გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ/929 16 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. წიქვაძე
მოსამართლეები: რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი /მომხსენებელი/
დავის საგანი _ ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
თ. მ-იანმა სარჩელი აღძრა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში შპს “მ-ის” დირექტორის გ. კ-შვილის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისში, .... მდებარე სახლის კეთილმოწყობა, მითვისებული ოთხი სართულის საფასურად 35 000 აშშ დოლარის გადახდა და მიშენების პირველი სართულის მისთვის გადაცემა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. თბილისში, .... მდებარე სახლის ავარიულობის გამო, მისი ოჯახი სხვა მობინადრეებთან ერთად 1989 წელს გამოასახლეს ბინიდან, მისცეს საგარანტიო წერილი და ორდერი, რომლის თანახმად, მშენებლობის დამთავრების შემდეგ უნდა მიეღოთ კეთილმოწყობილი ბინები. სახლი ეკუთვნოდა ა/კავკასიის სამხედრო ოლქს და მშენებლობას აწარმოებდა ა/კავკასიის სამხედრო ოლქი ¹..... , სამხედრო ნაწილთან არსებული სამეურნეო ანგარიშზე მყოფი უბანი ¹2, რომელსაც ხელმძღვანელობდა გ. კ-შვილი, ხოლო დამკვეთი იყო ა/კავკასიის სამხედრო ოლქის საბინაო-საექსპლუატაციო სამმართველო. 1991 წლის ბოლოსათვის შესრულებული იქნა კედლებსა და სართულებს შორის გადახურვა ექვს სართულზე, რის შემდეგაც მშენებლობის დაფინანსება შეწყდა. 1992 წელს სამხედრო ოლქსა და ¹2 საამშენებლო უბანს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად ამ უკანასკნელს უნდა დაემთავრებინა სახლის 7 სართულის მშენებლობა 1992 წლის 20 დეკემბრამდე და უზრუნველეყო გარანტიით გასული ოჯახები კეთილმოწყობილი ბინებით, რისთვისაც ¹2 საამშენებლო უბანს ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა მშენებარე სახლი და შემდგომში იგი კისრულობდა როგორც დამკვეთის, ასევე მშენებლის ფუნქციებს.
1992 წლის ბოლოსათვის ¹2 საამშენებლო უბანი გაუქმებულ იქნა და მის სამართალმემკვიდრედ გამოცხადდა სარემონტო-საამშენებლო კოოპერატივი “მ-ი”.
თ. მ-იანის განმარტებით, სახლის მშენებლობა და კეთილმოწყობილი ბინებით გასახლებული მობინადრეების დაკმაყოფილება ევალებოდა კოოპერატივ “მ-ს”, რომელსაც წარმოადგენდა გ. კ-შვილი. აღნიშნულ სახლში მობინადრეთა შესახლება დაიწყო 1996 წელს. მოპასუხე მხარის ბრალით დაირღვა მშენებლობის ნორმები კეთილმოწყობის თვალსაზრისით, კერძოდ: კიბეებზე არ არის დაგებული საფეხურები, სადარბაზოები არ არის გარემონტებული, სახლს წყალი მიეწოდება დროებითი სქემით, არ არის გატანილი საამშენებლო ნაგავი, გაზგაყვანილობა არ არის ჩაბარებული ექსპლუატაციაში და სხვა, რასაც ემატება ის გარემოება, რომ შესახლებისას ბინების კეთილმოწყობა მოხდა მობინადრეების ხარჯზე. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით თ. მ-იანმა მობინადრეებისაგან დამოუკიდებლად მოითხოვა მშენებლობის დასრულება კეთილმოწყობით.
