Facebook Twitter

¹ბს-371-297-კ-05 5 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),

გ. ქაჯაია

დავის საგანი: საპენსიო დანამატის დანიშვნა.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 11 აგვისტოს ს. ი-მა სარჩელით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ და “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” 1996წ. კანონის მე-60 მუხლის საფუძველზე მოითხოვა მოხუცებულობის გამო, მეორე სახეობის პენსიის დანიშვნა 42 ლარის ოდენობით და მიუღებელი საპენსიო დანამატის ანაზღაურება.

მოსარჩელის მითითებით, იგი არის 1924 წელს დაბადებული, დიდი სამამულო ომის მონაწილე, 1998 წლიდან იღებს პენსიას 45 ლარს, მაგრამ მოხუცებულობის პენსია შეუწყვიტეს. საპენსიო დანამატის დანიშვნაზე ს. ი-მა განცხადებით მიმართა სოცფონდს, რაზეც უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, ორი სახეობის პენსიის დანიშვნა ეხებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც განეკუთვნებიათ ოფიცერთა შემადგენლობას და პენსიას იღებენ ძალოვანი სტრუქტურებიდან. რაც შეეხება ომის მონაწილე რიგითებს, მათზე აღნიშნული კანონის მოქმედება არ ვრცელდება და მათი პენსია განისაზღვრება “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის შესაბამისად, აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელესაც პენსია დანიშნული აქვს ინვალიდობის მიხედვით).

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით ს. ი-ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო ეთქვა უარი, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 ივლისის განჩინებით ს. ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შემდეგი მოტივით უცვლელად დარჩა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 19 აგვისტოს გადაწყვეტილება:

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტი ს. ი-ი ითხოვდა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელებას. კერძოდ, უკვე დანიშნულ ინვალიდობის პენსიასთან ერთად, მოხუცებულობის გამო პენსიის (28 ლარი) დანამატის სახით მიღებას.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით დადგენილი საპენსიო შეღავათის მოპოვებისათვის, კანონის პირველი მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: უნდა იყოს დიდი სამამულო ომის მონაწილე; უნდა შეუსრულდეს 75 წელი და უნდა ჰქონდეს ოფიცრის წოდება, ან უნდა იყოს სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული, ომის I ან II ჯგუფის ინვალიდი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ს. ი-ი არ განეკუთვნება კანონით განსაზღვრულ საპენსიო უზრუნველყოფის მქონე პირთა კატეგორიას, თუმცა იგი არის დიდი სამამულო ომის მონაწილე, 75 წელს გადაცილებული, მაგრამ სამხედრო სამსახურის დროს არ დაინვალიდებულა და არა აქვს ოფიცრის წოდება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ი-ის წარმომადგენელმა გ. უ-მა და შემდეგი საფუძვლით მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება:

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა 1996წ. 16 ოქტომბრის კანონის “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” მე-60 მუხლი და გამოიტანა არასწორი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ვინაიდან ს. ი-ი არ არის ოფიცერი და სამამულო ომის ინვალიდი, ამიტომ არ ეკუთვნის ორი სახეობის პენსია. მე-60 მუხლის მიხედვით, ორი სახეობის პენსია ეკუთვნის 1941-45 წლებში ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ყველა მონაწილეს, რომელთაც შეუსრულდათ 75 წელი ან არიან I ან II ჯგუფის ომის ინვალიდები. საქმეზე დართული ცნობებით დასტურდება, რომ მოსარჩელე არის სამამულო ომის მონაწილე, შეუსრულდა 80 წელი, 1942-50 წლებში მსახურობდა შინაგან ჯარებში. “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან შს ორგანოებში და შინაგან ჯარებში ნამსახურები რიგითი და უფროსი შემადგენლობის თადარიგში დათხოვნილი პირები. გარდა ამისა, სოცფონდის ცნობით ს. ი-ი იღებს პენსიას 45 ლარის ოდენობით. ასეთ პენსიას “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის შესაბამისად, 1998 წლიდან დღემდე იღებენ მხოლოდ ომის ინვალიდები, ომის მონაწილენი კი იღებენ 40 ლარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ ს. ი-ს უფლება აქვს, მიიღოს ორი სახეობის პენსია, რომელსაც წლების განმავლობაში არ ღებულობდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ი-ის წარმომადგენლის გ. უ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს და შემდეგი მოტივით უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 ივლისის განჩინება:

ს. ი-ის წარმომადგენელი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას, რომლითაც მისი მოთხოვნა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათის, მოხუცებულობის გამო პენსიისა და ორმაგი დანამატის, სულ 42 ლარის დანიშვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ ს. ი-ი არის 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე, 75 წელს გადაცილებული პირი და იღებს პენსიას 45 ლარის ოდენობით, მაგრამ იგი არ არის ომის I ან II ჯგუფის ინვალიდი და მას არა აქვს ოფიცრის წოდება.

“სამხედრო, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-4 მუხლისა და მოქმედი საპენსიო კანონმდებლობის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს, მათი ოჯახის წევრებსა და სხვა პირებს, რომლებსაც ერთდროულად რამდენიმე სახეობის პენსიის მიღების უფლება აქვთ, მათი სურვილის შესაბამისად ენიშნებათ ერთი სახეობის პენსია. ამდენად, მოქმედი საპენსიო კანონმდებლობა, როგორც წესი, ადგენს მხოლოდ ერთი სახეობის პენსიის დანიშვნას, მაგრამ კანონმდებელმა “სამხედრო, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლში, გამონაკლისის სახით გაითვალისწინა მეორე სახეობის პენსიის _ მოხუცებულობის გამო პენსიის მიღების უფლება, ორი მინიმალური პენსიის დანამატით. აღნიშნული ნორმის თანახმად: “ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 75 წელი და/ან არიან I და II ჯგუფის ინვალიდები, ეძლევათ ორი სახეობის პენსიის – ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) ერთდროულად მიღების უფლება. ამასთან, მათ მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნებათ დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით”.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002წ. 25 ნოემბრისა და 28 დეკემბრის განმარტებების მიხედვით: “სამხედრო, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით გათვალიწინებული საპენსიო შეღავათის გავრცელებისათვის პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) უნდა იყოს 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე;

ბ) უნდა შეუსრულდეს 75 წელი;

გ) უნდა ჰქონდეს ოფიცრის წოდება და/ან უნდა იყოს ომის ინვალიდი.

მართალია, ს. ი-ი არის 1941-1945 წლების ომის მონაწილე, 75 წელს გადაცილებული პირი, მაგრამ იგი არ არის ომის ინვალიდი, რის გამოც მასზე მე-60 მუხლით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათი ვერ გავრცელდება.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ზემოაღნიშნული მე-60 მუხლი მეორე სახის პენსიის დანიშვნის სავალდებულო პირობად არ ითვალისწინებს ომის ინვალიდობას, რადგან ამ მუხლით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათის, მეორე სახეობის პენსიის სახით, მოხუცებულობის გამო პენსიის დანიშვნის მომენტისათვის მოქალაქეს უკვე დანიშნული უნდა ჰქონდეს ომის ინვალიდობის პენსია.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ს. ი-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 ივლისის განჩინება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევები არ არსებობს და სასამართლომ მტკიცებულებათა სწორი გამოკვლევითა და კანონის მართებული გამოყენება-განმარტებით გამოიტანა კანონიერი განჩინება ს. ი-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 410-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. ი-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 ივლისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.