Facebook Twitter

¹ 3კ/939-01 28 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,რ. ნადირიანი,

სარჩელისა და შეგებებული სარჩელის საგანი: კავშირის რეგისტრაციის გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 25 იანვარს რეგისტრირებულმა კავშირმა “ს.-მ” 1999 წლის 9 ნოემბერს რეგისტრირებული კავშირი “ს.-ის” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს.

მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის სასამართლო რეგისტრაციის გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მას გააჩნდა ამ სახელით სარგებლობის უპირატესი უფლება და ერთი და იგივე სახელწოდებით ორი იურიდიული პირის ფუნქციონირება მიზანშეუწონელი იყო.

საქმის განხილვის პროცესში მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოსარჩელის სასამართლო რეგისტრაციის გაუქმება იმ საფუძვლით, რომ საზოგადოების სახელით დაფუძნებულია შპს “გ.-ა”, რომელსაც დაექვემდებარა 1993 წელს რეგისტრირებული კავშირი და მასში შემავალი მაღაზიები. აღნიშნული საქმიანობა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31-ე მუხლის მეორე ნაწილსა და 35-ე მუხლის მოთხოვნებს.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და გაუქმდა 2000 წლის 25 იანვარს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის სასამართლოს მიერ რეგისტრირებული კავშირი “ს.-ა”.

გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მოსარჩელე არასწორად იქნა რეგისტრაციაში გატარებული, რითაც დაირღვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, კერძოდ, ყრილობა, ე.ი. საერთო კრება ცენტრალურ საბჭოს ადრე მოქმედი წესების მიხედვით არ მოუწვევია; არ აურჩევიათ ყრილობის დელეგატები; ყრილობაზე მოსარჩელეს არ მოუწვევია მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენელი; კრებას არ ესწრებოდა საზოგადოების პრეზიდენტი ზ. გ-ელი; კრების ოქმში მითითებული არ იყვნენ კავშირის დამფუძნებელი იურიდიული პირები: “ც.-ი” და შპს “პ.-ა”.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი, გაუქმდა 2000 წლის 25 იანვარს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ რეგისტრირებული კავშირი “ს.-ა”.

სასამართლომ სარჩელზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად მიიჩნია სამოქალაქო კოდექსის 31-33-ე მუხლები, ასევე _ 26-ე მუხლი და მიუთითა, რომ 1999 წლის 9 ნოემბერს რეგისტრირებული კავშირი კანონის მოთხოვნათა დაცვითაა რეგისტრირებული, ხოლო 2000 წლის 25 იანვარს რეგისტრირებული კავშირი გაუქმდა იმ საფუძვლით, რომ ამავე სახელწოდების კავშირი უკვე რეგისტრირებული იყო, ხოლო ფაქტი _ მოსახლეობისათვის ცნობილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 30 მარტის განჩინებით 2000 წლის 25 იანვარს რეგისტრირებული კავშირის, “ს.-ის”, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს 2000 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს დარღვეული ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის, 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები და საქმეზე მიღებული იყო დაუსაბუთებული გადაწყვეტილება, რაც იმაში გამოიხატა, რომ სარჩელის უარყოფისას სასამართლომ არ დაასაბუთა, რატომ იყო სარჩელი უსაფუძვლო; სასარჩელო მოთხოვნას არ მისცა იურიდიული კვალიფიკაცია. კერძოდ, სასარჩელო მოთხოვნა კავშირის რეგისტრაციის გაუქმება იყო, ხოლო სარჩელის საფუძველი _ კავშირის სახელწოდების კანონით დაცული უფლება. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ კავშირის რეგისტრაციას არეგულირებდა სამოქალაქო კოდექსის 31-34-ე მუხლები. რეგისტრაციის გაუქმების საფუძველიც შესაბამისად აღნიშნული ნორმებისა და ამავე კოდექსის 35-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევა უნდა ყოფილიყო. არასამეწარმეო იურიდიული პირის სახელწოდების შესახებ დავა რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 26-ე მუხლით და იგი არ შეიძლება რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყოს.

საკასაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ განიხილა შეგებებული სარჩელის საფუძვლები და სულ სხვა საფუძვლით დააკმაყოფილა იგი. შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა კავშირის სახელწოდებაზე (მოსარჩელე რეგისტრაციაში გატარდა 2000 წლის 25 იანვარს, მაშინ, როცა 1999 წლის 9 ნოემბრიდან უკვე ფუნქციონირებდა ამავე სახელწოდების კავშირი) და არ გამოიკვლია ის გარემოებები, რაც შეგებებულ სარჩელში იყო მითითებული.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ამ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით გაუქმდა 1999 წლის 9 ნოემბერს რეგისტრირებული კავშირი “ს.-ა”.

არ დაკმაყოფილდა 1999 წლის 9 ნოემბერს რეგისტრირებული კავშირის, “ს.-ის”, შეგებებული სარჩელი 2000 წლის 25 იანვარს რეგისტრირებული კავშირის, “ს.-ის”, სასამართლო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის ხელახალი განხილვის დროს მხარეებმა დააზუსტეს თავიანთი მოთხოვნები: 2000 წლის 25 იანვარს რეგისტრირებულმა კავშირმა მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება არა სახელწოდების უკანონოდ მითვისების გამო, არამედ ორგანიზაციის რეგისტრაციის დარღვევის გამო, ხოლო 1999 წლის 9 ნოემბერს რეგისტრირებულმა კავშირმა რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ მათი ორგანიზაციის რეგისტრაცია მოხდა უფრო ადრე, ვიდრე მოსარჩელისა და 2000 წლის 25 ნოემბერს რეგისტრირებულმა კავშირმა მიითვისა უკვე დარეგისტრირებული კავშირის სახელწოდება, რაც რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლად მიაჩნდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 1999 წლის 9 ნოემბერს რეგისტრირებული კავშირის რეგისტრაციისას მითითებული იყო, რომ კავშირი ეწეოდა დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას კავშირის მიზნების განსახორციელებლად, აგრეთვე, ნებისმიერ სხვა სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც არ იკრძალებოდა კანონით, მათ შორის ისეთ საქმიანობას, რომელიც არ იკრძალებოდა კანონით ლიცენზიის აღების შემდეგ. ამასთან, რეგისტრაციის საფუძვლად სასამართლოს მითითებული ჰქონდა მეწარმეთა შესახებ კანონის მე-4 და მე-5 მუხლებზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მეწარმეთა შესახებ კანონის მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად რეგისტრირებული საზოგადოების უპირველესი ნიშანია მისი კომერციული ხასიათი და სანამ იარსებებდა ასეთი სახის რეგისტრაცია, არსებობდა კომერციული საქმიანობით დაკავებული საწარმოს პრეზუმპცია, მაშინ, როცა თვით მოპასუხის განმარტებით, იგი არის სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე შექმნილი არაკომერციული იურიდიული პირი, მაგრამ აღნიშნული გარემოება არ გამომდინარეობდა სადავო რეგისტრაციის დადგენილებიდან, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 235-ე მუხლის თანახმად მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდებოდა, თუ კავშირი არსებითად გადავიდოდა სამეწარმეო საქმიანობაზე, მისი რეგისტრაცია მითითებული კანონის შესაბამისად არც უნდა განხორციელებულიყო, ხოლო ასეთი სახით რეგისტრაცია გაუქმებას ექვემდებარებოდა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მოპასუხემ შეგებებული სარჩელის დაზუსტებით 2000 წლის 25 იანვარს რეგისტრირებული კავშირის რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის 26-ე მუხლის საფუძველზე, რაც რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს არ წარმოადგენდა.

