¹3კ/984-01 14 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,რ. ნადირიანი
სარჩელის საგანი: შრომითი დასახიჩრების გამო სარჩოს დანიშვნა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 10 იანვარს ე. ლ-ძემ ოზურგეთის რაიონის ...... ფაბრიკის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი მუშაობდა ოზურგეთის რაიონის ...... ფაბრიკაში ...... ხარშვის საამქროში, სადაც მიიღო პროფესიული დაავადება _ ბრონჰიალური ასთმა და გახდა მეორე ჯგუფის ინვალიდი. იგი სამედიცინო კომისიის მიერ ცნობილ იქნა შრომისუნარდაკარგულად 80%-ით. იგი ამ დაავადების გამო გავიდა პენსიაზე. ღებულობდა როგორც პენსიას, ისე ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობას. სულ მიღებული აქვს 240 ლარი. ამჟამად იგი ღებულობს თვეში 12 ლარს, რაც არ მიაჩნია სწორად და მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების შესაბამისად პენსიის დანიშვნა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ პროფესიული დაავადება “ასთმა” განკურნებადია და მოსარჩელეს ახალი დოკუმენტაცია მისი ჯანმრთელობის ახლანდელი მდგომარეობის შესახებ არ წარმოუდგენია.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს 2000 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით გადასახდელად დაეკისრა 329 ლარი, ხოლო 2000 წლის 1 დეკემბრიდან ყოველთვიურად _ 12 ლარი მდგომარეობის შეცვლამდე.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს შრომისუნარი მუდმივად ჰქონდა დაკარგული 80%-ით. ამასთან მინიმალური ხელფასის (1,5 ლარის) ათმაგი ოდენობის შესაბამისად პენსიის დარიცხვა უნდა მომხადირყო 15 ლარიდან, რაც 12 ლარს შეადგენდა ყოველთვიურად. ამასთან მიუღებელი პენსია უნდა ანაზღაურებულიყო 1999 წლის თებერვლიდან და 2000 წლის 1 დეკემბრამდე მიუღებელი პენსიის ოდენობა სულ შეადგენდა 264 ლარს, რომელსაც უნდა დამატებოდა მიუღებული 65 ლარიც და სულ ერთდროულად უნდა მიეღო 329 ლარი, ხოლო 2000 წლის 1 დეკემბრიდან _ ყოველთვიურად 12 ლარი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ე. ლ-ძის სააპელაციო საჩივარი და სააქციო საზოგადოება “ოზურგეთის ....... ფაბრიკას” 1995 წლის 1 ნოემბრიდან 2001 წლის 1 იანვრამდე ერთდროულად გადასახდელად დაეკისრა მიუღებელი თანხა 815 ლარის და 22 თეთრის, ხოლო 2001 წლის 1 იანვრიდან ყოველთვიურად 13 ლარის და 22 თეთრის გადახდა.
მოპასუხეს ასევე გადასახდელად დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი 14,42 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მიღებული ჰქონდა პროფესიული დაავადება, რის გამოც შრომისუნარი დაკარგული ჰქონდა მუდმივად 80% და იგი აღარ საჭიროებდა შემდგომ გადამოწმებას. ამ დაავადების გამო მოსარჩელე ღებულობდა პენსიას 1995 წლის 1 ნოემბრამდე. ხოლო 1995 წლის 1 ნოემბრიდან მხარეებს შორის წამოჭრილი დავის პროცესში მოსარჩელემ დამატებით მიიღო 100 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს პენსიის ოდენობა უნდა განსაზღვროდა ფაქტიურად ბოლო სამი თვის მიღებული საშუალო ხელფასიდან. 1995 წლის ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბერში (აღნიშნულის შემდეგ ფაბრიკას არ უმუშავია) ...... მხარშველის ხელფასი მთლიანად შეადგენდა 52 ლარს, რაც შრომის უნარის დაკარგვის 80% გათვალისწინებით ყოველთვიურად 13 ლარს და 66 თეთრს შეადგენს, ამასთან მოსარჩელეს მიუღებელი პენსია უნდა ანაზღაურებოდა არა 1999 წლის თებერვლიდან, როგორც ეს რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, არამედ 1995 წლის 1 ნოემბრიდან, როგორც ეს გათვალისწინებული იყო პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48-ე ბრძანებულებით.
