¹ 3კ/924-01 26 დეკემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,რ. ნადირიანი
სარჩელის საგანი: მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს ავიაკომპანია “ს.-მა” სარჩელი აღძრა შპს “ა.-ის” წინააღმდეგ მორალური ზიანის _ 1 000 000 ლარის ანაზღაურების შესახებ. სარჩელის საფუძვლად აღნიშნულია, რომ შპს “ა.-ის” მიერ ინტერნეტის მეშვეობით ერთი წლის განმავლობაში ვრცელდებოდა ყალბი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 1999 წლის 31 ოქტომბერს თითქოს ერთ მძლავრ ავიაკომპანიად გაერთიანდა სამი ავიაკომპანია: “ე.-ა”, “ს.-ი” და “აი.-ა”, რომელსაც ეწოდა “ა.-ი”. კერძო ავიაკომპანია “ა.-ის” ხელმძღვანელობა არ დაკმაყოფილდა ინტერნეტის მეშვეობით საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებით და 2001 წლის 16 თებერვალს “....-ის” მეშვეობით გაავრცელა სინამდვილესთან შეუსაბამო ინფორმაცია სათაურით _ “აი.-ს” პრეზიდენტი “ს.-ის” მიერ ფრენების განახლებას ფანტაზიად მიიჩნევს”, სადაც ლაპარაკია იმის თაობაზე, რომ “ს.-ის” მიერ ფრენების განახლების შესახებ განცხადებებს აკეთებენ იქ მომუშავე არაკომპეტენტური, არაპროფესიონალი და ავიაციის სფეროსაგან შორს მდგომი პირები”. 2001 წლის 17 თებერვლის გაზეთ “...-ში” გამოქვეყნდა ჟურნალისტ ვ. კ-ძის წერილი, სადაც ნათქვამია, რომ “სახელმწიფო ავიაკომპანიის მუშაობა მოძველებული ტექნიკით ფანტაზიაა ... ესენი არიან ავიაციაში შემთხვევით მოხვედრილი ხალხი”, აღნიშნავს _ თ. გ-შვილი”. 2001 წლის 16 თებერვალს გაზეთ “...-ში” გამოქვეყნდა ზ. ბ-შვილის სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ “კონცერნის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორ ვ. ს-უნის თქმით, “ა.-ის” ბოინგებში მგზავრთა მომსახურება საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და მნიშვნელოვნად გაფართოვდა ევროპაში ავიაკომპანიის ფრენის გეოგრაფია. მან გაკვირვება გამოთქვა იმაზე, რომ საქართველოში სახელმწიფო ავიაკომპანიის შექმნაა განზრახული”. 2001 წლის 14 მაისს თ. გ-შვილმა “....”-ის საინფორმაციო პროგრამა “...” “ს.-ის” კოლექტივი კრიმინალებად მოიხსენია.
მოსარჩელემ სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითაA სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილზე, 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 992-993-ე მუხლებსა და “რეკლამის შესახებ” კანონზე.
მოპასუხემ შპს ავიაკომპანია “ა-მ” სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ინტერნეტში არასწორი ინფორმაციის გავრცელებას მართლაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ ანტიმონოპოლიური სამსახურის განცხადების საფუძველზე ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 აპრილის დადგენილებით “ა.-ს” დაეკისრა ჯარიმა – 500 ლარის ოდენობით. რაც შეეხება მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების პრესით გავრცელების ფაქტს, ასეთი თ. გ-შვილის მიერ არ მომხდარა. სტატიებში აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კომენტარებია და არა თ. გ-შვილის მიერ უშუალოდ გაკეთებული განცხადება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შპს “ა.-ს” შპს ავიაკომპანია “ს.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 500 000 ლარის გადახდა.
