გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3კ\819 14 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე ბ. ხიმშიაშვილი
მოსამართლეები: ბ. კობერიძე, მ. ცისკაძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. მ-შვილმა 1996 წელს, ნ. ბ-შვილისაგან იყიდა ქ. რუსთავში, .... მდებარე ბინა. ამ ბინაში ცხორობდნენ ქ-ძეები, რომლებიც ბინის მესაკუთრეს უარს უცხადებენ ქირის გადახდაზე და ბინის გათავისუფლებაზეც. ლ. მ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ვ. ქ-ძის მიმართ და მოითხოვა ბინიდან გამოსახლება. ვ. ქ-ძემ შეგებებული სარჩელი აღძრა ნ. ბ-შვილსა და ლ. მ-შვილს მიმართ და მოითხოვა ქ. რუსთავში, .... მდებარე ბინის თაობაზე 1996 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა ნ. ბ-შვილსა და ლ. მ-შვილს შორის.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2000 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით შეწყვიტა ლ. მ-შვილის ძირითადი სარჩელი, მის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო. დაკმაყოფილდა ვ. ქ-ძის შეგებებული სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, დადებული 1996 წლის 21 ოქტომბერს ნ. ბ-შვილსა და ლ. მ-შვილს შორის, როგორც თვალთმაქცურად დადებული გარიგება, შეწყვეტილად ჩაითვალა რწმუნება, გაცემული 1993 წლის 26 ოქტომბერს ი. ზ-ოვსკსა და ა. ი-ევს შორის, რწმუნებულების ვადის გასვლის გამო. სადავო ბინა, მდებარე ქ. რუსთავი, .... დარჩა მის ნამდვილ მესაკუთრეს – ი. ზ-ოვსკის.
უარი ეთქვა ვ. ქ-ძეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ქ. რუსთავში .... მდებარე სადავო ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადებულად ცნობაზე მას და ნ. ბ-შვილს შორის.
ლ. მ-შვილის წარმომადგენელმა ნ. ბ-შვილმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2000 წლის 14 სექტემბრის განჩინებით განუხილველად დატოვა ლ. მ-შვილის წარმომადგენლი ნ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო. სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო პალატის სხდომა დანიშნული იყო 2000 წლის 14 აგვისტოს 11 საათზე. სხდომაზე გამოცხადდა აპელანტი ლ. მ-შვილი, მისი წარმომადგენელი ნ. ბ-შვილი, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ქ. გ-შვილი და მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ქ-ძე. ვ. ქ-ძემ სხდომაზე იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განხილვის გადადება იმის გამო, რომ მას არ მიუღია საფოსტო გზავნილი და არ ჩაჰბარებია სააპელაციო საჩივრის ასლი. სასამართლომ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა და საქმის განხილვა გადადო 2000 წლის 14 სექტემბერს, მხარეებს სხდომაზე გამოცხადებასთან დაკავშირებით ჩამოერთვათ ხელწერილები, მაგრამ 2000 წლის 14 სექტემბრის სხდომაზე არცერთი მხარე არ გამოცხადდა. ვ. ქ-ძემ 2000 წლის 1 სექტემბერს მიმართა საოლქო სასამართლოს განცხადებით, რომ შვილის ავადმყოფობის გამო პროცესზე ვერ შეძლებდა გამოცხადებას, მაგრამ მტკიცებულება არ წარმოუდგენია. აპელანტის ადვოკატი ქ. გ-შვილი გამოცხადდა პროცესზე, რომელმაც განაცხადა, რომ მისთვის ცნობილი არ იყო აპელანტის გამოუცხადებლობა.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ. მ-შვილის წარმომადგენელის ნ. ბ-შვილის ადვოკატმა ქ. გ-შვილმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით უარი უთხრა ქ. გ-შვილის კერძო საჩივარს დაკმაყოფილებაზე, დაუშვებლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
ლ. მ-შვილის წარმომადგენელი ნ. ბ-შვილის ადვოკატი ქ. გ-შვილი კერძო საჩივარში ითხოვს მოცემულ საქმეზე სასამართლო განჩინებების გაუქმებას და სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაბრუნებას შემდეგი მოტივებით: პროცესზე არ გამოცხადდა აპელანტი ლ. მ-შვილი, მაგრამ გამოცხადდა იგი, ასევე, ქ-ძის სიდედრი, რომელმაც განაცხადა, რომ ითხოვდა სხდომის გადადებას. სხდომის გადადება მოითხოვა ქ. გ-შვილმაც, მაგრამ სასამართლომ არასწორად ჩათვალა, ორივე მხარე პროცესზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა; ამით სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ასევე, 96-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა.
სააპელაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ლ. მ-შვილის წარმომადგენლი ნ. ბ-შვილის ადვოკატი ქ. გ-შვილის კეძრო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2000 წლის 14 აგვისტოს სხდომაზე გადადო ლ. მ-შვილის სააპელაციო საჩივრის განხილვა იმავე წლის 14 სექტემბრისათვის. პროცესში ლ. მ-შვილის სახელით მონაწილეობდა მისი წარმომადგენელი ნ. ბ-შვილი, სააპელაციო პალატის 2000 წლის 14 სექტემბრის სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ გაფრთხილებულ იქნა მხოლოდ ლ. მ-შვილი და ვ. ქ-ძე, ხოლო ლ. მ-შვილის წარმომადგენელი ნ. ბ-შვილი გაფრთხილებული არ იყო სააპელაციო პალატის სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგებზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარეები სააპელაციო პალატის სხდომის შესახებ გაფრთხილებული არ ყოფილან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-76-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
ლ. მ-შვილის წარმომადგენლი ნ. ბ-შვილის სახელით კერძო საჩივარი შეტანილია ადვოკატ ქ. გ-შვილის მიერ, რომელსაც საქმეში წარმოდგენილი არ აქვს წარმომადგენელის უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი საქმეში არ არის, წარმომადგენლის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარს უნდა დაერთოს სააპელაციო საჩივრის შეტანაზე მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა, ხოლო თუ ასეთი მინდობილობა არ არის საქმეში, იმავე მუხლის მე-5 ნაწილით სასამართლომ უნდა დაავალოს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი კონკრეტულ ვადაში. სააპელაციო პალატამ ქ. გ-შვილს ასეთი ხარვეზის შესავსებად ვადა არ დაუნიშნა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. მ-შვილის წარმომადგენლი ნ. ბ-შვილის ადვოკატ ქ. გ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 14 სექტემბრის და 12 ოქტომბრის განჩინებები მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.