¹ 3კ/992-01 28 დეკემბერი, 2001 წ. , ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,რ. ნადირიანი
.
სარჩელის საგანი: ზიანის ანაზღარება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001 წლის 13 აპრილს შპს “ი.-მ” სს “ა.-ის” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1999 წლის 14 დეკემბერს მხარეებს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების შესაბამისად მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა მიეწოდებინა ბუნებრივი აირი და ლილამინი. მოპასუხეს მიწოდებული ნედლეულიდან უნდა დაემზადებინა ამონიუმის გვარჯილა და გადაეცა მოსარჩელისათვის.
2000 წლის 1 დეკემბრიდან 2001 წლის 1 მარტამდე მიწოდებული იქნა 29100,850 კუბ.მ. გაზი. მოპასუხის მიერ გამოშვებულ იქნა 33213 ტონა ამონიუმის გვარჯილა. მიუხედავად აღნიშნულისა, 2000 წლის ნოემბრიდან მოსარჩელისათვის გადაცემულ იქნა მხოლოდ 18.972 ტონა. დავალიანება შეადგენს 14.241 ტონას.
გარდა ამისა, 2000 წლის 15 მაისს მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა კაუსტიკური სოდა, რომლის სანაცვლოდ მოპასუხე ვალდებული იყო გამოეშვა ციანიდის მარილები და გადაეცა მოსარჩელისათვის. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მოსარჩელეს არ მიაწოდა 584.564 კგ. ციანიდის მარილი.
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 14.241 ტონა ამონიუმის გვარჯილის, 584.564 კგ. ციანიდური მარილის მზა პროდუქციის და სახ. ბაჟის _ 5 000 ლარის გადასახდელად დაკისრება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 1999 წლის 14 დეკემბერს ბუნებრივი აირის მიწოდებაზე ¹93-03 ხელშეკრულება დადებულია ლონდონის “ი.-თან”, რომლის ოფისიც მოსკოვში მდებარეობს, ხოლო შპს “ი.-ი”, ანუ მოსარჩელე რეგისტრირებულია საქართველოში და ბუნებრივი აირის მიწოდებას აწარმოებდა სს “ა.-ში” ლონდონის “ი.-დ” შპს “ე.-ის” მეშვეობით. თბილისის შპს “ი-სთან” მას ხელშეკრულება გაფორმებული არ ჰქონია და ამიტომ არც ცნო სარჩელი. მანვე მიუთითა, რომ მოსარჩელის ბრალით ბუნებრივი აირი წყვეტილობით მიეწოდებოდა სს “ა.-ს”, რის გამოც გაიზარდა დანახარჯები და არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლებოდა მიღებული ყოფილიყო იმ ოდენობის ამონიუმის გვარჯილა და ციანიდის მარილები, რა რაოდენობითაც მიუთითებს მოსარჩელე, რადგან ასევე წყვეტილობა აღინიშნებოდა კაუსტიკური სოდის მიწოდებაშიც.
მოპასუხემ არ ცნო რა სარჩელი მიუთითა, რომ მხარეებს მოეხდინათ ურთიერთშედარება და გაერკვიათ დავალიანების რაოდენობა.
2001 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების შესაბამისად თვეში მიწოდებული 24 მილიონი კუბ.მ. ბუნებრივი აირის სანაცვლოდ უნდა დაებრუნებინა 300 000 ტონა ამონიუმის გვარჯილა. თვეში მიწოდებული 430 ტონა კაუსტიკური სოდიდან უნდა დაებრუნებინა 500 კგ. ციანიდური მარილები.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2000 წლის დეკემბრიდან 2001 წლის 1 მარტამდე პერიოდში მოპასუხეს მიეწოდა 29,100,850 კუბ.მ. ბუნებრივი აირი, რომლის შესაბამისადაც გადამუშავებული ამონიუმის გვარჯილის მოცულობა, მოპასუხის მიერვე განსაზღვრული მოცულობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლის შესაბამისად, 33.213 ტონას შეადგენს. მოსარჩელისათვის მიწოდებულია 18 977 ტ., მაგრამ მიუწოდებლობამ შეადგინა 14241 ტონა.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მას მიწოდებული ბუნებრივი აირით არ შეეძლო 18977 ტონაზე მეტი ამონიუმის გვარჯილის დაბრუნება. სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლის გამოყენებით მიუთითა, რომ მენარდე ვალდებული იყო მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის შესახებ, თუ კი ასეთს ექნებოდა ადგილი, ეცნობებინა დამკვეთისათვის ხარჯთაღრიცხვის გაზრდის შესახებ. მენარდეს დამკვეთისათვის ამის თაობაზე არ უცნობებია, ამიტომ საოლქო სასამართლომ მიუთითა, რომ მიწოდებული ბუნებრივი აირი მან გამოიყენა სხვა დანიშნულებით (წარმოების ასამუშავებლად) არ გაიზიარა. საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ის ხარჯი, რომელიც საწარმოს გათიშვას უნდა მოხმარებოდა, მხარეებისათვის წინასწარ იყო ცნობილი და იგი წინასწარ გაუთვალისწინებელ ხარჯებად არ უნდა მიჩნეულიყო.