Facebook Twitter

ბს-371-355(კ-06) 19 სექტემბერი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლ. ლაზარაშვილი,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: მიწის გადასახადის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 19 აგვისტოს ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ სარჩელი აღძრა სს «გ-ის» მიმართ და საგადასახადო კოდექსის 245-247-ე, სკ-ის 300-301-ე მუხლების საფუძველზე მოითხოვა სს «გ-ის» დაყადაღებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის უფლების მინიჭება მოპასუხეზე რიცხული საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით.

მოსარჩელემ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

სს «გ-ის» მიერ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ამ უკანასკნელის დავალიანებამ ბიუჯეტისა და სახელმწიფო ფონდების მიმართ შეადგინა 23145 ლარი. გირავნობის, იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2003წ. 20 თებერვლის ¹61 შეტყობინებით მოპასუხე გაფრთხილებულ იქნა საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საგადასახადო კოდექსის 245-ე მუხლის შესაბამისად, საწარმოს იმ ქონების დაყადაღებისა და რეალიზაციის შესახებ, რომლის მიმართაც ვრცელდება საგადასახადო გირავნობის უფლება, კერძოდ, რომლის ლიკვიდური ღირებულება განისაზღვრება 18431 ლარით და საკმარისია საგადასახადო ვალდებულების დაფარვისათვის. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2003წ. 10 ივლისის ¹42 ბრძანების საფუძველზე, ამავე ინსპექციის ვადაგადაცილებულ დავალიანებათა იძულებითი გადახდევინების კომისიის 2003წ. 12 აგვისტოს აქტით ყადაღა დაედო სს «გ-ის» ქონებას _ ორსართულიან ადმინისტრაციულ შენობასა და ავეჯს, რომლის სარეალიზაციო ფასი გაყიდვის მომენტისათვის შეადგენდა 15055 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს.

მოსარჩელის განმარტებით, საგადასახადო კოდექსის 245-247-ე მუხლების თანახმად, საგადასახადო ინსპექცია უფლებამოსილია, მოვალე საწარმოს ქონების დაყადაღების შემდეგ მიმართოს სასამართლოს აღნიშნული ქონების რეალიზაციის შესახებ, რადგან დაყადაღებული ქონების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ ღია აუქციონის ჩატარების ფორმით სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.

2003წ. 25 აგვისტოს ფოთის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ასევე სს «გ-მა» ქ. ფოთის მთავრობის, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ფოთის სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მიწის იჯარის ხელშეკრულების რეგისტრირება და მიწის გადასახადის ხელშეკრულების შესაბამისად გადაანგარიშება, გადასახადებზე საურავების მოხსნა და სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის გადასახადის – 3772 ლარის გადახდის დაწყება 2004 წლიდან:

მოსარჩელის განმარტებით, სს «გ-ი» იყო ფოთის .......... მეურნეობის სამართალმემკვიდრე და მასვე უნდა დამაგრებოდა მეურნეობის სარგებლობაში არსებული მიწები, მაგრამ ქ. ფოთის მერის 1996წ. 9 აგვისტოს ¹457 განკარგულებით ზემოაღნიშნული ნაკვეთებიდან 5 ჰა გადაეცა ქ. ფოთის საეპარქიოს, ხოლო 36 ჰა სახნავი მიწა გერმანულ ფირმა «მ-ის» მეშვეობით დაურიგდა 600 შეჭირვებულ და იძულებით გადაადგილებულ პირს, თუმცა, მიწის გადასახადები ერიცხებოდა სს «გ-ს», რაც არაკანონიერი იყო. მოსარჩელის მითითებით, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მათი სარჩელი და ქ. ფოთის მთავრობასა და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ფოთის სამმართველოს დაევალა «გ-თან» 590,74 ჰა მიწის ნაკვეთზე იჯარის ხელშეკრულების გაფორმება, რასაც ისინი წლების მანძილზე უშედეგოდ ითხოვდნენ. 446,93 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულება ფოთის მთავრობასა და სს «გ-ს» შორის დაიდო მხოლოდ 2003წ. 25 აგვისტოს. ხელშეკრულება რეგისტრირებულ იქნა 2003წ. 1 სექტემბერს, საიდანაც უნდა დაწყებულიყო მიწის გადასახადის დარიცხვა, თანახმად საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლისა.A

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 23 სექტემბრის განჩინებით, სსკ-ის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციისა და სს «გ-ის» სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის განმარტებით, სს «გ-ს» საბოლოოდ დაერიცხა 23145 ლარი, 1999წ. 26 ნოემბერს გადახდილი აქვს 3500 ლარი, 2000წ. 21 დეკემბერს _ 9278 ლარი, 2000წ. 21 დეკემბერს _ 1478 ლარი, რაც შეეხება მიწის გადასახადს, აღნიშნულს არ დაეთანხმა მოსარჩელე სს «გ-ი». საგადასახადო ინსპექციის განმარტებით, მიწის გადასახადის დარიცხვისას იგი დაეყრდნო მიწის მართვის სამმართველოს უფროსის წერილს, რომლის თანახმად, «გ-ს» ყოველწლიურად დარიცხული ჰქონდა 5499 ლარი, სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადი _ 8547 ლარი, საურავი _ 9397 ლარი, საშემოსავლო გადასახადის საურავი _ 608 ლარი, სოციალური უზრუნველყოფის ფონდში გადასახდელი ძირითადი თანხა _ 2142 ლარი, საურავი _ 105 ლარი, სულ ძირითადი თანხა დაერიცხა 11462 ლარი, ხოლო საურავი _ 11081 ლარი.

მოპასუხე _ მიწის მართვის სამმართველოს განმარტებით, მათთვის არ იყო ცნობილი, ვის გადასცა მერიამ მიწა და დარიცხვა მოხდა 1984წ. სახაზინო საზოგადოების მიმაგრების აქტიდან, რომლის სამართალმემკვიდრეც იყო სს «გ-ი».

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 20 იანვრის გადაწყვეტილებით სს «გ-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა; ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციას დაევალა სს «გ-ის» ქონებაზე დადებული ყადაღის მოხსნა და სს «გ-ს» ბიუჯეტისათვის გადახდილი თანხებიდან 9730 ლარი ჩაეთვალა საბიუჯეტო გადასახადებში 2003წ. 14 სექტემბრიდან; ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სარჩელი დაყადაღებული ქონების რეალიზაციის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 146-ე, 148-ე მუხლებით, ამავე კოდექსის 152-ე მუხლის მე-3 ნაწილით და საფუძვლიანად მიიჩნია სს «გ-ის» სარჩელი შემდეგი მოტივებით:

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მიწის იჯარის ხელშეკრულება, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, დაიდო 2003წ. 1 სექტემბერს, საიდანაც წარმოეშვა მას საგადასახადო კოდექსის 146-ე მუხლით გათვალისწინებული, კანონით დადგენილი მიწის გადასახადის გადახდის საფუძველი. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება მიწის გადასახადის დაკისრების საფუძვლად მხოლოდ უფლებამონაცვლეობის მიჩნევის შესახებ იმ მოტივით, რომ იჯარის ხელშეკრულების დადებამდე, მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სახელმწიფოს, კონკრეტულ შემთხვევაში _ ქ. ფოთის მთავრობის საკუთრებას და სს «გ-ი» ხელშეკრულების გაფორმებამდე არ სარგებლობდა სადავო მიწის ნაკვეთით, რაც დასტურდება ფოთის მთავრობის მიერ მიწის ნაკვეთის სხვადასხვა პირზე (გერმანულ ფირმა «მ-სა» და ფოთის ეპარქიაზე) გადაცემით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არამართებულად მიიჩნია უსაფუძვლოდ დარიცხული მიწის გადასახადის უზრუნველსაყოფად სს «გ-ის» ქონებაზე ყადაღის დადება, რადგან საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მიწის გადასახადის განსაზღვრის საფუძველია მიწის ფართობის საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, კონკრეტულ შემთხვევაში _ იჯარის ხელშეკრულება.

სს «გ-ის» სარჩელის საფუძვლიანობის დასადასტურებლად საქალაქო სასამართლომ მიუთითა ქ. ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციისათვის ფოთის მიწის მართვის საქალაქო სამმართველოს მიერ გაგაზავნილ ¹წ108/6 წერილზე, რომლის მიხედვით, სს «გ-ზე» მიწის გადასახადის დარიცხვა უნდა მომხდარიყო საიჯარო ხელშეკრულების დადებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დღიდან _ 2003წ. 1 სეტემბრიდან.

ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს 2004წ. 20 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო სს «გ-ის» სარჩელზე უარის თქმა.

აპელანტმა უკანონოდ მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ სს «გ-ი» ქ. ფოთის საქალაქო სასამართლოში რეგისტრირებულ იქნა 1996წ. 15 ნოემბერს, ხოლო იმავეწ. 21 ნოემბერს აღრიცხვაზე დადგა საგადასახადო ინსპექციაში გადასახადის გადამხდელად. შესაბამისად, საზოგადოებაზე დარიცხული ნებისმიერი სახის გადასახადის გადახდაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა არსებული საზოგადოების ხელმძღვანელობას, მიუხედავად საკუთრების თუ საკადრო ცვლილებებისა და ნებისმიერი სახის ხელშეკრულების გაფორმებისა. აპელანტის მითითებით, სს «გ-ს» სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა სარგებლობაში აქვს რეგისტრაციის მომენტიდან, ხოლო მასზე გადასახადის დარიცხვა ნაწარმოებია 1998 წლიდან, მიწის მართვის ფოთის სამმართველოს მიერ საგადასახადო ინსპექციისათვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

აპელანტმა მიიჩნია, რომ სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია გადაწყვეტილების ფაქტობრივ და იურიდიულ დასაბუთებას და მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. აპელანტმა ასევე იშუამდგომლა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქმეში ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ჩართვის შესახებ.

ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ ცნო სს «გ-მა», მოითხოვა უსაფუძვლობის გამო მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 20 იანვრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 ივნისის გადაწყვეტილებით ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 20 იანვრის გადაწყვეტილება სს «გ-თვის» ბიუჯეტში გადახდილი თანხებიდან 9730 ლარის 2003წ. 1 სექტემბრის საბიუჯეტო გადასახადში ჩათვლის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გააუქმა სს «გ-ზე» 2003წ. 12 აგვისტოს დადებული ყადაღა და უარი უთხრა საგადასახადო ინსპექციას დაყადაღებული ქონების რეალიზაციაზე. რაც შეეხება სს «გ-ის» მიერ ბიუჯეტში გადახდილი 9730 ლარის ჩათვლას, სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილში არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ მოტივით, რომ აღნიშნული მოთხოვნა სს «გ-ს» არ დაუყენებია.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 10 ივნისის გადაწყვეტილება გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005წ. 1 მარტის განჩინებით და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საგადასახადო ინსპექციის სარჩელი სს «გ-ის» ქონების რეალიზაციის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ განმარტა, რომ საგადასახადო ინსპექცია თავდაპირველად ითხოვდა სს «გ-ის» დაყადაღებული ქონების რეალიზაციის უფლების მინიჭებას 23145 ლარის დავალიანების დაფარვის მიზნით, თუმცა შემდგომ დააზუსტა დავალიანების ოდენობა, რამაც შეადგინა 14855 ლარი. სს «გ-ი» საგადასახადო დავალიანებას სადავოდ ხდიდა მხოლოდ მიწის გადასახადის ნაწილში, რაც შედარების აქტის მიხედვით შეადგენდა 9303 ლარს. შესაბამისად, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღიარებული საგადასახადო დავალიანების _ 5552 ლარის დაფარვის მიზნით, გადამხდელის დაყადაღებული ქონების რეალიზაციაზე დაუსაბუთებლად ეთქვა უარი საგადასახადო ინსპექციას.

გარდა ამისა, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა დადგინდეს, რომელი წლიდან და რამდენ ჰა მიწის ნაკვეთს ფლობდა და სარგებლობდა სს «გ-ი» 446,93 ჰა მიწის ნაკვეთზე იჯარის ხელშეკრულების დადებამდე, როგორც სახელმწიფო საწარმო ფოთის ......... მეურნეობის სამართალმემკვიდრე, რომელი წლიდან წარმოიშვა სადავო საგადასახადო დავალიანება 9303 ლარი და დაცულია თუ არა საგადასახადო კოდექსის 237-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 მაისის გადაწყვეტილებით ფოთის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 20 იანვრის გადაწყვეტილება; ფოთის საგადასახადო ინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა და სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა სს «გ-ის» დაყადაღებული ქონების რეალიზაცია აუქციონზე, სს «გ-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა და დადგინდა მიწის გადასახადის ათვლის დაწყება 2003წ. 1 სექტემბრიდან.

