Facebook Twitter

¹3კ\924 9 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

თავმჯდომარე ბ. ხიმშიაშვილი

მოსამართლეები: მ. ახალაძე, ბ. კობერიძე

დავის საგანი სარჩელში: ბინაზე საკუთრების უფლების ცნობა.

დავის საგანი შეგებებულ სარჩელში: ბინიდან გამოსახლება

აღწერილობითი ნაწილი

გ. ხ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს და მოითხოვა .... მდებარე საცხოვრებელი სახლის 27,51 კვ.მ. ფართით ¹5 ოთახის, ფართით 27,51 და ¹10 სათავსოს მესაკუთრედ ცნობა იმ საფუძვლით, რომ 1982 წლის 5 სექტემბერს აღნიშნული ფართი იყიდა მოპასუხე რ. მ-შვილისაგან შინაურული ხელწერილის საფუძველზე და მასში გადაიხარდა 10 000 საბჭოთა მანეთი;

მოპასუხე რ. მ-შვილმა შეგებებული სარჩელით მოითხოვა მოსარჩელის გამოსახლება მის მიერ დაკავებული სადავო ფართიდან იმ საფუძვლით, რომ 1982 წელს მამასთან შეუთანხმებლად სარგებლობის უფლებით დაუთმო მოპასუხეს .... მდებარე ¹5 ოთახი. გ. ხ-ძეს გარიგების პირობა არ შეუსრულებია და გადასახდელი თანხიდან გადაუხადა მხოლოდ 2000 მანეთი. აღნიშნული გარიგება კანონსაწინააღმდეგო იყო, ვინაიდან მას არ ჰქონდა უფლება გაეფორმებინა გარიგება, ამასთან მოპასუხეს გარიგების სრული თანხა არ გადაუხადა.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე გ. ხ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ასევე, უარი ეთქვა რ. მ-შვილს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ხ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და იგი ცნობილ იქნა თბილისში, .... მდებარე სახლის ¹5 საცხოვრებელი ოთახი, (ფართით 27,54 კვ.მ.) და ¹10 დამხმარე სათავსოზე (ფართით 5,44 კვ.მ.) მესაკუთრედ. რ. მ-შვილის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მას უარი ეთქვა გ. ხ-ძის ბინიდან გამოსახლებაზე.

კასატორი რ. მ-შვილი მოითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ შინაურული ხელწერილის დადების მომენტში, 1982 წლის სექტემბერში იგი არ იყო სადავო ფართის მესაკუთრე და მას არ ჰქონდა უფლება გაესხვისებინა იგი. კასატორის განმარტებით სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა “საცხოვრებელი სადგომის სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონი, ვინაიდან გარიგების მხარე მესაკუთრე არ ყოფილა, არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, რადგან ნასყიდობის ხელშეკრულება ჩათვალა დადებულად, ხოლო დამხმარე სათავსო ისე მიაკუთვნა გ. ხ-ძეს, რომ შინაურულ ხელწერილში საუბარი არ ყოფილა მასზე.

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით დადასტურებულად თვლის, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა საცხოვრებელი სადგომის დათმობის საფუძველზე წარმოშობილ ურთიერთობად უნდა დაკვალიფიცირდეს. სადაო საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა 1998 წლის 25 ივნისის კანონი “საცხოვრებელი სადგომის სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ”, თუმცა არასწორად განმარტა იგი; აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის წარმოშობილ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. კანონით მითითებულ მხარეებში იგულისხმებიან მხოლოდ მესაკუთრე და მოსარგებლე. ამავე კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, “თუ მხარეებს შორის ურთიერთობა მოწესრიგებულია წერილობითი დოკუმენტით, რომელიც აღიარებს მათ შორის საცხოვრებელი სადგომის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობას, მაგრამ ფორმა არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, შემძენი ცნობილ უნდა იქნეს მესაკუთრედ. აღნიშნული ნორმით კანონმდებელი მესაკუთრედ ცნობის აუცილებელ პირობად მიიჩნევს მხარის მიერ ისეთი გარიგების დადებას, რომელიც კანონით გათვალისწინებულ ყველა სავალდებლო პირობას აკმაყოფილებს, გარდა გარიგების ფორმისა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე გ. ხ-ძე სადაო ფართის მესაკუთრედ, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ რ. მ-შვილი შინაურული ხელწერილის გაფორმების მომენტში არ იყო მესაკუთრე და შესაბამისად, მემკვიდრეობის აღდგენის გარეშე არ ჰქონდა უფლება გაესხვისებინა გარდაცვლილი დედის სახელზე რიცხული ბინა; ხელწერილში აღნიშნულია, რომ რ.მოსეშვილმა 2000 მანეთი, პროცენტის სახით, გადასცა მოსეშვილს, რომელიც იმ დროს არ იყო მესაკუთრე და არც ჰქონდა გარიგების დადების უფლება. ასევე, დადგენილია, რომ 8000 მანეთი ხულელიძემ ¹5 ოთახში მცხოვრებ არამესაკუთრე კ-იარს გადასცა რაც იმაზე მიუთითებს, რომ შეთანხმება მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების ფასზე არ ყოფილა.

სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა რ. მ-შვილის შეგებებული სააპელაციო საჩივარი იმ საფუძვლით, რომ გ. ხ-ძე მესაკუთრედ ცნო და შესაბამისად უარი უთხრა საჩივრის ავტორს მესაკუთრის გამოსახლებაზე.

პალატა თვლის, რომ კასატორის მოთხოვნა გ. ხ-ძის გამოსახლებაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს “საცხოვრებელი სადგომის სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების” შესახებ კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, რომლითაც მოსარგებლე ვალდებულია, დააკმაყოფილოს მესაკუთრის მოთხოვნა სადგომის განთავისუფლებაზე, თუ მესაკუთრე მოსარგებლეს საკუთრებაში გადასცემს სხვა საცხოვრებელ სადგომს იმავე დასახლებული პუნქტის ფარგლებში ან მისცემს საცხოვრებელი სადგომის კომპენსაციას. გამოსახლების შესახებ კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილება მხოლოდ აღნიშნული პირობების შესრულების შემთხვევაშია შესაძლებელი;

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

რ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს:

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

გ. ხ-ძის სარჩელი, თბილისში, ...... ქ. 7-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ¹5 ოთახისა და ¹10 დამხმარე სათავსოს მესაკუთრედ ცნობაზე არ დაკმაყოფილდეს;

რ. მ-შვილის შეგებებულ სარჩელს გ. ხ-ძის გამოსახლებაზე ეთქვას უარი.

მხარეებს გადახდეთ სახელმწიფო ბაჟი _ 30-30 ლარი _ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.