¹ბს-367-351(კ-06) 26 სექტემბერი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლ. ლაზარაშვილი,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: მიწის გადასახადისაგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი:
2005წ. 15 აპრილს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ....... სახელობის მიწათმოქმედების ს/კ ინსტიტუტის კახეთის საცდელმა სადგურმა სარჩელი აღძრა თელავის რაიონულ სასამართლოში თელავის საგადასახადო ინსპექციისა და ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა 2002 წელს სტიქიით დაზიანებული 502 ჰა მიწის ნაკვეთის გათავისუფლება 20236 ლარის, 2003-2004 წლებში სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის გამოყენებული 777 ჰა სახნავი მიწის _ 27195 ლარისა და 844 ჰა მიწის 18568 ლარის მიწის გადასახადებისაგან გათავისუფლება შემდეგი საფუძვლით:
2002წ. 28 ივნისს ძლიერი სეტყვისა და ქარიშხლის შედეგად დაზიანდა კახეთის საცდელი სადგურის ექსპერიმენტული და სათესლე ნათესები. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2002წ. 2 ივლისს კომისიის მიერ შედგენილ იქნა აქტი. 2002წ. 6-7 ივლისს, 2-3 აგვისტოს, 23-24 სექტემბერს და 3-4 ოქტომბერს შედგა განმეორებითი აქტები, რომლებშიც დაფიქსირდა ნათესების განადგურების ფაქტი.
მოსარჩელის მითითებით, საგადასახადო კოდექსის 278-ე მუხლის 65-ე პუნქტის შესაბამისად, მიწის გადასახადისაგან გათავისუფლებას ექვემდებარება 502 ჰა მიწის ნაკვეთი. აღნიშნული მითითებულია სიღნაღის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს უფროსის მოხსენებით ბარათში, 2004წ. 30 აგვისტოს სიღნაღის რ-ნის საგადასახადო ინსპექციის უფროსისადმი გაგზავნილ მიმართვასა და სიღნაღის რ-ნის გამგეობის 2003წ. 22 ოქტომბრის ¹88 დადგენილებაში.
საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის მე-19 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, მიწის გადასახადით არ იბეგრება ის ნაკვეთები, რომლებიც გამოიყენება სამეცნიერო, სასწავლო მიზნებისათვის და რომლებზეც სამუშაოები ფინანსდება ბიუჯეტიდან.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე კახეთის საცდელი სადგურის სარჩელი არ ცნო მოპასუხე თელავის საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელმა უსაფუძვლობის გამო.
სარჩელი არ ცნო ასევე მესამე პირმა _ საგადასახადო დეპარტამენტის წარმომადგენელმა იმ მოტივით, რომ მოსარჩელეს არა აქვს საკმარისი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რის გამოც არ უნდა გათავისუფლდეს მიწის გადასახადისაგან. საგადასახადო დეპარტამენტმა ასევე არ გაიზიარა სარჩელი ფორსმაჟორული ვითარების გამო გადასახადისაგან გათავისუფლების თაობაზე.
თელავის რაიონული სასამართლოს 2005წ. 15 ივლისის გადაწყვეტილებით სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ........... სახელობის მიწათმოქმედების ს/კ ინსტიტუტის კახეთის საცდელი სადგურის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელე გათავისუფლდა 2002წ. სტიქიით დაზიანების გამო, მიწის გადასახადის 20236 ლარისა და 2004წ. სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების დროს ბიუჯეტის დაფინანსების მიღების გამო მიწის გადასახადის _ 18568 ლარის გადახდისაგან, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე კახეთის საცდელი სადგური, როგორც სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც აწარმოებს სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მასზე ვრცელდება «საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ» კანონი, თანახმად ამავე კანონის 35-ე მუხლისა.
მოსარჩელე 2003 წელს სამეცნიერო კვლევით სამუშაოებს აწარმოებდა 777 ჰა-ზე, რისთვისაც ბიუჯეტიდან დაფინანსების სახით 6470 ლარი, ხოლო 2004 წელს _ 844ჰა-ზე 84536 ლარი მიიღო.
2002 წელს სეტყვისა და ქარიშხლისაგან განადგურდა მოსარჩელის 502 ჰა მიწაზე ექსპერიმენტული და სათესლე ნათესები, რაზეც არსებობს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირების მიერ შედგენილი აქტები.
რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის მე-19 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ კახეთის საცდელი სადგური უნდა გათავისუფლდეს 2004წ. მიწის გადასახადისაგან 844 ჰა მიწის ნაკვეთზე, რადგან მან საკმარისი დაფინანსება მიიღო 2004წ. ბიუჯეტიდან _ 84536 ლარი 844 ჰა მიწის ნაკვეთზე სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად.
რაიონული სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მოთხოვნა 777 ჰა მიწის ნაკვეთზე 2003წ. გადასახადისაგან გათავისუფლებაზე უსაფუძვლოა, რადგან მას საკმარისი დაფინანსება არ მიუღია 2003 წელს, რისთვისაც მოსარჩელემ გამოიყენა მის მიერ მიღებული მოგების ნაწილი, რაც საგადასახადო კოდექსის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად უნდა იქნეს მიჩნეული.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თელავის საგადასახადო ინსპექციამ, კახეთის საცდელმა სადგურმა და საგადასახადო დეპარტამენტმა.
თელავის საგადასახადო ინსპექციამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2005წ. 15 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ და 2002წ. მიწის გადასახადის _ 20236 ლარისა და 2004წ. მიწის გადასახადის _ 18568 ლარის, სულ _ 38804 ლარის გადახდისაგან გათავისუფლებაზე მოსარჩელისათვის უარის თქმა შემდეგი მოტივით:
აპელანტმა უსაფუძვლოდ მიიჩნია რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ან არ იღებდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას, ან იღებდა იმ ოდენობით, რაც არ იყო საკმარისი სამუშაოების განსახორციელებლად. იმჟამად მოქმედი საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის მე-19 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტი კი არ ითვალისწინებს რაიმე შეღავათებს არასაკმარისი დაფინანსების ან დაუფინანსებლობის შემთხვევაში.
აპელანტის მითითებით, სტიქიის ან სხვა ფორსმაჟორული გარემოებების შედეგად სასოფლო-სამეურნეო გადასახადებისაგან გათავისუფლების საფუძველია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმებით. კომისიის დასკვნა შედგენილ უნდა იქნეს ორჯერ, სტიქიის დამთავრების მომენტიდან 2 კვირის ვადაში და მოსავლის აღების წინ, თანახმად იმჟამად მოქმედი საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის მე-19 ნაწილის «ლ» ქვეპუნქტისა. აღნიშნული გადაწყვეტილება და სათანადო სამუშაოების დამადასტურებელი დასკვნები კი საქმეში არ არის წარმოდგენილი.
ამდენად, აპელანტმა მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არა აქვს საკმარისი დაფინანსება ბიუჯეტიდან, რის გამოც არ უნდა გათავისუფლდეს მიწის გადასახადის გადახდისაგან. ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტმა მოსარჩელის მოთხოვნა ფორსმაჟორული ვითარების გამო მიწის გადასახადისაგან გათავისუფლების თაობაზე.
საგადასახადო დეპარტამენტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2005წ. 15 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში შემდეგი მოტივით:
აპელანტმა გასაჩივრებულ ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მიიჩნია დაუსაბუთებლად და უკანონოდ, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, აპელანტის მოსაზრებით, არ იძლევა ამგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს. აპელანტის მითითებით, ასევე არ იქნა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა საგადასახადო შეღავათებისათვის დაწესებული, კანონმდებლობით დადგენილი იმპერატიული მოთხოვნების დაცვა, კერძოდ, არ არსებობს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმებით მიღებული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილება, ასევე კომისიის სათანადო წესით შედგენილი დასკვნა. მოსარჩელის მიერ ასევე ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების დაფინანსების კუთხით.
