3კ/963-01 31 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,რ. ნადირიანი
კასატორის თხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ძ-შვილი მონაწილეობდა 1989 წლის 1 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართულ მშვიდობიან აქციაში. დარბევის შედეგად ტოქსიკური მომწავლელი აირით მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება და მკურნალობდა ჯანდაცვის სამინისტროს ტოქსიკოლოგიური დიპანსერის სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრში. ნ. ძ-შვილი 2001 წლის 7 იანვარს გარდაიცვალა გულის შეტევით.
ნ. ძ-შვილის მეუღლემ ლ. მ-ძემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა გარდაცვლილი მეუღლის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ცნობა და იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა, რომ იგი შვილებთან ერთად არის რეპრესირებული ოჯახის წევრი.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ლ. მ-ძემ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით, იმ მოტივით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი, აგრეთვე, სსსკ-ის 316-ე მუხლი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 22 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ნ. ძ-შვილი არის 1989 წლის 9 აპრილს გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებული. აღნიშნულ საკითხს არეგულირებს სპეციალური კანონი და მასზე არ შეიძლება გავრცელდეს საქართველოს კანონი “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ”.
საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს აღნიშნული განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის II, III, IV ნაწილები; არასწორად განმარტა საქართველოს კანონი “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” და საქართველოს კანონი “ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ”.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საოლქო სასამართლოს მიერ დამტკიცებულია, რომ კასატორის მეუღლე იყო 1989 წლის 9 აპრილს გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებული და მასზე უნდა გავრცელდეს სპეციალური კანონი, რომელიც ითვალისწინებს მოვლენის შედეგად დაზარალებულთა სოციალური დაცვის გარანტიებს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ 1997 წლის 11 დეკემბრის საქართველოს კანონი “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” ადგენს პოლიტიკური რეპრესიის და პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის ცნებას და არეგულირებს მსხვერპლად აღიარების წესსა და სოციალური დაცვის გარანტიებს. აღნიშნული კანონის მეორე მუხლში მოცემულია პოლიტიკური რეპრესიის დეფინიცია, რომლითაც პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა (სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება და სხვ.), რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან. პოლიტიკურ რეპრესიად მიჩნევა, აგრეთვე, ამავე კანონის მე-4 მუხლში ჩამოთვლილი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული იძულების ფორმები. ამდენად, სასამართლომ განმცხადებელს სწორად უთხრა უარი რეპრესირებულად ცნობაზე, რადგან საქმეში არსებული მასალები არ აკმაყოფილებს მითითებული კანონის მე-2 და მე-4 მუხლის მოთხოვნებს და მასზე ვრცელდება საქართველოს კანონი “ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოკიდებულების მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ”. ეს კანონი არ ითვალისწინებს აქციის მონაწილეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 22 ივნისის განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა და იგი დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 22 ივნისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეს.