გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/932 31 იანვარი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე, თ. კობახიძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
1996 წლის 19 ნოემბერს ლ. კ-შვილმა სარჩელი აღძრა ტყიბულის რაიონის სასამართლოში სს “.. ..-ის” ტყიბულის ¹ 17 ფილიალის მიმართ და ითხოვა სამუშაოზე აღდგენა მოპასუხე ორგანიზაციის საანაბრო განყოფილებაში ...ის თანამდებობაზე.
მოსარჩელის განმარტებით, 1995 წლის 6 ოქტომბერს იგი კანონის დარღვევით გაათავისუფლეს სამსახურიდან, მაგრამ ქ. ტყიბულის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 1995 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. კ-შვილი აღდგენილ იქნა რიგითი ...ის თანამდებობაზე მოპასუხე ორგანიზაციაში და აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი. აღნიშნული გადაწყვეტილებით, მუშაკთა რიცხოვნების შემცირების გამო, ლ. კ-შვილის სამსახურიდან გათავისუფლება ჩაითვალა უკანონოდ. მიუხედავად ამისა, მოპასუხე ორგანიზაციის ადმინისტრაციამ 1996 წლის 8 ნოემბრის ¹ 225 ბრძანებით ლ. კ-შვილი კვლავ გაათავისუფლა სამსახურიდან მუშაკთა რიცხოვნების შემცირების საფუძვლით.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მისი სამუშაოზე აღდგენის დროს დაირღვა კანონი, რადგანაც იგი არ აღადგინეს თავდაპირველ თანამდებობაზე, რის გამოც შეუმცირდა ხელფასი. გარდა ამისა, ადმინისტრაციამ მას დაუდო ვადიანი შრომის კონტრაქტი, რისი უფლებაც არ ჰქონდა, რადგანაც მოსარჩელე თავიდან სამუშაოზე მიღებული იყო განსაზღვრული ვადით. აგრეთვე, მას არ აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი, ხოლო სამუშაოზე მიღების შემდეგ, ფაქტობრივად დაუსაქმებელი აღმოჩნდა ხუთი თვის განმავლობაში.
ამის შემდგომ, იგი კვლავ გაათავისუფლეს სამსახურიდან, რაც უკანონოდ მიიჩნია მოსარჩელემ.
ლ. კ-შვილმა გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით მოითხოვა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურება ინფლაციის გათვალისწინებით.
აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ. კ-შვილის სამუშაოდან გათავისუფლება ცნობილ იქნა უკანონოდ, მაგრამ სამუშაოზე აღდგენის ნაწილში მოთხოვნაზე უარი ეთქვა ფილიალის ლიკვიდაციის გამო; სს “.. ..-ს” ლ. კ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილი დროის _ ერთი წლის ხელფასის (611 ლარი და 48 თეთრი), ხელფასებს შორის სხვაობის _ 42,87 ლარისა და გასასვლელი დახმარების _ 120 ლარის, სულ _ 774 ლარისა და 35 თეთრის ანაზღაურება; სასამართლო ხარჯების ანაზღაურების ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა დარჩა ღიად, რადგანაც მას არ დაუზუსტებია ხარჯების ოდენობა. მოსარჩელის დანარჩენ მოთხოვნებს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ლ. კ-შვილის სააპელაციო საჩივარი. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს “.. ..-ის” სააპელაციო საჩივარი და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნა ცვლილება _ სს “.. ..-ს” ლ. კ-შვილის სასარგებლოდ, ნაცვლად 774 ლარისა და 35 თეთრისა, დაეკისრა 381 ლარისა და 62 თეთრის გადახდა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
საკასაციო საჩივარში ლ. კ-შვილი აღნიშნავს, რომ სს “.. ..-ის” ადმინისტრაციის მიერ ტყიბულის ¹ 17 ფილიალის ლიკვიდირებულად გამოცხადების შემდეგ არ არსებობს სს “.. ..-ისა” და სს “ს. ბ-ის” ერთობლივი ბრძანება ფულადი ნიშნებისა და ფასეულობათა მიღება _ გადაბარებაზე.
კასატორის განმარტებით, ფილიალი იურიდიულ პირს არ წარმოადგენს და ამიტომ სს “.. ..-ის” ადმინისტრაციას არ ჰქონდა უფლება, გამოეცა ბრძანება აღნიშნული ბანკის ტყიბულის ¹ 17 ფილიალის ლიკვიდაციის შესახებ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სს “.. ..-ის” ტყიბულის ¹ 17 ფილიალიდან მოხდა სამუშაოს გადაბარება სს “ს. ბ-ის” ტყიბულის ფილიალზე, რაც ნიშნავს სს “გაერთიანებულიქართულიბანკის” ტყიბულის ¹ 17 ფილიალის არა ლიკვიდაციას, არამედ _ მის რეორგანიზაციას.