კახეთის საცდელმა სადგურმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება 2003წ. მიწის გადასახადისაგან გათავისუფლების ნაწილში და 777 ჰა-ზე 2003წ. მიწის გადასახადის, 27195 ლარის, გადახდისაგან მოსარჩელის გათავისუფლება შემდეგი მოტივით:
აპელანტის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის 1996-2005 წლების სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამიდან დგინდებოდა, თუ რომელ წელს რამდენ ჰა-ზე უნდა განხორციელებულიყო სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო სამუშაოები. აღნიშნული პროგრამის მიხედვით, 2003 წელს სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო სამუშაოები კახეთის საცდელ სადგურს უნდა ეწარმოებინა 777 ჰა-ზე, რისთვისაც ბიუჯეტიდან გათვალისწინებული იყო ასიგნება 78450 ლარის ოდენობით. ბიუჯეტიდან გამოყოფილმა დაფინანსებამ შეადგინა 6470 ლარი, ხოლო სრულად დაუფინანსებლობა განაპირობა შექმნილმა დეფიციტმა, რამაც გამოიწვია ბიუჯეტში სეკვესტრი. ამდენად, აპელანტის მითითებით, დაუფინანსებლობა განაპირობა არა საჭიროების, არამედ შესაძლებლობის არარსებობამ; კახეთის საცდელმა სადგურმა სამუშაოების შესასრულებლად გამოიყენა 2002წ. გაუნაწილებელი მოგება, ბიუჯეტის ასიგნება, სხვადასხვა კრედიტორული დავალიანება და სახსრები.
აპელანტის მითითებით, საგადასახადო კანონმდებლობა არ მიუთითებს, თუ რამდენი პროცენტით დაფინანსების შემთხვევაში უნდა მოხდეს მიწის გადასახადისაგან გათავისუფლება. 2003 წელს მიღებული დაფინანსება მთლიანად მოხმარდა განხორციელებული სამუშაოების შესრულებას, რაც წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.
გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დაწესებულება მიწის გადასახადისაგან თავისუფლდება მიწის ნაკვეთის სამეცნიერო მიზნებისათვის გამოყენებისა და სამეცნიერო სამუშაოების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შემთხვევაში, რასაც კახეთის საცდელი სადგური აკმაყოფილებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 12 იანვრის გადაწყვეტილებით თელავის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ......... სახელობის მიწათმოქმედების ს/კ ინსტიტუტის კახეთის საცდელი სადგურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად; გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2005წ. 15 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; კახეთის საცდელი სადგურის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და მიჩნეულ იქნა, რომ კახეთის საცდელ სადგურს არ აკისრია 2002-2004 წლებში მიწის გადასახადის გადახდის მოვალეობა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა კახეთის საცდელი სადგურის პოზიცია და მიიჩნია, რომ 2000 წელს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის «წ» ქვეპუნქტის თანახმად, მიწის გადასახადით არ იბეგრება სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო, საცდელ-სასელექციო, ექსპერიმენტული, ჯიშთა გამოცდის მიწის ის ნაკვეთები, რომლებიც გამოიყენება სამეცნიერო და სასწავლო მიზნებისათვის და რომლებზედაც სამუშაოების დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის 1996-2005 წლების სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრამაში გაშიფრულია, თუ რომელ წელს რამდენ ჰა-ზე უნდა განხორციელებულიყო სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო სამუშაოები. აღნიშნული პროგრამის მიხედვით, 2003 წელს სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო 777 ჰა-ზე, რისთვისაც ბიუჯეტიდან გათვალისწინებული იყო 78450 ლარის გამოყოფა, მაგრამ ბიუჯეტიდან დეფიციტის გამო, გამოიყო 6470 ლარი, ხოლო 2004 წელს სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო 844 ჰა-ზე, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გათვალისწინებული იყო 84536 ლარის გამოყოფა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო, საცდელ-სასელექციო, ექსპერიმენტული, ჯიშთა გამოცდის მიწის ის ნაკვეთები, რომლებიც გამოიყენება სამეცნიერო და სასწავლო მიზნებისათვის და რომლებზედაც სამუშაოების დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თავისუფლდებიან მიწის გადასახადისაგან და მათ გააჩნიათ დაბეგვრის განსაკუთრებული რეჟიმი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, კახეთის საცდელი სადგურის დაბეგვრის თაობაზე საკითხის გადაწყვეტისას ბიუჯეტიდან პროგრამის სრულად დაუფინანსებლობა არ წარმოადგენდა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას, მით უფრო, რომ იგი არ იყო გამოწვეული საცდელი სადგურის ბრალით.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კახეთის საცდელი სადგური 844 ჰა მიწის ნაკვეთზე უნდა გათავისუფლებულიყო 2004წ. მიწის გადასახადისაგან, ასევე 777 ჰა მიწაზე 2003წ. გადასახადისაგან, 2003 წელს ბიუჯეტიდან დაფინანსების სრულად მიუღებლობის მიუხედავად.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება 502 ჰა-ზე 2002წ. მიწის გადასახადისაგან გათავისუფლების თაობაზე და დადგენილად მიიჩნია, რომ 2002 წელს სეტყვისა და ქარიშხლისაგან განადგურდა კახეთის საცდელი სადგურის 502 ჰა მიწაზე ექსპერიმენტული და სათესლე ნათესები, რის შესახებაც არსებობს უფლებამოსილი პირების მიერ დადგენილი წესით შედგენილი აქტები, რაც წარმოადგენს კახეთის საცდელი სადგურის 502 ჰა-ზე 2002წ. მიწის გადასახადისაგან გათავისუფლების საფუძველს, თანახმად საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის «კ» ქვეპუნქტისა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საგადასახადო დეპარტამენტმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 12 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება მოსარჩელის 2002-2004 წლების მიწის გადასახადისაგან გათავისუფლების თაობაზე და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:
სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-19 მუხლები და მე-17 მუხლის პირველი ნაწილის, 2005 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის მე-19 ნაწილის «ბ» და «ლ» ქვეპუნქტების მოთხოვნები, რითაც დაარღვია სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტებისა და 394-ე მუხლის «ე» პუნქტის მოთხოვნები.
