Facebook Twitter

ბს-360-289-კ-05 25 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ჯ. გახოკიძე,

ი. ლეგაშვილი

განიხილა მ. ა-ის, რ. ბ-ას, თ. ა-ის, ნ. ა-ის და რ. ა-ის საკასაციო საჩივარი, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 13 იანვრის გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა ვ. ხ-ამ სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხეების მ. ა-ის, რ. ბ-ას, თ. ა-ის, ნ. ა-ის და რ. ა-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხეთა მფლობელობაში არსებული ქონების კერძოდ, მ. ა-ის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ბინის და ავტოსადგომის მდებარე თბილისში, ..., მცხეთის რ-ნში, სოფ. ... საცხოვრებელი სახლის და 0.06ჰა მიწის ნაკვეთის ¹..... , საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხების: “ქ-უ” ბანკში 7000 ლარის, “რ-ა’’ ბანკში _ 21725 ლარის, რ. ბ-ას საცხოვრებელი სახლის, მდებარე დუშეთის რ-ნში, სოფ. ..., თ. ა-ის 54%-იანი წილის შპს “ს-ში’’, ავტომანქანა “შკოდას”, საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხის _ “ქ-უ” ბანკში _ 700 ლარი, ნ. ა-ის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხის _ 2400 ლარის და რ. ა-ის მფლობელობაში არსებული, გარდაბნის რ-ნში, სოფ. ..... მდებარე საცხოვრებელი სახლის უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობა და მისი სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა, შემდეგი საფუძვლით:

მ. ა-ე, რომელიც ბრალდებულის სახით მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში და ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3-ე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, 1997-2004 წლებში მუშაობდა საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავმჯდომარედ. თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მის მიერ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა მხოლოდ 60000 ლარი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მ. ა-ეს სხვა შემოსავალი არ გააჩნდა, მოსარჩელე თვლის, რომ მ. ა-ე და მისი ოჯახის წევრები, აგრეთვე, ახლო ნათესავები ვერც ერთ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფდნენ სარჩელში მითითებული ქონების მოპოვებას, რის გამოც მითითებული თანამდებობის პირის და მისი ახლო ნათესავთა ქონება, მოსარჩელის მოსაზრებით, სავარაუდოდ უკანონო და დაუსაბუთებელია.

საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ვ. ხ-ას მიერ თბილისის საოლქო სასამართლოში წარდგენილ იქნა დაზუსტებული სარჩელი, კერძოდ, მოსარჩელეს მიერ დაზუსტებულ იქნა მ., თ. და რ. ა-ეების მფლობელობაში არსებული ქონების ჩამონათვალი შემდეგი სახით: 1. მ. ა-ის საცხოვრებელი სახლის სხვენი _ ქ. თბილისში, ..., მიწის ნაკვეთი – ... საკრებულოში, სოფ. ..... და “ქ-უ” ბანკში საბანკო ანგარიშებზე რიცხული 10410 აშშ დოლარი, “რ-ა” ბანკში _ 23154 აშშ დოლარი, ასევე, თ. ა-ის სახელზე “ქ-უში” ბანკში რიცხული 7834 აშშ დოლარი და რ. ა-ის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ბინა, მდებარე თბილისში ....., ბინა 79, აგრეთვე, მის სახელზე რიცხული “ქ-უ” ბანკში 58863 აშშ დოლარი და “რ-ა’’ ბანკში 12833 აშშ დოლარი.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 3 დეკემბრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2. მუხლის საფუძველზე მოცემული საქმის განხილვაში მესამე პირად იქნა ჩაბმული ი. ა-ე, რომელსაც მიჰყიდა რ. ა-ემ სადავო ქონება მდებარე გარდაბნის რაიონში, სოფ. ....

თბილისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 8 დეკემბრის განჩინებით მოცემულ საქმეზე დაინიშნა სადავო ქონების შეფასების მიზნით, კომპლექსური სასამართლო აუდიტორული და საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა.

2004წ. 23 დეკემბერს მოსარჩელემ კვლავ წარადგინა დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, რომლითაც მოპასუხე რ. ა-ის მიმართ საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა შეცვალა სასარჩელო მოთხოვნა და ნაცვლად სარჩელში მითითებულ, გარდაბნის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლის უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობისა, მოითხოვა ამ ქონების გასხვისების შედეგად მიღებული შემოსავლის _ 140732 ლარის დაუსაბუთებლად ცნობა.

გარდა ამისა, მოსარჩელემ მოითხოვა მოცემული საქმის განხილვაში მოპასუხედ ი. ა-ის ჩაბმა და მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის, მდებარე გარდაბნის რაიონში, სოფ. ....... , უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობა, ხოლო 2004წ. 24 დეკემბერს განცხადებით მიმართა სასამართლოს, სსკ-ის 182.3 მუხლის საფუძველზე, ი. ა-ის მიმართ სასარჩელო მოთხოვნის ცალკე წარმოებად გამოყოფის შესახებ.

თბილისის საოლქო სასამართლოში გამართულ მთავარ სხდომაზე მოპასუხე მ. ა-ემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლით:

საქართველოს გენერალური პროკურატურის სარჩელი დაუსაბუთებელია, რამდენადაც 1997 წლამდე მას მეუღლესთან ერთად ჰქონდა მაღალი შემოსავალი, რაც მას აძლევდა დანაზოგის შექმნის შესაძლებლობას. ამასთან, მისი მეუღლე რ. ბ-ა ეწეოდა შემოქმედებითY საქმიანობას, ხოლო თავად სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას, ასევე, დამატებით ამზადებდა აბიტურიენტებს, ჰქონდა საკუთარი გამოგონებები, წინადადებები, რომლებსაც ნერგავდა საწარმოო პროცესში და აღნიშნული უზრუნველყოფდა მისი შემოსავლების დამატებით წყაროს.

ასევე, არ ცნო სარჩელი მოპასუხე რ. ბ-ას წარმომადგენელმა, იმ მოტივით, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მტკიცებულების წარმოდგენა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა იმ ფაქტის დადასტურება, რომ დუშეთის რაიონში სოფ. ..... მდებარე საცხოვრებელი სახლი რეალურად წარმოადგენს მის საკუთრებას.

მოპასუხე თ. ა-ემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:

1997 წლამდე მ. ა-ე წარმოადგენდა შპს “ს-ას” პარტნიორს და 54%-ის წილის მესაკუთრეს, რომელმაც აღნიშნული წილი დაუთმო ერთ-ერთ შვილს-თ. ა-ეს, ასევე, მოპასუხის მოსაზრებით, ავტომობილი “შკოდა” შეფასებულია გაცილებით მაღალ ფასში, ვიდრე მისი ღირებულებაა რეალურად, ხოლო სარჩელში მითითებული, ბანკში რიცხული 7000 ლარი საერთოდ არ წარმოადგენს მის საკუთრებას.