2000 წლის 21 აგვისტოს ე. ლ-ძემ და სს “ოზურგეთის ...... ფაბრიკამ” საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ე. ლ-ძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით:
კასატორს მიაჩნია, რომ ვინაიდან მოპასუხე ორგანიზაციაში პენსიის გადაანგარიშების დროს არ არის მისი სპეციალობის მქონე საშტატო ერთეული, პენსიის ოდენობის გაანგარიშება 1995 წელს მიღებული ბოლო სამი თვის საშუალო ხელფასიდან კი არ უნდა მომხდარიყო, არამედ ქვეყანაში დადგენილი მინიმალური ხელფასის ათმაგი ოდენობით.
სს “ოზურგეთის ...... ფაბრიკამ” საკასაციო საჩივრით მოითხოვა ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
კასატორმა მიუთითა, რომ მოსარჩელეს 1995 წელს პენსიის სახით მიღებული აქვს 119 ლარი, 1996 წელს _ 58,60 ლარი, 1997 წელს _ 36,80 ლარი, 1998 წელს _ 5,40 ლარი, 1999 წელს _ 149,60 ლარი. 2000 წელს _ 163,20 ლარი, ხოლო 2001 წელს _ 68,00 ლარი, აქედან გამომდინარე, მიაჩნია, რომ მოსარჩელეს მისაღები აქვს მხოლოდ 369 ლარი.
მისივე მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულების მოთხოვნა, მოსარჩელეს არ მოსთხოვა შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და მის ბაზაზე არსებული სამედიცინო უნივერსიტეტის კათედრის კლინიკის დასკვნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრების ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხე ორგანიზაცია 1995 წლის ბოლოდან პროფილის მიხედვით არ ფუნქციონერებს. ორგანიზაციას გააჩნია მიწა, რომელიც გაცემული აქვს აქციონერებზე და გააჩნია გარკვეული შემოსავლები. ორგანიზაციაში არსებობს იმავე სპეციალობის საშტატო განრიგი, მაგრამ ხელფასი განსაზღვრული არაა და არც შრომის ანაზღაურების მინიმალური დონეა განსაზღვრული. დადგენილია, რომ 1995 წლის 1 ნოემბრიდან მოსარჩელეს მიღებული აქვს მხოლოდ 140 ლარი.
არასწორია კასატორ ე. ლ-ძის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ პენსიის გაანგარიშება მოხდეს ქვეყანაში დადგენილი მინიმალური ხელფასის ათმაგი ოდენობის გაანგარიშებით.
“შრომის მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მე-11 მუხლის შესაბამისად ზიანი ანაზღაურდება იმავე ან იმავე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრული ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული სამუშაო ხელფასიდან იმ ოდენობით, რამდენი პროცენტითაც დაკარგული აქვს მუშაკს შრომის უნარის ხარისხი.
თუ ორგანიზაციაში არ არსებობს აღნიშნული იმავე ან იმავე თანრიგის პროფესიები და თანამდებობები, დაზარალებულს სარჩო განესაზღვრება ორგანიზაციაში არსებული შრომის ანაზღაურების მინიმალური დონის ათმაგი ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ორგანიზაციაში არსებობს აღნიშნული იგივე პროფესია და თანამდებობა _ ორგანიზაციას გააჩნია, როგორც ამომხვევის, ისე მკინძავის საშტატო განრიგი. ამასთან ორგანიზაციაში დადგენილი არაა შრომის ანაზღაურების მინიმალური დონე. ორგანიზაციაში ყველაზე მაღალი თვიური ხელფასი _ დირექტორის სარგო 25 ლარს შეადგენს. დადგენილია, რომ 1995 წლის ბოლო სამი თვის (1995 წლის შემდეგ ორგანიზაცია პროფილით არ ფუნქციონერებს) ხელფასი 52 ლარს შეადგენდა. აღნიშნულის მიხედვით ყოველთვიური ანაზღაურება შრომის უნარის 80% დაკარვგის გაანგარიშებით შეადგენს 13,86 ლარს და 1995 წლის 1 ნოემბრიდან 2001 წლის 1 იანვრამდე, ანუ სულ, 62 თვეში შეადგენს 859,32 ლარს, რომელსაც გამოაკლდება გადახდილი 140 ლარი და ერთდროულად გადასახდელად დარჩება 719 ლარი და 32 თეთრი.
არასწორია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სარჩოს დანიშვნა უნდა მოხდეს ქვეყანაში დადგენილი მინიმალური ხელფასის ათმაგი ოდენობიდან. პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულების მე-11 მუხლით, თუკი არ არსებობს მონაცემები იმავე თანრიგის სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრული ნამუშევრის შესაბამისად ფაქტობრივად მიღებული ხელფასის შესახებ, ამასთან, ორგანიზაციაში აღარ არსებობს იმავე თანრიგის პროფესიები, მაშინ ანაზღაურება მოხდება შრომის ანაზღაურების მინიმალური დონის ათმაგი ოდენობიდან, მაგრამ არა ქვეყანაში დადგენილი შრომის ანაზღაურების ათმაგი ოდენობიდან, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ორგანიზაციას გააჩნია სათანადო საშტატო ერთეული, ამასთან, არსებობს მონაცემები ამ საშტატო ერთეულზე ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი და ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასი, ზიანის ანაზღაურებაც აქედან უნდა მოხდეს.
არასწორია კასატორ სს “ოზურგეთის ...... ფაბრიკის” მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გადამოწმებას ექვემდებარება. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს შრომის უნარი 80%-ით დაკარგული აქვს და იგი მეორე ჯგუფის ინვალიდია პროფესიული დაავადებით უვადოდ. ამდენად, იგი გადამოწმებას არ ექვემდებარება და პრეზიდენტის ¹48 ბრანებულების შესაბამისად დამატებითი სამედიცინო დოკუმენტების წარმოდგენას არ საჭიროებს.
საკასაციო პალატა, ასევე, ვერ გაიზიარებს მის საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას იმის შესახებ, რომ მას 1995 წლიდან 2001 წლის ჩათვლით გადახდილი აქვს 600,44 ლარი. აღნიშნულის შესახებ მას რაიმე მტკიცება არც რაიონულ და არც სააპელაციო სასამართლოში არ წარუდგენია. ამიტომ მითითებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტების მიმართ, რომელიც ასახულია საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებებისა ან საქმის მასალებში.
მოცემულ შემთხვევაში ზემოთ მითითებული გარემოება, ანუ 1995 წლიდან 2001 წლამდე სარჩოსა ნაზღაურების შესახებ, კასატორს არც რაიონულ და არც სააპელაციო სასამართლოებში არ წარუდგენია. პირიქით, მან სააპელაციო სასამართლოში განმარტა, რომ მოსარჩელეს 1995 წლიდან 2001 წლის ჩათვლით 140 ლარის გარდა სხვა თანხა არ მიუღია, რაც მოსარჩელემაც დაადასტურა.
არასწორია სააპელაციო სასამართლოს გაანგარიშება 1995 წლის 1 ნოემბრიდან 2001 წლის 1 იანვარმდე ვადის გაანგარიშების შესახებ, რადგან იგი 67 თვეს კი არ წარმოადგენს, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ იანგარიშა, არამედ _ მხოლოდ 62 თვეს. ასევე არასწორია სააპელაციო სასამართლოს გაანგარიშება ყოველთვიური გადასახადის ოდენობის დადგენის შესახებ, რადგან იგი საშუალო ხელფას 52 ლარიდან 13,05, ან 13,66 ანდა 13,22 ლარს კი არ წარმოადგენს, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, არამედ 13,86 ლარის ტოლია.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ე. ლ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
სს “ოზურგეთის ..... ფაბრიკას” ე. ლ-ძის სასარგებლოდ ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ასანაზღაურებლად ერთდროულად დაეკისროს 719 ლარი და 32 თეთრი. მასვე ე. ლ-ძის სასარგებლოდ 2001 წლის 1 იანვრიდან ყოველთვიურად გადასახდელად დაეკისროს 13 ლარი და 86 თეთრი მდგომარეობის შეცვლამდე.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.