კასატორის მითითებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურებული იქნებოდა საგადასახადო შეღავათებისათვის დაწესებული კანონმდებლობით დადგენილი იმპერატიული მოთხოვნების დაცვა, კერძოდ, არ არსებობს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმებით მიღებული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილება, ასევე კომისიის სათანადო წესით შედგენილი დასკვნა. ამასთან, არც სასამართლოს გამოუკვლევია სადავო საკითხის გადაწყვეტის კანონიერი საფუძვლები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.
მოსარჩელის მიერ ასევე ვერ იქნა უზრუნველყოფილი სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენა სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების დაფინანსების კუთხით. შესაბამისად, კასატორმა მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება მიწის გადასახადისაგან გათავისუფლების ნაწილში.
საკასაციო სასამართლოს 2006წ. 11 სექტემბრის განჩინებით საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე, იმ მოტივით, რომ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე კასატორის, საგადასახადო დეპარტამენტის და თავდაპირველი მოპასუხის _ თელავის საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს, ამასთან, კასატორის წარმომადგენელმა განმარტა, რომ კასაციისმოტივი _ საქმეში მტკიცებულებების არარსებობის თაობაზე არ დადასტურდა როგორც თელავის საგადასახადო ინსპექციის მიერ მიწოდებული მასალებით, ისე საქმის მასალებით, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი სტიქიით მიყენებული ზარალის დამადასტურებელი სათანადო აქტები.
მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა არ ცნო საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის საკასაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების, მხარეთა წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებების მოსმენისდა საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 12 იანვრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რის გამოც სსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, კერძოდ, საკასაციო საჩივრის მოტივი _ საქმეში სათანადო მტკიცებულებების არარსებობის თაობაზე გაქარწყლებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, კერძოდ, წარმოდგენილია ყველა აქტი, რომელიც ადასტურებს სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს.