მოპასუხეებმა ნ. ა-ემ და რ. ა-ემ სარჩელი არ ცნეს მისი დაუსაბუთებლობის გამო და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლომ 2005წ. 13 იანვრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურატურის სარჩელი, კერძოდ, დაუსაბუთებლად და უკანონოდ იქნა ცნობილი და სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცა: მოპასუხე მ. ა-ის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლი, მდებარე მცხეთის რაიონში, სოფ. ..., 0,06 ჰა მიწის ნაკვეთი ¹..... , მ. ა-ის სახელზე 01.01.2004წ. საჯარო მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრების შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მითითებული 5000 ლარი, დიდი ლილოს საკრებულოს სოფ. .......-ში მდებარე საკარმიდამო ნაკვეთი, ბანკში “ქ-უ” რიცხული 10410 აშშ დოლარი და ბანკში “რ-ა” რიცხული 23154 აშშ დოლარი. მოპასუხე თ. ა-ის კუთვნილი 54%-იანი წილი შპს “ს-ში”, ავტომობილი “შკოდა”, ფულადი თანხა 7000 ლარის და ბანკში “ქ-უ” რიცხული 7834 აშშ დოლარი, რომელიც 2004წ. ივლისის თვეში გატანილი იქნა ანგარიშიდან. ასევე, მოპასუხე ნ. ა-ის კუთვნილი 1100 ლარი, მითითებული 01.01.2004წ. ქონებრივ დეკლარაციაში და მოპასუხე რ. ა-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, მდებარე თბილისში, ... ქუჩა, პირველ კორპუსში, ბინა ¹79, ბანკში “ქ-უ’’ 2004წ. 31 ივლისამდე, რიცხული ფულადი თანხა 58863 აშშ დოლარის ოდენობით, და ბანკში “რ-ა” 2004წ. 31 ივლისამდე რიცხული 12883 აშშ დოლარი, აგრეთვე, გარდაბნის რაიოში, სოფ. ..... მდებარე სახლის გასხვისების შედეგად მიღებული შემოსავალი 140732 ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

მ. ა-ეს 30.10.1997 წლიდან 09.09.2004 წლამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარედ მუშაობისას დაერიცხა ხელფასის სახით 60 813, 28 ლარი, ხოლო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მუშაობისას _ 29730 აშშ დოლარის ექვივალენტი მანეთებში, ლარებსა და, კუპონებში, შპს “კ-ში” მუშაობისას-16934 ლარი.

ასევე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ა-ეს 01.05.1996 წლიდან 22.08.1996 წლამდე მუშაობისას ხელფასის სახით ყოველთვიურად 110 ლარი, ხოლო მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში მუშაობისას, 14.11.1996 წლიდან 01.11.1997 წლამდე, დაერიცხა 5850,76 ლარი. ასევე, 15.01.1975 წლიდან 19.12.1978 წლამდე ხელფასის სახით თბილისის საწარმოო გაერთიანება “ე-ში” მუშაობისას ყოველთვიურად ერიცხებოდა 391 ლარი.

სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მ. ა-ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის და მისი სხვენის დაუსაბუთებლად ცნობის შესახებ უსაფუძვლოა, რამდენადაც მითითებული ბინა მ. ა-ემ დაიკავა თბილისის ორჯონიკიძის რაიაღმასკომის 25.12.1986წ. გადაწყვეტილების საფუძველზე გამოწერილი საცხოვრებელი ბინის ორდერით ¹..... , ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა 2003წ. 01.01 საჯარო მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრების შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მითითებული თანხის _ 21725 ლარის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, ვინაიდან, სასამართლოს მოსაზრებით, საქმეში არ მოიპოვება დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა იმ ფაქტის დადასტურება, რომ სადავო თანხა რეალურად ირიცხებოდა საბანკო ორგანოში მოპასუხის სახელზე.

მოპასუხე მ. ა-ის მიმართ გენერალური პროკურატურის სასარჩელო მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში სასამართლომ მიიჩნია დასაბუთებულად, რამდენადაც ჩათვალა, რომ მოპასუხე მ. ა-ემ ვერ შეძლო სასამართლოსათვის წარედგინა მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ქონების შეძენისათვის საჭირო ფინანსური საშუალებების კანონიერი გზით მოპოვების ფაქტი, მით უფრო მაშინ, როდესაც 2000-2003 წლებში საშუალოდ _ ერთ შიდამეურნეობაზე გაანგარიშებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ოჯახის ხარჯები თვეში შეადგენდა 3000 ლარს.

სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII2 თავით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, მართებულად მიიჩნია მოპასუხეთათვის იმ თანხების სახელმწიფოს სასარგებლოდ გადახდევინება, რომელიც მოპასუხის მიერ საბანკო ორგანიზაციიდან გამოტანილია და გამოყენებულია მისი ნების შესაბამისად.

სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურატურის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე რ. ა-ის მიმართ, რამდენადაც მიიჩნია, რომ მის სახელზე რიცხული თანხები საბანკო ანგარიშებზე ბანკ “ქ-უსა” და ბანკ “რ-ში”, ასევე, მის მიერ მ. ა-ის საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ, შეძენილი საცხოვრებელი სახლი ბახტრიონზე, ღირებულებით 55801 ლარი, აგრეთვე, მის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი, მდებარე გარდაბნის რაიონის სოფ. ..., სრულიად დაუსაბუთებელია, რის გამოც აღნიშნული ქონება და საცხოვრებელი სახლის გასხვისების შედეგად მიღებული 140732 ლარი, სასამართლოს მოსაზრებით, ექვემდებარება სახელმწიფოსათვის დაბრუნებას.

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა რ. ბ-ას მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის მდებარე დუშეთის რაიონში, სოფ. ... უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობის შესახებ, რამდენადაც საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინა, რომ მითითებული ქონება რეალურად, რ. ბ-ას საკუთრებას არ წარმოადგენდა.

სასამართლომ არ გაიზიარა საქმეში არსებული შპს “გ-ის” დასკვნა იმის თაობაზე, რომ რ. ბ-ას შემოსავლებმა 1958-2004 წლებში შეადგინა 6434 ლარი და 109235 აშშ დოლარი, ხოლო მ. ა-ის და რ. ბ-ას შემოსავლებმა 1971-2004 წლებში _ 85754 ლარი და 95335 აშშ დოლარი, რამდენადაც სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინა, რომ 01.12.1958 წლიდან 01.01.2005 წლამდე ხელფასის, პრემიის და გრანტის სახით რ. ბ-ას მიღებული აქვს:

1. 01.12.1958-04.02.1965 წლებში 7252 მანეთი

2. 04.02 1965 –31.05 1983 წლებში 39600 მანეთი

3. 31.05. 1983-01.01.1991 წლებში 22750 მანეთი

4. 01.01.1991-01.01.1992 წლებში 3000 მანეთი

5. 01.01 1992-0101. 1993 წლებში 4200 მანეთი.

6.. 01.01. 1993-0101 1994 წლებში 7.000.000. კუპონი თვეში 12 თვეში 84.000.000 კუპონი.

