გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ\941 28 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზანაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე, მ. ცისკაძე
სარჩელის საგანი – სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების უკანონოდ ცნობა; სამუშაოზე აღდგენა; იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 21 ივნისს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა ი. ს-იანმა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ.
მოსარჩელემ სარჩელში აღნიშნა, რომ 1989 წლიდან 1998 წლამდე მუშაობდა ....... რაიონის სოცუზრუნველყოფის განყოფილების გამგედ.
1998 წელს გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, მაგრამ საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 1999 წლის 9 მარტის ¹06\47 ბრძანებით მოსარჩელე ი. ს-იანი დაინიშნა აღნიშნული ფონდის ...... რაიონული განყოფილების გამგის მოადგილედ.
1999 წლის დეკემბერში, ფონდის ...... რაიონული განყოფილების გამგეს დაენიშნა მეორე მოადგილე, რაც მოსარჩელის განმარტებით, უპრეცენდენტო შემთხვევა იყო.
ეს მოხდა იმიტომ, რომ შემდგომში, შტატების შემცირების მიზეზით სამსახურიდან გაეთავისუფლებინათ მოსარჩელე.
სოიციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 2000 წლის 23 მაისის ¹09\50 ბრძანებით ი. ს-იანი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შტატებით გათვალისწინებული თანამდებობათა შემცირების გამო, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, 109-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის საფუძველზე.
მოსარჩელემ სარჩელში მოითხოვა მისი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების უკანონოდ ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება 2000 წლის 25 მაისიდან.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 20 ოქტომბერს განიხილა ი. ს-იანის სააპელაციო საჩივარი და გამოიტანა ახალი გადაწყვეტილება; რომლითაც დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება; დაკმაყოფილდა ი. ს-იანის სარჩელი, კერძოდ, უკანონოდ იქნა ცნობილი საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2000 წლის 23 მაისის ¹09\50 ბრძანება; ი. ს-იანი აღდგენილ იქნა ფონდის ..... რაიონის სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების გამგის მოადგილის თანამდებობაზე და აუნაზღაურდა 2000 წლის 23 მაისიდან სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის ხელფასი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ იქნა აღსრულებული.
საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა ი. კ-ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება.
კასატორმა საკასაციო საჩივარს საფუძვლად დაუდო შემდეგი გარემოებები:
შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის 1-ლი ნაწილი შტატების შემცირების შემთხვევაში, უპირატესობას ანიჭებს მაღალი კვალიფიკაციისა და შრომის ნაყოფიერების მქონე პირს და სწორედ ამგვარი შერჩევის შედეგად მიიღო ფონდმა გადაწყვეტილება ი. ს-იანის შემცირების შესახებ, რადგანაც მას არ გააჩნდა სათანადო კვალიფიკაცია, რომელიც ესაჭიროებოდა ფონდის განყოფილების გამგის მოადგილის თანამდებობას.
კასატორის განმარტებით, გარდა დაბალი კვალიფიკაციისა, მოსარჩელე ი. ს-იანის შრომის ნაყოფიერება მინიმალური იყო, რასაც მოწმობენ მის მიერ ერთი წლის განმავლობაში მიღებული დისციპლინური სასჯელების დადების შესახებ ბრძანებები, თუმცა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში წარდგენილი ბრძანებები, შემდგომში შეგნებულად დაიკარგა საქმიდან.
კასატორი მიუთითებს, რომ კონტროლის პალატის 1998 წლის შემოწმების აქტში დაფიქსირდა მთელი რიგი დარღვევები და არსებობს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ამასთან დაკავშირებით, საქმეს სწავლობს ....... რაიონის პროკურატურა.
კასატორი განმარტავს, რომ ი. ს-იანის თანამდებობიდან გათავისუფლებისას დაცული იქნა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის ყველა მოთხოვნა, კერძოდ, იგი ერთი თვით ადრე იქნა გაფრთხილებული მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე, გათავისუფლებამდე მას შესთავაზეს საქმის მწარმოებლის თანამდებობაზე მუშაობა.
კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტი, კერძოდ, არასწორად განმარტა კანონები, რის გამოც გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება.
კასატორი საკასაციო საჩივარში ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების გამოტანას, რომლითაც არ დაკმაყოფილდება ი. ს-იანის სასარჩელო მოთხოვნები და გაუქმდება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა საქართვველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნა: მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირებისას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება ენიჭებათ იმ მუშაკებს, რომლებიც უფრო მაღალი კვალიფიკაციითა და შრომის ნაყოფიერებით გამოირჩევიან. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ მოსარჩელე ი. ს-იანი თითქმის 10 წლის განმავლობაში მუშაობდა სოცუზრუნველყოფის სისტემაში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და მისი მაღალი კვალიფიკაცია აღნიშნული სამსახურისათვის ცნობილი იყო.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ მიიღო მოპასუხე მხარის განმარტება მოსარჩელე სარიბეკიანის დაბალი შრომის ნაყოფიერების დამადასტურებელი მტკიცებულებების შესახებ, რადგანაც ისინი საქმეს თან არ ერთვოდა და სასამართლო სხდომაზე არ დადასტურებულა მათი არსებობა.
კასატორმა _ საქართველოს სოციალური უზორუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარს თან დაურთო მტკიცებულებები ი. ს-იანის დისციპლინური სასჯელების შესახებ, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი საკასაციო ინსტანციაში ახალი მტკიცებულებების წარდგენასა და შემოწმებას არ ითვალისწინებს.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ საქმიდან დაიკარგა ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებები, რადგანაც სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმში, კასატორის მიერ მითითებული მტკიცებულებები დაფიქსირებული არ არის. ხოლო მოპასუხე მხარეს ოქმზე შენიშვნები არ შეუტანია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლის _ ი. კ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.