Facebook Twitter

¹3კ\948 10 იანვარი, 2001 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

თავმჯდომარე ბ. ხიმშიაშვილი

მოსამართლეები: მ. ახალაძე, ბ. კობერიძე (მომხსენებელი)

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 5 ივნისს მ. ხ-მა სარჩელი აღძრა მოპასუხე თბილისის ....-ე საშუალო სკოლის (ყოფილი ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის ¹..... საშუალო სკოლა) ადმინისტრაციისა და პროფკომიტეტის მიმართ.

მოსარჩელემ სარჩელს საფუძვლად დაუდო შემდეგი გარემოებები:

მ. ხ-ი 1987 წლის 2 დეკემბრიდან მუშაობდა თბილისის .....-ე საშუალო სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებლად. 1999 წლის 3 იანვარს მან გაიარა განმეორებითი ატესტაცია და მიენიჭა უმაღლესი კატეგორია.

თბილისის .....-ე საშუალო სკოლის დირექტორის 2000 წლის 30 მაისის ¹686 ბრძანებით მ. ხ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შრომის კანონთა კოდექსის საფუძველზე, რაც მოსარჩელემ მიიჩნია უკანონოდ.

მ. ხ-მა სარჩელით მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურებით.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. კერძოდ, მ. ხ-ი აღდგენილ იქნა თბილისის .....-ე საშუალო სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებლის თანამდებობაზე და მას აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი 2000 წლის 30 მაისიდან იმავე წლის 1 აგვისტომდე, საშუალო ხელფასის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება დაექვემდებარა დაუყოვნებლივ აღსრულებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ქ. თბილისის .....-ე საშუალო სკოლის დირექტორ რ. მ-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება.

საკასაციო საჩივრით ქ. თბილისის .....-ე საშუალო სკოლის დირექტორ რ. მ-ის ადვოკატმა ქ. ჭ-მა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც არ დაკმაყოფილდება მ. ხ-ის სარჩელი.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების გამოტანისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს სამუშაოდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ მუშაკის ორი თვით ადრე გაფრთხილებას, რომელიც უნდა დადასტურდეს მუშაკის ხელმოწერით.

კასატორი აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლი შეეხება მოსამასახურეების და მუშების გამოთავისუფლებას საწარმოებიდან, დაწესებულებებიდან, ორგანიზაციებიდან მუშაკთა რაოდენობის ან შტატების შემცირების გამო. კონკრეტულ შემთხვევაში კი მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლდა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ლ” პუნქტის თანახმად, რომელიც ითვალისწინებს იმ მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლებას ამორალური გადაცდომის ჩადენის გამო, რომელიც აღმზრდელობით ფუნქციებს ასრულებს და შეუფერებელია დაკავებულ თანამდებობასთან.

ამდენად, კასატორის განმარტებით, თბილისის .....-ე საშუალო სკოლის დირექტორს მ. ხ-ის სამუშაოდან გათავისუფლებისას საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლი არ დაურღვევია.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები და იზიარებს კასატორის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლი, რადგანაც აღნიშნული სამართლის ნორმა ითვალისწინებს სამუშაოდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ მუშაკის პერსონალურად გაფრთხილებას ორი თვით ადრე მაინც იმ შემთხვევაში, თუ მუშებს და მოსამსახურეებს სამუშაოდან გათავისუფლება ელით საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების საქმიანობის შეწყვეტის, მუშაკთა რაოდენობის ან შტატის შემცირების გამო.

კონკრეტულ შემთხვევაში კი მოსარჩელე მ. ხ-ი სამუშაოდან გაათავისუფლეს არა ზემოთ აღნიშნული საფუძვლით, არამედ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ლ” პუნქტის შესაბამისად, რაც ითვალისწინებს მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლებას მის მიერ ამორალური გადაცდომის ჩადენის გამო, რომელიც აღმზრდელობით ფუნქციებს ასრულებს და შეუფერებელია დაკავებულ თანამდებობისათვის.

ამდენად, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი, ე. ი. გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა კანონის დარღვევით, რაც მისი გაუქმების საფუძველია.

პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, უნდა დაკმაყოფილდეს მ. ხ-ის სარჩელი.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქ. თბილისის პროკურატურის 1999 წლის 9 ივლისის დადგენილებით თბილისის .....-ე საშუალო სკოლის ადმინისტრაციას უარი ეთქვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე მ. ხ-ის მიმართ, მის მიერ ქრთამის აღების შესახებ მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემადგენლობის არარსებობის გამო. აღნიშნული დადგენილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია. აქედან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მ. ხ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მოპასუხე დაწესებულების დირექტორის 2000 წლის 30 მაისის ¹686 ბრძანებაში უსაფუძვლოდ არის მითითებული თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთ მოტივად მ. ხ-ის გამომძალველობა.

პალატას მიაჩნია, რომ საქმის მასალებით არ არის დადგენილი მ. ხ-ის მიერ ამორალური გადაცდომის ჩადენა, რომელიც ასრულებს აღმზრდელობით ფუნქციებს და შეუთავსებელია მუშაობის გაგრძელებასთან.

ამდენად, თბილისის .....-ე საშუალო სკოლის დირექტორმა მ. ხ-ის თანმადებობიდან გათავისუფლების საფუძვლად არასწორად გამოიყენა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ლ” პუნქტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საკასაციო საჩივარი.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 3 ოქტომბრის განჩინება და გამოტანილ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

დაკმაყოფილდეს მ. ხ-ის სარჩელი.

გაუქმდეს თბილისის .....-ე საშუალო სკოლის დირექტორის რ. მ-ის 2000 წლის 30 მაისის ¹686 ბრძანება; მ. ხ-ი აღდგენილ იქნეს თბილისის .....-ე საშუალო სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებლის თანამდებობაზე და აუნაზღაურდეს იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი 2000 წლის 30 მაისიდან იმავე წლის 1 აგვისტომდე.

პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.