7. 01.01. 1994-01.01. 1997 წლებში ხელფასი 1332 ლარი.

8. 01.01. 1997-01.01. 2000 წლებში ხელფასი 1908 ლარი

9.01.01.-200-01.01.2005 წლებში 2760 ლარი

პრემიის სახით 1959-1979 წლებში მიღებული აქვს 982 მანეთი, ხოლო 1998-2004 წლებში გრანტების სახით 434 ლარი.

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ აბიტურიენტთა მომზადების შედეგად რ. ა-ეს რეალურად მიღებული ჰქონდა 1981-1982,1983 წლებში 2400 მანეთი, ხოლო 1991-1992 წლებში 2000 მანეთი, რამდენადაც სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული არ არის დადასტურებული ყოფილი საფინანსო განყოფილების არქივიდან მიღებული დოკუმენტებით. ასევე დაუსაბუთებელია, სასამართლოს მოსაზრებით მოპასუხის არგუმენტი იმის შესახებ, რომ 1996 წლიდან დღემდე თანამშრომლობს სალონ-გალერეა “მ-თან”, საიდანაც სისტემატურად თვეში ჰქონდა 700-800 აშშ დოლარი შემოსავალი. აღნიშნულის დასადასტურებლად სასამართლომ ჩათვალა, რომ მხარეს უნდა წარმოედგინა ცნობა საგადასახადო სამსახურის ორგანოებიდან, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში არ წარმოუდგენია.

თბილისის საოლქო სასამართლომ მოპასუხე თ. ა-ის სახელზე, რომელსაც არ გააჩნდა დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო, რიცხული ავტომანქანა “შკოდას”, შპს “ს-ში” არსებული 54%-იანი წილი და 2004წ. 1 იანვარს შევსებული საჯარო მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრების შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციაში მითითებული თანხის 7000 ლარის წარმოქმნის წყარო მიიჩნია დაუსაბუთებლად.

სასამართლოს მოსაზრებით, ასევე დაუსაბუთებელია მოპასუხე ნ. ა-ის მფლობელობაში არსებული თანხა 1100 ლარის ოდენობით, ხოლო მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ნ. ა-ის სახელზე 2003წ. ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული 2400 ლარის დაუსაბუთებლად ცნობის შესახებ სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული, რამდენადაც აღნიშნული თანხა მ. ა-ის 2004წ. ქონებრივ დეკლარაციაში არ არის მითითებული.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 14 იანვრის განჩინებით სსკ-ის მე-7 მუხლის, 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად, სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოპასუხეების მ., თ., ნ. და რ. ა-ეების მფლობელობაში არსებულ ქონებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 13 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც მოითხოვეს მისი გაუქმება და მოცემულ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი მოტივით:

კასატორთა მოსაზრებით, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და უკანონო, რამდენადაც სასამართლომ ცალ-ცალკე, არასრულყოფილად და ერთმანეთის მოწყვეტით გამოიკვლია მოპასუხეთა შემოსავლების მხოლოდ ნაწილი, კერძოდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის მტკიცებულებანი, რომლითაც დასტურდებოდა მ. ა-ის მიერ სხვადასხვა დროს აბიტურიენტთა მომზადების შედეგად მიღებული შემოსავლები 5770 აშშ დოლარის ოდენობით., აგრეთვე ს.ს. “ლ-ში”, მსხვილ გადამხდელთა ინსპექციასა და სს “ე-ში“, სს “ა-ში” მუშაობისას მიღებული შემოსავლები 7007 ლარისა და 40600 აშშ დოლარის ოდენობით. კასატორთა მოსაზრებით, არამართებულია სასამართლოს მსჯელობა შპს “გ-ის” მიერ გაცემული დასკვნის დაუსაბუთებლად მიჩნევის თაობაზე, რამდენადაც შპს “კ-ასა” და შპს “ტ-ისაგან” მ. ა-ეს მიღებული ჰქონდა 78747 ლარი, ასევე, სხვადასხვა დროს გრანტის სახით ხელზე მიიღო 5 თვეში 1000 აშშ დოლარი, რაც დადასტურებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის 23.03.04წ. ¹3 ბრძანებით.

გარდა ამისა, კასატორები თვლიან, რომ სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული არც ის გარემოება, რომ გაანგარიშებაში არ არის მითითებული 9000 აშშ დოლარი, რომელიც რ. ჯ-ისაგან მიიღო მ. ა-ემ 2001წ. 12 სექტემბერს და 2003წ. 21 ნოემბერს ვ. კ-ისაგან მიღებული 5000 აშშ დოლარი, ასევე, ავტომანქანა “ჟიგულის” გასხვისების შედეგად მიღებული 2500 აშშ დოლარი და მ. და რ. ა-ეების მიერ მშობლებისაგან მემკვიდრეობით მიღებული ქონება.

კასატორთა მოსაზრებით, სასამართლომ არასრულყოფილად გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ ის, რომ რ. ბ-ამ ტექნიკურ უნივერსიტეტში, თბილისის საცალო ორგანიზაციულ სამმართველოში “ბ-ში”, თბილისის სამხატვრო საწარმოო კომბინატის ფილიალ “მ-სა” და საწარმოო “ხ-ში” მუშაობისას მიიღო შემოსავლების სახით 17485 აშშ დოლარი, რაც დასტურდება შპს “გ-ის” დასკვნით და არ გაითვალისწინა ინდივიდუალური საწარმო “დ. წ-ისაგან” 67200 აშშ დოლარისა და 2004წ. 10 თებერვალს ქ. ზ-ისაგან 10000 აშშ დოლარის მიღების შესახებ საქმეში არსებული დოკუმენტი. ასევე, შპს “გ-ის“ დასკვნის საფუძველზე დადასტურებული ფაქტები იმის შესახებ, რომ რომ რ. ა-ის შემოსავლებმაE1958-1994 წლებში შეადგინა 104295 აშშ დოლარი და 6000 ლარი, ხოლო აბიტურიენტთა მომზადების შედეგად მიიღო 3437 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები თვლიან, რომ დოკუმენტალურად მიღებულმა შემოსავლებმა ჯამში შეადგინა 141754 ლარი და 297907 აშშ დოლარი, რაც აღემატება მოსარჩელე საქართველოს გენერალური პროკურატურის სასარჩელო მოთხოვნის ფასს. კერძოდ სხვაობა მოპასუხეთა სასარგებლოდ შეადგენს 134631 ლარს, ანუ 73973 აშშ დოლარს.

მ. ა-ის საცხოვრებელი სახლი ... მდებარე და მცხეთის რაიონში სოფ. ..., ასევე 0,06ჰა მიწის ნაკვეთი, კასატორთა მოსაზრებით, უნდა ამოირიცხოს ... ქონების სიიდან, რამდენადაც, ... მდებარე სახლი შეძენილია კოოპერატიული ბინათმშენებლობის წესით 1983-1986 წლებში, ხოლო საცხოვრებელი სახლი მუხათწყაროში და მიწის ნაკვეთი მას გადაეცა საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995წ. 22 თებერვლის ¹45 ბრძანებულებით “რ-ის” დადგენილების საფუძველზე. უფრო მეტიც, აღნიშნული მიწის ნაკვეთი მ. ა-ის სარგებლობაშია 1984 წლიდან, რაც დასტურდება მებაღის წიგნაკით.

