ბს-366-292-კ-05 1 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე (მომხსენებელი),
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 5 ივნისს დ. მ.-მ სარჩელი აღძრა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელეს საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა “მერსედეს ბენცის” ფირმის მიკროავტობუსი, რომლითაც მუშაობდა ¹... სამარშრუტო ტაქსის მძღოლად. 2003წ. 26 მაისს ქ. თბილისში, ...-ე საშუალო სკოლის ეზოში მდგომი ვერხვის ხე გადატყდა ოთხი მეტრის სიმაღლეზე, მისი ტოტი დაეცა მოსარჩელის კუთვნილ მიკროავტობუსს და, ფაქტობრივად, ისე დააზიანა, რომ მისი აღდგენის პერსპექტივა აღარ არსებობდა. თავად მოსარჩელე გადარჩა იმიტომ, რომ გადასული იყო მანქანიდან.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მანქანის განადგურებით მოესპო ოჯახის არსებობის ერთადერთი საშუალება და შემოსავლის წყარო. გარდა ამისა, აღნიშნული მიკროავტობუსის შესაძენად ნასესხები თანხაც არ ჰქონდა მთლიანად გადახდილი, რის გამოც იმყოფებოდა გამოუვალ მდგომარეობაში.
მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ქ. თბილისის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის ფლორისა და ფაუნის სპეციალიზებული განყოფილებისა და შპს “გ.-ის” წარმომადგენლებმა შეადგინეს დათვალიერების აქტი, ხოლო ისანი-სამგორის შინაგან საქმეთა სამმართველოს ¹... სექტორის უფროსმა ინსპექტორმა _ ოქმი. აღნიშნული ფაქტი დააფიქსირეს ...-ე საშუალო სკოლის დირექტორმა და თანამშრომლებმა.
მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ ...-ე საშუალო სკოლის ადმინისტრაცია არაერთხელ, ჯერ კიდევ 1999 წლიდან, მიმართავდა ქ. თბილისის მერიას, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტს ზემოაღნიშნული ხის მოჭრის თაობაზე, მაგრამ ადმინისტრაციულ ორგანოებს არანაირი ზომები არ მიუღიათ ხის მოსაჭრელად. მოსარჩელის გამარტებით, ქ. თბილისის მერიისთვის წინასწარ იყო სავარაუდო აღნიშნული უბედური შემთხვევის შედეგი და მისი უმოქმედობა წარმოადგენდა ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
მოსარჩელე სარჩელში განმარტავდა, რომ ქ. თბილისის მერიას უნდა აენაზღაურებინა მისთვის მიყენებული ზიანი არა მარტო ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც სკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მიკროავტობუსის აღდგენა პირვანდელ მდგომარეობაში შეუძლებელი იყო, რის გამოც ითხოვა მანქანის რეალური საბაზრო ღირებულების _ 5-6 ათასი აშშ დოლარისა და საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე, მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველდღიურად 30 ლარის ანაზღაურების ქ. თბილისის მერიისთვის დაკისრება.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის მერიას დ. მ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიკროავტობუსის ღირებულების _ 6000 აშშ დოლარისა და 2003წ. 26 მაისიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ყოველდღიურად 30 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მთავრობამ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. თბილისის მერიას დ. მ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 6250 ლარის ოდენობით; არ დაკმაყოფილდა დ. მ.-ის სარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში.
აღნიშნული გადაწყვეტილება ქ. თბილისის მერიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. მ.-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში. დ. მ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ და შევიდა კანონიერ ძალაში.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის მიერ წლების განმავლობაში მივლენილმა სპეციალისტებმა ადგილზე არაერთხელ შეისწავლეს სიტუაცია. აღნიშნულმა კომიტეტმა 2003წ. 17 ივნისის ¹01-13/701 წერილით ქ. თბილისის ¹... საშუალო სკოლას ნება დართო ვერხვისა და აკაციის ხეების მოჭრის, ხოლო ფიჭვის ხეების გადაბელვის შესახებ. ამასთან, აღნიშნული კომიტეტი, როგორც მაკონტროლებელი ორგანო, თვითონ არ ახორციელებს ხეების მოჭრის ღონისძიებებს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტმა ზემოაღნიშნულ წერილში მიუთითა, რომ ხეების მოჭრის ღონისძიებები უნდა განეხორციელებინათ გამწვანების სპეციალისტებს აგროვადების დაცვით. ...-ე საშუალო სკოლის დირექციამ ზემოთ მითითებული ნებართვის მიღების შემდეგ, უფლებამოსილი ორგანოსთვის, შპს “გ.-ისთვის” მიმართვის ნაცვლად, მიმართა არარსებულ ორგანოს _ “ისანი-სამგორის გამწვანების ტრესტს”, რომელიც იმ დროისთვის აღარ არსებობდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიუთითებს ...-ე საშუალო სკოლის დირექციის გაუფრთხილებელ ბრალზე. ამასთან, ...-ე საშუალო სკოლის დირექციის მიერ გაგზავნილი წერილი შპს “გ.-ს” არ მიუღია.
