¹ 3კ/956-01 30 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,ქ. გაბელაია
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
ზ. ზ-ძე მუშაობდა ახალციხის სატყეო მეურნეობაში ტყის დაცვის ინჟინერად. ახალციხის სატყეო მეურნეობის ადმინისტრაციის 2001 წლის 9 იანვრის ბრძანებით იგი განთავისუფლდა სამუშაოდან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო.
ზ. ზ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ახალციხის სატყეო მეურნეობის მიმართ სამუშაოზე აღდგენის შესახებ იმ საფუძვლით, რომ მიუხედავად საპენსიო ასაკისა, იგი აბსოლუტურად შრომისუნარიანია, სამუშაოდან განთავისუფლება გამოიწვია მხოლოდ ადმინისტრაციის პირადი ინტერესით.
ახალციხის რაონული სასამართლოს 2001 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ-ძის განთავისუფლება მოხდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 50-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობდა მისი სამუშაოზე აღდგენის საფუძველი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ზ-ძემ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ზ. ზ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე ერთი თვით ადრე არ ყოფილა გაფრთხილებული სამსახურიდან მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ.
ახალციხის სატყეო მეურნეობის დირექტორი ს-ძე ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას. კასატორს მიაჩნია, რომ ზ. ზ-ძე განთავისუფლებულია სამსახურიდან კანონის მოთხოვნათა დაცვით.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ზ. ზ-ძე მიღწეული იყო “საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 52-ე მუხლის I-ლი ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს, რის გამო ახალციხის სატყეო მეურნერობის დირექტორს მოსარჩელის სამსახურიდან გასანთავისუფლებლად გააჩნდა ამ კანონის 101-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ზ-ძის სამუშაოდან განთავისუფლების დროს დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მოხელეს ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს განთავისუფლების შესახებ.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, სააპელაციო საჩივარში ზ. ზ-ძე მიუთითებს, რომ იგი მხოლოდ ერთხელ საერთო კრებაზე იქნა გაფრთხილებული მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ, შემდგომში წერილობითი გაფრთხილება არ მიუღია. სააპელაციო სასამართლოში ახალციხის სატყეო მეურნეობის დირექტორმა ნ. ს-ძემ განმარტა, რომ საპენსიო ასაკის გამო სამსახურიდან მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ გააფრთხილა ზ. ზ-ძე ახალციხის სატყეო მეურნეობის მოსამსახურეთა 2000 წლის 16 დეკემბრის კრებაზე.
საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მე-14 მუხლის თანახმად საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 422 მუხლი, რომლის თანახმად მუშაკს მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ უნდა ეცნობოს პერსონალურად ორი თვით ადრე მაინც. აღნიშნული შეტყობინება მუშაკმა უნდა დაადასტუროს ხელმოწერით.
“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის შესაბამისად მოხელეს ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს დაწესებულების ლიკვიდაციის, თანამდებობის შემცირების, ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან ასაკის გამო სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ.
ამავე მუხლის მიხედვით მუშაკის წერილობითი გაფრთხილება ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ, აუცილებელია განთავისუფლებამდე ორი კვირით ადრე მაინც. სხვა შემთხვევაში კანონმდებელმა არ ჩათვალა საჭიროდ მოხელის გაფრთხილება პერსონალურად წერილობითი ფორმით.
საქმის ხელახლა განხილვისას გაირკვეს, ახალციხის სატყეო მეურნეობის მოსამსახურეთა საერთო კრებაზე მოსარჩელე ნამდვილად გაფრთხილდა თუ არა საპენსიო ასაკის გამო სამსახურიდან მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ხალციხის სატყეო მეურნეობის დირექტორ ნ. ს-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.