გარდა ამისა, სადავო საკარმიდამო მიწის ნაკვეთიც, მდებარე დიდი ლილოს დასახლებაში მ. ა-ის მიერ შეძენილია 1995 წელს, ანუ იმ დროს, როდესაც იგი არ წარმოადგენდა თანამდებობის პირს, რის გამოც აღნიშნულ ქონების დაუსაბუთებლობაზე მითითება, კასატორთა მოსაზრებით, საფუძველს მოკლებულია.

ასევე, არ არსებობს სარჩელში მითითებული რ. ბ-ას კუთვნილი სახლი დუშეთის რაიონის სოფ. ....., რის გამოც ეს ობიექტიც უნდა ამოირიცხოს დაუსაბუთებელი ქონების სიიდან.

კასატორთა მოსაზრებით, მ. ა-ის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს არ უკავშირდება არც თ. ა-ის საკუთრებაში არსებული შპს “ს-ში” არსებული 54%-იანი წილის არსებობა და არც გარდაბნის რაიონის სოფ. ... მდებარე სახლი, რომელიც სარჩელის აღძვრის დროისათვის გაყიდული იყო, კერძოდ 2000წ. 6 ივნისს რ. ა-ემ ამ სახლის ½1/2 წილი და მიწის ნაკვეთის 1/4¼მიჰყიდა მ. ბ-ეს, რასაც სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღება არ მიაქცია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები თვლიან, რომ ზემომითითებული ობიექტების სასარჩელო მოთხოვნიდან ამორიცხვის შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ქონების ჯამური თანხა იქნება 307339 ლარი, ანუ 168868 აშშ დოლარი, რაც ბალანსს მოპასუხეთა სასრგებლოდ გაზრდის 206,927 აშშ დოლარამდე.

კასატორები, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371 და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21.6 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად თვლიან, რომ სადავო შეიძლება გახდეს მხოლოდ არსებული, ანუ პოზიტიური ქონება და არა ის ქონება, რომელიც უკვე აღარ არსებობს, რის გამოც კასატორთა მოსაზრებით, სრულიად კანონსაწინააღმდეგოა მ. ა-ის, თ. ა-ისა, ნ. ა-ის და რ. ა-ის საბანკო ანგარიშებზე რიცხული თანხების უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობა, მით უფრო მაშინ, როდესაც აღნიშნული თანხები გადაწყვეტილებაში მითითებულ ანგარიშებზე აღარ ირიცხება, შესაბამისად, აღნიშნული ქონება კასატორთა მოსაზრებით, უნდა ამოირიცხოს სასარჩელო მოთხოვნიდან, რაც თავის მხრივ გამოიწვევს მოპასუხეთა სასარგებლოდ ბალანსის გაზრდას 600807 ლარამდე, ანუ 330114 აშშ დოლარამდე.

კასატორები თვლიან, რომ არასწორია სასამართლოს მსჯელობა მოპასუხეთა მიერ აბიტურიენტთა მომზადების ფაქტის დამადასტურებელი საფინანსო განყოფილების მიერ გაცემული ცნობების წარდგენის აუცილებლობის შესახებ, რამდენადაც მიაჩნიათ, რომ არცერთი სამართლის ნორმა არ ავალდებულებდათ მათ, შეენახათ მსგავსი სახის ცნობები, რომელთა მოპოვება არქივიდან შეუძლებელია სიძველისა და მათი განადგურების გამო. უფრო მეტიც, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21.6. მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, კასატორები თვლიან, რომ აბიტურიენტთა მიერ ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილები, წარმოადგენენ კანონიერი გზით მოპოვებულ მტკიცებულებას.

კასატორთა მოსაზრებით, ასევე კანონსაწინააღმდეგოა სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მ. ა-ის ქმედების შედეგად სახელმწიფოს მიადგა ზიანი, მაშინ, როდესაც სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მხოლოდ ქონების დაუსაბუთებლად ცნობა.

ასევე, კასატორები თვლიან, რომ სასამართლო არასაწორად დაეყრდნო გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გაცემულ ცნობას, რომლის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის ყველაზე მაღალშემოსავლიანი _ 0,5 პროცენტიანი ჯგუფის საშუალო თვიურ ხარჯებს შეადგენს 3000 ლარი, რამდენადაც, კასატორებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული დოკუმენტი არის ეკონომიკური პარამეტრების გათვლისათვის შექმნილი დოკუმენტი და არა იმის მტკიცებულება, თუ რა შემოსავლები გააჩნდათ მოპასუხეებს.

კასატორები თვლიან, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება რ. ბ-ასა და რ. ა-ის მიმართ სრულიად დაუსაბუთებელია. ასევე, დაუსაბუთებელია სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემული მსჯელობა იმის თაობაზე, რომ შპს “გ-ის” დასკვნას, ასევე ინდ. საწარმო “დ. წ-ის” მიერ გაცემულ ცნობას რ. ბ-ას მიერ თვეში 700-800 აშშ დოლარის მიღების თაობაზე არ იზიარებს და არ ცნობს სათანადო მტკიცებულებად, მაშინ, როცა სასამართლომ სრულად გაიზიარა იმავე აუდიტორული დასკვნის საფუძველზე ის გარემოება, რომ მ. ა-ემ შპს “კ-ში” მუშაობისას- 16934 ლარი, ფირმა “ლ-ში” თვეში 110 ლარი, საგადსახადო ინსპექციაში 5850.76 ლარი, “ე-ში” 391 ლარი და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში 29730 აშშ დოლარი მიიღო.

გარდა ამისა, სასამართლომ ერთ შემთხვევაში ცნო სხვადასხვა ფირმებისაგან თუ დაწესებულებებიდან წარმოდგენილ სუბიექტთა დასკვნები ისე, რომ არ მოუთხოვია მათთვის თანხების დაკავებისა და სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, ხოლო ინდ. მეწარმე “დ. წ-ის” შემთხვევაში ამგვარი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულოდ მიიჩნია, რის გამოც კასატორთა მოსაზრებით, სასამართლოს დასკვნები წინააღმდეგობრივია.

კასატორები თვლიან, რომ სრულიად დაუსაბუთებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილება თ. ა-ის კუთვნილი ავტომანქანა “შკოდას” და შპს “ს-ში” არსებული 54%-იანი წილის, აგრეთვე, რ. ა-ისათვის კუთვნილი, ... ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის დაუსაბუთებელ ქონებად მიჩნევის ნაწილში, რამდენადაც რ. ა-ის შემოსავლები საკმარისი იყო ამ ქონების შესაძენად.

