გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3კ/963 9 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია, თ. კობახიძე
დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. პ-შვილმა სარჩელი შეიტანა სასამართლოში საქართველოს სტანდარტიზაციის მეტრალოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის “საქსტანდარტისა” და ამავე დეპარტამენტის კახეთის ტერიტორიული ორგანოს მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად გ. პ-შვილმა მიუთითა, რომ “საქსტანდარტის” თავმჯდომარის 2000 წლის 28 იანვრის ბრძანებით ავადმყოფობის გამო კალენდარული წლის მანძილზე სამსახურში ექვსი თვის გამოუცხადებლობისათვის განთავისუფლებულ იქნა დეპარტამენტის კახეთის ტერიტორიული ორგანოს ...ის თანამდებობიდან. სამსახურიდან განთავისუფლება არ ყოფილა შეთანხმებული პროფკავშირული ორგანიზაციასთან, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციას არ უცნობებია მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ.
მოპასუხემ არ ცნო სარჩელი იმ საფუძვლით, რომ გ. პ-შვილი სამსახურიდან განთავისუფლებულია 2000 წლის 28 თებერვლის ბრძანებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-100 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად.
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა გ. პ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა.
პალატის შემადგენლობის თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი დარჩა განსხვავებულ აზრზე.
საკასაციო საჩივრით “საქსტრანდარტის” თავმჯდომარე ჯ. მ-ძე ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს არასწორად განმარტა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო განთავისუფლების შესახებ მოხელეს წერილობით უნდა ეცნობოს გათავისუფლებამდე 2 კვირით ადრე მაინც.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შემთხვევაში, ამ კანონის 109-ე მუხლით გათალისწინებული კომპენსაციის გარდა მოხელეს ეძლევა ხელფასი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. რადგან კანონის მითითებული ნორმა არ ითვალისწინებს სამსახურიდან მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ გაუფრთხილებლობის შემთხევაში მოხელის სამუშაოზე აღდგენას, სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნდა გ. პ-შვილის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
სასამართლომ არასწორად გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც ადგენს, თუ რა პირობებშია შესაძლებელი მოხელის გაფრთხილების შემდეგ სამსახურიდან განთავისუფლებაზე უარის თქმა. ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო განთავისუფლების შესახებ გაფრთხილების შემდეგ საქსტანდარტის ხელმძღვანელობას არ განუცხადებია უარი მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლებაზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული ნორმის არასწორი გამოყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” პუნქტის თანახმად არის სამართლის ნორმის დარღვევა, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.
საქმის გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი. საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ასეთ პირობებში პალატას შესაძლებლად მიაჩნია საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
პალატა თვლის რომ გ. პ-შვილის საჯარო სამსახურიდან დათხოვნისას მოპასუხე ორგანიზაციას კანონი არ დაურღვევია და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი თავმჯდომარის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება და გამოტანილი იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
გ. პ-შვილის სარჩელი საქსტანდარტის მიმართ სამუშაოზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.