Facebook Twitter

3კ/967-01 26 დეკემბერი, 2001 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,რ. ნადირიანი

სარჩელის საგანი: უკანონოდ დაკავებული ფართიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 28 ნოემბერს შპს “ი.-მ” სარჩელით მიმართა სასამართლოს “შ.-ის” წინააღმდეგ და მოითხოვა უკანონოდ დაკავებული ფართიდან მოპასუხის გამოსახლება.

სარჩელის საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე შენობა 1992 წლიდან ირიცხება მის სახელზე. აღნიშნული შენობის პირველ და მეორე სართულზე მდებარე 26 ოთახი, 800 კვ.მ. საერთო ფართით ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 1998 წლის 29 ივლისის ¹1-4/487 ბრძანებით 10 წლის ვადით უსასყიდლო უზურფრუქტით გადაეცა მოპასუხე ორგანიზაციას. ამავე სამმართველოს 2000 წლის 26 ივნისის ¹1-3/237 ბრძანებით გაუქმდა მითითებული ბრძანება იმ საფუძვლით, რომ სადავო ფართი მოპასუხეს გადაეცა მოსარჩელის თანხმობის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე ორგანიზაციას აღარ გააჩნია შენობის ფლობის იურიდიული საფუძველი, მან ნებაყოფლობით არ გაათავისუფლა დაკავებული ფართი.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით შპს “ი.-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაევალა უკანონოდ დაკავებული ფართის გათავისუფლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 161-ე, 183-ე მუხლის პირველი პუნქტის, 243_ე მუხლის საფუძველზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა “შ.-მ”. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება იმ მოტივით, რომ სრულად არ იყო დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები. საჩივრის სამართლებრივ საფუძვლად აპელანტმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლი და აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრში მოსარჩელე მესაკუთრედ არ არის რეგისტრირებული, რის გამოც მას მოთხოვნის უფლება არ გააჩნია.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 13 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის პირველი პუნქტი, 243-ე და 312-ე მუხლები.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი: თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ჩანაწერით ... მდებარე 5 სართულიანი შენობა 2583 კვ.მ. ფართით ირიცხება შპს “ი.-ის” ბალანსზე თბილისის მერიის 1992 წლის 13 თებერვლის ¹141-ე განკარგულების საფუძველზე. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 1998 წლის 29 ივლისის ბრძანებით მოპასუხე ორგანიზაციას ოფისის მოსაწყობად უნდა გადაცემოდა ... მდებარე 800 კვ.მ. ფართობი უსასყიდლო უზურფრუქტით 10 წლის ვადით. ამავე ბრძანებით ქ. თბილისის სახელმწიფო უძრავი ქონების მართვის განყოფილებას დაევლა მოეხდინა გამოყოფილი ფართის სათანადო გაფორმება. აღნიშნული ბრძანება იმავე სამმართველოს 2000 წლის 26 ივნისის ბრძანებით გაუქმდა შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის გამო და იმ მოტივით, რომ უძრავი ნივთის უზურფრუქტით გადაცემის თაობაზე ბრძანების გამოცემა მოხდა შენობის ბალანსმფლობელის _ შპს “ი.-ის” თანხმობის გარეშე.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება იმის თაობაზე, რომ უძრავი ქონების მფლობელი _ საინჟინრო აკადემია თანახმა იყო უზურფრუქტით შენობის დატვირთვაზე.

სასამართლომ დაადგინა, რომ შპს “ი.-ის” დამფუძნებელია (100% წილით) საქართველოს საინჟინრო აკადემია, ხოლო საზოგადოების საწესდებო კაპიტალი განისაზღვრება 111 092 ლარით და რაიმე უძრავი ქონება წესდებაში დაფიქსირებული არ არის.

სასამართლომ მხარის მიერ წარმოდგენილი უზურფრუქტის ხელშეკრულება არ მიიჩნია ნამდვილად, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მოთხოვნას.

საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს აღნიშნული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას, რადგან იგი მიიჩნია იურიდიულად დაუსაბუთებლად; საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საქმის მასალებში არსებულ მტკიცებულებებთან შეუსაბამოდ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება უკანონოდ, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული. დაუსაბუთებლად მიიჩნევა გადაწყვეტილება იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლომ არ დაადგინა მოთხოვნის იურიდიული საფუძვლიანობა, ე.ი სარჩელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2_ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის (დათქმის _ თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად) შესაბამისადაა თუ არა წარდგენილი. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ დავის გადაწყვეტისას პირველ რიგში უნდა დაადგინოს მოთხოვნის იურიდიული საფუძველი, ე.ი. კანონით გათვალისწინებული რა ინტერესის დაცვას, ან რა უფლების აღდგენას ითხოვს მხარე და მას აქვს თუ არა ამ მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნული საკითხის განხილვისას უნდა გამოარკვიოს დავაში სათანადო მხარე არის თუ არა (მოსარჩელე, მოპასუხე) ჩაბმული.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ საქმის განხილვისას აღნიშნული გარემოებები არ გამოარკვია და საქმეზე მიიღო დაუსაბუთებელი განჩინება. აღნიშნულ დავაში არ არის გარკვეული ვის აქვს მოთხოვნის უფლება სადავო ფართზე და რა საფუძვლით: შპს “ი.-ს”, საინჟინრო აკადემიას, თუ სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს. სასამართლომ უნდა დაადგინოს ვინ არის სადავო ფართის მესაკუთრე ან მფლობელი, რომელსაც შეუძლია მოითხოვოს უკანონო ხელშეშლის აღკვეთა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რათა ზემოთ მითითებული გარემოებები გამოიკვლიოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

“შ.-ს” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 13 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 16 ოქტომბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.