გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ/776 14 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე, მ. ცისკაძე
დავის საგანი: თანხის გადახდის დაკისრება ლარის კურსის გათვალისწინებით.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. ლ-ძის მეუღლე _ ვ. ლ-ძე მუშაობდა “ს-ის” ქუთაისის უბანში ელმონტიორად. იგი 1971 წელს გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული საწარმოო ტრამვის გამო. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 1997 წლის 25 დეკემბერს ნაწილობრივ დააკმაყოფილა ვ. ლ-ძის სარჩელი. “ს-ის” ქუთაისის წარმომადგენლობასა და “ა-ს” სენაკის ქსელს, თითოეულს ცალ-ცალკე, დაეკისრა მის სასარგებლოდ 1008 (ათას რვა) ლარის გადახდა; მათვე, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ ყოველთვიურად 12-12 (თორმეტ-თორმეტი) ლარის გადახდა 1998 წლის 1 იანვრიდან მდგომარეობის შეცვლამდე. ვ. ლ-ძემ 2000 წლის ივლისში სარჩელით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1997 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ აღსრულებულა. ამ პერიოდში ლარის კურსი საკმაოდ დაეცა, ამიტომ მოითხოვა სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის თანახმად, მოპასუხე ორგანიზაციებს დაკისრებოდათ მის სასარგებლოდ ზემოაღნიშნული თანხის გადახდა იმ კურსით, როგორც ვალდებულების წარმოშობის დროისათვის, 1998 წლის 1 იანვრისათვის და მისთვის მიყენებული ზარალის დაკისრება თითოეული მოპასუხისათვის 508 ლარის ოდენობით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 11 ივლისის განჩინებით ვ. ლ-ძეს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ მისი სარჩელი არ არის სასამართლო უწყების ქვემდებარე, რადგან 1997 წლის 25 დეკემბერს აღნიშნულ საქმეზე მიღებულია სასამართლო გადაწყვეტილება, გაცემულია სააღსრულებო ფურცელი და სარჩელში დაყენებული საკითხი ხელახლა გადაწყვეტას არ საჭიროებს. აღნიშნული საკითხები განხილულ უნდა იქნეს სააღსრულებო სამსახურის მიერ.
მოსარჩელემ საჩივარი შეიტანა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებაზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2000 წლის 23 აგვისტოს განჩინებით ვ. ლ-ძის განცხადება, ეროვნული ვალუტის კურსის შემცირების გათვალისწინებით აღსრულების წარმოების შესახებ, განუხილველი დატოვა უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ, ვინაიდან არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება იმავე საქმეზე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, ამიტომ საჩივარი არ ექვემდებარება განხილვას. სააპელაციო პალატამ იმავე განჩინებაში მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, მიუღებელი თანხის ანაზღაურების თაობაზე, უსაფუძვლოა, რადგან ეროვნული ვალუტა – ლარი _ სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ არ შეცვლილა და არ არსებობს სამართლებრივი ნორმა, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს დაკისრებული თანხის გადახდევინება ლარის სავალუტო კურსის აშშ დოლართან მიმართების გათვალისწინებით, მიუთითა ისიც, რომ მოსარჩელემ სასამართლოს აღმასრულებლის უმოქმედების შესახებ უნდა მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და არა სასამართლოს.
ვ. ლ-ძემ კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე. მან კერძო საჩივარში მიუთითა, რომ მისი მოთხოვნა, ლარის კურსის შემცირებით ზარალის ანაზღაურების შესახებ, განუხილველად იქნა დატოვებული სასამართლო სხდომის მოწვევის და მხარეთა მონაწილეობის გარეშე, მოითხოვა სასამართლო განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტირების საქმეთა პალატამ 2000 წლის 13 სექტემბრის განჩინებით ვ. ლ-ძის კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის საჩივარი ჩათვალა აშკარად დაუსაბუთებლად და ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა. განჩინებაში აღნიშნულია, რომ პალატამ მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი, მისი შინაარსიდან გამომდინარე, სწორად აწარმოა, როგორც კერძო საჩივარი და არა სააპელაციო საჩივარი, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლების ნაცვლად გამოიყენა 374-ე მუხლი და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საჩივრის განუხილველად დატოვება სწორად ჩათვალა.
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ვ. ლ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
დადგენილია, რომ ვ. ლ-ძემ სარჩელი აღძრა მოპასუხე ორგანიზაციების მიმართ იმ მოთხოვნით, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1997 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურების გამო მან განიცადა ზარალი, რადგან 1998 წლის 1 იანვრის შემდეგ ლარის კურსი დაეცა და თითოეულ მოპასუხეს მის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 508 ლარი. სააპელაციო პალატამ 2000 წლის 23 აგვისტოს განჩინებაში მიუთითა, რომ, ვინაიდან არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება იმავე საქმეზე მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, საჩივარი არ ექვემდებარება განხილვას. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს ამგვარი მითითება არასწორია, რადგან მოსარჩელის დავის საგანი და საფუძველი მოცემულ შემთხვევაში სულ სხვაა, ვიდრე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1997 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების გამოტანისას, რადგან იმ გადაწყვეტილებით თითოეულ მოპასუხეს 1991 წლის იანვრიდან დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 1008 (ათას რვა) ლარის გადახდა, ხოლო 1998 წლის იანვრიდან - 12-12 ლარი მდგომარეობის შეცვლამდე. სააპელაციო პალატამ, მართალია, 2000 წლის 23 აგვისტოს განჩინებაში იმსჯელა იმაზეც, რომ ეროვნული ვალუტა – ლარი _ 1997 წლის 25 დეკემბრის შემდეგ არ შეცვლილა და არ არსებობს სამართლებრივი ნორმა, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს, ლარის კურსის აშშ დოლართან მიმართების გათვალისწინებით, გადახდევინება, მაგრამ სარეზოლუციო ნაწილში მიუთითა, რომ საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული უსაფუძვლობის გამო. ასეთი მითითება კი წინააღმდეგობრივია და არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსიდან.
სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში არ იმსჯელა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 11 ივლისის განჩინების კანონიერებაზე, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის 2000 წლის 13 სექტემბრის განჩინების მითითებებს. რადგან ვ. ლ-ძის სარჩელი საერთოდ არ იქნა წარმოებაში მიღებული,EEამიტომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, სააპელაციო პალატის განჩინება უნდა ჩაითვალოს კანონის დარღვევით მიღებულად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. ლ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 23 აგვისტოს და 13 სექტემბრის განჩინებები მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.