ლ. კ-შვილის განმარტებით, სს “.. ..-ის” ტყიბულის ¹ 17 ფილიალის ზოგიერთი თანამშრომელი მუშაობას აგრძელებს სს “ს. ბ-ის” ტყიბულის ფილიალში, რაც, აგრეთვე, მეტყველებს მის რეორგანიზაციაზე.
საკასაციო საჩივარში კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას სამუშაოზე აღდგენაზე უარის თქმისა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სს “.. ..-ის” სამეთვალყურეო საბჭომ 1997 წლის 17 იანვარს მიიღო ¹ 6 დადგენილება “სისტემის სტრუქტურის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” და დაადგინა არარენტაბელური ფილიალებისა და განყოფილებების რეორგანიზაცია _ ლიკვიდაცია, რომლის თანახმად, უნდა მომხდარიყო ქუთაისის რეგიონალურ ფილიალში რამდენიმე ფილიალის, მათ შორის, ტყიბულის ¹ 17 ფილიალის ლიკვიდაცია.
სს “.. ..-ის” გენერალური დირექტორის 1997 წლის 24 იანვრის ¹ 8 ბრძანებით, ქუთაისის რეგიონალურ ფილიალს დაქვემდებარებული ტყიბულის ¹ 17 ფილიალის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, შესასრულებელ სამუშაოთა ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, შეიქმნა სალიკვიდაციო კომისია.
სს “.. ..-სა” და სს “ს. ბ-ს” შორის 1997 წლის 4 მარტს დადებული ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული ბანკების ერთობლივმა კომისიამ აწარმოა სს “.. ..-ის” ტყიბულის ¹ 17 ფილიალის აქტივ-პასივების _ მოქალაქეთა ანაბრების საარქივო მასალისა და საანაბრო მომსახურებასთან დაკავშირებული, მიმდინარე პერიოდის საბანკო დოკუმენტების გადაცემა სს “ს. ბ-ის” ტყიბულის ფილიალზე, რაზედაც შედგა მიღება-ჩაბარების აქტი.
ლიკვიდირებული ფილიალის სხვა ქონება: შენობა-ნაგებობა, საწესდებო კაპიტალი, ინვენტარი და სხვ. “ს. ბ-ის” ტყიბულის ფილიალს არ გადასცემია. აგრეთვე, არ მომხდარა მუშაკთა სამუშაოდან გადაყვანა ფილიალიდან ფილიალში. პირადი განცხადების საფუძველზე, პროფესიული ცოდნის გათვალისწინებით, ლიკვიდირებული ფილიალის რამდენიმე მუშაკი სამუშაოდ მიიღო სს “ს. ბ-ის” ტყიბულის ფილიალმა.
ამდენად, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოხდა სს “.. ..-ის” ტყიბულის ¹ 17 ფილიალის ლიკვიდაცია.
პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ ლ. კ-შვილის სამუშაოდან გათავისუფლებისას სს “.. ..-ის” ტყიბულის ¹ 17 ფილიალის ადმინისტრაციამ დაარღვია საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე და 37-ე მუხლების მოთხოვნები, რის გამოც მოსარჩელე უნდა აღდგენილიყო სამუშაოზე, მაგრამ აღნიშნული ფილიალი ლიკვიდირებულ იქნა 1997 წლის 1 აპრილს, რის გამოც შეუძლებელია მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება სამსახურში აღდგენის ნაწილში.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლი, როდესაც სს “.. ..-ს” ლ. კ-შვილის სასარგებლოდ დააკისრა მისი სამუშაოდან გათავისუფლებიდან ფილიალის ლიკვიდაციამდე პერიოდის იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი.
სააპელაციო სასამართლომ, აგრეთვე, სწორად დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა სს “.. ..-ის” მხრიდან ლ. კ-შვილისათვის გასასვლელი დახმარების _ დათხოვნის დღიდან არაუმეტეს 2 თვის ხელფასის ანაზღაურების შესხებ.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ გაიზიარა ლ. კ-შვილის მოთხოვნა, მოპასუხისათვის დაკისრებული თანხა გამოანგარიშებულიყო ლარის კურსის აშშ დოლართან მიმართებაში, ინფლაციის გათვალისწინებით. ეროვნული ვალუტა _ ლარი არის ერთადერთი საგადამხდელო საშუალება საქართველოში და ამ შემთხვევაში თანხის ოდენობის განსაზღვრა, ეროვნული ვალუტის აშშ დოლართან მიმართებაში გათვალისწინებით, დაუშვებელია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
არ დაკმაყოფილდეს ლ. კ-შვილის საკასაციო საჩივარი.
უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.