Facebook Twitter

¹3კ/943-01 31 აგვისტო, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე, მ. ცისკაძე

დავის საგანი: სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, სამკვიდრო ქონების, მემკვიდრეობის უფლების მოწმობის და სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება, ქონების მიკუთვნება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. წნორში, ... მდებარე სახლი ირიცხებოდა ნ. შ-შვილის სახელზე, რომელიც გარდაიცვალა 1990 წლის 19 მარტს. ნ. შ-შვილს დარჩა ორი მემკვიდრე: მეუღლე ე. ჩ-შვილი და შვილი პირველი ქორწინებიდან ნი. შ-შვილი. 1993 წლის 28 ოქტომბერს წნორის ნოტარიუსის მიერ გაცემულ იქნა კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა ნი. შ-შვილის სახელზე.

1994 წლის 12 ნოემბერს ნი. შ-შვილმა ვ. ქ-შვილთან დადო ნასყიდობის ხელშეკრულება.

ე. ჩ-შვილმა სარჩელი შეიტანა სასამართლოში ნი. შ-შვილის და ვ. ქ-შვილის მიმართ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების, სამემკვიდრეო მოწმობის და ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაუქმების, სახლის 2/3 ნაწილის მიკუთვნებისა და ნივთების დაბრუნების შესახებ შემდეგი საფუძვლებით:

სადავო სახლი წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, რადგან აშენებულია მათი ერთად ცხოვრების პერიოდში. მეუღლის გარდაცველების შემდეგ ნი. შ-შვილმა ნოტარიუსში შედგენილ განცხადებაში დამალა სხვა მემკვიდრეთა არსებობა, რის შედეგადაც უკანონოდ მიიღო კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა და მიჰყიდა სახლი ვ. ქ-შვილს.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 26 მაისის გადაწყვეტილებით ე. ჩ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოსარჩელეს გაუგრძელდა სამკვიდროს მიღების ვადა. მემკვიდრეობის მიღების უფლება კანონიერად ჩაითვალა სახლის 1/2½ ნაწილზე და სამკვიდრო ქონებაზე ცნობილ იქნა ორივე მემკვიდრის თანაბარი უფლება. არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა სახლის ნასყიდობის გარიგების ბათილად ცნობის ნაწილში, რადგან ვ. ქ-შვილი ჩაითვალა კეთილსინდისიერ შემძენად. ნი. შ-შვილს ე. ჩ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის ხვედრი ქონების ღირებულების გადახდა. არ დაკმაყოფილდა ე. ჩ-შვილის მოთხოვნა იმ ნივთების დაბრუნების შესახებ, რომლებიც სასამართლო აღმასრულებლის მიერ ქონების აღწერა-დაყადაღებისას არ აღმოჩნდა მოპასუხესთან.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეტანილი სააპელაციო საჩივრით ე. ჩ-შვილმა მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მას ეკუთვნოდა სადავო ქონების 2/3 ნაწილი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 15 მარტის განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.

ე. ჩ-შვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ ნი. შ-შვილმა კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის მიღების დროს მოატყუა ნოტარიუსი, ხოლო მის მიერ დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სახლს დაეპატრონა ვ. ქ-შვილი,

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება სამკვიდროდან ე. ჩ-შვილის ხვედრი ქონების ღირებულების ანაზღაურების ნაწილში უნდა გაუქმდეს, საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, ხოლო დანარჩენ ნაწილში განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ სწორად არ გაიზიარა კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სადავო სახლი წარმოადგენდა მეუღლეთა საკუთრებას. ტექბიუროს მონაცემებით ქ. წნორში ... მდებარე სახლი აწ გარდაცვლილ ნ. შ-შვილზე ირიცხებოდა 1972 წლიდან, ხოლო ჩ-შვილი 1979 წელს გატარდა რეგისტრირებულ ქორწინებაში ნ. შ-შვილთან. მათი ერთად ცხოვრების პერიოდში 1980 წელს აშენდა 28,5 კვ.მ. სამეურნეო ფართი, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს ქონების მნიშვნელოვან გადიდებად და იმ დროს მოქმედი საქართველოს საქორწინო დ საოჯახო კოდექსის 23-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად მეუღლეთა საერთო ქონების წარმოშობის საფუძვლად.

ვ. ქ-შვილი არ შეიძლება ჩაითვალოს არაკეთილსინდისიერ შემძენად. მართალია, სახლი წლების განმავლობაში დავის საგანს წარმოადგენდა, მაგრამ 1994 წლის 12 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას, ე. ჩ-შვილის სასარჩელო განცხადება სასამართლოს მიერ დატოვებულ იყო განუხილველად. ბინის გამსხვისებელი ნი. შ-შვილი ტექბიუროში ირიცხებოდა სახლის მესაკუთრედ, გასხვისებული ქონება არ ყოფილა დაყადაღებული. ვ. ქ-შვილი წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (1964 წლის რედ.) 147-ე მუხლის შესაბამისად არ არსებობს ვ. ქ-შვილისაგან სადავო ქონების გამოთხოვის პირობები.

იმავე კოდექსის 557-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს მიღების ვადის გამცდენ მემკვიდრეს მისი ქონებიდან, რომელიც სხვა მემკვიდრეებმა მიიღეს ან სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა, ნატურად მიეცემა ის, რაც შერჩენილია. მას მიეცემა, აგრეთვე, მისი ხვედრი ქონების დანარჩენი ნაწილის რეალიზაციით მიღებული თანხა.

კანონის მითითებული ნორმის შესაბამისად მოსარჩელეს უნდა მიეცეს სადავო სახლიდან მოსარჩელის კუთვნილი სამემკვიდრეო წილის რეალიზაციით მიღებული თანხა.

სასამართლოს არ დაუდგენია ნ. შ-შვილზე ე. ჩ-შვილის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის ოდენობა, რის გამოც გადაწყვეტილების აღსრულება ამ ნაწილში შეუძლებელია.

საკომპენსაციო თანხის ოდენობის განსაზღვრისათვის საჭიროა დადგენილ იქნეს ფაქტობრივი გარემოება _ სადავო სახლის ღირებულება, საიდანაც უნდა განისაზღვროს მოსარჩელის კუთვნილი 1/2½ წილი.

პალატას მიაჩნია, რომ საჭიროა მტკიცებულებათა გამოკვლევა, რომელთა გარეშე სასამართლოს არ შეუძლია თანხის გადახდის ნაწილში გადაწყვეტილების მიღება. სადავო ნივთები არ აღმოჩნდა მოპასუხესთან, ამიტომ მოსარჩელეს სწორად ეთქვა უარი ნივთების დაბრუნების სასარჩელო მოთხოვნაზე.

საქმის ხელახალი განხილვისათვის სასამართლომ უნდა დაადგინოს სამემკვიდრეო ქონების რეალიზაციის შედეგად მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ, ასევე გაარკვიოს ე. ჩ-შვილის ზუსტი მოთხოვნა, რას მოითხოვს იგი სარჩელით და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. ჩ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 15 მარტის განჩინება აწ გარდაცვლილ ნ. შ-შვილის სამკვიდრო ქონებიდან ე. ჩ-შვილის ხვედრი ქონების ღირებულების ანაზღაურების ნაწილში გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას. დანარჩენ ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.