საკასაციო სასამართლოს 2006წ. 16 იანვრის განჩინებით ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის საფუძველზე გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005წ. 22 მარტის განჩინებით ფოთის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 20 ინვარის გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სასამართლომ, მხარეთა განმარტებით, დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ სს «გ-ს» მიწის გადასახადის ვალდებულება წარმოეშვა 1992 წლიდან, ხოლო ფოთის საგადასახადო ინსპექციას სარჩელი აღძრული ჰქონდა 2003 წელს, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ 1997წ. საგადასახადო კოდექსის 237-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი მიიჩნია ხანდაზმულად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციამ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

კასაციის მოტივი:

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ვინაიდან, სააპელაციო სასამართლომ განჩინების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ, მხარეთა განმარტებით, სს «გ-ს» მიწის გადასახადის ვალდებულება წარმოეშვა 1992 წლიდან, რაც 1997წ. საგადასახადო კოდექსის 237-ე მუხლის საფუძველზე სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, თუ რა პერიოდში დაერიცხა გადამხდელს სადავო თანხა, ვინაიდან მიწის გადასახადის გადახდის ვალდებულება სს «გ-ს» წარმოეშვა არა 1992 წლიდან, არამედ მთელი მისი ფუნქციონირების პერიოდში, რადგან მიუხედავად მიწის 2003 წელს რეგისტრირებისა, სს «გ-ი» მიწით, ფაქტობრივად, თვითონვე სარგებლობდა.

კასატორმა მიუთითა 1997წ. საგადასახადო კოდექსის 237-ე მუხლზე და განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადა გავრცელდება გადასახადის დარიცხვაზე და არა მათი გადახდის მოთხოვნაზე ან იძულებითი ღონისძიებების განხორციელებაზე, რის გამოც მიწის გადასახადის დროული დარიცხვის შემთხვევაში მასზე ხანდაზმულობა ვერ გავრცელდებოდა. ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ მიწის გადასახადის დარიცხვა სს «გ-ის» პირად საგადასახადო ბარათზე1998 წლიდან ხორციელდებოდა ყოველწლიურად, შესაბამისად, საგადასახადო ინსპექციას ჰქონდა უფლება სს «გ-გან» მოეთხოვა საგადასახადო დავალიანების დაფარვა და მისი მიმართ გამოეყენებინა საგადასახადო დავალიანების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