საოლქო სასამართლოს კოლეგიამ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:
1999 წლის 31 ოქტომბრიდან ერთი წლის მანძილზე ინტერნეტის მეშვეობით “ა.-ის” მიერ ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ე.-ს”, “ს.-ისა” და “აი.-ს” შერწყმით ჩამოყალიბდა ერთი მძლავრი ავიაკომპანია _ “ა.-ი”. აღნიშნულის გამო, ანტიმონოპოლიური სამსახურის განცხადების საფუძველზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მიერ 2001 წლის 20 აპრილს გამოტანილი დადგენილებით “ა.-ი” დაჯარიმდა 500 ლარით;
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია პრესისა და ტელევიზიის (“...”, “....”, “...”) მეშვეობით მოპასუხის მიერ პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების გავრცელების ფაქტი. კერძოდ, 2001 წლის 16 თებერვალს “...-ის” საშუალებით გავრცელდა შემდეგი შინაარსის ცნობა: “აი.-ს” პრეზიდენტი “ს.-ის” მიერ ფრენების განახლებას ფანტაზიად მიიჩნევს, რომ ფრენების განახლების შესახებ განცხადებებს აკეთებენ იქ მომუშავე არაკომპეტენტური, არაპროფესიონალი და ავიაციის სფეროსაგან შორს მდგომი პირები”;
იგივე შინაარსის განცხადებაა გაკეთებული “ა.-ის” პრეზიდენტის მიერ 2001 წლის 17 თებერვლის გაზეთ “...-ში” გამოქვეყნებულ წერილში, სადაც ნათქვამია, რომ “სახელმწიფო ავიაკომპანიის მუშაობა მოძველებული ტექნიკით ფანტაზიაა,... ესენი არიან ავიაციაში შემთხვევით მოხვედრილი ხალხი”, _ აღნიშნა გ.-მ”;
ტელეკომპანია “...”-ის საინფორმაციო პროგრამაში “...” მოპასუხე ორგანიზაციის პრეზიდენტმა “ს.-ის” კოლექტივი კრიმინალებად მოიხსენია.
საოლქო სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითაA საქართველოს კონსტიტუციის მე-17, 45-ე მუხლებზე, “რეკლამის შესახებ” კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტზე, 21-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილზე, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სასამართლომ მორალური ზიანის გონივრულ და სამართლიან ანაზღაურებად მიიჩნია 500000 ლარი.
შპს ავიაკომპანია “ს.-ი” საკასაციო საჩივრით მოითხოვს აღნიშნული გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმებას, რითაც სარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას შემდეგი საფუძვლით:
სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსი. მორალური ზიანის ანაზღაურება გონივრული და სამართლიანი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მოპასუხეს 1 000 000 ლარს დააკისრებდა.
შპს “ა.-ი” საკასაციო საჩივრით მოითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას იმ საფუძვლით, რომ იგი მოცემულ დავაში არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს, რადგან ცნობების გავრცელება არ მომხდარა შპს-ს სახელით; გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რადგან არასათანადო რეკლამა არ იწვევს პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას; სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, რადგან სასამართლომ დაარღვია სამართლის ნორმები, კერძოდ, არასწორად განმარტა კანონი. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა საჭირო არ არის, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებების დამატებით გამოკვლევასთან დაკავშირებით წამოყენებული არ არის საკასაციო პრეტენზია და ამასთან, სარჩელის მოთხოვნა იურიდიულადაა უსაფუძვლო შემდეგ გარემოებათა გამო:
შპს. ავიაკომპანია ,,ს.-ის” სარჩელით მორალური ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ინტერნეტის მეშვეობით არასათანადო რეკლამის გავრცელება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არასათანადო რეკლამის განთავსება და გავრცელება არ წარმოადგენს მორალური ზიანის ანაზღაურების კანონით გათვალისწინებულ საფუძველს. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილით არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ასეთ შემთხვევად საოლქო სასამართლომ არასწორად მიიჩნია “რეკლამის შესახებ” კანონის მე-4 მუხლის მე-6 და 21-ე მუხლის მე-3 პუნქტები. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ადგენს არასათანადო რეკლამის განთავსებისა და გავრცელებისათვის პასუხისმგებლობის ზოგად წესს, ხოლო 21-ე მუხლის მე-3 პუნქტში კონკრეტულადაა მითითებული, თუ რა სახის პასუხისმგებლობა დგება არასათანადო რეკლამის გავრცელებისათვის. აღნიშნულ ნორმაში მითითებულია, რომ პირებს, რომელთა უფლებები და ინტერესები დარღვეულია არასათანადო რეკლამის შედეგად, უფლება აქვთ დადგენილი წესით სარჩელით მიმართონ სასამართლოს ჯანმრთელობისა და ქონებისათვის, სახელის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციისათვის მიყენებული ზიანის კომპენსაციის თაობაზე და მოითხოვონ არასათანადო რეკლამის საჯაროდ უარყოფა, ე.ი. მიყენებული ზიანის კომპენსაცია ხდება არასათანადო რეკლამის საჯაროდ უარყოფით. ამდენად, აღნიშნული ნორმა ადგენს არასათანადო რეკლამის საჯაროდ უარყოფის და არა არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურების წესს, რასაც ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილი. სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული ნორმა განამტკიცებს, თუ რა შემთხვევაში უნდა იქნეს მოთხოვნილი არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება, სხვა შემთხვევაში იგი იურიდიულად უსაფუძვლოა და ასეთი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. სამოქალაქო კოდექსი ქონებრივი ზიანის მომტანი ფაქტების გავრცელებისათვის ადგენს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ პირი განზრახ ან გაუფრთხილებლობით ავრცელებს ან ახმაურებს მათ. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მოსარჩელემ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 993-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებაზე, მაგრამ მოთხოვნა ამ საფუძვლით ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაუყენებია.
