¹ 3კ/981-01 14 დეკემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,რ. ნადირიანი
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
სს კომერციულმა ბანკმა “რ.-მ” სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. მ-ძის მიმართ. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ გ. მ-ძემ 1997 წლის 25 დეკემბერს საკრედიტო-საგირავნო ხელშეკრულებით 250 ლარის ღირებულების 52 გრ. ოქროს ნაკეთობათა გირაოში ჩადებით სს კომერციული ბანკ “რ.-დან” სესხად აიღო 1480 აშშ დოლარი ყოველთვიური 8 %-იანი სარგებლის გადახდით, 9 თვის ვადით, მისივე განცხადებით სესხი გადაუვადდა 1998 წლის 1 ოქტომბრამდე. გადაიხადა ძირითადი სესხის თანხა 85 აშშ დოლარი და სარგებელი 115 აშშ დოლარი, სულ 200 აშშ დოლარი. სარჩელის აღძვრის მომენტისათვის დარჩა გადასახდელი ძირითადი თანხა 1395 აშშ დოლარი და პროცენტი 2749 აშშ დოლარი.
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეზე 4144 აშშ დოლარის დაკისრება.
მოპასუხემ მიუთითა, რომ ხელშეკრულება სესხის გამოტანაზე გაფორმებული იყო 1997 წლის 25 დეკემბერს, ხოლო ეს თანხა არის გაცილებით ადრე გამოტანილი, მაგრამ არა აღნიშნული რაოდენობით. გადახდილი არის პროცენტები. ახალი ხელშეკრულება გაფორმდა 1997 წლის 25 დეკემბერს, ძველი ვალების ძირითად თანხაზე 1000 აშშ დოლარსა და პროცენტ 480 აშშ დოლარზე. მისი განმარტებით, დაგირავებული ნივთი თავის დროზე რომ გაყიდულიყო ის სესხის თანხას დაფარავდა. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი, ვინაიდან ჩათვალა, რომ ბანკს გირაოს რეალიზაცია უნდა მოეხდინა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს კომერციულ ბანკ “რ.-ის” სარჩელი და მოპასუხე გ. მ-ძეს მის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის 1395 აშშ დოლარის და პროცენტის 2749 აშშ დოლარის, სულ 4248 აშშ დოლარის გადახდა. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დაყადაღებულ იქნა მოპასუხე გ. მ-ძის პირადი ქონება.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის 1996 წლის 27 აგვისტოს “კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირების, გამოყენების, აღრიცხვისა და ანგარიშგების წესების დამტკიცების შესახებ” ¹31 ბრძანების მე-4 მუხლის 4.2. პუნქტის თანახად სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით 90 და მეტი დღით გადაცილებულ სესხებზე პროცენტების დარიცხვის შეწყვეტა ბანკის დისპოზიციური უფლებაა და არა იმპერატიული ვალდებულება.
პალატამ მიუთითა, რომ კრედიტორი არ არის ვალდებული მხოლოდ გირაოდან მოითხოვოს დაკმაყოფილება. მოგირავნეს უფლება აქვს მოითხოვოს ვალდებულების სრულად შესრულება.
გ. მ-ძე საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევით არის მიღებული და გაუქმებულ უნდა იქნეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სარჩელი ქუთაისის საოლქო სასამართლოს განსჯადი გახდა იმის გამო, რომ მოსარჩელემ ერთ სარჩელად გააერთიანა რამდენიმე ათეული მოპასუხის მიმართ ერთგვაროვანი მოთხოვნილება, რის შედეგადაც სასარჩელო თანხა გახდა 500000 ლარზე მეტი. 2001 წლის 13 აპრილის განჩინებით კოლეგიამ ძირითადი საქმიდან გამოყო და ცალკე წარმოებით განიხილა საქმე რამდენიმე მოპასუხის, მათ შორის კასატორის მიმართ, რომელთა წინააღმდეგ მიმართული სასარჩელო თანხა არც ცალ-ცალკე და არც ერთად არ შეესაბამებოდა საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოყოფილი საქმე არ იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს განსჯადი.
კასატორის აზრით, არსებობს საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი, ვინაიდან არაგანსჯადი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ნიშნავს საქმის განმხილველი სასამართლოს არაკანონიერ შემადგენლობას.
კასატორის აზრით, სასამართლომ საქმის განხილვისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. ვინაიდან ხელშეკრულება გაფორმებულია 1997 წლის 25 დეკემბერს, სასამართლოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლისა და ნორმატიული აქტების შესახებ კანონის საფუძველზე, უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 403-869-ე მუხლები.
403-ე მუხლის ძალით, რადგანაც ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა მოვალის ვალდებულებას ვადის გადაცილებისათვის მოცემულ შემთხვევაში, კრედიტორს უფლება ჰქონოდა მხოლოდ 869-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი მოეთხოვა და არა 8% ვადაგადაცილებული დროისათვის.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. მ-ძემ 1997 წლის 25 დეკემბერს საკრედიტო-საგირავნო ხელშეკრულებით 250 ლარის ღირებულების 52 გრ. ოქროს ნაკეთობათა გირაოში ჩადებით სს კომერციულ ბანკ “რ.-დან” გაიტანა სესხად 1480 აშშ დოლარი, სესხით სარგებლობისათვის ყოველეთვიური 8% სარგებლის გადახდის პირობით, 9 თვის ვადით. გ. მ-ძის მიერ გადახდილ იქნა ძირითადი სესხის თანხა 85 აშშ დოლარი და სარგებელი 115 აშშ დოლარი, რამაც შეადგინა სულ 200 აშშ დოლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
მართალია, კასატორი სადავოდ ხდის ხელშეკრულების დადების თარიღს, მაგრამ მის მიერ რაიმე გარემოება, რომელიც საფუძვლად შეიძლება დაედოს დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას მითითებული არ ყოფილა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ხელშეკრულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილი ფაქტობივი გარემოებების მიხედვით კასატორს აქვს მოსარჩელის ვალი, რომლის შესრულებაც კანონის მიხედვით სავალდებულოა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 258-ე მუხლის თანახმად გირავნობა უზრუნველყოფს მოთხოვნას. 272-ე მუხლის თანახმად მოგირავნე უფლებამოსილია მოახდინოს საგნის რეალიზაცია ფულადი მოთხოვნის მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულების ვადის დადგომისას.
დაგირავებული ნივთის რეალიზაცია არის მოგირავნის უფლება. Mმოგირავნე არ არის ვალდებული მოთხოვნა დაიკმაყოფილოს დაგირავებული ნივთის რეალიზაციით მას შეუძლია მიმართოს კანონით განსაზღვრულ სახვა მექანიზმებსაც.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბანკი “რ.-ის” წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა და მოითხოვა გ. მ-ძეზე 2425 აშშ დოლარის დაკისრება. პალატა თვლის, რომ აღნიშნული შემცირება არ ეწინააღმდეგება საპროცესო და მატერიალური სამართლის მოთხოვნებს და იგი გაზიარებული უნდა იყოს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
საქმის მასალების შესწავლით პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმეზე კასატორის მიერ მითითებულ საპროცესო დარღვევებს არ შეეძლო გამოეწვია არასწორი გადაწყვეტილების მიღება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
გ. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 6 ივნისის გადაწყვეტილება შეიცვალოს ნაწილობრივ. გ. მ-ძეს სს კომერციულ ბანკ “რ.-ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2425 აშშ დოლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.