Facebook Twitter

¹ 3კ/965-01 31 დეკემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი

სარჩელის საგანი: გადაზიდვის და იჯარის თანხის გადახდა.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 22 მარტს შპს “ლ-მ” მოპასუხე რფ სს “რ.-ის” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხის მომართვის საფუძველზე 1998 წლის მარტში მოპასუხესთან გააფორმა ხელშეკრულება ქ. ფოთიდან თბილისამდე ტვირთის ავტოტრანსპორტით გადაზიდვის შესახებ. სატრანსპორტო მომსახურების თანხამ შეადგინა 2400 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარებში, რაც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ანგარიშის წარდგენიდან 3 დღის ვადაში.

შეთანხმებისამებრ გადაზიდვა შესრულდა და ანგარიში წარდგენილი იქნა 1998 წლის 23 მარტს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დღემდე შეუსრულებელია და 3125 ლარი გადაუხდელი.

1998 წლის 28 თებერვალს მხარეებს შორის ასევე გაფორმდა ხელშეკრულება საკნის იჯარაზე, რომლის გადასახადი თვეში შეადგენდა 400 აშშ დოლარს. საკანი დაკავებულ იქნა მოპასუხის მიერ 1998 წლის მარტიდან 1999 წლის 1 იანვრამდე, საკნის გადასახადმა შეადგინა 4000 აშშ დოლარი.

მოსარჩელემ მოითხოვა ზემოთმითითებული თანხების მოპასუხისათვის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ექსპედიციის და იჯარის ხელშეკრულებები მოტყუებით დაიდო.

ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე რფ სს “რ.-ს” შს “ლ.-ს” სასარგებლოდ დაეკისრა 6400 აშშ დოლარის გადახდა ეროვნულ ვალუტაში გადახდის დროისათვის არსებული კურსის მიხედვით.

სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეებს ექსპედიციის და იჯარის ხელშეკრულებებით წარმოეშვათ ვალდებულებები, რომელიც არ შეასრულა რფ სს “რ.-მ”. მოპასუხის მტკიცება იმის შესახებ, რომ იგი გამოვიდა ხელშეკრულებიდან და ამის გამო ვალდებული არ იყო შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, სასამართლომ არ გაიზიარა, რადგან მოპასუხეს მოსარჩელისათვის _ შპს “ლ.-სათვის” უშუალოდ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ არ განუცხადებია. ამასთან, ხელშეკრულებიდან გასვლა დაიშვებოდა საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე და არა მას შემდეგ, რაც შპს “ლ.-მ” შეასრულა ნაკისრი ვალდებულება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 11 მაისის განჩინებით რფ სს “რ.-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1998 წლის 5 მარტის ხელშეკრულების შესაბამისად შპს “ლ.” კისრულობდა ვალდებულებას, შეკვეთის შესაბამისად მოეხდინა საექსპედიტორო მომსახურება, ხოლო შემკვეთი რფ სს “რ.-ი” ვალდებული იყო, თანხის გადახდა მოეხდინა არაუმეტეს სამი დღისა ანგარიშის წარდგენიდან. შპს “ლ.-მ” შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, სატრანსპორტო ხარჯებმა შეადგინა 2400 აშშ დოლარი, რაც ხელშეკრულების შესაბამისად მოპასუხეს უნდა გადაეხადა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 1998 წლის 28 თებერვალს გაფორმებულ იქნა ხელშეკრულება საკნის იჯარაზე თვეში 400 აშშ დოლარის გადახდით. ხელშეკრულების შესაბამისად მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. დავალიანებამ შეადგინა 4000 აშშ დოლარი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის და 361-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხე ვალდებული იყო, შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება და გადაეხადა სარჩელით მოთხოვნილი თანხები.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ აპელანტის მოთხოვნას, 1998 წლის 5 მარტს დადებული სატრანსპორტო მომსახურების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, სასამართლო ვერ დააკმაყოფილებდა, რადგან ეს მოთხოვნა მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ დაუყენებია შეგებებული სარჩელის სახით, ხოლო სააპელაციო სასამართლოში დავის შეცვლა ან გადიდება დასაშვებია მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის თანხმობით ან იმ შემთხვევაში, თუკი სააპელაციო სასამართლო ამას მიზანშეწონილად ჩათვლის. მოწინააღმდეგე მხარეს თანხმობა აღნიშნულზე არ მიუცია, სააპელაციო სასამართლომ კი მიზანშეწონილად არ ჩათვალა სააპელაციო საჩივრის განხილვის დროს ამ მოთხოვნის განხილვა, რადგან აღნიშნულზე მხარეს შუამდგომლობა არ დაუყენებია სათანადო წესით.

2001 წლის 26 ივლისს რფ სს “რ.-მ” საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით:

1. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “დ” და “ე” პუნქტები. საქმის განხილვა მიმდინარეობდა მოსამართლის სამუშაო ოთახში, სადაც არ შეუშვეს მისი თანმხლები პირები. მისი მოსაზრებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადავო ხელშეკრულების ბათილობის განუხილველობასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია. სასამართლოს სრული შესაძლებლობა ჰქონდა, მისი მოთხოვნის შესაბამისად ემსჯელა ხელშეკრულების ბათილობასთან დაკავშირებით, რადგანაც ამის შესახებ არსებობდა მისი მოთხოვნა, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ სათანადო დასაბუთების გარეშე არ განიხილა იგი.

2. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლის შესაბამისად მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ აპელანტი ამას მოითხოვდა.