კასატორებს მიაჩნიათ, რომ უკანონოა სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეთათვის ექსპერტთა სასარგებლოდ 800 ლარის დაკისრების ნაწილშიც, რადგან ექსპერტიზას საერთოდ არ დაუთვალიერებია ... არსებული მიწის ნაკვეთი, ... უძრავი ქონება და მხოლოდ საქმეში არსებული მასალების საფუძველზე იქნა დადგენილი მათი ქონებრივი ღირებულება. ასევე, ... ქუჩაზე მდებარე ბინისა და ... ქუჩაზე არსებული სახლების ღირებულების დადგენისას ექსპერტთა მიერ გამოყენებულ იქნა კოეფიციენტები, რომლებიც კასატორთათვის უცნობია, კერძოდ, არ არის მითითებული ექსპერთტა მიერ ნორმატიული ბაზა, რომელსაც ემყარებოდა მათი დასკვნა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21.5 მუხლის საფუძველზე კასატორები თვლიან, რომ მ. ა-ე არ წარმოადგენს თანამდებობის პირს და სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო არასათანადო მოპასუხის მიმართ.

გარდა ამისა კასატორებს, 2005წ. “ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ” კანონის, მე-5-ე და მე-6-ე მუხლის საფუძველზე მიაჩნიათ, რომ სადავო უძრავი ქონება ლეგალიზებულია, ხოლო ამავე კანონის 4.1. მუხლის შესაბამისად, შესრულებულად ითვლება ყველა ის საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებები, რომლებიც 2004წ. 1 იანვრამდე იქნა წარმოშობილი და შეუსრულებელი.

2005წ. 11 ივლისს კასატორთა მიერ წარმოდგენილი იქნა განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით რომლიდანაც ირკვევა, რომ კასატორთა მიერ “ამნისტიისა და არადეკლალირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ” კანონით გათვალისწინებული 1%-იანი ერთჯერადი გადასახადი გადახდილ იქნა.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ვ. ხ-ამ უარი თქვა სარჩელის მოთხოვნაზე შემდეგ ნაწილში: ა) მცხეთის რაიონის სოფ. მუხათწყაროში არსებული მიწის ნაკვეთის ¹...... ბ) საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, მდებარე დიდი ლილოს საკრებულოს სოფ. ......-ში და გ) თ. ა-ის 54% _ წილის შპს “ს-ში”, დ) რ. ა-ის მიწის ნაკვეთის /მდებარე გარდაბნის რაიონში, სოფ. ......-ში/ ღირებულების ნაწილში და ე) სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში რ. ბ-ას საცხოვრებელი სახლი დუშეთის რაიონში, სოფ. .... დანარჩენ ნაწილში მხარი დაუჭირა სარჩელს და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. ა-ის, რ. ბ-ას, თ., ნ. და რ. ა-ეების საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 13 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში, საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორის ვ. ხ-ას სარჩელის შემდეგ მოთხოვნებზე: ა) მცხეთის რაიონის სოფ. .....… არსებული მიწის ნაკვეთის ¹...... ბ) საკარმიდამო მიწის ნაკვეთის, მდებარე საკრებულოს სოფ. .....… გ) თ. ა-ის 54%-ის შპს “ს-ში” დ) რ. ა-ის მიწის ნაკვეთის /მდებარე გარდაბნის რაიონში, სოფ. ...../ ღირებულების ნაწილში და ე) სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში _ რ. ბ-ას საცხოვრებელი სახლი დუშეთის რაიონში, სოფ. ..., მითითებულ ნაწილში უნდა შეწყდეს საქმის წარმოება სარჩელზე უარის თქმის გამო, სარჩელის დანარჩენ დაუკმაყოფილებელ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად, როგორც არსებითად სწორი, ხოლო საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორის ვ. ხ-ას სარჩელი დანარჩენ ნაწილში დაუბრუნდეს ხელახლა განსახილველად სასამართლოს და საქმე განსჯადობის შესაბამისად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია სსსკ-ის 393.2. ა) ბ) და 394 “ე” მუხლები, კერძოდ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით სრულიად დაუსაბუთებელია, რის გამოც შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა რა მოსარჩელის _ საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის ვ. ხ-ას მიერ მხარის საპროცესო უფლების დისპოზიციურობის პრინციპზე რეალიზაციის, კერძოდ, სარჩელის რიგ მოთხოვნებზე უარის თქმის მართლზომიერება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 3.2. მუხლის შესაბამისად, თვლის, რომ მითითებული არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, ვინაიდან საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ქონება: ა) მცხეთის რაიონის სოფ. ....... არსებული მიწის ნაკვეთი ¹..... , ბ) საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, მდ. ..... საკრებულოს სოფ. ..., გ) თ. ა-ის 54% წილი შპს “ს-ში” დ) რ. ა-ის მიწის ნაკვეთი /მდებარე გარდაბნის რაიონში, სოფ. .../ მოპასუხეთა საკუთრებაში იმყოფებოდა იმ პერიოდამდე, ვიდრე მ. ა-ე თანამდებობის პირი გახდებოდა, ხოლო რ. ბ-ას სახელზე, დუშეთის რაიონის სოფ. ...… მდებარე მიწის ნაკვეთის და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი შესაბამისად, არ არსებობს ამ ქონების ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII2 თავის ნორმებით გათვალისწინებული _ ქონების დაუსაბუთებლად და უკანონოდ მიჩნევის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც მოსარჩელის მიერ ამ ნაწილში სარჩელზე უარის თქმა ეფუძნება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და მოთხოვნის საფუძვლიანობის შესაძლებლობის ობიექტურ შეფასებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ ნაწილში სსკ-ის 272 “გ” მუხლის საფუძველზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, სარჩელზე უარის თქმის გამო.

სარჩელის დანარჩენ დაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრებულ გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისას საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსსკ-ის 407.2. მუხლის მიხედვით წარმოდგენილია დასაბუთებული და დამატებითი საკასაციო პრეტენზია, რის გამოც სასამართლოს მიერ დადასტურებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები ვერ იქნება სავალდებულო საკასაციო სასამართლოსთვის, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო კოლეგიის მიერ უხეშად არის დარღვეული მოქმედი საპროცესო სამართლის _ სსსკ-ის 105.2. მუხლის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცემულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, მოცემული საქმის განხილვისას სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის მასალები, დადგენილად მიჩნეული გარემოებები არ პოვებს დადასტურებას შესაბამისი მტკიცებულებებით, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს კი არ მიეცა ობიექტური შეფასება, შესაბამისად, სასამართლოს დასკვნები სრულიად დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე _ სამართლებრივი თვალსაზრისით.