რაც შეეხება სარჩელის სხვა საფუძველს – პრესისა და ტელევიზიის საშუალებით მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების გავრცელებისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, პალატა მას არ იზიარებს შემდეგი გარემოების გამო:
სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით არაქონებრივ უფლებათა დაცვის ფორმებად მიჩნეულია: არაქონებრივ უფლებათა ხელმყოფი მოქმედების შეწყვეტა (მე-18 მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადება), ან მათზე უარის თქმა, რაც ხორციელდება გავრცელებული ცნობების უარყოფით (მე-18 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადება), ანდა პირადი არაქონებრივი უფლების ბრალეული მოქმედებით ხელყოფის შედეგად მიყენებული ქონებრივი ან მორალური ზიანის ანაზღაურება (ანდა ორივე ერთად _ მე-18 მუხლის მე-6 ნაწილი). მართალია, აღნიშნული ნორმა არეგულირებს, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირის არაქონებრივი უფლებების დაცვას (სამოქალაქო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, იურიდიული პირის პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შელახვის შემთხვევაში გამოიყენება მე-18 მუხლის წესები), მაგრამ ამ მუხლით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, იურიდიულ პირს არ გააჩნია. კერძოდ, იურიდიულ პირს არ გააჩნია მე-18 მუხლით დაცული ისეთი სიკეთე, როგორიცაა პირადი ხელშეუხებლობა, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, ასევე, მორალურ განცდებთან დაკავშირებით მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მორალური ზიანი არ შეიძლება მიადგეს იურიდიულ პირს, რადგან მორალური ზიანის შინაარსში იგულისხმება სამართლებრივად დაცული იმ არაქონებრივი ინტერესის ხელყოფა, რომელსაც ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია (სულიერი ან ფიზიკური ტკივილი, განცდა, და სხვა). ამდენად, იურიდიული პირის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ იურიდიულად უსაფუძვლოა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ, მართალია, სარჩელში მიუთითა “ა.-ის” მიერ პრესისა და ტელევიზიის მეშვეობით სინამდვილესთან შეუსაბამო ცნობების გავრცელების შესახებ, მაგრამ ამ ცნობების უარყოფა არ მოუთხოვია. აქედან გამომდინარე, არც მოპასუხეს დაუდასტურებია მათი სინამდვილესთან შესაბამისობა.
მოსარჩელემ სარჩელში ასევე მიუთითა, რომ მან ხელყოფით განიცადა ქონებრივი ზიანი, მაგრამ არ წარადგინა სასამართლოში ამ ზიანის დამადასტურებელი მტკიცებულებანი და არ დაასაბუთა, რომ ეს ზიანი ნამდვილად მოპასუხის არამართლზომიერი მოქმედების შედეგია. ამასთან, სარჩელით ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაც არ დაუყენებია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლით სასამართლოს უფლება არა აქვს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს მიაკუთვნოს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
პალატა მიუთითებს, რომ შპს ავიაკომპანია “ს.-ის” საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამო. შპს “ა.-ის” საკასაციო საჩივრის მოთხოვნა გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარს უარი უნდა ეთქვას, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ საკასაციო სასამართლო საქმეს ხელახლა განსახილველად დააბრუნებს ქვემდგომ სასამართლოში, მაშინ იგი ვალდებულია მიუთითოს, თუ რომელი ფაქტები საჭიროებს გამოკვლევას, რა მტკიცებულებებია შესაკრები და რა სხვა კონკრეტული საპროცესო მოქმედება უნდა შეასრულოს საოლქო სასამართლოს შესაბამისმა კოლეგიამ. მოცემულ შემთხვევაში საქმის გარემოებები საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
შპს ავიაკომპანია “ს.-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.