გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ\629 2 თებერვალი 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
თავმჯდომარე მ. წიქვაძე
მოსამართლეები: რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი
დავის საგანი: საპატენტო უფლების დაცვა და ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1997 წლის 15 მაისს “საქპატენტის” მიერ გ. ხ-იას სახელზე რეგისტრირებული იქნა პატენტი ¹.... სასარგებლო მოდელზე “ავტომანქანის უკუხედვის სარკე სინათლის წყაროთი”.
2000 წლის 23 მარტს გ. ხ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს “ა-ს” მიმართ და მოითხოვა საპატენტო უფლების დაცვა და ზიანის ანაზღაურება. გ. ხ-ია სარჩელის საფუძვლად მიუთითებდა, რომ სს “დ-ის” მიერ წარმოებული “მერსედეს-ბენცის” ავტომობილებზე გამოყენებული სარკე იმეორებს მის სახელზე რეგისტრირებულ სასარგებლო მოდელის ¹.... პატენტის ფორმულას. შპს “ა-ა” არის “დ-ის” წარმომადგენელი საქართველოში და მათ მიერ ხდებოდა ამ ავტომანქანების ჩართვა სამოქალაქო ბრუნვაში, რის გამოც ირღვეოდა მისი საპატენტო უფლებები.
მოპასუხე შპს “ა-ს” დირექტორმა თავი არ ცნო სათანადო მოპასუხედ, ამასთან, შეპასუხებაში და მოსამზადებელ სხდომაზე დაადასტურა, რომ შპს “ა-ა” არის სს “დ-ის” გენერალური წარმომადგენელი და მათ მიერ წარმოებული ავტომანქანების რეალიზატორი. სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქმის განხილვისას მოპასუხემ მიუთითა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 11.1. მუხლზე და განმარტა, რომ შპს “ა-ა” წარმოადგენს სავაჭრო წარმომადგენელს, იგი არ ეწევა სადავო ავტომანქანების სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვას, გაყიდვას, გასაყიდად შეთავაზებას, იმპორტირებას და შენახვას. იგი ეწევა მხოლოდ საშუამავლო საქმიანობას, ხელს უწყობს კლიენტების მიზიდვის გზით გარიგებების დადებას, სარეკლამო საქმიანობას. მოპასუხემ მოითხოვა შპს “ა-ს” ცნობა არასათანადო მოპასუხედ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ 2000 წლის 10 ივლისის საოქმო ფორმით მიღებული განჩინებით შპს “ა-ა” ცნო არასათანადო მოპასუხედ, იმავე დღეს მიღებული განჩინებებით სს “დ-ი” ჩართო მოპასუხედ და შეწყვიტა საქმის წარმოება იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს არ გააჩნდა მოცემულ საქმეზე საერთაშორისო კომპეტენცია.
სასამართლომ გამოიყენა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ კანონის მერვე მუხლი და დადგენილად ცნო, რომ სს “დ-ს” საქართველოში არ გააჩნია რეზიდენცია ან ადგილსამყოფელი.
სასამართლომ გამოიყენა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 11.1. მუხლი და მიუთითა, რომ შპს “ა-ა” არ არის სს “დ-ის” სავაჭრო წარმომადგენელი, რადგან შპს “ა-ა” არ დებს გარიგებებს სს “დ-ის” სახელითა და ხარჯით. შპს “ა-ა” ახორციელებს მხოლოდ საშუამავლო საქმიანობას, კლიენტურის მიზიდვისა და ინფორმაციის შეგროვებისას გასამრჯელოს იღებს საშუამავლო საქმიანობისათვის მხოლოდ გარიგების სრული განხორციელების შემდეგ.
სასამართლომ ასევე, “ა-ა” არ მიიჩნია დამოუკიდებელ მოვაჭრედ და არც კომისიონერად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადასტურებულად არ ცნო შპს “ა-ს” მიერ სამოქალაქო ბრუნვაში პატენტით დაცული ობიექტის ჩართვის ფაქტი და მიუთითა, რომ სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა უფლებამოსილი განეხილა საქმე, თუ მოსარჩელე საქმეში მოპასუხედ ჩართავდა კონკრეტულ მყიდველს, რომელმაც განახორციელა პატენტით დაცული ობიექტით აღჭურვილი ავტომანქანების იმპორტირება საქართველოში და შესაბამისად, ჩართვა სამოქალაქო ბრუნვაში საქართველოს ტერიტორიაზე.