სასამართლო კოლეგიამ სადავო ქონება მიიჩნია დაუსაბუთებლად და უკანონოდ, ისე, რომ არ გამიჯნა /მით უფრო, არც მოსარჩელეს მოსთხოვა გარკვევით მიეთითებინა მოთხოვნის საფუძველი/ რომელი მათგანი მიაჩნდა უკანონოდ და რომელი დაუსაბუთებლად, რამდენადაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 215 მუხლის ე) და ვ) პუნქტების თანახმად, მითითებული ტერმინები დამოუკიდებლად არის დეფინირებული და ამგვარი კვალიფიკაციის, ანუ ქონების უკანონოდ ან დაუსაბუთებლად ცნობის შემთხვევაში სასამართლომ უნდა დაასაბუთოს, თუ რაში მდგომარეობს “უკანონო ქონების” შემთხვევაში სადაო ქონების ან ასეთისგან მიღებული შემოსავლის, აქციების (წილის) კანონის მოთხოვნათა დარღვევით მოპოვების, ხოლო “დაუსაბუთებელი ქონების” შემთხვევაში _ თუ რაში მდგომარეობს სადავო ქონების კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტების არარსებობა ან უკანონო ქონების გასხვისების შედეგად მიღებული ფულადი სახსრებით მისი შეძენა, მითუმეტეს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 216.1 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში ცნობს ქონებას უკანონოდ, თუ დადგინდება, რომ სადავო ქონება ან მათი შეძენისთვის საჭირო საშუალებები მოპოვებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევის შესაბამისად.

სასამართლო კოლეგიამ ისე გამოიყენა ზემომითითებული კანონის ნორმა, რომ არ დაასაბუთა, თუ რაში გამოიხატა მისი შეფარდების მართებულობა, კერძოდ, რომელი მატერიალური სამართლის ნორმის დარღვევის საფუძველზე იქნა მოპოვებული სადავო ქონება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლო ერთობლიობაში არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებები, შესაბამისად, გამოტანილ იქნა ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნები, რითაც დარღვეულია სსსკ-ის 249.4. მუხლის იმპერატიული მოთხოვნა _ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების, მტკიცებულებების, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებების, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას, მითითების სავალდებულობა.

სასამართლომ არ გამოიკვლია ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, როგორიცაა სადაო ქონების მოპასუხეთა საკუთრებაში შეძენის პერიოდი _ ემთხვევა თუ არა მოპასუხე მ. ა-ის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს, ანუ ქონების შეძენა დაკავშირებულია თუ არა მისი თანამდებობაზე ყოფნის ფაქტთან, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ინკრიმინირებულ დანაშაულთან, რამდენადაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37I მუხლის საფუძველზე პროკურორის სარჩელის აღძვრის წინაპირობას წარმოადგენს პროკურორის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბრალდებული თანამდებობის პირის მფლობელობაში არსებული ქონება შესაძლებელია იყოს მოპოვებული ამ კოდექსის 44.47. მუხლში მითითებული დანაშაულის ჩადენის შედეგად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პროკურორის სარჩელი უნდა ეფუძნებოდეს სწორედ იმ გარემოებას, რომ სადავო ქონების სამოხელეო დანაშაულის ჩადენის შედეგად მოპოვების შესაძლებლობის საფუძვლიანი ეჭვი არსებობს და მოთხოვნა არ შეიძლება ვრცელდებოდეს ყველა იმ ქონებაზე, რომელიც გააჩნია ბრალდებულს, სასამართლო კოლეგიას დანაშაულის ჩადენისა და სადავო ქონების მოპოვებას შორის ურთიერთკავშირის თაობაზე საერთოდ არ უმსჯელია.

სასამართლო კოლეგიამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები, რათა კანონიერი გადაწყვეტილების დადგენის მიზნით მოეპოვებინა შესაბამისი მტკიცებულებები. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს მთითებული ნორმებით მინიჭებულ უფლებამოსილებით და მოიპოვოს მტკიცებულებები, მათ შორის, მ. ა-ის 1997 წლიდან შევსებული დეკლარაციები (საქმეში მხოლოდ ბოლო 3 წლის დეკლარაციებია წარმოდგენილი), რათა გამოირკვეს, რა ქონების მფლობელი იყო მოპასუხე თანამდებობის დაკავებამდე.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლომ საქმის განხილვისას ობიექტურად და სრულყოფილად არ გამოიკვლია ერთ-ერთი მტკიცებულების _ ექსპერტიზის დასკვნის და სასამართლო სხდომაზე მიღებული ექსპერტთა ჩვენებების უტყუარობა, სამართლებრივი შეფასება არ მისცა მას, უკრიტიკოდ იქნა გაზიარებული იმის საფუძველზე დაანგარიშებული ოდენობის მიხედვით დაადგინა ქონების ღირებულება, მაშინ, როცა, დასკვნაში მითითებულია, რომ ზოგიერთი მიწის ნაკვეთი საერთოდ არ იქნა დათვალიერებული, რის გამოც გაურკვეველია რა მასალების საფუძველზე იქნა შეფასებული ქონება.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა არაერთგზის აღნიშნა, რომ დროში იყვნენ შეზღუდული და 3 დღის ვადაში დასკვნა უნდა ჩაებარებინა, რომ ასეთი მითითება მოდიოდა ცენტრის დირექტორისგან.

სასამართლომ არ შეამოწმა, რამდენად მიუკერძოებელი და ობიექტური იყო ექსპერტი სადავო ქონების ღირებულების დადგენისას, ასევე, უკრიტიკოდ იქნა გაზიარებული ექსპერტ გ-ის დასკვნა ავტომანქანის ღირებულების თაობაზე, მაშინ, როცა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა დაადასტურა, რომ ვერ შეამოწმა ავტომანქანის ძვრის მდგომარეობა, რადგან გაშვება ვერ მოხერხდა, “აკუმულატორი არ იყო, მითხრეს ვინც მოყვა მანქანას _ მუშაობს ყველაფერიო” ამასთან, უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიჩნეულ იქნა ავტომანქანის საბაზრო ღირებულება დღეის მდგომარეობით.