ამასთანავე, მოსარჩელემ სარჩელში აღნიშნა, რომ 1992 წლის 7 ივლისის ხელშეკრულების თანახმად, გათვალისწინებული 9 სართულის ნაცვლად უნდა აშენებულიყო 7 სართული. სახლის ტექნიკური მონაცემები კი შესაძლებლობას იძლეოდა მშენებლობა დასრულებულიყო 9 სართულამდე. დაინტერესებულ პირებთან შეთანხმების საფუძველზე “მ-ის” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მშენებლობის გაგრძელება, რისთვისაც შექმნა ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა, რომლის თავმჯდომარედ არჩეული იყო მოსარჩელე. თ. მ-იანის განმარტებით, მენაშენეთა ამხანაგობა შეიქმნა “ი-ს” და საქართველოს რესპუბლიკის “...... “ თანამშრომლებისაგან. 1992-93 წლებში დაშენებაზე გადაირიცხა 4,5 მილიონი რუსული რუბლი და 6 მილიონი კუპონი, ასევე მშენებლობისათვის შეტანილ იქნა სამშენებლო მასალები.
1992 წელს სახლზე დაიწყო მიშენება, რომელსაც აწარმოებდა გ. კ-შვილი, მაგრამ ვინაიდან 1993 წლის სექტემბრამდე ააშენა მხოლოდ საძირკვლის 40%, მოსარჩელე იძულებული გახდა უარი ეთქვა მომსახურეობაზე.
თ. მ-იანი სარჩელში მიუთითებს, რომ მიშენებაზე დახარჯულია მისი პირადი სახსრები. დღეისათვის სახლზე მიშენების 7 სართული ირიცხება “მ-ი-91”-ის ბალანსზე, რომელთაგან 4 სართულის მიშენება ამ უკანასკნელმა მიითვისა და გადასცა მობინადრეებს. აშენებულ სახლში, რომელიც იმ დროისათვის ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობის გამგეობაში იყო, გ. კ-შვილმა დაიწყო ორდერების უნებართვოდ, მალულად გამოწერა და ბინით აკმაყოფილებდა ისეთ პირებს, რომელთაც არ ეკუთვნოდა აღნიშნულ სახლში ბინები, ხოლო მათ, ვინც გარანტიის საფუძველზე უნდა დაკმაყოფილებულიყო, უარს ეუბნებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხისაგან მოითხოვა მის სასარგებლოდ მითვისებული 4 სართულის საფასურად 35 000 აშშ დოლარის გადახდა და აგრეთვე ნახევარსარდაფის და მიშენების პირველი სართულის მისთვის გადაცემა.
მოპასუხე გ. კ-შვილმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ თ. მ-იანს საგარანტიო ვალდებულების საფუძველზე გამოეყო სამოთახიანი ბინა მე-4 სართულზე და მას 40 კვ.მ. ფართის ბინის სანაცვლოდ მიცემული აქვს ბინა მიშენებით, საერთო ფართით 200 კვ.მ. მოპასუხემ, ასევე, მიუთითა, რომ აღნიშნული სახლის 7 სართულის აშენება და მასზე მიშენება მომხდარია მთლიანად ყოფილი, სამეურნეო ანგარიშზე მყოფი, ¹2 სამშენებლო უბნის და შემდგომში შპს “მ-ის” მიერ, იმავე კორპუსის მე-8-9 სართულების დაშენება და მიშენება მოხდა საქართველოს “..... “ თანამშრომლებისათვის და მენაშენეთა ამხანაგობის “მ-ის” ეგიდით. მოპასუხემ, ასევე, განმარტა, რომ დარჩენილი სამუშაოების შესრულებაში წილობრივი მონაწილეობა უნდა მიიღოს ამხანაგობამ, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ყველა საჭირო სამუშაოების შესრულება.
ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით თ. მ-იანის სასარჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა დაუდასტურებლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე თ. მ-იანმა შეიტანა სააპელაციო საჩივარი და აღნიშნა, რომ მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით მთლიანად დადასტურებულია სასარჩელო განცხადების მოთხოვნა, სასამართლო კი თავის მხრივ ვერ უთითებს მტკიცებულებებს, რომლებიც უარყოფენ მისი სარჩელის დასაბუთებულობას.
