3კ/993-01 7 დეკემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი
დავის საგანი: შპს “ს.-ის” სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანა.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა ვ. ა-ჰამზამ. განცხადების ავტორი მიუთითებდა, რომ ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 27 თებერვლის ბრძანებით იგი დაინიშნა შპს “ს.-ის” დირექტორად. აღნიშნული ბრძანება ამ ნაწილში უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001 წლის 19 მარტის განჩინებით.
აღნიშნულის გამო იგი მოითხოვდა შპს “ს.-ის” სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანას.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 5 ივნისის განჩინებით განცხადების ავტორს უარი ეთქვა მის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 27 თებერვლის ბრძანების მე-4 პუნქტის თანახმად შპს “ს.-ის” შეუფერხებელი მუშაობის გასაგრძელებლად დაინიშნა დროებითი ადმინისტრაცია გენერალური დირექტორის ა. წ-ლის და ვ. ა-ჰამზას სახით. მათი მოქმედების ვადა განისაზღვრებოდა სისხლის სამართლის საქმის დამთავრებამდე და მესაკუთრის უფლებების აღდგენამდე.
აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
უზენაესი სასამართლოს განჩინებაში მითითებულია, რომ “ბრძანების მე-4 პუნქტთან დაკავშირებით საკასაციო პალატა არ შედის საკითხის არსებით განხილვაში, ვინაიდან აღნიშნული საკითხი არ წარმოადგენს სისხლის სამართლის წესით საკასაციო გასაჩივრებისა და განხილვის საგანს. დირექტორის მიერ საწარმოს ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის განხორციელების ფორმები კი უნდა განისაზღვროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად”. ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 1 ივნისის დადგენილებით აღდგენილ იქნა შპს “ს.-ის” რეგისტრაცია თავისი სამართლებრივი შედეგებით.
ამავე სასამართლოს 2001 წლის 4 ივნისის დადგენილებით შეტანილ იქნა ცვლილებები სამეწარმეო რეესტრში და შპს “ს.-ის” დირექტორად დაინიშნა ა. წ-ელი, მასვე მიენიჭა წარმომადგენლობითი და საზოგადოების ერთპიროვნულად მართვის უფლებამოსილება.
რაიონული სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატაში. პალატის 2001 წლის 27 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა კერძო საჩივარი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ, “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 9.1 მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს, რომლებსაც ამავე კანონის 47.5 მუხლის “პ” პუნქტის შესაბამისად ნიშნავს და გამოიწვევს პარტნიორთა კრება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამეწარმეო რეესტრში საზოგადოების დირექტორად რეგისტრაციის საფუძველს “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ ყოფილა წარმოდგენილი.
ვ. ა-ჰამზას წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლომ საქმე განიხილა კერძო საჩივრის წესით, მაშინ, როცა საჩივარი მას უნდა განეხილა სააპელაციო წესით. პირველი ინსტანციის სასამართლომ განცხადების განხილვისას არასწორად იხელმძღვანელა სსკ-ის 344-ე მუხლით, როდესაც მას 346-ე მუხლით უნდა ეხელმძღვანელა. სასამართლომ გასაჩივრების წესად მიუთითა კერძო საჩივრის შეტანა, როდესაც ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კერძო საჩივარი შედის იმ დროს, როდესაც სასამართლო განმცხადებელს სარეგისტრაციო მოწმობის გადაცემაზე ეუბნება უარს და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სარეგისტრაციო 15-დღიანმა ვადამ განვლო და განმცხადებელს მოტივირებული უარი არ ეცნობა. ვინაიდან სარეგისტრაციოდ დაწესებული 15 დღის განმავლობაში სასამართლომ მოტივირებულად უარი თქვა რეგისტრაციაზე, ასეთი განჩინება სსკ-ის 346-ე მუხლით სააპელაციო წესით საჩივრდება.