სასამართლო კოლეგიამ სხდომაზე დაკითხა მოწმე ა. კ-ი, თუმცა მის ჩვენებას, როგორც მტკიცებულებას, შეფასება არ მისცემია, ისევე, როგორც საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს მოპასუხისთვის სესხის დაბრუნების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ მითითებულ მტკიცებულებებს უნდა მისცეს ყოველმხრივი და ობიექტური შეფასება იმის უტყუარობაში დაურწმუნებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების საფუძველზე მოიპოვოს შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლო კოლეგიამ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უკანონო და დაუსაბუთებელ ქონებად მიიჩნია მოპასუხე რ. ა-ის (მ. ა-ის და) საკუთრებაში, დღეის მდგომარეობით გასხვისებული გარდაბნის რაიონის სოფ. ...... მდ. მიწის ნაკვეთისა და სახლის საბაზრო ღირებულება 140732 ლარი, ისე, რომ არ შეაფასა მიწის ნაკვეთის გადაცემის საფუძველი _ სოფ. ... საკრებულოს 1992წ. 28.05. ¹4 დადგენილებას, რომელიც დაედო საფუძვლად 1998წ. 15.08. მიწის საკუთრებაში გადაცემას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული უძრავი ქონების ღირებულების განსაზღვრა დღეისთვის არსებული საბაზრო ღირებულებით და ამ ღირებულების ოდენობის თანხის მიჩნევა უკანონო და დაუსაბუთებელ ქონებად ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII2 თავის ნორმებით დადგენილ მოთხოვნებს, რამდენადაც სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს სადავო ქონების არა ამჟამინდელი (საქმის განხილვის მომენტში) ღირებულება, არამედ, მისი შეძენის მომენტში არსებული ღირებულება და ერთობლიობაში მისცეს შეფასება შეძენის მომენტში ქონების ლეგალური შემოსავლებით შეძენის შესაძლებლობებს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება არ წარმოადგენს დროში მყარად დადგენილ ოდენობას, რამდენადაც იგი იცვლება ქვეყანაში არსებული ეკონომიკური, ფინანსური ვითარების და ინფლაციური პროცესების შესაბამისად, მით უფრო, მითითებული ქონება ა-ის საკუთრებაში იმყოფება 1998 წლიდან, ხოლო საბაზრო ღირებულების დადგენა მოხდა 2005წ. მდგომარეობით, მითითებულ ქონებასთან დაკავშირებით სასამართლომ არ გამოიკვლია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2000წ. 6 ივნისს რ. ა-ემ მშენებარე სახლის და მიწის ნაკვეთის ¼ _ 0,03 ჰა მიყიდა მ. ბ-ეს, სასამართლოს ასევე არ გამოუკვლევია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილი, 27.06.2000წ. გაცემულ ამონაწერის და ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, სოფ. ..... მდ. მიწის ნაკვეთის წილი და მასზე მდებარე დაუსრულებელი საცხოვრებელი სახლის ½ აღარ იმყოფება რ. ა-ის საკუთრებაში, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით 2000 წლიდან სხვის საკუთრებაში მყოფი ქონების დღევანდელი მდგომარეობით საბაზრო ღირებულების მოპასუხის უკანონო და დაუსაბუთებელ ქონებად მიჩნევა სრულიად ეწინააღმდეგება მოქმედი სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის მოთხოვნებს და მოკლებულია სამართლებრივ ლოგიკას. მაშინ, როცა ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, რ. ა-ეს ზემომითითებული წილის გაყიდვის ნიადაგზე მიღებული აქვს შემოსავალი 5000 ლარის ოდენობით, მითუმეტეს, რომ მითითებული სანოტარო წესით დადებული ხელშეკრულება, მათ შორის, დაფიქსირებული თანხის ოდენობა სადაოდ არავის გაუხდია.

საკასაციო სასამართლო სრულიად დაუსაბუთებლად მიიჩნევს I ინსტანციის სასამართლოს გამოტანილ დასკვნას მ. ა-ის ქმედების შედეგად სახელმწიფოსათვის მატერიალური ზიანის მიყენების თაობაზე, მაშინ, როცა ამგვარზე არ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და იგი არ წარმოადგენდა განსახილველი დავის საგანს, შესაბამისად, გაურკვეველია, რა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით გამოიტანა სასამართლომ ამგვარი დასკვნა, რაში გამოიხატა ზიანის მიყენების ფაქტი.

ასევე, დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საშუალოდ ერთ შინამეურნეობაზე ოჯახის ხარჯები შეადგენდა თვეში 3000 ლარს, რის საფუძველზეც დაუსაბუთებულად მიიჩნია მ. ა-ის მიერ შეძენილი სადავო ქონება. მითითებული მსჯელობა სრულიად მოკლებულია სამართლებრივ ლოგიკას, ვინაიდან გაურკვეველია, რა კონტექსტში მიუთითა სასამართლომ სტატისტიკის დეპარტამენტის გაანგარიშებაზე მ. ა-ის სადავო ქონებასთან მიმართებაში.

სასამართლო ასევე უთითებს, რომ მოპასუხე მ. ა-ემ სასამართლოს ვერ წარუდგინა ქონების შეძენისათვის საჭირო ფინანსური საშუალებების კანონიერი გზით მოპოვების, ხოლო რიგ შემთხვევებში ამ ქონებაზე კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლოს აღნიშნული დასკვნა არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან. სასამართლომ საერთოდ არ შეაფასა საქმეში მოპასუხის მიერ წარმოდგენილი, მისი ლეგალური შემოსავლების ამსახველი მტკიცებულებები, მათ შორის, ხელფასი, ჰონორარები, სესხის დაბრუნების ხელწერილი /რომელთა ნამდვილობა სადავოდ მოსარჩელეს არ გაუხდია, არ აღუძრავს რა შუამდგომლობა სსკ-ის 137-ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა ამორიცხვის თაობაზე/.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სასამართლო კოლეგიის მსჯელობას გადასახადების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობის თაობაზე, მით უფრო ისე, რომ ვერ მიუთითა, თუ რომელი მატერიალური სამართლის ნორმა ავალდებულებდა მოქალაქეებს, შეენახათ ამგვარი მტკიცებულებები, ამდენად, აბიტურიენტთა ხელწერილების მტკიცებულებებად არ მიჩნევა, ფაქტობრივად იგნორირება, სრულიად კანონშეუსაბამოა, მტკიცებულებათა ნამდვილობის შემოწმებისას სასამართლომ უნდა გამოიყენოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილება და მიიღოს მოწმეთა ჩვენებები საქმის გარემოებების ობიექტურად გამოკვლევის მიზნით.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ ობიექტურად და სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს მითითებული მტკიცებულებები, დააჯამოს ლეგალური შემოსავლების ოდენობა და მისცეს სამართლებრივი შეფასება, შესაძლებელი იყო თუ არა კანონიერი საშუალებებით სადავო ქონების შეძენა.