გ. კ-შვილმა თ. მ-იანის სააპელაციო საჩივარზე შეიტანა შესაგებელი, რომელშიც აღნიშნა, რომ თ. მ-იანი მოქმედებდა როგორც “......” წარმომადგენელი და არა როგორც კერძო პირი. “მ-სა” და “...... “ შორის მომხდარია სრული ანგარიშსწორება და მათ ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ. ამასთან, ვერც ერთმა მოწმემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ მიშენებას და მშენებლობას აწარმოებდა პირადად თ. მ-იანი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 26 სექტემბრის განჩინებით თ. მ-იანის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და უცვლელად დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თ. მ-იანმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები და ვერ მიუთითა გარემოებებზე, რომლითაც დამტკიცდებოდა, რომ მხარეთა შორის არსებობდა რაიმე ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლის თანახმად, მოპასუხე მხარე ვალდებული იყო გადაეცა მოსარჩელისათვის სახლის პირველი სართულის ნახევარსარდაფი და მიშენებული 4 სართულის საფასურად 35 000 აშშ დოლარი. სააპელაციო პალატამ, ასევე, მიუთითა, რომ შენობის ნაწილების კეთილმოწყობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 220-ე მუხლის შესაბამისად.
საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის აღნიშნული განჩინება თ. მ-იანმა მიიჩნია უკანონოდ და გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორი მოითხოვს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას. მისი აზრით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ: შპს “მ-ის” ვალდებულება კეთილმოწყობით დაემთავრებინა სახლის მშენებლობა გამომდინარეობს 1992 წლის 7 ივლისს დადებული ხელშეკრულებით, რაზეც არ შეიძლება გავრცელდეს 1997 წლის 25 ნოემბრიდან მოქმედი კანონმდებლობა, თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებისა. ამ საკითხის გადასაწყვეტად სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსით.
თ. მ-იანს მიაჩნია, რომ მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით მთლიანად დასტურდება სასარჩელო განცხადების მოთხოვნა. ამასთანავე, თვლის, რომ სასამართლომ იხელმძღვანელა რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლებით, არასწორად განმარტა კანონი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა მხარეთა განმარტებების მოსმენითა და საქმის მასალების შესწავლით მივიდა დასკვნამდე, რომ თ. მ-იანის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 103-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია ურთიერთობის მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულების წარმოშობის ეს პრინციპი აღიარებულია, როგორც ძველი სამოქალაქო სამართლის კოდექსით (მუხლი 153), ისე ახალი სამოქალაქო კოდექსით (მუხლი 317).
იმისათვის, რომ მოსარჩელის, თ. მ-იანის მოთხოვნა საფუძვლიანად ყოფილიყო მიჩნეული, მას უნდა წარედგინა სასამართლოსათვის მასსა და მოსარჩელეს შორის არსებული ნამდვილი ხელშეკრულება ან მიეთითებინა სხვა რომელიმე კანონიერ საფუძველზე, რაც აუცილებელია ვალდებულების არსებობისათვის და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენით დაედასტურებინა ეს გარემოებები.
თ. მ-იანი მოცემულ საქმეზე ვერ მიუთითებს, რომელიმე ასეთ გარემოებაზე. ასევე, მას არ წარმოუდგენია იმგვარი მტკიცებულებები, რომელთა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად დადასტურდებოდა მოპასუხის ვალდებულების არსებობა. პალატა ვერ გაიზიარებს თ. მ-იანის მოსაზრებას, რომ ეს გარემოება შეიძლება დადასტურდეს იმით, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, თუ რა სახსრებით აშენდა შენობა.
მოცემულ საქმეზე მტკიცების საგანი არის შემდეგი გარემოება: მოცემული შენობა არის თუ არა აშენებული თ. მ-იანის სახსრებით, მტკიცების საგნად არ შეიძლება მიჩნეული იქნეს გარემოება _ საერთოდ რა სახსრებით აშენდა შენობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ თ. მ-იანი, როგორც კერძო პირს სახლის მშენებლობაზე გახარჯული არა აქვს მის მიერ მითითებული თანხები. სადავო შენობა აგებულია მოპასუხის მიერ, მიღებულია ექსპლუატაციაში და ფუნქციონირებს დანიშნულებისამებრ.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის 2000 წლის 20 სექტემბრის განჩინება მიღებულია კანონმდებლობის ნორმების დაცვით და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. მ-იანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 26 სექტემბრის განჩინება.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.