ. გ-ძის მიმართ ქ. თბილისში, ...... დასახლებაში მდებარე საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლების შესახებ.

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა მიუთითა იმის თაობაზე, რომ სასაზღვრო ძალებში სამსახურის პერიოდში რ. გ-ძეზე გაიცა ...... ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი ბინა. დეპარტმანეტის თავმჯდომარის 1999 წლის 13 ოქტომბრის ¹312 ბრძანებით აღნიშნული ტერიტორია გამოცხადდა დახურულ სამხედრო საცხოვრებელ ქალაქად. ბრძანების მე-8 პუნქტის შესაბამისად, დახურული სამხედრო ქალაქებიდან გასახლებულ იქნენ სასაზღვრო ძალებთან კავშირის არმქონე პირები. რ. გ-ძემ, რომელიც 1997 წლიდან აღარ მსახურობს სასაზღვრო ძალებში, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, არ გამოათავისუფლა დაკავებული ბინა.

მოპასუხე რ. გ-ძემ არ ცნო სარჩელი იმ საფუძვლით, რომ მასზე გაცემულია ბინის უვადო ორდერი.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო:

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დეპარტამენტი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაცენო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

“საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებულ სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანის დროებითი დებულების” შესაბამისად, სადავო ბინა შედის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბინაო ფონდში. სასაზღვრო ჯარების საბინაო კომისიის მიერ 1994 წლის 12 დეკემბერს გაცემული ორდერის საფუძველზე, ბინა რ. გ-ძის ოჯახს მიეცა სამსახურებრივი დანიშნულებით.

აღნიშნული დებულების მე-15, მე-16 პუნქტების მიხედვით, ბინის ორდერის გაცემის საკითხის გადაწყვეტა შედიოდა მმართველობის ადგილობრივი ორგანოს კომპეტენციაში.

სასამართლომ არ დაასაბუთა, თუ რატომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 75-ე მუხლი და არა 87-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად ხანდაზმულობა არ ვრცელდება სახელმწიფო ორგანიზაციებზე, სახელმწიფო საკუთრების ქონების დაბრუნებაზე.

ასევე არ არის დასაბუთებული, ვრცელდება თუ არა მხარეთა შორის სამართლებრივ ურთიერთობებზე საქართველოს საბინაო კოდექსის 105-ე მუხლი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის 2000 წლის 2 ნოემბრის გადაწვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებულია, რის გამოც მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად უნდა გაუქმდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დაკმაყოფილდეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატის სხვა შემადგენლობას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.