2001 წლის 1 აგვისტოს 1999 წლის 9 ნოემბერს რეგისტრირებულმა კავშირმა “...-მ” საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და თავისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით:

1. სააპელაციო სასამართლომ 1999 წლის 9 ნოემბერს რეგისტრირებული კავშირის რეგისტრაციის გაუქმებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ იგი სასამართლოში რეგისტრირებული იყო მეწარმეთა შესახებ კანონის მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად. სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის შესაბამისად, თუ კავშირი არსებითად გადავიდოდა სამეწარმეო საქმიანობაზე, ეს მისი რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდებოდა, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია, ხომ არ იყო დაშვებული ტექნიკური შეცდომა რეგისტრაციის დადგენილებაში. ფაქტობრივად კავშირი ასრულებდა თუ არა სამეწარმეო საქმიანობას. 1999 წლის 9 ნოემბრის რეგისტრაციის დადგენილება გასწორებულ იქნა 2000 წლის 9 ივლისის სასამართლოს განჩინებით და რეგისტრაციის საფუძვლად მიეთითა სამოქალაქო კოდექსის 31-33-ე მუხლებზე. სააპელაციო სასამართლომ მითითებული საკითხები არ გამოიკვლია, მას კი ამ საკითხის გამოკვლევის გარეშე უფლება არ ჰქონდა გადაეწყვიტა 1999 წლის 9 ნოემბერს რეგისტრირებული კავშირის რეგისტრაციის გაუქმების საკითხი.

2. სააპელაციო სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს დაუშვა შეცდომა, როცა გადაწყვეტილების ერთი პუნქტით დააკმაყოფილა კავშირი “ს.-ის” (პრეზიდენტი _ გ-ელი) სააპელაციო საჩივარი, ხოლო მომდევნო პუნქტით არ დააკმაყოფილა კავშირი “ს.-ის” (პრეზიდენტი _ გ-ელი) შეგებებული სარჩელი.

3. კასატორმა საკასაციო საჩივარში ასევე მიუთითა სხვა გარემოებებზე (2000 წლის 25 იანვარს რეგისტრირებულ კავშირს თავის განცხადებაში არ ჰქონდა ჩამოყალიბებული მოთხოვნა, კერძოდ სამართლამემკვიდრეობას, თუ ხელახალ რეგისტრაციას ჰქონდა ადგილი; კავშირის პრეზიდენტად ფორმალურად ითვლება გ-ელი; რომ სამართალმემკვიდრეებად შეიძლება ჩათვლილიყვნენ მხოლოდ 1993 წელს რეგისტრირებული საზოგადოების დამფუძნებლები, რაც უნდა გადაწყვეტილიყო ყრილობაზე; არ ჩატარებულა რაიონული ორგანიზაციების კონფერენციები და სხვა), რომლებიც სააპელაციო სასამართლოში არ დაუყენებია და მოითხოვა ამ გარემოებათა დასადასტურებლად მოწმეთა დაკითხვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის შესაბამისად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე თანახმა იქნება ამაზე ან სააპელაციო სასამართლო ამას მიზანშეწონილად ცნობს. ამავე კოდექსის 224-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოსარჩელის მიერ სარჩელის საფუძვლისა თუ საგნის შეცვლის ან სასარჩელო მოთხოვნის გადიდების შემთხვევაში სასამართლო ხელმძღვანელობს ამავე კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილი წესით, ხოლო 83-ე მუხლის მე-4 ნაწილით სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება, აგრეთვე, სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის შემცირება.

მოცემულ შემთხვევაში 1999 წლის 9 ნოემბერს რეგისტრირებულმა კავშირმა სააპელაციო საჩივრის განხილვის დროს 2000 წლის 25 იანვარს რეგისტრირებული კავშირის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლად მიუთითა, მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის 26-ე მუხლის დარღვევაზე (არასამეწარმეო იურიდიული პირის სახელი). შეგებებულ სარჩელში მის მიერ დაყენებული სხვა საფუძვლები, რომლითაც მოითხოვდა 2000 წლის 25 იანვარს რეგისტრირებული კავშირის რეგისტრაციის გაუქმებას მოხსნა, რისი უფლებაც მას ჰქონდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისას. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