საკასაციო სასამართლოს 2006წ. 11 სექტემბრის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 «გ» პუნქტის საფუძველზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად /პროცესუალური კასაცია/.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 22 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსკ-ის 393-ე მუხლი, 394-ე მუხლის «ე», «ე1» ქვეპუნქტი, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა იგი, სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაარღვია სსკ-ის 249.4 მუხლის მოთხოვნა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ განჩინების სამოტივაციო ნაწილში არ მიუთითა თუ რომელი გარემოებები მიიჩნია დადგენილად, ასევე, მტკიცებულებებზე, რომლებზეც დაამყარა თავისი დასკვნები, მოსაზრებები, რომლებითაც უარყო ესა თუ ის მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა განმარტებებზე დაყრდნობით ისე მიიჩნია ფოთის საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნა ხანდაზმულად, რომ განჩინების სამოტივაციო ნაწილში არ აუსახავს, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოიკვლია თუ არა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, არ დაუსაბუთებია მის მიერ გაკეთებული დასკვნა, რომლის საფუძველზეც უარი უთხრა სააპელაციო საჩივრის ავტორს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა სასამართლო სხდომის ოქმზე, მაგრამ საქმეში წარმოდგენილ სხდომის ოქმშიც არ არის ასახული თუ რომელი გარემოებები გამოიკვლია სააპელაციო სასამართლომ და მხარეთა რომელი ახსნა-განმარტებები მიიჩნია საკმარის და დასაბუთებულ მტკიცებულებად, რომლებზეც დაამყარა თავისი დასკვნები. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა და საერთოდ იგნორირება მოახდინა საკასაციო სასამართლოს მითითებებზე, რომლებიც ასახულია საკასაციო სასამართლოს 2005წ. 1 მარტის განჩინებაში /იხ. ს.ფ./. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სსკ-ის 393-ე, 394-ე მუხლის «ე», «ე1» პუნქტებით გათვალისწინებული სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია სს «გ-ის» მიწის გადასახადის ვალდებულების წარმოშობის თარიღად 1992წ. მიჩნევის ნაწილშიც, რადგან სააპელაციო სასამართლოს არ მიუთითებია, რის საფუძველზე მივიდა ამგვარ დასკვნამდე. სააპელაციო სასამართლოს მითითებული დასკვნა იმდენად დაუსაბუთებელია და არ არის გამყარებული შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით, რომ შეუძლებელია ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, კერძოდ, გაურკვეველია, სააპელაციო სასამართლომ სს «გ-ის» მიერ მიწის გადასახადის გადახდის ვალდებულების წარმოშობის განმსაზღვრელ გარემოებად, საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლის შესაბამისად, მიიჩნია სს «გ-ის», როგორც ......... მეურნეობის სამართალმემკვიდრის ფაქტობრივ სარგებლობაში მიწის გადაცემა თუ აღნიშნული ვალდებულების წარმოშობა დაუკავშირა სხვა გარემოებას. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება სამოტივაციო ერთადერთ მითითებულ ნაწილში დაუსაბუთებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის «ე1» პუნქტის თანახმად, განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა საგადასახადო კოდექსის 237-ე მუხლი ფოთის საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს კასატორის საკასაციო პრეტენზიას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 237-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის დარიცხვისა და უკვე დარიცხული თანხის გადასინჯვის ხანდაზმულობის 6-წლიან ვადას, კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად: «საგადასახადო ორგანოს შეუძლია დარიცხოს და გადასინჯოს გადასახადზე დარიცხული თანხის დარიცხვა და გადასინჯვა საგადასახადო პერიოდის დამთავრებიდან 6 წლის განმავლობაში». საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა მითითებული ნორმა, რადგან ხანდაზმულობის 6-წლიანი ვადა აითვალა სს «გ-ის» მიერ მიწის გადასახადის გადახდის ვალდებულების წარმოშობიდან ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიერ სარჩელის შეტანამდე, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და მიაჩნია, რომ აღნიშნული დასკვნა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია და დაედგინა, როდის მოხდა სს «გ-ზე» მიწის გადასახადის დარიცხვა და როდის წარმოეშვა ამ უკანასკნელს გადასახადის გადახდის ვალდებულება, შესაბამისად, დაცულ იქნა თუ არა ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიერ გადასახადის დარიცხვის 6-წლიანი ვადა.

გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით, მიუხედავად საქმის არაერთგზის ხელახლა განსახილველად დაბრუნებისა, არ გაითვალისწინა და არ იხელმძღვანელა საკასაციო სასამართლოს არც ერთი მითითებებით, კერძოდ, არ გამოიკვლია სს «გ-ს», როგორც ......... მეურნეობის სამართალმემკვიდრეს, სარგებლობაში ჰქონდა თუ არა მიწის ნაკვეთი 2003წ. 25 აგვისტოს იჯარის ხელშეკრულების გაფორმებამდე და შესაბამისად, მიწის გადასახადის დარიცხვა, საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლის შესაბამისად, უნდა მოხდეს იჯარის ხელშეკრულების დადებიდან თუ სს «გ-ის» მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი სარგებლობის მომენტიდან; სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გამოიკვლია და არ დაადგინა, რამდენ ჰა მიწას ფლობდა და სარგებლობდა სს «გ-ი» იჯარის ხელშეკრულების დადებამდე.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის სრული დარღვევით მიიღო ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებელი განჩინება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, მოცემული საქმე ექვემდებარება ხელახლა არსებით განხილვას, რა დროსაც სააპელაციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს საკასაციო სასამართლოს მითითებები საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, შესაბამისად, ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 22 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 261.3 მუხლებით, სსკ-ის 372-ე, 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 22 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.