3. კასატორს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების ბათილად არცნობის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა საწყობში წვიმის ჩასვლის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობის პროპორციულად დავალიანების შემცირებაზე.

4. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევით გადაწყვეტილება არ შეამოწმა სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სრულყოფილად, ასევე დაარღვია ამავე კოდექსის 383-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილის მოთხოვნები.

კასატორმა საკასაციო საჩივარში ასევე მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იმ დარღვევებზე, რომლებიც მისივე განმარტებით, შეიძლება სასამართლოს შეცდომად ჩაითვალოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად კი გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული. გადაწყვეტილების იურიდიულად დაუსაბუთებლობა საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს და გადაწყვეტილების აუცილებელ გაუქმებას იწვევს.

პალატის მოსაზრებით, მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების დაუსაბუთებლობა გამოიხატება სააპელაციო სასამართლოს იმ მოსაზრებაში, რომ სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნა, რომელიც მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის სახით არ დაუყენებია, ხოლო სააპელაციო სასამართლოში მხარის მიერ ამ საკითხზე შუამდგომლობა სათანადო წესით დაყენებული არ ყოფილა, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდებოდა.

საქმეში წარმოდგენილ შესაგებელში, სააპელაციო და დამატებით სააპელაციო საჩივარში, მითითებულია სადავო ხელშეკრულების მოტყუებით დადებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ არის მოწინააღმდეგე მხარის წერილიც, რომ რფ სს “რ.-ის” წარმომადგენელი იურისტია და მას ვერავინ მოატყუებდა.

აქედან გამომინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ხელშეკრულებების ბათილობის საკითხი მოპასუხეს, როგორც პირველი ინსტანციის, ისე მეორე ინსტანციის სასამართლოში, დაყენებული ჰქონდა.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების ბათილად ცნობის საკითხის გადაწყვეტა ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების მოთხოვნის დროს შეგებებული სარჩელის წარდგენის გარეშეც ხდება. გარიგების ბათილობა მატერიალური სამართლის ნორმაა და სასამართლო მატერიალურ ნორმას დამოუკიდებლად იყენებს მხარეთა მოთხოვნის გარეშე სადავო ურთიერთობების გადაწყვეტის დროს. ამისათვის საჭირო არაა მხარემ მიუთითოს სამართლის ნორმაზე. მოთხოვნა.

მოცემულ შემთხვევაში მოდავე მხარეებს შორის დადებული საექსპედიციო და იჯარის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავის განხილვის დროს საჭირო არაა მხარის მიერ შეგებებული სარჩელის შეტანა ხელშეკრულების ბათილობასთან დაკავშირებით. საქმის განხილვის დროს თუ კი აღმოჩნდებოდა, რომ მითითებული ხელშეკრულებები მართლაც მოტყუებით იყო დადებული, იგი სასამართლომ ბათილად უნდა ცნოს მხარის შეგებებული სარჩელის მიუხედავად.

იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოს არ განუხილავს სადავო ხელშეკრულებების ბათილობის საკითხი, ანუ არ გამოუკვლევია ფაქტობრივი გარემოებები ამ ხელშეკრულებათა მოტყუებით დადების შესაძლებლობის შესახებ (ბათილობის შეთხვევაში მხარეს არა აქვს უფლება, მოითხოვოს ხელშეკრულების შესაბამისად შესრულება) თავისთავად ცხადია, დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება სადავო ხელშეკრულების შესაბამისად მოპასუხისათვის გადასახდელად თანხების დაკისრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს არ დარღვეულა სამოქალაქო საპროცესო კორდექსის 394-ე მუხლის “დ” პუქტის მოთხოვნა. კასატორის მიერ მითითება იმის შესახებ, რომ სხდომა ჩატარდა მოსამართლის ოთახში და სხდომაზე დასწრება ვერ მოახერხე მისმა მხლებლებმა, არ მიუთითებს იმაზე, რომ დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლით დაცული საქმის განხილვის საჯაროობის პრინციპი. სასამართლოს მოცემულ შემთხვევაში არ მიუღია გადაწყვეტილება საქმის დახურულ სხდომაზე განხილვის შესახებ და არც პროცესზე დასასწრებად მოსულ პირებისთვის აუკრძალავს დასწრება. ამის შესახებ საქმეში რაიმე მონაცემი არ მოიპოვება.

ასევე არასწორია კასატორის მითითება სააპელაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 383-ე მუხლის დარღვევის შესახებ, რადგან საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება ამ მუხლში მითითებული მოთხოვნების დარღვევა.

სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვის დროს უნდა გაარკვიოს ექსპედიციის შესახებ დადებულ ხელშეკრულებაზე სამოქალაქო კოდექსის 730-ე მუხლის მეორე ნაწილის და 699-ე მუხლის შესაბამისად მართლაც ხომ არ გავიდა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა; იჯარის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის მეორე ნაწილის და 531-ე მუხლის შესაბამისად მართლაც ხომ არ არსებობს საფუძველი ქირის გადასახდელი თანხის შემცირებისა.

სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის დაცვით სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები და მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის გარემოებები სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით სრულყოფილად არაა გამოკვლეული და ამ მიმართებით ფაქტობრივი გარემოებების დადგენა საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას სცილდება, ამიტომ კასატორის მოთხოვნა, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების შესახებ, ვერ დაკმაყოფილდება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რფ სს “რ.-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 11 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.