კასატორის განმარტებით, ქ. თბილისის მერიის რომელიმე სტრუქტურას არ შეეძლო ზემოაღნიშნული ხის მოჭრა ან გადაბელვა. შესაბამისად, ქ. თბილისის მერიის უმოქმედობა არ შეიძლება წარმოადგენდეს ზიანის უშუალო შედეგს. დ. მ.-ის კუთვნილი მიკროავტობუსის დაზიანება გამოიწვია 84-ე საშუალო სკოლის ხელმძღვანელობის გაუფრთხილებლობამ.
კასატორი აღნიშნავს, რომ მიკროავტობუსის დაზიანების ფაქტი წარმოადგენს უბედურ შემთხვევას, დაუძლეველ ძალას, რაც გამორიცხავს პასუხისმგებლობას.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია, უშუალოდ რომელ სტრუქტურას მიუძღოდა წვლილი იმაში, რომ ხე დროულად არ იქნა მოჭრილი. ქ. თბილისის მერია და ისანი-სამგორის რაიონის გამგეობა დამოუკიდებელი ბალანსისა და სტრუქტურის ადმინისტრაციული ორგანოები არიან, რომლებიც სკ-ის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დამოუკიდებლად გამოდიან სამართლებრივ ურთიერთობებში.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა სკ-ის 992-ე მუხლზე, რადგანაც აღნიშნული ნორმის მოთხოვნა არის მართლსაწინააღმდეგო, განზრახი და გაუფრთხილებელი მოქმედება და არა უმოქმედობა. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ სკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ზიანი შეიძლება გამოწვეული იყოს უმოქმედობითაც. კასატორის განმარტებით, აღნიშნული ნორმიდან უმოქმედობა არ გამომდინარეობს.
კასატორი მიუთითებს, რომ ვერხვის ხის ტოტის გადატყდომასთან და შესაბამისად, დ. მ.-ისთვის მიყენებულ ზიანთან არავითარი კავშირი ქ. თბილისის მერიას არა აქვს. კასატორის განმარტებით, მიზანშეწონილი იქნებოდა ზიანის დაკისრება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის, რადგანაც მის დაქვემდებარებაში მყოფმა ...-ე საშუალო სკოლამ დადგენილი წესით ხეების მოჭრისა და გადაბელვის ნებართვის მიღების შემდეგ, გამოიჩინა პასიურობა, გაუფრთხილებლობა და მის ბაღში მდგარი ხის მოსაჭრელად და გადასაბელად არ მიმართა უფლებამოსილ პირს _ შპს “გ.-ს”.
კასატორმა საკასაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება დ. მ.-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმეში არსებული ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დ. მ.-ის კუთვნილი მიკროავტობუსის _ “მერსედეს-ბენცის” აღდგენა, ტექნიკური თვალსაზრისით, მიზანშეწონილი არ არის, მისი დაუზიანებელი ნაწილებისა და აგრეგატების საბაზრო ღირებულება შეადგენს 3000-3500 ლარს, ხოლო ანალოგიური მარკის წლოვანებისა და ტექნიკური მდგომარეობის მიკროავტობუსის საბაზრო ღირებულება 9000-10000 ლარია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორმა სადავოდ არ გახადა ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა და არც სააპელაციო სასამართლოს მიერ დ. მ.-ისთვის მიყენებული ზიანის გამოთვლის წესზე უდავია, რასაც, აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ საქართველოს დედაქალაქის _ ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის დებულებების თანახმად, ქ. თბილისის მერია წარმოადგენს სათანადო ადმინისტრაციულ ორგანოს, ვისაც ეკისრება პასუხისმგებლობა გარემოს დაცვის ღონისძიებათა განხორციელებაზე, ხოლო მისი სტრუქტურული ერთეულების მიერ სათანადო ღონისძიებების დროულად განუხორციელებლობამ და უმოქმედობამ გამოიწვია დ. მ.-ისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, რადგანაც სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ¹... საშუალო სკოლის დირექციამ არაერთხელ მიმართა ქ. თბილისის მერიის სათანადო სამსახურებს დაზიანებული ხის მოჭრის თაობაზე, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული მოსალოდნელი საფრთხე, მაგრამ უშედეგოდ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მისთვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, რადგანაც კასატორს არ წარმოუდგენია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა ზაკ-ის 207-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ, სწორად გამოიყენა და განმარტა სკ-ის 992-ე მუხლი, რომლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სკ-ის 992-ე მუხლი არ ითვალისწინებს პირის უმოქმედობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ სკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ზიანი შეიძლება გამოწვეული იყოს უმოქმედობითაც, ხოლო უმოქმედობა მართლსაწინააღმდეგოდ ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მოქმედების განხორციელება შედიოდა ზიანის მიმყენებლის ვალდებულებაში.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ქ. თბილისის მერიას ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს, რადგანაც არსებობს ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები _ არსებობს ზიანი, რომელიც მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, ზიანსა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.