გ. ხ-იამ კერძო საჩივრით მიმართა საოლქო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 10 ივლისის განჩინებების გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად განმარტა “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლი; სასამართლომ, ასევე, არასწორად განმარტა ტერმინი “სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა” და სასამართლომ არ გამოიყენა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ინტელექტუალურ საკუთრებაზე ვაჭრობის თანამხვედრი უფლებების შესახებ ხელშეკრულების 28-ე მუხლი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ გ. ხ-იას კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოუგზავნა უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 10 ივლისის განჩინებები ამ საქმეზე უნდა გაუქმდეს და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა იზიარებს საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 11.1. მუხლი, რომლის თანახმად, სავაჭრო წარმომადგენლად ამ კანონის მიხედვით მიიჩნევა პირი, რომელიც საქონლის, უფლებებისა და მომსახურების რეალიზაციის ურთიერთობებში შუამავლობს ან დებს გარიგებებს სხვა საწარმოს სახელითა და ხარჯით ისე, რომ თვითონ არ არის დასაქმებული ამ საწარმოში.
აღნიშნული მუხლის თანახმად, სავაჭრო წარმომადგენელი არა მხოლოდ დებს გარიგებებს სხვა საწარმოს სახელითა და ხარჯით, როგორც ეს განმარტა სასამართლომ, არამედ სავაჭრო წარმომადგენლის საქმიანობის საგანს, ასევე, შეადგენს საქონლის რეალიზაციის ურთიერთობებში შუამავლობა კლიენტსა და საწარმოს შორის, უფრო ზუსტად ხელს უწყობს კლიენტსა და საწარმოს შორის საქმიანი ურთიერთობების დამყარებას, რისთვისაც იღებს პროვიზიას.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ შპს “ა-ა” შუამავლობს, იზიდავს კლიენტურას, აგროვებს ინფორმაციას, იღებს გასამრჯელოს გარიგების განხორციელების შემდეგ და რადგან, უშუალოდ არ დებს გარიგებას მყიდველთან, შპს “ა-ა” არ ჩათვალა სს “დ-ის” სავაჭრო წარმომადგენლად.
საქართველოს საპატენტო კანონის 48-ე მუხლის თანახმად, პატენტმფლობელს აქვს განსაკუთრებული უფლება თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს გამოგონება, სასარგებლო მოდელი, სამრეწველო ნიმუში, დაამზადოს პატენტით დაცული პროდუქტი, ჩართოს ობიექტი სამოქალაქო ბრუნვაში, მისი გამოყენებით მიიღოს შემოსავალი, ან აკრძალოს აღნიშნული ქმედებები.
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (რომლის წევრიც არის საქართველო 1999 წლის ოქტომბრიდან) ინტელექტუალურ საკუთრებაზე ვაჭრობის თანმხვედრი უფლებების შესახებ ხელშეკრულების 28-ე მუხლის თანახმად, პატენტმფლობელს აქვს განსაკუთრებული უფლება აუკრძალოს მესამე პირებს, რომელთაც მფლობელის ნებართვა არ გააჩნიათ, განახორციელონ შემდეგი ქმედებები: ამ პროდუქტის შექმნა, გამოყენება, გასაყიდად შეთავაზება, ან გაყიდვა ან იმპორტი ამ მიზნებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაყიდად შეთავაზება, რაც გულისხმობს რეკლამას, ითვლება განსაკუთრებული უფლების დარღვევად.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია და შპს “ა-ს” წარმომადგენელიც ადასტურებს, რომ შპს “ა-ა” ეწევა სარეკლამო საქმიანობას, შპს “ა-ს” სალონში ავტომანქანა დგას საილუსტრაციოდ და თუ ერთი წლის განმავლობაში არ მოხდება შეთავაზება იგზავნება სხვა ქვეყანაში.
ამდენად, პალატა თვლის, რომ შპს “ა-ა” ახორციელებს სადავო ობიექტით აღჭურვილი ავტომანქანების გასაყიდად შეთავაზებას საქართველოში, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ შპს “ა-ა” არის სათანადო მოპასუხე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 10 ივლისის სხდომაზე საოქმო ფორმით მიღებული განჩინება შპს “ა-ს” არასათანადო მოპასუხედ ცნობის შესახებ; 2000 წლის 10 ივლისის განჩინებები საქმეში სათანადო მოპასუხედ სს “დ-ის” ჩაბმის და საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ, ასევე, 2000 წლის 4 აგვისტოს განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის კოლეგიას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.