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია მოსარჩელის მიერ 721 258 კგ. კაუსტიკური სოდის მიწოდება ციანიდური მარილების გადასამუშავებლად. მოსარჩელემ მიიღო 400, 73 კგ. მზა პროდუქცია, რომლისგანაც 249,35 კგ-ის ოდენობით დაუბრუნდა მოპასუხეს ნარდობით გათვალისწინებული სამუშაოს საზღაურად და ყველაზე უფრო დაბალშედეგიანობის შესაბამისად, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს სულ უნდა დაებრუნებინა 836.659,28 კგ. ციანიდური მარილი. 2000 წლის დეკემბერში მიწოდებული კაუსტიკური სოდის ჩათვლით დავალიანებამ შეადგინა 584.564 კგ. ციანიდური მარილი.
2001 წლის 15 აგვისტოს სს “ა.-მ” საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა ამ საქმეზე საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვისათვის დაბრუნება შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორის მოსაზრებით მოცემულ საქმეზე საოლქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.
1. კასატორმა მიუთითა, რომ საოლქო სასამართლო გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნად ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებების შესრულებას მიიჩნევს მაშინ, როცა სასარჩელო მოთხოვნაა ამონიუმის გვარჯილის და ციანიდური მარილების გადაცემა. სარჩელით არაა დაკონკრეტებული, მოთხოვნა ვალდებულების შეუსრულებლობაა, თუ ზიანის ანაზღაურება, ამიტომ კასატორს მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილი სასამართლოსეული ინტერპრეტაციაა და არ გამომდინარეობს სარჩელიდან.
2. კასატორის აზრით, სასამართლოს არ დაუდგენია ფაქტი, კერძოდ, მოპასუხემ გამოუშვა და არ გადასცა მოსარჩელეს ხელშეკრულებით დადგენილი ოდენობის პროდუქცია, თუ მას შეეძლო გამოემუშავებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქცია და არ გააკეთა ასეთი.
3. კასატორს მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლი, ამასთან არასწორად მიუთითა, რომ სს “ა.-ისათვის” წინასწარ იყო ცნობილი ხარჯთაღრიცხვის გაზრდის შესახებ, მაგრამ ამის შესახებ არაფერი აცნობა მოსარჩელეს. მან მიუთითა, რომ ხარჯთაღრიცხვის გაზრდის შესახებ სს “ა.-მა” წინასწარ აცნობა მოსარჩელეს, მაგრამ საოლქო სასამართლომ აღნიშნული გარემოება შეფასების გარეშე დატოვა. მისი მოსაზრებით ხარჯთაღრიცხვის გაზრდაში “ა.-ს” ბრალი არ მიუძღვის და არც პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს, რადგან ხელშეკრულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ელ. ენერგიის და გაზის მიწოდების წყვეტილობით.
4. კასატორს ასევე მიაჩნია, რომ ციანიდური მარილების დამზადება და მიწოდება, ხელშეკრულების შესაბამისად, შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ უწყვეტი ციკლის არსებობის შემთხვევაში. მოცემულ პერიოდში კი წარმოების უწყვეტი ციკლი (ელ. ენერგიის გათიშვის და ბუნებრივი აირის მიწოდების წყვეტილობის გამო) დარღვეული იყო, რის გამოც შეუძლებელი იყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რადგან წარმოების ხარჯები გაიზარდა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფლდეს შემდგომ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე საოლქო სასამართლოს მიერ დადგენილია და დავას არ იწვევს, რომ 1999 წლის 14 დეკემბერს და 2000 წლის 15 მაისს მხარეთა შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება. 1999 წლის 14 დეკემბრის ხელშეკრულებით შემკვეთი (“ი.-ი”) აწოდებდა მენარდეს (სს “ა.-ს”) ბუნებრივ აირს _ დღე-ღამეში 880 000, თვეში _ 24 მლნ.კუბ.მ. ოდენობით, ხოლო მენარდეს უნდა დაებრუნებინა და შემკვეთისათვის მიეწოდებინა ამონიუმის გვარჯილა არანაკლებ 30 000 ტონისა თვეში.
მხარეთა შორის 2000 წლის 15 მაისს დადებული ხელშეკრულებით შემკვეთი აწოდებდა მენარდეს კაუსტიკურ სოდას თვეში 430 ტონის ოდენობით, ხოლო მენარდე (სს “ა.-ი”) თავის მხრივ მისგან დაამზადებდა ციანიდურ მარილებს, თვეში არანაკლებ 500 ტონისა. ასევე უდავოდ დადასტურებულია, რომ სს “ა.-ს” 2000 წლის დეკემბრიდან 2001 წლის 1 მარტამდე მიეწოდა 29.100850 კუბ.მ. ბუნებრივი აირი. ასევე უდავოდ დადასტურებულია, რომ ხელშეკრულების შესაბამისად მიწოდებული ბუნებრივი აირისაგან გამომუშავებული ამონიუმის გვარჯილის მოცულობა მოპასუხის მიერვე დადგენილი ნორმის მიხედვით 33.213 ტონას შეადგენდა.
საოლქო სასამართლომ მხარეთა განმარტებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ წარმოებული პროდუქციის ნაწილი _ 18.977 ტ. ამონიუმის გვარჯილა _ გადაეცა მოსარჩელეს, მაგრამ გადაუცემლობამ შეადგინა 14.241 ტ.
თბილისის საოლქო სასამართლომ ხელშეკრულებიდან და მხარეთა განმარტებიდან გამომდინარე დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 721.258 კგ. კაუსტიკური სოდა, ხოლო მოპასუხემ დაამზადა და მოსარჩელეს გადასცა 400,73 კგ. ციანიდური მარილი, რომელთაგან 249,35 კგ. ოდენობით დაუბრუნდა მოპასუხეს ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს საზღაურად და დანაკლისმა შეადგინა 584.564 კგ. (ხელშეკრულების შესაბამისად კოეფიციენტი მზა პროდუქციის მიღებაზე შეადგენდა 1,16-500ტონა : 430 ტონაზე).
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არასწორია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, თითქოს საოლქო სასამართლომ არასაწორად მიიჩნია მხარეებს შორის დავა სანარდო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავად, მაშინ, როცა სარჩელით არაა დაკონკრეტებული, მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების თუ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას წარმოადგენდა.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოპასუხისაგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას რომ მოითხოვდა, დადასტურებული იყო მისი სასარჩელო მოთხოვნითაც და სასამართლო პროცესზე გაკეთებული განაცხადით. მოსარჩელე მოითხოვდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, ანუ მიუწოდებელი პროდუქციის გადაცემას, რაც 584,564 კგ. ციანიდური მარილის და 14.241 ტ. ამონიუმის გვარჯილის გადაცემაში გამოიხატებოდა. მოსარჩელეს არ მოუთხოვია ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ზიანის გამო საჯარიმო სანქციების გამოყენება.
აქედან გამომდინარე, სრულიად უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს სარჩელის დაუკონკრეტებლობის გამო საოლქო სასამართლო ვერ გაერკვა მოსარჩელის მოთხოვნაში.
ასევე არასწორია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს სასამართლომ არ დაადგინა, მოპასუხემ გამოუშვა მოთხოვნილი პროდუქცია და არ გადასცა იგი მოსარჩელეს, თუ მოპასუხეს არ გამოუშვია მოთხოვნილი პროდუქცია და ამიტომ ვერ გადასცა მოთხოვნილი პროდუქცია მოსარჩელეს.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოთ მითითებული გარემოების დაუდგენლობა არ შეიძლება საფუძველი გახდეს მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფისა, რადგან მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მკაცრადაა განსაზღვრული მხარეთა უფლება-მოვალეობები, კერძოდ, ის გარემოებები, თუ რა უნდა შეასრულოს შემკვეთმა და რა შეადგენს მენარდის მოვალეობას. ამ ხელშეკრულების შესაბამისად შემკვეთს უნდა მიეწოდებინა გარკვეული ოდენობის ნედლეული, ხოლო დამკვეთს უნდა დაებრუნებინა გარკვეული სახის ოდენობის პროდუქცია. ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო სხვა პირობებიც (ხარჯთაღრიცხვა, მიწოდების გრაფიკები, ელ ენერგიის ღირებულების გადახდა და სხვა). ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ფორსმაჟორული გარემოებებიც, თუ რა შემთხვევაში თავისუფლდება მხარე ვალდებულების შეუსრულებლობით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობისაგან. მოცემულ შემთხვევაში მენარდემ მიიღო რა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნედლეული და სხვა საშუალებანი, ვალდებული იყო შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება _ მიეწოდებინა შემკვეთისათვის იმ სახის და იმ ოდენობის პროდუქცია, რასაც ხელშეკრულება ითვალისწინებდა.