მითითებული მტკიცებულებების არსებობის, რეალურობისა და უტყუარობის ფაქტი დადასტურებულ იქნა კახეთის საგადასახადო ხოლო ინსპექციის წარმომადგენლის მიერ საკასაციო სასამართლოს სხდომაზეც, კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნულის თაობაზე საგადასახადო დეპარტამენტისათვის საკასაციო საჩივრის შედგენის შემდეგ გახდა ცნობილი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასაციის მიზეზს გადაწყვეტილების კანონსაწინააღმდეგოდ მიჩნევის თაობაზე იმ მოტივით, რომ მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავალიანება არ მიუღია, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება, რომ ს.ფ. 72-93-ზე წარმოდგენილი საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის 1996-2005 წლების სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრამაში განსაზღვრული იყო თუ რომელ წელს რამდენ ჰა მიწაზე უნდა განხორციელებულიყო სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით სამუშაოები 2003-2004 წლების მიხედვით, რომლის თანახმად, 2003 წ. 777 ჰა ბიუჯეტში გათვალისწინებული 78450 ლარის ნაცვლად, დაფინანსება მიიღო 6470 ლარით ბიუჯეტის დეფიციტის გამო, ხოლო 2004წ. გათვალისწინებულ 84536 ლარის დაფინანსება განხორციელდასრულად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დავა არსებითად სწორად გადაწყვიტა, რამდენადაც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროგრამის სრულად დაუფინანსებლობა არ იყო გამოწვეული კახეთის საცდელი სადგურის ბრალით და მათ სხვა სახსრებით დააფინანსეს პროგრამა, რითაც ხელი შეუწყვეს კვლევის გაგრძელებას, მსჯელობის ლოგიკურობის და კანონის სწორი განმარტების გამო, კერძოდ, 1997წ. 13 ივნისის საგადასახადო კოდექსის 2004წ. 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციის 158-ე მუხლის და 1 იანვრიდან მოქმედი რედაქციის 215.19 მუხლის «ბ» პუნქტის თანახმად, მიწის გადასახადით არ იბეგრება სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო, საცდელ-სასელექციო, ექსპერიმენტულ, ჯიშთა გამოცდის მიწის ის ნაკვეთები (მოსარჩელის მიწის ნაკვეთის ასეთად არსებობის ფაქტი სადავოდ არ გაუხდიათ მოპასუხეს და მესამე პირს), რომლებიც გამოიყენება სამეცნიერო და სასწავლო მიზნებისათვის და რომლებზედაც სამუშაოების დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მოცემულ შემთხვევაში ორივე პირობა სახეზეა, იმ თავისებურებით,რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება სრულად 2003 წელს ვერ განხორციელდა ბიუჯეტის დეფიციტის გამო, ხოლო 2003წ. საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტი სადავო არ გამხდარა კასატორის მიერ.
იმ ვითარებაში, როცა მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გათვალისწინებული თანხების ნაწილის მიუღებლობის მიუხედავად, პროფესიული კეთილსინდისიერებით, საკუთარი სამეურნეო სახსრები მიიმართა საჯარო ინტერესის _ სამეცნიერო პროგრამით გათვალისწინებული კვლევების დასაფინანსებლად, კვლევების სპეციფიკურობის გამო, მისი შეწყვეტის თავიდან აცილების მიზნით, რაცასევე სადავო არ გამხდარა საგადასახადო სამსახურების მიერ, არ შეიძლება გახდეს მიწის გადასახადის გადახდის ვალდებულებებისაგან გაუთავისუფლებლობის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 215.19 მუხლით დადგენილი შემთხვევები მიწის გადასახადისაგან გათავისუფლების თაობაზე მოტივირებულია მაღალი საჯარო ინტერესით, რაზეც სახელმწიფო ითვალისწინებს დაფინანსებას, რის გამოც კანონმდებლის ნება შეუძლებელია გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ გადასახადისაგან გათავისუფლების წინაპირობას მხოლოდ ბიუჯეტიდან დაფინანსება წარმოადგენს, ვინაიდან კანონმდებელი მიზნად ისახავს იმ სამეცნიერო – კვლევით სამუშაოების მიწის ნაკვეთების, რომლებიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება სწორედ საჯარო, სახელმწიფოებრივი მიზნების ხელშესაწყობად და განსახორციელებლად, ასევე დაბეგვრის შეღავათიან რეჟიმში მოქცევას და იმ პირობებში, როცა სახელმწიფო არაორგანიზებულობის გამო ვერ აფინანსებდა გათვალისწინებულ პროგრამებს და ეს ფუნქცია იკისრა თავად კვლევების განმახორციელებელმა სუბიექტმა, ანუმიზანი მიღწეულ იქნა, დაუშვებელია კანონით მინიჭებული საგადასახადო შეღავათის მითითებულ მიწის ნაკვეთებზე გაუვრცელებლობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სხვა საპროცესო დარღვევების თაობაზე არ მიუთითებია, შესაბამისად, სსკ-ის 404.1 მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილი არ არის თავის ინიციატივით შეამოწმოს ასეთი, ხოლო საგამონაკლისო შემთხვევები სახეზე არ არის.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო სამართალურთიერთობას სწორად შეეფარდა სამართლის ნორმა, არ არის საპროცესო ნორმები დარღვეული, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ სსკ-ის 411 ან 412 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს შეფასება და დასკვნები შეესაბამება კანონმდებლობას, სახეზე არ არის სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სსკ-ის 372-ე, 390-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 12 იანვრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.