გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ\980 21 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
თავმჯდომარე ბ. ხიმშიაშვილი
მოსამართლეები: ბ. კობერიძე, მ. ცისკაძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 6 მარტს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა სარჩელი აღძრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე დ. გ-ძის მიმართ.
სარჩელში აღნიშნულია, რომ 1992 წელს რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის დაჯგუფება “გ-ას” მიერ ამავე დაჯგუფების სამხედრო მოსამასახურე ს. გ-ძეს გამოეყო სამსახურებრივი დანიშნულების ბინა მდებარე ქ. თბილისში ..., რომელშიც ცხოვრობს მისი მეუღლე დ. გ-ძე. თავად ბინის მფლობელი ს. გ-ძე კი 1994 წლიდან სამუშაოდ გადაყვანილია რუსეთის ფედერაციაში, ქ. ნაზრანში.
მოსარჩელის განმარტებით, სადავო ბინა ირიცხება დეპარტამენტის სახელზე, ხოლო დ. გ-ძე აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს უკანონოდ, რადგანაც მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე ს. გ-ძე სამუშაოდ გადავიდა ქ. ნაზრანში, იგი ვალდებული იყო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს ¹ 603 დადგენილებით დამტკიცებული “საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებულ სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების, აღრიცხვაზე აყვანისა და მათი საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ” დებულების მე-3 თავის მე-14 პუნქტის შესაბამისად, ბინა ჩაებარებინა უწყებისათვის.
მოპასუხის არაერთხელ გაფრთხილების მიუხედავად, დ. გ-ძე არ ათავისუფლებს დაკავებულ ბინას.
მოსარჩელემ სარჩელში მოითხოვა მოპასუხის გამოსახლება სადავო ბინიდან.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე დ. გ-ძე, მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად, გამოსახლებულ იქნა სადავო ბინიდან, რომელიც გამოთავისუფლებული სახით ჩაბარდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა დ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება.
საკასაციო საჩივარში დ. გ-ძე მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების გამოტანას, რომლითაც არ დაკმაყოფილდება სარჩელი.
კასატორმა საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (1997 წ.) 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს საბინაო კოდექსის (1983 წ.) 117-ე მუხლი და საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 75-ე, 78-84-ე მუხლები.
კასატორი მიუთითებს, რომ საქმეში არსებული საბინაო-საექსპლუატაციო სამსახურის ცნობის თანახმად, სადავო ბინა ირიცხება სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ბალანსზე. აგრეთვე, საქმეშია ქ. თბილისის მერიის ტექინვენტარიზაციის ბიუროს ცნობა, რომლის მიხედვით, აღნიშნული ბინა ირიცხება ისნის რაიონის საბინაო სამმართველოს ბალანსზე. კასატორის განმარტებით, არც ერთი ინსტანციის სასამართლოს არ გაურკვევია, თუ ვის ბალანსზე ირიცხებოდა სადავო ბინა. აქედან გამომდინარე, კასატორი აღნიშნავს, რომ გაურკვეველია, არის თუ არა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი სათანადო მოსარჩელე მიცემულ საქმეში.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
სამოტივაციო ნაწილი:
საქმის მასალებში არის საბინაო-საექსპლუატაციო სამსახურის უფროსის 2000 წლის 2 მარტის ცნობა იმის შესახებ, რომ სადავო ბინა ზემოთ აღნიშნული ცნობის გაცემის დროისათვის ირიცხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ბალანსზე.
გარდა ამისა, საქმეში არის შპს “ქ. თბილისის სამგორის რ-ნის ¹14 საბინაო-კომუნალური მომსახურების სერვისული ცენტრის” 2000 წლის 7 აპრილის ცნობა, საიდანაც ირკვევა, რომ აღნიშნული ბინა ეკუთვნოდა სასაზღვრო ჯარებს.
საქმეში არსებული ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2000 წლის 2 მაისის ცნობიდან ირკვევა, რომ ქ. თბილისში, .... ბინა ირიცხებოდა ისნის რაიონის საბინაო სამმართველოს ბალანსზე.
ვინაიდან საქმეში ერთმანეთის გამომრიცხავი მტკიცებულებებია, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაარკვია, თუ დღევანდელი მდგომარეობით, ვინ არის სადავო ბინის მესაკუთრე. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების იურიდიული დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს დ. გ-ძის საკასაციო საჩივარი.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 12 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს დ. გ-ძის სასარგებლოდ დაეკისროს 30 ლარი _ დ. გ-ძის მიერ საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა. პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.