¹3კ/946 24 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,რ. ნადირიანი
სარჩელის საგანი: სესხის დაუბრუნებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 13 დეკემბერს ს. ძ-შვილმა რ. ქ-ძის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მან მოპასუხეს ასესხა ფული, მაგრამ მოპასუხემ სესხი არ დააბრუნა, რის გამოც მიმართა სასამართლოს.
სასამართლოს 2000 წლის 28 ნოემბრის განჩინებით, მხარეთა მორიგების გამო, საქმე წარმოებით შეწყვიტა. განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა და აღსრულდა.
მოსარჩელემ, ვალის დაგვიანებით დაბრუნების გამო, მოპასუხისაგან მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით მოითხოვა 1950 აშშ დოლარის გადახდა, შემდეგ მითითებული თანხა გაზარდა 3816 აშშ დოლარამდე, ხოლო საქმის განხილვის დროს მოითხოვა 4089 აშშ დოლარის ანაზღაურება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ თავდაპირველი დავა მათ შორის მორიგებით დასრულდა. თანხები მის მიერ დაბრუნებულ იქნა სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდა იმ მოტივით, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2000 წლის 25 სექტემბერს მოპასუხის კერძო საჩივრის საფუძველზე გააუქმა აჭარის უმაღლეს სასამართლოს 2000 წლის 25 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ (მითითებული დავა 2000 წლის 28 ნოემბერს მხარეთა მორიგებით დასრულდა).
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ, ვინაიდან მოპასუხის კერძო საჩივარი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების გაუქმების შესახებ, მართლზომიერად მიიჩნია უზენაესმა სასამართლომ და გააუქმა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს განჩინება, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად ქ-ძე ვალდებული არ იყო აენაზღაურებინა რაიმე ზიანი, რადგან მის მიერ კერძო საჩივრის შეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების გადასინჯვის შესახებ მართლზომიერი მოქმედება იყო. ამასთან, ზემოთ მითითებული საფუძვლით სარჩელი, მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, უსაფუძვლო იყო.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001 წლის 20 ივლისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ამ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
უმაღლესმა სასამართლომ მიუთითა, რომ რაიონულმა სასამართლომ არ გაარკვია, თუ რა საფუძვლით და რა რაოდენობის თანხას ითხოვდა მოსარჩელე მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მოთხოვნა. აღნიშნული ხარვეზი სასამართლოს საქმის განხილვის პროცესში არ გამოუსწორებია.
რაიონულმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით უარი უთხრა მოსარჩელეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე მაშინ, როცა ასეთი მოთხოვნა არც სარჩელში და არც მთავარ სხდომაზე საქმის განხილვისას არ ყოფილა დაყენებული, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა.
რაიონულმა სასამართლომ არ გაარკვია და ამასთან, არ დაასაბუთა ვალის დროულად გადაუხდელობის გამო ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმა (მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებით მან გაიღო გარკვეული ხარჯები: ბინის ქირის და სამედიცინო დახმარების სახით).
სასამართლოს არ გაურკვევია მოსარჩელის მიერ სასამართლო სხდომაზე დავის საგნის ღირებულების გაზრდასთან დაკავშირებით (სარჩელის მოთხოვნა 1950 აშშ დოლარს შეადგენდა, სასამართლო პროცესზე კი მოსარჩელემ მოთხოვნა 4089 აშშ დოლარამდე გაზარდა) იყო თუ არა მოპასუხის თანხმობა და ხომ არ დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მოთხოვნა.
2001 წლის 14 აგვისტოს მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 20 ივლისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლით:
კასატორს მიაჩნია, რომ უმაღლესმა სასამართლომ მოცემულ საქმეზე მიიღო დაუსაბუთებელი განჩინება და მოითხოვს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის, 4112 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ, დაკმაყოფილებას (მართალია, თავდაპირველი სარჩელით მხოლოდ 4089 აშშ დოლარს მოითხოვდა, მაგრამ საკასაციო საჩივრის წარედგენის შემდეგ დააზუსტა ხარჯები, მიყენებული ზიანი და მოითხოვა 4112 აშშ დოლარის ანაზღაურება). საკასაციო საჩივრის დანარჩენი ნაწილი შეეხება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და იმდენად დაუზუსტებელი და არათანმიმდევრულია, რომ მისი ავტორის მოსაზრებების გარკვევა თითქმის შეუძლებელია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სწორია უმაღლესი სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ მოცემული სარჩელის განხილვის დროს რაიონულმა სასამართლომ არ გაარკვია თუ რა საფუძვლით რა რაოდენობის თანხას ითხოვდა მოსარჩელე მორალური ზიანისათვის (არ იყო გარკვეული, რამდენს შეადგენდა მორალური ზიანი თანხობრივად და რაში გამოიხატა იგი. ასევე არ იყო გარკვეული, რამდენს შეადგენდა ზიანის ოდენობა ვალის დროულად დაუბრუნებლობის გამო და რაში გამოიხატებოდა იგი).
ასევე სწორია უმაღლესი სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ რაიონულმა სასამართლომ, თანხების დროულად გადაუხდელობის გამო, მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება არ დაასაბუთა (ძ-შვილის განცხადებით, ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო მან განიცადა გარკვეული ზიანი ბინის ქირის, მკურნალობის და სხვ). რაიონული სასამართლოს სრულყოფილად არ გაურკვევია, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით იყო თუ არა გამოწვეული მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ზიანი.
ასევე სწორია უმაღლესი სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ რაიონულმა სასამართლომ მოსარჩელეს უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში ისეთი მოთხოვნის უსაფუძვლობის მოტივით, რომელიც მოსარჩელეს არც სარჩელით და არც სასამართლო სხდომაზე არ დაუყენებია (სასამართლომ მიუთითა, თითქოს მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდა მოპასუხის მხრივ დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების და უზენაესი სასამართლოს მიერ ამ განჩინების გაუქმების გამო).
არასწორია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს უმაღლესმა სასამართლომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
მოცემულ შემთხვევაში ამ საქმეზე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არაა საკმაოდ დასაბუთებული, ხოლო ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
აქედან გამომდინარე, უმაღლესი სასამართლო სწორად მოიქცა, როცა მოცემულ საქმეზე გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნა რაიონულ სასამართლოს.
საკასაციო პალატას შეუძლებლად მიაჩნია კასატორის თხოვნის დაკმაყოფილება მოცემულ საქმეზე უმაღლესი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმების შესახებ და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის (4112 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება) დაკმაყოფილება ჯერ ერთი იმიტომ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 406-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლოში დავის საგნის გადიდება დაუშვებელია და მეორეც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო თვითონ მხოლოდ მაშინ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის.
მოცემულ საქმეზე უმაღლეს სასამართლოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ გამოურკვევია. სწორედ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოუკვლეველობის და ამის გამო გადაწყვეტილების იურიდიულად დაუსაბუთებლობის გამო უმაღლესმა სასამართლომ საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა რაიონულ სასამართლოს. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ მიიღებს საქმეზე გადაწყვეტილებას, რადგან საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა მის კომპეტენციას სცილდება.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 222-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით სასამართლომ მოსარჩელეს უნდა მისცეს ისეთი შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრას, ამ გარემოებების დასადასტურებლად მტკიცებულებათა გამოვლენას და სასამართლოში წარდგენას, მათ უტყუარობის შემოწმებას.
იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე პირველი ჯგუფის ინვალიდია, საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია მისი უზრუნველყოფა სათანადო დაცვით სახელმწიფოს ხარჯზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ს. ძ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 20 ივლისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.