Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/984 4 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე, მ. ახალაძე

დავის საგანი – 42 თვის ხელფასის 2772 ლარის გადახდა.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. გ-ძე 1982 წლიდან მუშაობდა რკინიგზის ბორჯომის კვანძის კულტურის სახლის ...ად. აღნიშნული კულტურის სახლი 1997 წლის ოქტომბრიდან გადაეცა ქ. ბორჯომის მერიას და ამჟამად რაიონული გამგეობის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების კუთვნილებაა. ბორჯომის გამგეობისთვის გადაცემამდე კი იგი გადაეცა რკინიგზის დეპარტამენტის ხაშურის ტერიტორიულ პროფკომიტეტს. ნ. გ-ძე თვლის, რომ 1994 წლის 1 ივლისიდან 1998 წლის 1 იანვრამდე ამუშავეს უხელფასოდ და რკინიგზის პროფკავშირებიდან მისაღები აქვს 42 თვის ხელფასი, რაც შეადგენს 2772 ლარს. მან სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე _ რკინიგზის დეპარტამენტის ხაშურის ტერიტორიული პროფკომიტეტის მიმართ და მოითხოვა 42 თვის მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება.

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა ნ. გ-ძის სარჩელი უსაფუძვლობისა და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის საპატიო მიზეზით გაშვების გამო. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: ბორჯომის კულტურის სახლის ქონება 1997 წლის 17 ივნისიდან 1997 წლის 10 ოქტომბრამდე იმყოფებოდა რკინიგზის დეპარტამენტის ხაშურის ტერიტორიული გაერთიანების პროფკომიტეტის ბალანსზე, რომელსაც ნ. გ-ძესთან არ გაუფორმებია შრომითი ხელშეკრულება და შრომის ანაზღაურებაც არ განსაზღვრულა; ბორჯომის კულტურის სახლი თვითდაფინანსებაზე იმყოფება; შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის თანახმად, შრომით დავაზე მუშაკს შეუძლია მიმართოს ადმინისტრაციას 3 თვის ვადაში იმ დღიდან, როცა მან გაიგო თავისი უფლების დარღვევა; მოსარჩელეს ხელფასი არ მიუღია 1994 წლიდან, ამიტომ მას იმავე წელს უნდა მიემართა სასამართლოსათვის, მან არასაპატიო მიზეზით გაუშვა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.

ნ. გ-ძემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 9 ნოემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა ნ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი; ხაშურის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დარჩა უცვლელი. სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ რკინიგზის ბორჯომის კვანძის კულტურის სახლი 1997 წლის 15 ივნისამდე შედიოდა რკინიგზის დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული სამმართველოს რაიპროფკომიტეტის დაქვემდებარებაში. ეს რაიპროფკომიტეტი დაიშალა და 1997 წლის 15 ივნისს შეიქმნა ხაშურის რაიპროფკომიტეტი. ნ. გ-ძეს შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა რკინიგზის თბილისის ტერიტორიული სამმართველოს რაიპროფკომიტეტთან და ხელფასსაც იქიდან იღებდა; 1994 წლიდან კი ბორჯომის კულტურის სახლი თვითდაფინანსებაზე გადავიდა. პალატამ არ გაიზიარა გ-ძის განმარტება იმის თაობაზე, რომ მას არ გაუშვია სასარჩელო ხანდაზმულობის სამთვიანი ვადა, რადგან იგი სამუშაოდან დღემდე არ დაუთხოვიათ, მისი შრომის წიგნაკი ინახება მოპასუხე ორგანიზაციაში.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ რკინიგზის ხაშურის ტერიტორიული პროფკომიტეტი იყო ადრინდელი რკინიგზის დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული სამმართველოს რაიპროფკომიტეტის სამართალმემკვიდრე, რომ მან იკისრა ამ უკანასკნელის ვალდებულებები.

ნ. გ-ძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივრის მოტივებია: სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა მისი ხელფასის მიღების მოთხოვნა ხანდაზმულად, რადგან იგი კვლავ მუშაობს ბორჯომის კულტურის სახლის დირექტორად და დღემდე შრომითი ურთიერთობა არ შეუწყვეტია; მისი შრომის წიგნაკი მოპასუხე ორგანიზაციაშია და იგი გახდა რკინიგზის თბილისის განყოფილების პროფკავშირების სამართალმემკვიდრე.

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

სამოტივაციო ნაწილი:

დადგენილია, რომ ნ. გ-ძე მუშაობდა რკინიგზის ბორჯომის კვანძის კულტურის სახლის ...ად. ეს კულტურის სახლი 1997 წლის ივნისამდე იმყოფებოდა რკინიგზის დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული სამმართველოს რაიპროფკომიტეტის დაქვემდებარებაში; კასატორს შრომითი ურთიერთობა ჰქონდა ამ ორგანოსთან. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, 1997 წლის ივნისიდან ბორჯომის კულტურის სახლი გადაეცა ხაშურის რაიპროფკომიტეტს, კასატორის შრომის წიგნაკი დღემდე მოპასუხე ორგანიზაციაშია. 1997 წლის ოქტომბერში კი ბორჯომის კულტურის სახლი გადაეცა ბორჯომის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილებას. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ნ. გ-ძის მოთხოვნა ხანდაზმულია და შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის თანახმად, სამი თვის განმავლობაში უნდა მიემართა სასამართლოსათვის. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კასატორი დღესაც მუშაობს ქ. ბორჯომის კულტურის სახლის ...ად, მას შრომითი ურთიერთობა არ გაუწყვეტია; მოპასუხე არ უარყოფს, რომ კასატორს ეკუთვნის შრომის ხელფასი, მაგრამ იგი დაფინანსების წყაროს ხდის სადაოდ და მიაჩნია, რომ ნ. გ-ძეს კულტურის სახლის შემოსავლებიდან უნდა მიეღო ხელფასი. ასეთ ვითარებაში სააპელაციო პალატამ არასწორად ჩათვალა გაშვებულად შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამთვიანი ვადა. ასევე, არასწორად მიუთითა, რომ ნ. გ-ძეს უნდა დაედასტურებინა მოპასუხე ორგანიზაციის სამართალმემკვიდრეობა ადრინდელი რკინიგზის დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული სამმართველოს რაიპროფკომიტეტთან, რადგან სააპელაციო სასამართლომ არ გაარკვია 1997 წლის ივნისიდან 1997 წლის ოქტომბრამდე მოპასუხე ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები მოსარჩელის მიმართ, მით უფრო, რომ მისი შრომის წიგნაკი დღემდე იქ არის. თუ სააპელაციო სასამართლო ჩათვლიდა, რომ არასათანადო მოპასუხე იყო მითითებული, მაშინ თვითონ უნდა გადაეწყვიტა საქმეში სათანადო მოპასუხის ჩართვის საკითხი. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მითითებას იმის თაობაზე, რომ ქ. ბორჯომის კულტურის სახლი 1994 წლიდან თვითდაფინანსებაზეა, რადგან არ არის გარკვეული თვითდაფინანსებით შემოსული თანხები თანამშრომლების ხელფასის გაცემას უნდა მოხმარებოდა თუ არა. ამდენად, სააპელაციო პალატის განჩინება მოცემულ საქმეზე არ არის სათანადოდ დასაბუთებული, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, იგი კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. გ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 9 ნოემბრის განჩინება მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.