გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/977 9 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია, მ. ახალაძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
ი. გ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სააქციო საზოგადოება “ნ-ში” ლაბორატორიის ...ის თანამდებობაზე აღდგენა შემდეგი საფუძვლით: 1970 წლიდან მუშაობდა საკონდიტრო ფაბრიკა “ნ-ში”, 1982 წლიდან ლაბორატორიის ...ედ. მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2000 წლის 6 ივნისს იგი დაუთხოვნიათ თანამდებობიდან შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის I ნაწილის “გ” პუნქტის საფუძველზე, კერძოდ სამუშაოს არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო. მიაჩნია, რომ გათავისუფლება არასწორია, რადგან მას არასაპატიო მიზეზით სამუშაო არ გაუცდენია და პერიოდულად დადიოდა სამსახურში 2000 წლის 4 იანვრიდან, ამავე წლის 6 ივნისამდე, თუმცა საწარმოს არასრული დატვირთვის გამო სრულად ვერ ასრულებდა მის სამსახურეობრივ მოვალეობას.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორმა დ. ტ-შვილმა სარჩელი არ სცნო შემდეგი საფუძვლით: მოსარჩელის გათავისუფლება მოხდა შრომის კანონთა კოდექსის სრული შესაბამისობით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი. გ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ 1999 წლის 9 ნოემბრიდან 2000 წლის 6 ივნისამდე მოსარჩელე მუშაობდა რა მოპასუხე ორგანიზაციაში ლაბორატორიის ...ედ არ ცხადდებოდა სამუშაოზე და არ ასრულებდა მის მოვალეობას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ი. გ-ძემ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. გ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, გამოვიდა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ი. გ-ძის სარჩელი, იგი აღდგენილი იქნა ს\ს “ნ-ის” ლაბორატორიის ...ის თანამდებობაზე და მოპასუხე ორგანიზაციას დაეკისრა მისთვის იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის 100 ლარის გადახდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით ჩათვალა, რომ სს “ნ-ის” მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ ი. გ-ძე აცდენდა სამუშაოს. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამუშაოდან გათავისუფლების დროს ადმინისტრაციის მიერ დარღვეული იქნა 136-ე მუხლის II ნაწილის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ ადმინისტრაცია დისციპლინურ სახდელს იყენებს გადაცდომის გამოვლენისთანავე, მაგრამ გამოვლენიდან არა უგვიანეს 1 თვისა სააპელაციო სასამართლოს აზრით მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორმა თებერვლის თვიდან იცოდა, რომ ი. გ-ძე სამუშაოზე არ დადიოდა, მაგრამ სამუშაოდან დაითხოვა 6 ივნისს ე.ი. 3 თვის შემდეგ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სს “ნ-ის” დირექტორმა ტ-შვილმა, რომლითაც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა მოწმეთა ჩვენებებს, რადგან მოწმეები, რომელთა ჩვენებებსაც (ც. კ-ძე, რ. ფ-ძე) დაეყრდნო სასამართლო, არ განმარტავენ, რომ გ-ძე ნახეს სამუშაოზე. ისინი ამბობენ, რომ გ-ძე ნახეს საწარმოს ტერიტორიაზე. გარდა ამისა კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა შრომის კანონთა კოდექსის 136-ე მუხლი, რადგან ი. გ-ძის მიერ დარღვევის ჩადენა (სამუშაოს არასაპატიო გაცდენა) 2000 წლის 18 თებერვალს, როცა პირველად დაისაჯა, არ დაუმთავრებია, იგი გრძელდებოდა უწყვეტად 2000 წლის 6 ივნისამდე და იგი ატარებდა დენად ხასიათს. ამდენად, დარღვევის გამოვლენიდან სასჯელის გამოყენების ერთთვიანი ვადა აითვლება არა გაცდენის პირველი, არამედ ბოლო დღიდან.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ სს “ნ-ის” წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს იგივე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიიჩნია მოწმეების, ც. კ-ძის, რ. ფ-ძის ჩვენებები და მათზე დაყრდნობით გადაწყვეტილებაში გააკეთა დასკვნა, რომ “ი. გ-ძე დადიოდა სამსახურში, სს “ნ-ის” მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ ი. გ-ძე აცდენდა სამუშაოს”. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოტანილი ეს დასკვნა არ გამომდინარეობს მითითებული მოწმეთა ჩვენებებიდან, რადგან მოწმეთა ჩვენებაში არ არის ნათქვამი, რომ ი. გ-ძე დადიოდა სამსახურში და ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. მოწმეთა ჩვენებებში ლაპარაკია მხოლოდ იმაზე, რომ მათ რამდენიმეჯერ დაინახეს, მოსარჩელე ფაბრიკის ტერიტორიაზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე პუნქტი, რომლის თანახმად სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილავს, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ჩამოთვლილი მოწმეთა ჩვენებები არ იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუძელს, რომელიც სააპელაციო სასამართლომ გააკეთა.
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა შრომის კანონთა კოდექსის 136-ე მუხლის მეორე ნაწილი, როცა მიიჩნია, რომ მოსარჩელის გათავისუფლების დროს სს “ნ-ის” დირექციამ დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 136-ე მუხლის II ნაწილის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ ადმინისტრაცია დისციპლინურ სასჯელს იყენებს გადაცდომის გამოვლენისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 1 თვისა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ მუხლში ლაპარაკია ისეთ ადმინისტრაციულ გადაცდომაზე, რომელიც დენად ხასიათს არ ატარებს. მოცემულ შემთხვევაში ი. გ-ძის მიერ ჩადენილი გადაცდომა გრძელდებოდა, როგორც მოსარჩელის დისციპლინარული წესით დასჯამდე _ საყვედურის გამოცხადებამდე, ისე მას შემდეგაც. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ შრომის კანონთა კოდექსის 136-ე მუხლის II ნაწილის მოთხოვნის დარღვევას ადმინისტრაციის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის ხელახალი განხილვის დროს სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს მოსარჩელის გათავისუფლების დროს დაცული იყო თუ არა შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის I ნაწილის “გ” პუნქტის მოთხოვნები. კერძოდ, იცოდა თუ არა მოსარჩელემ, რომ მის მიმართ გამოყენებული იყო დისციპლინარული ზემოქმედების ზომა, საყვედურის სახით, ხოლო თუ არ ჩაბარებია მოსარჩელეს საყვედურის ბრძანება, საქმის განმხილველმა სასამართლომ გამოარკვიოს საქმის მასალებში არსებული დეპეშების ასლების და აქტების საფუძველზე ხომ არ იყო ეს გამოწვეული იმით, რომ მოსარჩელე შეგნებულად არიდებდა თავს აღნიშნული ბრძანების ჩაბარებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს “ნ-ის” წარმომადგენლის დ. ტ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.