Facebook Twitter

¹3კ/936 21 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე, მ. ცისკაძე

სარჩელის საგანი: ბინაში შესახლება; ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

1999 წლის 5 მარტს თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოში სარჩელი აღძრა თ. გ-ძემ მოპასუხეების _ ნ. ტ-ძის და მ. ქ-ძის მიმართ.

სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე 1978 წლიდან ცხოვრობდა ... ქ. თბილისში.

მოსარჩელის განმარტებით აღნიშნული ბინა იყო კოოპერატიული. მასში რეგისტრირებულნი იყვნენ თავად მოსარჩელე, მისი ვაჟიშვილი მ. ქ-ძე, რძალი ნ. ტ-ძე და მათი ორი არასრულწლოვანი შვილი.

1998 წლის 5 მარტს თ. გ-ძემ მოახდინა ბინის პრივატიზაცია და გახდა მისი მესაკუთრე.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ უკანასკნელ წლებში რძალთან ერთად ნორმალური ცხოვრება მისთვის შეუძლებელი გახდა, ამიტომაც იგი ნათესავებთან ცხოვრობდა.

სარჩელში თ. გ-ძე მოითხოვდა თავის საკუთარ ბინაში შესახლებას.

მოპასუხე ნ. ტ-ძემ ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში შეიტანა შეგებებული სარჩელი, რომელშიც აღნიშნა, რომ თ. გ-ძემ სადავო ბინის პრივატიზაცია გააკეთა ოჯახის წევრებთან შეუთანხმებლად და კანონის დარღვევით, რადგანაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (1997 წ.) 1512-ე მუხლის თანახმად, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივები, როგორც იურიდიული პირები, გაუქმდნენ 1997 წლის 25 ნოემბრიდან. სადავო ბინის პრივატიზაცია კი გაკეთდა 1998 წლის 5 მარტს, როდესაც აღნიშნული საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი უკვე გაუქმებული იყო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. ტ-ძემ შეგებებულ სარჩელში მოითხოვა 1998 წლის 5 მარტს დადებული ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

შემდგომში თ. გ-ძემ დამატებით სარჩელში მოითხოვა მოპასუხეების გამოსახლება სადავო ბინიდან იმ საფუძვლით, რომ მათთან ერთად ცხოვრება შეუძლებელი იქნებოდა.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელს და შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი. დაკმაყოფილდა ნ. ტ-ძის სააპელაციო საჩივარი. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც ნ. ტ-ძეს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე და ამ ნაწილში გამოტანილ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. ტ-ძის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისში, ...... ქ. ... მდებარე ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება, დადებული 1998 წლის 5 მარტს; გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

საკასაციო საჩივარში თ. გ-ძე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა იმ ფაქტს, რომ კოოპერატიული ბინა კოოპერატივის მეპაიე წევრის საკუთრებაა, თუ მას სრულად აქვს დაფარული საპაიო შენატანი. უსაფუძვლოა მოპასუხეების მოთხოვნა, რომ ისინი, სადავო ბინაში შესახლებულები და რეგისტრირებულნი არიან, როგორც კოოპერატივის მეპაიის ოჯახის წევრები, ითვლებიან აღნიშნული ბინის თანამესაკუთრეებად და მათაც უნდა განესაზღვროთ შესაბამისი წილი.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება იმ საფუძვლით, რომ ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამ გააუქმა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივები, ხოლო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება საბინაო-სამშენებლო კოოპერატივს და მოსარჩელეს შორის დაიდო შემდგომ _ 1998 წლის 5 მარტს.

კასატორი თვლის, რომ გაურკვეველია გაუქმებული საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების ნაცვლად, ვის დაევალა ხელშეკრულების გაფორმება აღნიშნული ბინების საკუთრებაში გადაცემის შესახებ. ამიტომ, თ. გ-ძეს მიაჩნია, რომ მის მიერ დადებული ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება კანონის დაცვით არის გაფორმებული.

კასატორი საკასაციო საჩივარში ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას იმავე სასამართლოში.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

“საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-10 პუნქტის თანახმად, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრი, რომელმაც მთლიანად გადაიხადა საცხოვრებელი ბინის ღირებულება, ითვლება ბინის მესაკუთრედ, რის შესახებაც იდება ხელშეკრულება საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის მეპაიესა და გამგეობას შორის, რაც დასტურდება სანოტარო წესით.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე თ. გ-ძემ გადაიხადა საცხოვრებელი ბინის ღირებულება და 1998 წლის 5 მარტს გააფორმა ხელშეკრულება საბინაო-სამშენებლო კოოპერატივთან.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1512-ე მუხლის თანახმად, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივები, როგორც იურიდიული პირები, გაუქმდნენ 1997 წლის 25 ნოემბრიდან და მათ უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნენ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 208-232-ე მუხლების მიხედვით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევში, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივსა და თ. გ-ძეს შორის 1998 წლის 5 მარტს დადებული ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება არის არარა გარიგება და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, ითვლება ბათილად მისი დადების მომენტიდან.

პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ მოტივაციას და თვლის, რომ მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1512-ე მუხლის თანახმად, 1997 წლის 25 ნოემბრიდან საბინაო-სამშენებლო კოოპერატივები გაუქმდნენ როგორც იურიდიული პირები, მაგრამ ისინი დარჩნენ კოოპერატიული ბინების მესაკუთრეებად მანამდე, სანამ კოოპერატივის ყველა წევრი არ გაიფორმებს საცხოვრებელ ბინას საკუთრებაში და, შესაბამისად, არ დადებს პრივატიზაციის ხელშეკრულებას.

პალატას მიაჩნია, რომ კოოპერატიული ბინის იმდროინდელ მესაკუთრე საბინაო-სამშენებლო კოოპერატივსა და თ. გ-ძეს შორის 1998 წლის 5 მარტს დადებული ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება არ შეიძლება ჩაითვალოს არარა გარიგებად და მისი ბათილობის საფუძველი არ არსებობს. ამდენად, პალატა თვლის, რომ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი უფლებამოსილი იყო მეპაიესთან დაედო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორ თ. გ-ძის მოთხოვნას მოპასუხეების ნ. ტ-ძისა და მ. ქ-ძის სადავო ბინიდან გამოსახლების შესახებ.

პალატა თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას სწორად გამოიყენა საბინაო კოდექსის ნორმები, რადგანაც მხარეთა შორის სადავო ურთიერთობა წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (1997წ.) ამოქმედებამდე.

პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საბინაო კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბინის მესაკუთრის ოჯახის წევრებს უფლება აქვთ მესაკუთრის თანაბრად ისარგებლონ აღნიშნული ბინით, თუ ისინი მესაკუთრემ ჩაისახლა, როგორც ოჯახის წევრები.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოპასუხე ნ. ტ-ძე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოსარჩელის ვაჟთან _ მ. ქ-ძესთან, 1985 წლიდან რეგისტრირებულია სადავო ბინაში და დღემდე ცხოვრობს იქ თავის ქმარ-შვილთან ერთად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორ თ. გ-ძის მოთხოვნა, მოპასუხეების _ მ. ქ-ძის და ნ. ტ-ძის სადავო ბინიდან გამოსახლების შესახებ, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საკასაციო საჩივარი, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივთან სადავო ბინაზე დადებული ხელშეკრულების ნაწილში, უნდა დაკმყოფილდეს და ამ ნაწილში გამოტანილ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

თ. გ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს ნ. ტ-ძის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში გამოტანილ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ხოლო დანარჩენ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

ნ. ტ-ძის შეგებებული სარჩელი სადავო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.

ნ. ტ-ძეს და მ. ქ-ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდა.

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.