საკასაციო სასამართლო სრულიად არამართლზომიერად მიიჩნევს სასამართლოს მსჯელობას და დასკვნას საბანკო ანგარიშებიდან გამოტანილი თანხების მოპასუხის მფლობელობაში ყოფნის თაობაზე /”შესაძლებელია გამოყენებულია მოპასუხის ნების შესაბამისად გარკვეული მიზნით, რის მიუხედავად თანხის გადახდის დაკისრება მაინც აუცილებელია სახელმწიფოს სასარგებლოდ”/, ამასთან, ამგვარი გადაწყვეტილება საპროცესო კოდექსის VII2 ნორმებთან სრულიად შესაბამისობის შესახებ ზოგადი მითითება ეწინააღმდეგება მართლმსაჯულების განხორციელების უმნიშვნელოვანეს პრინციპს, სადავო სამართალურთიერთობისათვის სამართლის ნორმების შეფარდების და დასაბუთების ვალდებულებას.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს მოპასუხეთა სახელზე დეკლარაციებში მითითებული და საბანკო ანგარიშებზე რიცხული თანხები /რომელთა ნაწილი მეანაბრეთა მიერ გატანილ იქნა ბანკებიდან 2004წ. I-VI თვეში [მ. ა-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 2004წ. 15.07, ანუ მოსარჩელეს ჰქონდა შესაძლებლობა, რიგ ანგარიშებზე დაედო ყადაღა, თუმცა ამგვარი საპროცესო ღონისძიება გამოყენებულ იქნა მხოლოდ 2004წ. 9 დეკემბერს “ქ-უ” ბანკში მ. ა-ის ორ ანგარიშზე არსებული 426 ლარის და 10410 აშშ დოლარის მიმართ] იმყოფება თუ არა მოპასუხეთა მფლობელობაში, ამგვარის არდადგენის შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII2 თავის ნორმებზე დაყრდნობით მოპასუხეთათვის თანხის გადახდის დაკისრება არამართლზომიერია.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37I მუხლის მიხედვით პროკურორის სარჩელის საგანს წარმოადგენს ბრალდებული თანამდებობის პირის მფლობელობაში არსებული ქონება, აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზე უნდა იყოს სადავო ქონების მფლობელობის ფაქტი, რაც მტკიცების საგანს წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან მფლობელობა წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივ ინსტიტუტს, სკ-ის 155.1. მუხლის მიხედვით, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნების მოპოვებით, ხოლო ამავე კოდექსის 156-ე მუხლის მიხედვით, მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს ან სხვა გზით კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას. მფლობელობის შეწყვეტა გულისხმობს ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის შეწყვეტას, იმის მიუხედავად, თუ როგორია მფლობელობაზე უფლების ხანგრძლივობა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, თანხის რა ოდენობა იქნა გახარჯული და რა ოდენობა იმყოფება მათ მფლობელობაში, ანუ დაადგინოს მფლობელობის ფაქტი; ასევე, გამოიკვლიოს მოპასუხეთა მფლობელობაში არსებული თანხების ოდენობა თანაზომიერია თუ არა მათსავე ლეგალური შემოსავლების ოდენობასთან.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათზე, კერძოდ, სასამართლომ არ გაიზიარა ი/ს “დ. წ-ის” მიერ გაცემული ცნობა რ. ბ-ას მიერ თვეში 700-800 აშშ დოლარის შემოსავლის მიღების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს არ წარედგინა ცნობა _ საგადასახადო ორგანოების მიერ გადასახადების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, მაშინ, როცა ამგვარი მტკიცებულება არ მოუთხოვია მ. ა-ის შპს “კ-ან”, ფირმა “ლ-ან” და სხვ. და არ გამოუკვლევია, ამ ორგანიზაციების მიერ იქნა თუ არა თანხები დაკავებული და ბიუჯეტში გადარიცხული.

საქმის ხელახლა განხილვისას ზემომითითებულს სასამართლომ უნდა მისცეს შეფასება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 216.2 მუხლით დადგენილთან, რამდენადაც კანონმდებელი მოპასუხეს ავალდებულებს წარუდგინოს სასამართლოს ქონების ან ამ ქონების შეძენისათვის საჭირო ფინანსური საშუალებების კანონიერი გზით მოპოვების ან ამ ქონებაზე კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონის ნორმა მოპასუხეს ავალდებულებს, წარადგინოს არა მითითითებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთ-ერთი მათგანი.

საკასაციო სასამართლო ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს რ. ა-ის საკუთრებაში ...... ქ. მდინარე ბინის ჩამორთმევის ნაწილში გადაწყვეტილებას, ფაქტობრივი გარემოებების გამოურკვევობის და დაუსაბუთებლობის გამო. სასამართლომ ობიექტური შეფასება უნდა მისცეს რ. ა-ის შემოსავლებისა და შეძენის მომენტში ქონების ლეგალური შემოსავლებით შეძენის შესაძლებლობას. მითითებული გარემოების გამოკვლევისას სასამართლომ შეფასება უნდა მისცეს რ. ა-ის სოციალურ მდგომარეობას, კერძოდ ქონების ჩამორთმევის შემთხვევაში, რ. ა-ე აღმოჩნდება თუ არა საცხოვრებელი ფართის არმქონე პირი, მით უფრო, რომ ექსპერტიზის დასკვნა ვერ იძლევა პასუხს, თუ რა მდგომარეობაში იყო ბინა შეძენის მომენტში, შესაბამისად, ბინის ღირებულების დადგენისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს არა დღევანდელი საბაზრო ღირებულებით, არამედ, იმ ფასით, რომელიც მის მიერ გადახდილი იქნა ნივთში და იმ ფასებით, რომელიც (ასეთის შემთხვევაში) მოხმარდა მის გაუმჯობესებას.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია მოპასუხის მოსაზრებაზე, რომ მ. ა-ე არ წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 215 მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს, “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის 2. მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა ნუსხაში არ ყოფნის მოტივით, საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ეს საკითხი, მით უფრო იმ ვითარებაში, როცა მოპასუხის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლის მიხედვით მის მიერ “ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების და ქონების ლეგალიზაციის შესახებ” 2005წ. 25.01 კანონის საფუძველზე გადახდილი იქნა გადასახადები, რაც მიღებული იქნა საგადასახადო ორგანოს მიერ, სასამართლოს მიერ გამოკვლეულ უნდა იქნეს მითითებული მტკიცებულებები, ამასთან, იმსჯელოს, ზემომითითებული რომელი კანონის სუბიექტს წარმოადგენს მოპასუხე, რამდენადაც, “ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების და ქონების ლეგალიზაციის შესახებ” კანონით გაკეთებულია დათქმა, თუ ვისზე და რომელ ქონებაზე არ ვრცელდება მისი მოქმედება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახეზეა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის სსსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნების სამართლებრივი საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, 214 მუხლებით, სსკ-ის 257-ე, 272-ე მუხლის „გ“ პუნქტით, 372-ე, 390-ე, 399-ე, 401-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ა-ის, რ. ბ-ას, თ., ნ. და რ. ა-ეების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ..

2. ა) გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 13 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ და რ. ბ-ას მიმართ სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში; ბ) სარჩელის დანარჩენ დაუკმაყოფილებელ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

3. საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორს ვ. ხ-ას სარჩელის მოთხოვნაზე: ა) მცხეთის რაიონის სოფ. ... არსებული მიწის ნაკვეთი ¹...... , ბ) საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, მდებარე ...-ოს საკრებულოს სოფ. ..., გ) თ. ა-ის 54%- წილის შპს „ს-ში”, დ) რ. ა-ის მიწის ნაკვეთის /მდებარე გარდაბნის რაიონში, სოფ. .../ ღირებულების ნაწილში და ე) სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში რ. ბ-ას საცხოვრებელი სახლი დუშეთის რაიონში, სოფ. ......, მითითებულ ნაწილში შეწყდეს საქმისწარმოება, სარჩელზე უარის თქმის გამო.

4. საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორის ვ. ხ-ას სარჩელი დანარჩენ ნაწილში დაუბრუნდეს ხელახლა განსახილველად სასამართლოს და საქმე განსჯადობის შესაბამისად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიას.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.