აქედან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მოცემული ხელშეკრულების შესრულებისათვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, სს “ა.-მ” დაამზადა თუ არა ის პროდუქცია, რომელიც უნდა მიეწოდებინა შემკვეთისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 639-ე მუხლის შესაბამისად, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა. ამავე კოდექსის 641-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისაგან განსხვავებულ ან უფრო ნაკლები რაოდენობის ნაკეთობას.
აქედან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 642-ე მუხლის შესაბამისად შემკვეთს შეუძლია მენარდეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა, რაც მოცემულ შემთხევაში შემკვეთმა სარჩელის წადგენით მოითხოვა.
საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ხარჯთაღრიცხვის (გამოშვებული პროდუქციის ღირებულების გაზდაში, ანუ გამოშვებული პროდუქციის მოცულობის შემცირებაში) გაზდაში შემსრულებელს ბრალი არ მიუძღვის, რადგან დაკვეთის შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ელ. ენერგიის და გაზის მიწოდების წყვეტილობით, რაც მასზე არ იყო დამოკიდებული და ამის შესახებ მან დროულად აცნობა მოსარჩელეს, მაგრამ საოლქო სასამართლომ უკანონოდ არ გაიზიარა მისი მოსაზრება და არასწორად განმარტა და გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლი.
მართალია, კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ, მან ფაქსით 2000 წლის 10 ოქტომბერს, 2000 წლის 3 ნოემბერს და 2001 წლის 10 იანვარს, აცნობა მოსარჩელეს ხარჯთაღრიცხვის გაზრდის შესახებ, მაგრამ ასეთი დოკუმენტები საქმეს არ ერთვის. ასეთ შემთხვევაში ცხადია, სასამართლო ვერ იმსჯელებდა სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლის შესაბამისად მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის გათვალისწინებულ გაზრდის გამო შესაძლო შედეგებზე. საოლქო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლი და სწორად მიუთითა, რომ 1999 წლის დეკემბრამდე ანუ ხელშეკრულების დადებამდე, ხშირი იყო სს “ა.-ში” ელექტრო ენერგიის მიუწოდებლობის შედეგად გათიშვები, რაც ბუნებრივი აირის მიუწოდებლობასაც იწვევდა. ამდენად, სწორად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების დადების დროს, 1999 წლის 15 დეკემბერს, სს “ა.-ისათვის” ცნობილი იყო, თუ რა რაოდენობის ბუნებრივი აირი იხარჯებოდა საწარმოს ხელახალი გაშვების ოპერაციებზე, რაც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ხარჯთაღრიცხვის ოდენობაში და ეს ცნობილი იყო მხარეებისათვის. ამიტომ ელ. ენერგიის მიუწოდებლობით გამოწვეული გათიშვები გაუთვალისწინებელ ხარჯებად არ უნდა მიჩნეულიყო.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვის გაუთვალისწინებელი გაზრდაც რომ განხორციელებულიყო, მოცემულ შემთხვევაში მენარდეს მაინც უნდა შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება, რადგან მას შემკვეთისათვის არ შეუტყობინებია ამის შესახებ დადგენილი წესით, რაც თვითონაც დაადასტურა სასამართლო სხდომაზე.
კასატორმა ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობა ბუნებრივი აირის და ელ. ენერგიის მიწოდების წყვეტილობის გამო გამოწვეული იყო მოსარჩელის ბრალით.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად დათქმულ დროსა და ადგილას.
მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის არსებობს რა სათანადო ხელშეკრულება ნარდობის შესახებ, მენარდე ვალდებულია, შეასრულოს სამუშაო და მიაწოდოს შემკვეთს ხელშეკრულების შესაბამისად _ 14 241 ტონა ამონიუმის გვარჯილა და 584 564 კგ. ციანიდური მარილი.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ მითითებული სამართლის ნორმების დარღვევა საფუძვლად არ უდევს ამ საქმეზე საოლქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “ა.-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.