კასატორს მიაჩნია, რომ არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება “მეწარმეთა შესახებ” კანონის იმ ნორმაზე, რომელიც ადგენს დირექტორის დანიშვნის წესს. მოცემულ შემთხვევაში ჩვენ სახეზე გვაქვს არა პარტნიორის მიერ დანიშნული დირექტორი, არამედ სასამართლოს მიერ სისხლის სამართლებრივი იძულების ღონისძიების სახით დანიშნული დროებითი ადმინისტრაციის დირექტორი. სასამართლოს ზემოაღნიშნული ბრძანება არის კანონიერ ძალაში და თვით ის ფაქტი, რომ დროებითი ადმინისტრაცია 3 თვის განმავლობაში მართავდა საწარმოს, წარმოშობს იმის აუცილებლობას, რომ მესამე პირებმა იცოდნენ ამის შესახებ. კასატორის აზრით, საოლქო სასამართლოს პალატამ არასწორად განმარტა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001 წლის 19 მარტის განჩინება დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის ნაწილში. უზენაესი სასამართლოს მითითება, რომ დირექტორების მიერ საწარმოს ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის ფორმები უნდა განისაზღვროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლომ გაიგო იმგვარად, რომ იგი პარტნიორის მიერ უნდა იყოს დანიშნული. ასეთი განმარტება კი ეწინააღმდეგება თავად უზენაესი სასამართლოს დასკვნას, რადგან ჯერ ერთი დროებითი ადმინისტრაცია წარმოადგენს სისხლის სამართლებრივი იძულების ზომას საწარმოს პარტნიორის წინააღმდეგ და ამდენად, შეუძლებელია იმის დასკვნა, რომ დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნა პარტნიორის თანხმობას საჭიროებდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ ვ. ა-ჰამზას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2001 წლის 19 მარტის განჩინებით გააუქმა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 27 თებერვლის ბრძანების მე-3 პუნქტი, რომელიც შეეხებოდა მ. ფ-იანის შპს “ს.-ის” დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას, ხოლო ამავე ბრძანების მე-4 პუნქტზე, რომელიც შეეხებოდა დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნას, სასამართლო კოლეგიამ განმარტა, რომ აღნიშნული საკითხი არ წარმოადგენდა სისხლის სამართლის წესით საკასაციო გასაჩივრებისა და განხილვის საგანს და დირექტორების მიერ საწარმოს ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის განხორციელების ფორმები უნდა განსაზღვრულიყო მოქმედი კანონმდებლობით.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ვ. ა-ჰამზა რეგისტრაციაში უნდა გატარდეს არა როგორც პარტნიორის მიერ დანიშნული დირექტორი, არამედ სასამართლოს მიერ სისხლის სამართლებრივი იძულების ღონისძიების სახით დანიშნული დირექტორი, ვინაიდან განჩინებაში, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ სისხლის სამართლის იძულების ღინისძიების გამოყენების თაობაზეა მიღებული, მითითებულია, რომ საწარმოს ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის განხორციელების ფორმები უნდა განისაზღვროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საწარმოს ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის განხორციელების ფორმები რეგულირდება საქართველოს კანონით “მეწარმეთა შესახებ”, რომლის 9.1 მუხლის თანახმად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ _ დირექტორებს, რომლებსაც ამავე კანონის 47.3 მუხლის “ა” პუნქტის შესაბამისად ნიშნავს და გამოიწვევს პარტნიორთა კრება. სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების, კერძოდ, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორად რეგისტრაციის საფუძველს “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით წარმოადგენს შ.პ.ს-ს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება, რაც განმცხადებელს არ წარმოუდგენია.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 343-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება რეგისტრაციის შესახებ უნდა პასუხობდეს “მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.4 მუხლის მოთხოვნებს და მას თან უნდა ერთვოდეს ამ კანონის 5.5. მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები. მოცემულ შემთხვევაში კი მხარის მიერ სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შესახებ სასამართლოსათვის წარდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებს “მეწარმეთა შესახებ” კანონის აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა და მისი გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით დად ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. ა-ჰამზას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 27 ივლისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.