მოცემულ შემთხვევაში 1999 წლის 9 ნოემბერს რეგისტრირებულმა კავშირმა 2000 წლის 25 იანვარს რეგისტრირებული კავშირის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლად სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს აირჩია ის გარემოება, რომ 2000 წლის 25 იანვარს რეგისტრირებულ კავშირს სახელწოდებად არჩეული ჰქონდა “ს.-ა” და ამის უფლება არ გააჩნდა მას, ვინაიდან მათი კავშირი, 1999 წლის 9 ნოემბერს რეგისტრირებული კავშირი “ს.-ა”, უფრო ადრე იყო რეგისტრირებული. აღნიშნულის გამო, სააპელაციო სასამართლოს 2000 წლის 25 იანვარს რეგისტრირებული კავშირი რეგისტრაციის გაუქმების სხვა საფუძვლები არ განუხილავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტების მიმართ, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან 1999 წლის 9 ნოემბერს რეგისტრირებულ კავშირს სააპელაციო სასამართლოში საკასაციო საჩივარში მითითებული საფუძვლებით არ მოუთხოვია 2000 წლის 25 ნოემბერს რეგისტრირებული კავშირის რეგისტრაციის გაუქმება, საკასაციო საჩივარში მითითებულ ამ საფუძვლებს საკასაციო სასამართლო ვერ განიხილავს და ვერ დაუდებს საფუძვლად 2000 წლის 25 ნოემბერს რეგისტრირებული კავშირის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნას, რადგანაც ეს საკითხები სააპელაციო სასამართლოში არ განხილულა. ასევე არასწორი და უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა საკასაციო სასამართლოში მოწმეთა დაკითხვის შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე კოდექსის 406-ე მუხლის შესაბამისად დავის საგნის შეცვლა ან გადიდება საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია. საკასაციო სასამართლო არ ახდენს ფაქტების გამოკვლევას, მოწმეთა დაკითხვას. 408-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად საკასაციო პალატა ისმენს მხარეთა განმარტებებს საჩივრის მიმართ. საქმეში არსებული მასალების შესაბამისად მათ ეძლევათ საშუალება თავიანთი განცხადების დასასაბუთებულად. ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა საკასაციო სასამართლოში დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, არასწორია კასატორის მოთხოვნა მოწმეთა დაკითხვის შესახებ.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად უთხრა უარი 1999 წლის 9 ნოემბრის რეგისტრირებულ კავშირს 2000 წლის 25 იანვარს რეგისტრირებული კავშირის რეგისტრაციის გაუქმებაზე სამოქალაქო კოდექსის 26-ე მუხლის საფუძვლებზე.

ამ მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე არასამეწარმეო იურიდიულ პირს აქვს სახელწოდება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად პირი, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ სარგებლობს სხვა იურიდიული პირის სახელწოდებით, ვალდებულია, უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე შეწყვიტოს ეს სარგებლობა და აანაზღაუროს მართლსაწინააღმდეგო სარგებლობით გამოწვეული ზიანი. მითითებული მუხლი სახელის მართლსაწინააღმდეგო სარგებლობისათვის ამ იურიდიული პირის რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს. ასეთ შემთხვევაში სახელით მართსლაწინააღმდეგო მოსარგებლე პირი ვალდებულია, უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე შეწყვიტოს ეს სარგებლობა და აანაზღაუროს სარგებლობით გამოწვეული ზიანი. აღნიშნული გარემოება არ ნიშნავს რეგისტრაციის გაუქმების შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ, სწორად არ დააკმაყოფილა 1999 წლის 9 ნოემბერს რეგისტრირებული კავშირის სარჩელი ზემოთმითითებული საფუძვლით 2000 წლის 25 იანვარს რეგისტრირებული კავშირის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სწორია კასატორის მოთხოვნა, 1999 წლის 9 ნოემბერს რეგისტრირებული კავშირის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ 1999 წლის 9 ნოემბერს რეგისტრირებული კავშირის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 31-ე და 35-ე მუხლების მოთხოვნების დარღვევაზე. კერძოდ, მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად, თუკი კავშირი არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე, ეს მისი რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მითითებული კავშირის რეგისტრაციიდან არ გამომდინარებდა, რომ იგი სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე შექმნილი არაკომერციული იურიდიული პირი იყო, ამიტომ სამოქალაქო კოდექსის 31-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე რეგისტრაცია გაუქმებას ექვემდებარებოდა.

სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება არსებობს მაშინ, როცა წესდება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და რეგისტრაციისათვის წარდგენილი იურიდიული პირის მფლობელი არ ეწინააღმდეგება მოქმედ სამართალს. აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს ან საქართველოს კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს. ამავე კოდექსის 35-ე მუხლის შესაბამისად სასამართლომ უნდა გააუქმოს რეგისტრაცია, თუ კავშირი ან ფონდი არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე, ან თუ წესდებით გათვალისწინებული მიზნების განხორციელება შეუძლებელი ხდება.

სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრაციის გაუქმების საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 348-ე მუხლის შესაბამისად. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ საწარმო რეესტრში მოხდება რეგისტრაცია, რომელიც მნიშვნელოვანი მიზეზის გამო არ უნდა მომხდარიყო, სასამართლოს, რომელმაც ასეთი რეგისტრაცია მოახდინა, შეუძლია გამოიტანოს განჩინება და თავისი ინიციატივით ამოშალოს იგი. რეგისტრაციის გაუქმება ხდება შესაბამისი განმარტების შეტანით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით განჩინების გამოტანამდე სასამართლომ უნდა შეატყობინოს სათანადო პირს რეგისტრაციის ამოშლის განზრახვის შესახებ და მისცეს მას ვადა შესაბამისი მოქმედების შესასრულებლად.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გააუქმა რა 1999 წლის 9 ნოემბერს რეგისტრირებული კავშირი, დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 348-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა _ რეგისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილების მიღებამდე არ შეატყობინება სათანადო პირს რეგისტრაციის შესაძლო გაუქმების შესახებ და არ მისცა მას ვადა ხარვეზის შესავსებად. ამ საპროცესო მოქმედების განხორციელების გარეშე უფლება არ ჰქონდა სააპელაციო სასამართლოს რეგისტრაცია გაეუქმებინა.

გარდა ამისა, სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის შესაბამისად, როცა სასამართლო ამ ნიშნის მიხედვით გადაწყვეტს რეგისტრაციის გაუქმებას, უნდა გაითვალისწინოს ისიც, რომ რეგისტრაციის გაუქმება მხოლოდ მაშინაა დასაშვები, როცა ეს ორგანიზაცია არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე (კავშირს პრინციპულად აქვს კომერციული საქმიანობის განხორციელების უფლება. ასეთი საქმიანობით მიღებული შემოსავალი მათ მიზნებს უნდა ამართლებდეს). აღნიშნულს კი მაშინ ექნება ადგილი, როცა დადგინდება, რომ სამეწარმეო საქმიანობით მიღებული მოგება კავშირის წევრებს შორის ნაწილდება: მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია, რომ კავშირი არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლოს ისიც კი არ დაუდგენია, კავშირის წესდებაში მითითებული სამეწარმეო საქმიანობა კავშირისათვის დასაშვებ საქმიანობად შეიძლება ჩათვლილიყო, თუ არა და თუ არ ჩაითვლებოდა, რა ნიშნით.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად კი გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია, კავშირი არსებითად გადავიდა თუ არა სამეწარმეო საქმიანობაზე, არ მიუცია ვადა კავშირისათვის მის მიერ ხარვეზად დაგულვებული გარემოების შესავსებად და არც კი დაუდგენია, წესდებით გათვალისწინებული კომერციული საქმიანობის განხორციელების უფლება რა დოზით სცილდებოდა კავშირისათვის დაშვებულ საქმიანობას. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში დაუსაბუთებულია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1999 წლის 9 ნოემბერს რეგისტრირებული კავშირის “ს.-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება 1999 წლის 9 ნოემბერს რეგისტრირებული კავშირის “ს.-ის” რეგისტრაციის გაუქმების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

დანარჩენ ნაწილში მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ 2001 წლის 25 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.